მახინჯაურში მანქანა გაქურდეს

ბათუმში დღეს, 27 ივლისს,  ავტომანქანა გაქურდეს. ფაქტი მახინჯაურის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს – ქურდობა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანა ტურისტების იყო.

ბათუმში ანბანის კოშკთან ოთხი ადამიანი დაჭრეს

შს სამინსიტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 4 პირს: 2000 წელს დაბადებულ ვ.თ-ს, 2000 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შს სამინსიტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ლ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

თამარის დასახლებას რამდენიმე საათით წყალი შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს 27 ივლისს, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:00-დან 14:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

„წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით მიეწოდათ“-აცხადებენ „ბათუმის წყალში“.

სამუშაოებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ,,ბათუმის წყლის” ცხელი ხაზის მეშვეობით, შემდეგ ნომერზე: (0422) 242222, ან 1152.

სახანძრო სამსახური ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრში

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯადო მედიცინის ცენტრში დღეს, 27 ივლისს, დილით, სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

როგორც „ბათუმელებს“ მეხანძრეებმა უთხრეს, შენობაში არაფერი არ დამწვარა და შენობაში მოკლე ჩართვა მოხდა.

 

„ბედნიერება ჩემთვის ურთიერთობებია და არა სასტუმროში დასვენება“ – კარვით ბათუმში

ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, მწვანე მინდორში ფერადი კარვებია გაშლილი. ახალგაზრდები, რომლებიც  სასტუმროების ნაცვლად ღია ცის ქვეშ არჩევენ დასვენებას, ამ კარვებში ცხოვრობენ. ეს სესეა. ერთ-ერთ ფერად კარავში ცხოვრობს. სხვა დროს ბულვარში უკრავს გიტარაზე, ახლა ისვენებს.

ელენეს და ვანოს კარავი ერთი ადგილიდან მეორეგან გადააქვთ. მოიღრუბლა და შეიძლება გაწვიმდეს, ამიტომ ხეებს უნდა შეეფარონ, კარავს დამატებითი ტენტი უნდა გადააფარონ, წვიმამ რომ ვერ ჩამოაღწიოს.

ელენე და ვანო ბათუმში ერთად ჩამოვიდნენ, ელენე ილიაუნის თეატრის მსახიობია, ვანო – პირველი კურსის სტუდენტი, ოღონდ სწავლა დროებით შეწყვიტა.

ვანო: „მივხვდი, რომ უბრალოდ ადამიანების გაცნობა მჭირდება ჯერ, ურთიერთობები და თავისუფლება. 100%-იანი გრანტი ავიღე და ძალიან კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ გული სხვა რამისკენ მიმიწევს. სტერეოტიპია საქართველოში, რომ 19 წლის ახალგაზრდა უკვე უნდა სწავლობდეს უნივერსიტეტში. მე ჯერ ადამიანების გაცნობა და ყველაფრისგან გათავისუფლება მჭირდება, ამიტომ ვმოგზაურობ კარვით“.

ელენე: „კარავი თავისუფლებაა, გაპრიალებულ სასტუმროს ნომერს ვერსად წაიღებ და წამოიღებ, ამ კარავს კიდევ დაავლებ ხელს და სადაც გინდა იქ დადგამ. ბედნიერი ვარ ფარატინა კარავში, ბედნიერება ჩემთვის სიყვარული და ურთიერთობებია და არა გაზიმზიმებულ სასტუმროში დასვენება“.

ელენე და ვანო ფიქრობენ, რომ ბათუმი კარვით დამსვენებელი მოგზაურებისთვის მეგობრული ქალაქი არ არის. ვანო ყვება, რომ ამ მინდორში თავიდან ერთადერთი კარავი იყო, პოლიცია მოვიდა და დამსვენებლებს კარვის დაშლისკენ მოუწოდებდა, თუმცა ერთი კარვის გვერდით სხვებმა ათი სხვაც გაშალეს და ახლა აქ მთელი ბანაკია. ვანო ამბობს, რომ პოლიციელებმა იციან სად არის აკრძალული კარვების გაშლა, თუმცა როცა კითხულობ დასაშვები სად არის, ამაზე პასუხი არ აქვთ.

