მთავარი,სიახლეები

272 დღე ხელფასის გარეშე – მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

05.10.2018 • 2406
272 დღე ხელფასის გარეშე – მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ არ იცის როდის და როგორ გადაწყდება ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის – „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟის ბედი. 6-კაციანი ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს 272-ე დღეა ელოდება.

“ბათუმელებმა” მეზღვაურთა პრობლემების შესახებ 25 სექტემბერს მოამზადა მასალა. ოფიციალური უწყებებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გემთმფლობელი დავალიანების გასასტუმრებლად ვადას სექტემბრის ბოლომდე ითხოვდა. 5 ოქტომბრის მდგომარეობით, გემთმფლობელი ისევ ვადას ითხოვს და გაურკვეველია, როდის აპირებს დავალიანების გასტუმრებას.

გემის კაპიტანი თამაზ გოგიტიძეა, რომელმაც ყველა შესაძლო ორგანიზაციას მიმართა დახმარების თხოვნით. თუმცა, კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე არც მას და არც ეკიპაჟის სხვა წევრებს არ მიუღიათ.

„ათი დღე კიდევ მინდაო მფლობელმა. მაგათი დროის გადაწევა არ დამთავრდა. ვუყურებ, რომ საქართველო ვერ იცავს თავის მოქალაქეებს,” – უთხრა “ბათუმელებს” თამაზ გოგიტიძემ.

ეკიპაჟს საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით მეზღვაურთა პროფკავშირები ეხმარება. პროფკავშირების ხელმძღვანელი ანატოლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენეს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს. პროფკავშირებმა ეკიპაჟს ადვოკატები აუყვანა, რომლებმაც შრომითი უფლებების დარღვევაზე პროკურატურაში შეიტანეს საჩივარი. მოგვიანებით საქმე შსს-ს ტრეფიკინგთან ბრძოლის განყოფილებას გადაეცა. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შსს-მ ორივე მხარე – ეკიპაჟი და გემთმფლობელი გამოკითხა.

„ალიქან კარტალის“ ეკიპაჟი 7 წევრისგან შედგებოდა. გემზე საქართველოს 3, ინდოეთის 2, უკრაინის 1 და ირანის 1 მოქალაქე იმყოფებოდა. ირანის საკონსულოს ჩარევით ირანის მოქალაქემ გემი უკვე დატოვა და ირანში გაემგზავრა. ანატოლი ჯიჯავაძის თქმით, მათ შესაბამისი ქვეყნების საკონსულოებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა ირანის საკონსულოს გარდა არავინ გამოხმაურებია.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი გემის გაყიდვაა და მისგან მიღებული თანხით დავალიანების გასტუმრება. ეკიპაჟის ხელფასების გარდა გემთმფლობელს ბათუმის ნავსადგურის დავალიანებაც დაუგროვდა, რადგან გემი ბათუმის პორტში დგას. იმისთვის, რომ გემი გაიყიდოს, შესაბამისმა უწყებებმა ის უნდა დააპატიმროს. შემდეგ მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გაიტანოს. გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით კი ეკიპაჟის და ნავსადგურის დავალიანება გაისტუმროს. თუმცა ეს პროცესი დროში გაწელილია.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს.

საქართველოს საზღვაო კოდექსის თანახმად, თუ გემთმფლობელს არ შესწევს უნარი ორგანიზაცია გაუკეთოს მეზღვაურის რეპატრიაციას და აანაზღაუროს ხარჯები, მაშინ ამ ვალდებულებას კისრულობს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, გაწეული ხარჯების გემთმფლობელისათვის შემდგომი გადახდევინებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: