სიახლეები

ბათუმი – ქალაქი, რომელიც გენგეგმის გარეშე შენდება

24.10.2014 • 3566
ბათუმი – ქალაქი, რომელიც გენგეგმის გარეშე შენდება

 

ბათუმი
ბათუმი

„გენგეგმის არ არსებობა იყო შეგნებული პოლიტიკა, რადგან დოკუმენტი ითვალისწინებს რეგულაციებს, რაც დაინტერესებულ ჯგუფებს პირადი ინტერესების განხოციელებაში უშლის ხელს. ბიზნესმენებს, ვინც თავის თავს დეველოპერს უწოდებს, გააჩნიათ ლეგიტიმური ინტერესი, ააშენონ მეტი და გაყიდონ ძვირად. მათ უნდათ მინიმალურ ფართობზე მიიღონ მაქსიმალური მოგება. ისინი ცდილობენ მათ მიერ აშენებულ ობიექტზე არ გავრცელდეს რეგულაცია“, – ამბობს ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი, რომელიც ახლა ბათუმის მერის მრჩეველია.

 

დოკუმენტის მომზადებას თვითმმართველ ორგანოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ 2005 წლიდან, ამ კანონის ხელმოწერის დღიდან ავალდებლებს.

 

წინა ორი მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი და ამ მოწვევის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე  ამტკიცებს, რომ ბათუმს გენგეგმა აქვს: „მე არ ვიცი, ვინ უთხრა გიორგი ერმაკოვს, რომ გენგეგმა არ გვაქვს, დოკუმენტი შპს გეოგრაფიკმა მოამზადა და საკრებულომ დაამტკიცა 2009 წელს“.

 

ბათუმის მერიის ვებგვერდზე შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი მართლაც იძებნება, თუმცა დოკუმენტი დასათაურებულია როგორც „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, რაც არქიტექტორ გია რამიშვილის განმარტებით „გენგეგმის შემცვლელი ვერ იქნება.“

 

მიუხედავად იმისა, რომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული „მიწათსარგებლობის გენგეგმის“ პირველივე თავი „ბათუმის პერსპექტიული განვითარების ხედვის“ შესახებ ინფორმაციას მოიცავს, მოსაზრებას, რომ ის გენგეგმას ვერ ჩაანაცვლებს, ბათუმის მერიის არქიტექტირის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძეც იზიარებს:

 

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც საკრებულომ 2009 წელს დაამტკიცა, განსაზღვრავდა ქალაქმშენებლობის განვითარების ზოგად პრინციპებს. 2009 წლიდან ბათუმს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან ტერიტორიები შემოუერთდა, ამიტომ დეტალებში გაწერილი კონცეფციები უკვე აღარ იყო საკმარისი. ამის გამო დღის წესრიგში გენერალური გეგმის დამუშავება დადგა“.

 

დოკუმენტებით ირკვევა ასევე, რომ ბათუმის საკრებულომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული „მიწათსარგებლობის გეგმა“ 2009 წლის 27 თებერვალს დაამტკიცა. 2011 წელს კი მასში ცლილებები და დამატებები შეიტანა. გია რამიშვილის თქმით, ამ ცვლილებით ქალაქის განაშენიანების პროცესი უმეტესწილად ისევ რეგულაციების მიღმა აღმოჩნდა.

 

„გენგეგმა არის სერიოზული ხელის შემშლელი მარტივად მოაზროვნე ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ გარკვეული ბიზნესგეგმები. ვინც ფიქრობს, რომ რეგულაციის არ არსებობა ხვალ მასაც ხელ-ფეხს გაუხსნის“, – განმარტავს გია რამიშვილი.

 

რა არის გენგეგმა და რით უშლის ის ხელს დეველოპერს ან ნებართვის გამცემს? – ამ კითხვაზე ბათუმის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა უპასუხა:

 

ბათუმი
ბათუმი

„ნორმალური რეგულაცია მშენებლობას არ ებრძვის, უყენებს პირობებს. ისე უნდა აშენდეს, რომ არ გააუარესოს ქალაქმშენებლობითი სიტუაცია, დღევანდელი მენაშენე არაფრით არ ჯობია ხვალინდელ მენაშენეს. ის, რომ შენ დღეს აშენებ, არ ნიშნავს, რომ მეზობელს, რომელსაც საშუალება არა აქვს დღეს, ხვალ შეეზღუდოს უფლება,  ან გაუუარესდეს პირობები. ეს არის გარკვეული თამაშის წესები. გენგეგმის მომზადების აუცილებლობა მგონი არავისთვის სადავო არ არის, სულ ცოტა შუა საუკუნეებიდან, როდესაც გაჩნდა ქალაქმშენებლობა, როგორც თემა, ურბანისტიკის ჩანასახიდან, როდესაც დაიწყეს იდეალური ქალაქების პროექტირება, ცხადი გახდა, რომ საჭიროა ერთიანი ხედვა არამარტო ინფრასტრუქტურის, არამედ, ზოგადად, მთელი სურათის ერთიანად დანახვა. გენგეგმის ძირითადი დანიშნულება სწორედ ქალაქის განვითარებაზე ზრუნვაა“.

 

ქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბათუმის მერიაში ახალი მთავარი არქიტექტორის, გიორგი რამიშვილის დანიშვნის შემდეგ გაჩნდა.

 

ახალი რეგულაციებით, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში დასაშვები იყო 6-7- სართულიანი მშენებლობები, მაღლივი შენობების აშენება კი მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოშორებით და შემოერთებულ ტერიტორიებზე იყო შესაძლებელი. ამ რეგულაციების მოწინააღმდეგეები თავიდანვე გამოჩდნენ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ შეზღუდვა დეველოპერებს შეაშინებდა, შესაბამისად, ქალაქში ინვესტიციების შემოსვლა შემცირდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიას, არაოფიციალურად, პირად საუბრებში აჭარის მთავრობის წევრებიც გამოთქვამდნენ და რეგულაციებს უწოდებდნენ „რამიშვილის რეგულაციებს, რომელიც სიმაღლეებზე ჭედავს“.

 

შედგება თუ არა კონსესუსი ქალაქის განაშენიანების ერთიანი ხედვის შემუშავებაზე ბათუმის ახალარჩეულ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის, აქვთ თუ არა მათ ამის სურვილი, ეს მომავალში გამოჩნდება. ირაკლი ახალაძის თქმით, რომელსაც გიორგი რამიშვილის მთავარი არქიტექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ბათუმის არქიტექტურა აბარია, გენგეგმა უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას. მანამდე კი შეიქმნება მუშა ჯგუფები, რომლებიც ამ კუთხით წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ. ირაკლი ახალაძე არ აკონკრეტებს, ეს უახლესი მომავალი სავარაუდოდ რომელ წელში იქნება.

 

გენგეგმასა და რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე „ბათუმელებმა“ გიორგი ერმაკოვის მოსაზრებების მიღებაც სცადა. თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. „კომენტარი უკვე გააკეთა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანემა, ჩათვალეთ რომ ეს მერთან შეჯერებული, ერთობლივი მოსაზრებაა“, – განმარტეს მერის პრესსამსახურში.

 

გადაბეჭდვის წესი