კარვით მოგზაურები: ელენე და ვანო

ვანო გიტარაზე უკრავს, ელენეც. ასე აგროვებენ ყოველდღიურ ფულს. ვანო ამბობს, რომ ყველასთვის დაკვრა უდიდესი სიამოვნებაა, რასაც სითბო, ენერგია და მხიარულება მოაქვს. ერთად ამღერებული ხალხი, უცნობები, რომლებიც ფოტოებს იღებენ შენთან ერთად… წყვილი ამბობს, რომ თითქოს საკვებისთვის გამოიმუშავებენ ფულს დაკვრით, მაგრამ რეალურად იმდენ ენერგიას იღებენ დაკვრისგან, რომ დღის ბოლოს ამ ფულით საჭმლის ყიდვა ხანდახან ავიწყდებათ კიდეც. თუმცა, როგორც ვანო ამბობს, ბათუმი „გაცივდა“ – ორი წლის წინ, როცა აქ უკრავდა, საათში ორმოც ლარამდეც გამოიმუშავებდა. ახლა ასე არ არის. არც ხალხის დამოკიდებულებაა კარვით დამსვენებლების მიმართ ყოველთვის ერთნაირი.

ელენე: „ხანდახან ამრეზით გვიყურებენ, რახან ქუჩაში ვუკრავთ და კარავში ვცხოვრობთ. არადა ძალიან მარტივი რამეები მინდა: კარვით მოგზაურობა, სიყვარული, ურთიერთობები. ახლა ვაკეთებ იმას, რაც მინდა და საკუთარი თავით სხვას ხელს არაფერში ვუშლი. ყველამ ის უნდა გააკეთოს რაც უნდა, ვაშავებ ამით რამეს?!“

19 წლის ვანო ფიქრობს, რომ თუ გინდა საკუთარ თავს კარგად გაუგო და მიხვდე, რა გინდა ცხოვრებისგან, აუცილებლად უნდა მოშორდე ცოტა ხნით მაინც გონებით ადამიანებს, რომლებიც შენთვის ბევრს ნიშნავს, მშობლებს, ახლობლებს…

ვანო: „დედ-მამა, ნათესავები – ის ხალხია ვინც შენთვის ბევრს აკეთებს და მერე იძულებული ხარ შენთან დაკავშირებულ მათ სურვილებს ანგარიში გაუწიო. ამ დროს სასიცოცხლოდ აუცილებელია რაღაც ეტაპზე იცხოვრო ისე, როგორც შენ გჭირდება და გინდა, უცნაურია, როცა ადამიანები საკუთარ თავს გაურბიან, უარს ამბობენ საკუთარ სურვილებზე. უნდა გაშორდე გონებით შენს ავტორიტეტებს, რომ მერე სხვანაირად დაბრუნდე მათთან, ადვილი არ არის, მაგრამ ვინ თქვა რომ ცხოვრებაში რამე ადვილია?“.

ანბანის კოშკთან, ფერად კარვებში დაბანაკებულებს ყველაზე ძალიან უცნობების გამოჩენა უხარიათ, რომლებიც მათ კარვებთან მიდიან, ეცნობიან და მღერიან. ყვებიან, რომ ბუტაფორიული, ცათამბჯენებიანი, რკინა-ბეტონის ქალაქი არ მოსწონთ და დაბალსართულიანი ბათუმის ძველ უბნებში გადიან ხშირად. როცა წვიმს, კარავში დაბანაკებულებისთვის ცოტათი რთული პერიოდი დგება: ამ დროს ბულვარში ვერ უკრავენ და ხანდახან თავის გატანაც ჭირს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მამუკა თურმანიძე ინიშნება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტროს მოადგილე მამუკა თურმანიძე იქნება, რომელიც აქამდე ამავე სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

კითხვაზე, ინიშნება თუ არა მინისტრის მოადგილედ, მამუკა თურმანიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. „როცა იქნება დაზუსტებული ყველაფერი, ხვალ დილით, გაიგებთ“, – აღნიშნა მან.

ამ დროისათვის აჭარის მთავრობაში ახალი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გუნდის ფორმირება მიმდინარეობს. აჭარას ორი ახალი მინისტრი ჰყავს: სოფლის მეურნეობის – ტიტე აროშიძე და ფინანსთა და ეკონომიკის – ჯაბა ფუტკარაძე.

___________

მთავარი ფოტოზე: მამუკა თურმანიძე. ფოტო: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 

თორნიკე რიჟვაძე – ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პირველი საჯარო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა. შეხვედრა ზაფხულის საჯარო ლექციების ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას და მის პრიორიტეტებს დაეთმობა. მთავრობის თავმჯდომარე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმა და ქვეყნის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ზაფხულის საჯარო ლექციების ფარგლებში გაიმართა
შეხვედრა ზაფხულის საჯარო ლექციების ფარგლებში გაიმართა

თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს ზაფხულის სკოლის გახსნა მიულოცა და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ევროინტეგრაციის მიმართულებით დადებით დინამიკაზე გაამხვილა.

„ჩვენი გზა ევროინტეგრაციის მიმართულებით არის შეუქცევადი პროცესი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობის ჩართულობა და იმ ღირებულებების და მთავარი მიმართულებების ცოდნა და ასევე ხედვები, რომლებიც ქვეყანას წაადგება ამ ძირითადი მისიის წარმატებით შესრულებაში“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ბსუ-ს ორგანიზებით საჯარო ლექციები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უნივერსიტეტის განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები დაათვალიერა.

თორნიკე რიჟვაძემ უნივერსიტეტის განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები დაათვალიერა.
თორნიკე რიჟვაძემ უნივერსიტეტის განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები დაათვალიერა.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მთავრობის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პროექტის შესახებ, რომელიც 2017-2018 წლებში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა, რომ ბათუმის უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი პირველია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთათვის ადაპტირებული ლიფტი მონტაჟდება.

თორნიკე რიჟვაძემ უნივერსიტეტის განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები დაათვალიერა.
თორნიკე რიჟვაძემ უნივერსიტეტის განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები დაათვალიერა.
ბსუ-ში შშპ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტი დამონტაჟდა.
შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტი ბსუ-ში

რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს, რომელიც სასწავლო-პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად კომერციული საქმიანობასაც ეწევა.

გარდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლისა, აქტიურად ხორციელდება სტუდენტთა განათლების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამები.

 

შემეცნებით ექსკურსიებში 512 მოსწავლე იქნება ჩართული

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ექსკურსიები დაიწყო.

თორნიკე რიჟვაძე გაეცნო ასევე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას და მუზეუმში დაცულ ექსპონატებს
თორნიკე რიჟვაძე გაეცნო ასევე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას და მუზეუმში დაცულ ექსპონატებს

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ბათუმში მყოფ მოსწავლეებს არქეოლოგიურ მუზეუმში შეხვდა და მათი შთაბეჭდილებები გაიზიარა. თორნიკე რიჟვაძემ დადებითად შეაფასა შემეცნებითი ექსკურსიები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისტორიისა და კულტურის კუთხით ცოდნის ამაღლებას.

თორნიკე რიჟვაძე გაეცნო ასევე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას და მუზეუმში დაცულ ექსპონატებს. მთავრობის თავმჯდომარე მუზეუმის მომსახურებით დაინტერესდა, რაც ტურისტული ქალაქისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

მოსწავლეებთან შეხვედრა
მოსწავლეებთან შეხვედრა

პროგრამის ფარგლებში, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების 512 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდა.

თორნიკე რიჟვაზე უნივერსიტეტში
თორნიკე რიჟვაზე უნივერსიტეტში

 

ქედის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო განახლებული შემადგენლობით იფუნქციონირებს

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86 პრიმა მუხლის საფუძველზე, ქედის მერიაში შექმნილმა სათათბირო ორგანომ – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დღეს განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა.

სხდომა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ გახსნა და დასძინა: ,,იმედი მაქვს განახლებული სათათბირო ორგანო იქნება უფრო მოქნილი, ეფექტური და საქმეზე ორიენტირებული” .

კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში გაწევრიანებულნი არიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ასევე დაცულია გენდერული ბალანსი.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

[checklist]

  • წევრების წარდგენა; თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის არჩევა.
  • მოქალაქეთა პეტიცია – დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური პარკისთვის ფრიდონ ხალვაშის სახელობის მინიჭება (მომხსენებელი ქედის საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე).
  • ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ -ს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა – ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში არსებულ კედელზე, თემატური ესკიზის მოხატვა – ქართული პროდუქტის ევროპის ბაზარზე იმპორტის შესახებ.
  • ემპარდი 2-ის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები (მომხსენებელი ქედა ლაგის კოორდინატორი ჯაბა ლორთქიფანიძე).

[/checklist]

კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულიამის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები და ა.შ.

მრჩეველთა საბჭო დებულების თანახმად 3 თვეში ერთხელ მაინც იკრიბება. მოდევნო სხდომა კი მერიაში სექტემბრის თვეში ჩაინიშნა.

საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა

პირველი აგვისტოდან საქართველოში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები ინერგება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით შეფასდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ მივიღეთ ევროპული დონის სტანდარტი ჰაერში ზღვრული ნორმების შესახებ, განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლების ზღვრები, მათ შორის მძიმე მეტალების და დიოქსიდების. დღეიდან შესაძლებლობა გვექნება, რომ ატმოსფერული ჰაერი შევაფასოთ ევროპული პრინციპების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი, ეკოლოგიური პოლიტიკის ნაწილია… უახლოეს ხანებში წარმოგიდგენთ ძალიან კომპლექსურ პრეზენტაციას, საქართველოში ზოგადად, მწვანე პოლიტიკის, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის და მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  ამონიტორინგებს, როგორც ლოკალური ასევე მობილური სადგურების მეშვეობით და ასევე მუშაობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება-გაფართოებაზე. 

ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად იმუშავებს ვებ პორტალი სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება, კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების მოქმედი ნორმები ეფუძნება საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებულ სახელმწიფო სტანდარტებს, ე.წ. გოსტებს, რაც ხელს უშლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესადარისობას.

მიიჩნევა, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში, ძირითადად სადამკვირვებლო ჯიხურების მეშვეობით ხდება. სადამკვირვებლო ჯიხურის საშუალებით, ისაზღვრება შემდეგი მავნე ინგრედიენტები: მტვერი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, აზოტის დიოქსიდი და ტყვია.

სადამკვირვებლო ჯიხურების მონაცემები ეროვნული სტანდარტებით იზომება, რომლებიც UNECE-ს ანგარიშის თანახმად, კვლავ კონცენტრაციის მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებზეა დაფუძნებული და არ შეიძლება პირდაპირ იყოს შედარებული ჯანმოსა თუ გაეროს მიერ გამოყენებულ სტანდარტებზე.

ამავე თემაზე:

ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7.5-ჯერ გადააჭარბა

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს 94 შესყიდვიდან 54 შემთხვევაში ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვების განყოფილებამ, 2017 წელს, შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 94 შესყიდვიდან ბაზრის კვლევა არ ჩაატარა 54 შემთხვევაში. შესაბამისად, სამინისტრომ არ შეასრულა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაც მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობების განსაზღვრისთვის ბაზრის მოკვლევაში გამოიხატება.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების დაგეგმვისას, ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბაზრის კვლევას და შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრას“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, გასულ წელს, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვის ფორმით გაფორმებული აქვს 42 545 715 ლარის ღირებულების 273 ხელშეკრულება.

2017 წლის დაფინანსების ფარგლებში შესყიდვების განხორციელების მიზნით, სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები და ჩატარებული ტენდერები:

ინფორმაცია აუდიტის ანგარიშიდან

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს გამარტივებული შესყიდვის ფორმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 231 ხელშეკრულება გაუფორმებია, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 20 ერთეულით მეტია. თუმცა გამარტივებული შესყიდვების წილი, შესყიდვების მთლიან მოცულობაში 9,5 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე, 2018 წელს, ჯამში 48 მილიონ 287 ათას 800 ლარითაა დაფინანსებული აჭარის ბიუჯეტიდან.

სამინისტრო, 2018 წლის შესყიდვების გეგმის მიხედვით გაწერილი 57 შესყიდვიდან ელექტრონული ტენდერით მომსახურებას 16 შემთხვევაში შეისყიდის, დანარჩენ მომსახურებებს კი – კონსოლიდირებული ტენდერითა და გამარტივებული შესყიდვით.

მიმდინარე წლის მრავალმილიონიანი შესყიდვების გეგმაში, ორჯერ არის მომსახურების – „ბაზრის შესწავლა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა“ ჩადებული, რისთვისაც ჯამში 37 450 ლარია გათვალისწინებული. ორთავე შემთხვევაში „ბაზრის კვლევას“ სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შეისყიდის.

ამ თემაზე:

სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში

აუდიტი აჭარის ფინანსთა სამინისტროში არსებულ დარღვევებზე

სასამართლომ ციხეებში პატიმრის გაშიშვლება ნაწილობრივ სცნო არაკონსტიტუციურად

პატიმარი ქალი ნანა ფ. სასჯელაღსრულების მინისტრის იმ ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, ციხის ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა პატიმრისთვის, შემოწმების მიზნით, იმდენჯერ მოეთხოვა გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება, რამდენჯერაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. მოსარჩელე მოითხოვდა გაშიშვლების უფლების ჩანაცვლებას სკანერით. დღეს, 26 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ მინისტრის #200 ბრძანება არაკონსტიტუციურად სცნო, მაგრამ არ გააუქმა გაშიშვლების უფლების გამოყენება.

დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით პირის გაშიშვლების შესაძლებლობა, სასამართლომ არ მიიჩნია მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად. სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანება #200 არ ითვალისწინებდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების სახელმძღვანელო კრიტერიუმებს, რაც ქმნიდა „უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევის რისკებს… ხსენებული ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან“, – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, უფლებამოსილი პირი საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალდებულა ზუსტად გაწეროს, როდის და რა შემთხვევაში ექნება საპატიმრო დაწესებულების უფროსს პატიმრის გაშიშვლების უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძირითადად სკანერით შემოწმების მეთოდს იყენებდნენ, რადგან  „პირის გაშიშვლება უცხო ადამიანის თანდასწრებით, იწვევს ადამიანის დამცირებას და შეურაცხყოფას იმ ინტენსივობით, რომ იგი უტოლდება საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულ არაჰუმანურ, სასტიკ და პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას“.

სასარჩელო განცხადებაში წერია, რომ ამ მეთოდს იყენებენ დაბალი რისკის პატიმრების მიმართაც.

მოსარჩელე და სასამართლოში მისი ინტერესების დამცველი [საია] ევროპულ პრაქტიკაზე აკეთებდა აქცენტს, სადაც, ძირითადად, სკანირების აპარატს იყენებენ და გამონაკლის შემთხვევაში თხოვენ პატიმარს გაშიშვლებას.

სარჩელის ამ ნაწილთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „შეუძლებელია, სკანერის მეშვეობით ყველა აკრძალული ნივთის, ნივთიერების, წარწერისა თუ სხვა ობიექტის აღმოჩენა, რომელთა შეტანა, დამზადება, ბრუნვა საფრთხეს უქმნის პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგს, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“.

სასამართლომ დაადგინა, რომ ამ მეთოდის გამოყენება დასაშვებია „მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში“ და იქვე დასძინა, რომ „გარესამყაროსთან კონტაქტის შემთხვევებში და დაწესებულებაში გადაადგილებისას (სამარტოო საკანში მოთავსება) პირის გაშიშვლების დაშვება პასუხობდა კონსტიტუციის მოთხოვნებს“.

ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში საკუთარ პროცესებზე დასწრების მოსურნე პატიმრებს ისევ მოუწევთ დაემორჩილონ ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნას გაშიშვლებით შემოწმებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საპატიმრო დაწესებულების დატოვების უფლებას არ ექნებათ.

გასულ წელს “ბათუმელები” წერდა პატიმარზე, რომელიც საკუთარ სასამართლო პროცესს ვერ ესწრება. ის უარს აცხადებდა ციხიდან გამოყვანის დროს გაშიშვლებულიყო და ბუქნები გაეკეთებინა. ამის გარეშე ციხის ადმინისტრაცია მას დაწესებულებიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება

რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმი, ექთანი და მძღოლი 30%-ით მაღალ ხელფასს მიიღებს.

ამ დროისთვის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 100 ლარს, ექთნის – 66 ლარს, ხოლო მძღოლის 58 ლარს შეადგენს. ახალი სახელფასო განაკვეთის მიხედვით კი, ეს მონაცემები საშუალოდ 30%-ით გაიზრდება.

2014 წლიდან დღემდე რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება ჯამურად 127%-ით არის მომატებული.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე არჩილ ვანაძე იქნება

აჭარის ფინანანსთა და ეკონომიკის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ ვანაძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს.

არჩილ ვანაძე ბათუმის მერიის საფინანასო- საბიუჯეტო მიმართულებას 2010 წლიდან ხელმძღვანელობს. 2006-2007 წლებში კი ამავე სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ თინათინ ზოიძის კანდიდატურა განიხილება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, თინათინ ზოიძის კანდიდატურა განიხილება, ამის შესახებ მან „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა. „მიმდინარეობს კონსულტაციები ამის თაობაზე, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – უთხრა თინათინ ზოიძემ „ბათუმელებს“.

მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი თინათინ ზოიძე ბოლო პერიოდში სამშენებლო კომპანია „ალიანსში“ მუშაობდა.

თინათინ ზოიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც აქვს – ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი იყო, დავით ბალაძის მინისტრობის პერიოდში.

32 წლის თინათინ ზოიძე განათლებით იურისტია.

 

 

აშშ-ის მთავრობა აჭარაში სამი სკოლის რეაბილიტაციაში 1.5 მილიონ დოლარს დახარჯავს

აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აჭარაში სამ საჯარო სკოლას სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს. რეაბილიტაციის შემდეგ ტექნიკითა და ლაბორატორიებით სრულად აღიჭურვება ბათუმში მე-18, ქობულეთის და ლეღვას საჯარო სკოლები. რეაბილიტაციაზე  1.5 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

„სარეაბილიტაციაო ფართობი მთლიანობაში 8 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სასწავლო გარემო  3000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება“ – მიიჩნევენ აჭარის განათლების სამინისტროში.

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ფონდის დაფინანსებით 2018 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, „რის შედეგადაც სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15 200 მოსწავლეს“.

სკოლების რეაბილიტაციისთვის 15 მილიონ აშშ დოლარია გათვალისწინებული.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში, საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 44 საჯარო სკოლა. კერძოდ: მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს რეგიონებში მთლიანობაში, 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციას  აშშ-ის მთავრობა 2013 წლიდან აფინანსებს.

აჭარის სატყეო სააგენტო საწვავის ხარჯებს სუსტად აკონტროლებს – აუდიტი

აჭარის სატყეო სააგენტოში, სუსტია შიდა კონტროლის მექანიზმები, როგორც შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრასთან, ისე გაცემული საწვავის ხარჯვასთან მიმართებაში – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი. 2017 წლამდე კონტროლის მექანიზმს წარმოადგენდა სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული კონტროლისა და გადაადგილების მონიტორინგის სისტემა, GPS-ის მოწყობილობია, თუმცა ამ სისტემაზე გასულ წელს სააგენტომ უარი თქვა. ამით, საწვავის ხარჯვა, აუდიტის თქმით, ფაქტობრივად, უკონტროლო გახადა.

მოქმედი რეგულაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, შეიძლება განსაზღვროს მის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები. თუმცა, აუდიტის შედეგებით დადგინდა, რომ სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოში“ შესაბამისი შეთანხმების გარეშე, 2017 წელს, განსაზღვრული და გაწეულია 241 618 ლარის ღირებულების საწვავის და 2 766 ლარის – საკომუნიკაციო ხარჯი.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც სამი დღის წინ, 23 ივლისს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „სატყეო სააგენტო, სხვა საქმიანობასთან ერთად, ახორციელებს ტყეებში გზების მშენებლობას და დაზიანებული გზების აღდგენით/გაწმენდით სამუშაოებს. ამ საქმიანობისთვის მხოლოდ სპეცტექნიკისთვის 2017 წელს გაიხარჯა 71 805 ლიტრი საწვავი. სპეცტექნიკის განთავსების ლოკაციების გათვალისწინებით, საწვავის გამართვა არ ხდება ბენზინგასამართ პუნქტებში და საწვავის მიტანა უშუალოდ სამშენებლო უბნებზე ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებებით, რასაც სამსახურებრივი ავტომანქანით უზრუნველყოფს შესაბამისი სატყეო ადმინისტრაციის დირექტორი.

საწვავის ფიზიკურად გადაცემაზე სატყეო ადმინისტრაციის დირექტორსა და სპეცტექნიკის მექანიზატორს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ საწვავის მიწოდებაზე არსებული კონტროლის მექანიზმი სათანადოდ არ მუშაობს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც სატყეო ადმინისტრაციის უფროსი უშუალოდ არ მონაწილეობდა საწვავის გადაცემის პროცესში, თუმცა საწვავის გადაცემის დოკუმენტზე ფიქსირდება მისი ხელმოწერა“.

სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ ხელმოწერის შესაბამის დროში განხორციელების ფორმალურობას ადასტურებს ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციაც, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირების მობილური ტელეფონები მითითებულ თარიღებში არ ფიქსირდება შესაბამის გეოგრაფიულ არეალებში: „ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, არსებული კონტროლის მექანიზმი ვერ ადასტურებს საწვავის მითითებულ დროში წარმოდგენილი მოცულობით გადაცემის ფაქტს“.

2017 წლამდე, კონტროლის რელევანტურ მექანიზმს წარმოადგენდა, სატყეო სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული კონტროლისა და გადაადგილების მონიტორინგის სისტემა, GPS-ის მოწყობილობის საშუალებით. სისტემა უზრუნველყოფდა როგორც მიწოდებული საწვავის მოცულობის, ასევე საწვავის ამოსხმის შემთხვევების ფიქსაციას.

„სააუდიტო პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებზე GPS-ის მოწყობილობის გამოუყენებლობას სატყეო სააგენტოს მენეჯმენტი ხარჯების დაზოგვას უკავშირებს, რაც ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე თვეში შეადგენს 35 ლარს, ხოლო ჯამურად 9 ერთეულ სპეცტექნიკაზე – წელიწადში 3 780 ლარს. მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით და სხვა, უფრო ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში, სააგენტოს მოსაზრება ვერ იქნება მიჩნეული დასაბუთებულ არგუმენტად“, – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი.

აჭარის სატყეო სააგენტოში საწვავის ხარჯვაზე ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არარსებობა წარმოშობს საბიუჯეტო რესურსების არადანიშნულებისამებრ გამოყენების რისკებს – ასეთია აუდიტის დასკვნა.

სააგენტოში გვითხრეს, რომ GPS-ის მოწყობილობას 2018 წლიდან კვლავ იყენებენ. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ჯუმბერ აბულაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მონიტორინგის სისტემა, GPS-ის მოწყობილობის საშუალებით მიმდინარე წლიდან უკვე გამოიყენება და ის 11 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზეა დამონტაჟებული.

აჭარის სატყეო სააგენტო აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. სააგენტო მიმდინარე წელს მთლიანობაში [ხელფასებისა და პროგრამების ჩათვლით] 2,9 მილიონი ლარითაა დაფინანსებული.

 

 

ბენდი „ერთად“ მახუნცეთში – პერფომანსი და მასტერკლასი [ანონსი]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში 
2018 წლის 29 ივლისს, 17:00 საათზე
მულტიკულტურული ბენდი „ერთად“
პერფომანსს და მასტერკლასს ჩაატარებს

 

პერფომანსი/მასტერკლასი ჩატარდება ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახუნცეთის ცენტრში, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია აჭარაში მცხოვრები ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული თავისებურების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს ბენდი „ერთად“ შეასრულებს ეთნო-კულტურულ კომპოზიციებს;

შეხვედრის მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მასშტაბით, რათა ვაჩვენოთ აუდიტორიას, რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის.

აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.

 

ასოცირების ხელშეკრულება, ვალდებულებები და შესრულება – შეხვედრა სოფელ ჭარნალში [ანონსი]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კლუბში
2018 წლის 27 ივლისს, 15:00 საათზე,
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართება
შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან
შეხვედრას ასევე დაესწრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე

 

შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი კი გააცნობს მოსახლეობას სამინისტროს ხედვებს, მიმდინარე და სამომავლო პროგრამებს, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება.

შეხვედრა დაიგეგმა პროექტის – „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში“ ფარგლებში .

პროექტი ხორციელდება „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. მისი მიზანია ქალაქ ბათუმში და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებში და სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების/დისკუსიების ჩატარებით, სატელევიზიო და ინტერნეტ-გადაცემების და ვრცელი ანალიტიკური სტატიებით ასოცირების ხელშეკრულებაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგში მონაწილეობისადმი ინტერესის გაღვივება.
მთავარი ფოტო: სოფელი ჭარნალი / „ჭარნალის“ ფეისბუკგვერდიდან

ვარგისი, მალფუჭებადი საკვები გამოყენებული იქნას ქველმოქმედებისთვის – პეტიცია

მოქალაქე ლევან აღნიაშვილი საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავს, დახლზე დარჩენილი, საკვებად ვარგისი, არა მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის საქველმოქმედო მიზნით იქნას გამოყენებული.

„შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის აპრილში 4523 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა გადაყარეს სანაგვე ურნებში. მაისში – 11 484, ივნისში – 7312, ივლისში – 9455, აგვისტოში – 7778, სექტემბერში – 5424, ოქტომბერში – 8701, ნოემბერში – 7727, დეკემბერში – 8192. 2018 წლის იანვარში 9385 ლარის მზა საკვები არის გადაყრილი, თებერვალში – 7439, მარტში – 6817 ლარის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 459 619 ადამიანი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს. გთხოვთ მიიღოთ კანონი რომელიც აკრძალავს სუპერმარკეტებს დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტის გადაყრას . სუპერმარკეტები ვალდებული იქნებიან გაუყიდავი პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ“ – აღნიშნულია პეტიციაში.  

ამ თემაზე „ბათუმელებმა“ სტატიები წელს, აპრილში მოამზადა.

მზა საკვები პროდუქტების ვარგისიანობის ვადა კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ძირითად შემთხვევაში ეს ვადა 6-დან 12 საათამდე მერყეობს სხვადასხვა პროდუქტზე. ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ ვადის გასვლის შემდეგ მზა პროდუქტებს ანადგურებენ.

ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებებს აცხადებენ, ან საკვებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ორგანიზებულად აწვდიან. ამ გზით მორჩენილ და ჯერ კიდევ ჯანსაღ პროდუქტს სოციალურად შეჭირვებული კლიენტი ყიდულობს, მაღაზიებს კი საკვების სანაგვე ურნებში ჩაყრა აღარ უწევთ.

ჰიპერმარკეტები ნაგავში გადაყრილი საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს აწვდიან. ამ გზით ისინი სავალდებულო გადასახადს აღარ იხდიან.

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია – ამინდი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში და აჭარის სანაპირო რაიონებში დღეს და ხვალ [26-27 ივლისს] მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 27-32 გრადუსი
  • ღამით: 20-25 გრადუსი

მთაში:

  • დღისით: 25-30 გრადუსი
  • ღამით: 13-18 გრადუსი

ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბალი], ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია.

მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია  საღამოს და ღამის საათებში ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად  უნალექო ამინდი.

შსს-მ ვიდეოკამერების არ არსებობის გამო 465 ობიექტი დააჯარიმა, 252 კი გააფრთხილა

465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არ არსებობის, ან სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა, ხოლო 252 ობიექტს გაფრთხილება მიეცა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში აღნიშნული ობიექტები არაგეგმიურად შეამოწმა. ქვეყნის მასშტაბით საერთო ჯამში 1640 ობიექტი შემოწმდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლიცენზირებადი სააფთიაქო ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტები [მათ შორის ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე], ავტო-გასამართი სადგურები და სავალუტო ობიექტები ვალდებულნი არიან, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟება და შეუფერხებლად მუშაობა უზრუნველყონ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ირგვლივ მტკიცებულებების მოგროვებაში დაეხმარება და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას შეუწყობს ხელს“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში – „შსს უახლოეს მომავალში არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს და ამ ობიექტებს ლომბარდებიც დაემატება“.

არაგეგმიურ შემოწმებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპლექსურად, ლიცენზიის გამცემ სუბიექტთან ერთად ატარებს, მათ შორისაა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ეროვნული ბანკი და შემოსავლების სამსახური.

კონკრეტულად კონტროლდება გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა – რამდენად ეფექტურად არის ხედვის არეალი დაფარული. ასევე, დამონტაჟებულია თუ არა ობიექტის გარე პერიმეტრზე 2 მთავარი კამერა [გარდა აფთიაქებისა ყველა სხვა ობიექტს ევალება სათადარიგო შესასვლელის არსებობის შემთხვევაში ერთი სათადარიგო, იგივე პარამეტრების მქონე ვიდეოკამერის განთავსება] შესაძლებელია თუ არა ძირითადი ან სათადარიგო [გარდა აფთიაქებისა] შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსის დაფარვა, აქვს თუ არა სისტემას 30-დღიანი ჩანაწერის შენახვის მეხსიერება, არის თუ არა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა და დღე-ღამის რეჟიმში იძლევა თუ არა ვიდეოჩანაწერი შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნულ არეალში მოხდეს პიროვნების სახის იდენტიფიკაცია.

 

სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში

არასწორი ფინანსური აღრიცხვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; სახელმწიფო ქონების უკანონო გამოყენების ან გასხვისების, ასევე სახელმწიფოს, ორგანიზაციის კუთვნილი, თუ გრანტის სახით მიღებული სახსრების შესაძლო არამიზნობრივი გამოყენებისა და მითვისების რისკები ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც სახელმწიფო აუდიტმა თავის ანგარიშში მიუთითა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქციებისა და სხვა კაპიტალის ნაშთი 2017 წელს 136 389 045 ლარს შეადგენდა, რაც 4 872 309 ლარით, არაზუსტად [გაზრდილად] არის წარმოდგენილი. „ეს გამოწვეულია ფინანსურ აღრიცხვასთან დაკავშირებული სუსტი შიდა კონტროლის სისტემით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ფინანსური აღრიცხვის დოკუმენტების დანიშნულებისამებრ დროულ მიწოდებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ, არსებობის ვადით, მართვის უფლებით გადაეცა, აჭარის საკუთრებაში არსებული რამდენიმე შპს [100%-იანი წილები]: „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ – 3 449 997 ლარის საწესდებო კაპიტალით; „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ – 1 210 048 ლარის საწესდებო კაპიტალით; „N1 პოლიკლინიკა“ – 188,364 ლარის საწესდებო კაპიტალით და „სამედიცინო განათლება“ – 23 900 ლარის საწესდებო კაპიტალით. თუმცა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საფინანსო სამსახურის მიერ, ფინანსურ აღრიცხვაში ცვლილებები არ არის განხორციელებული.

ამავე სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის შეტანილი გრანტის სახით მიღებული 1 425 კვ.მ შენობა-ნაგებობები, რაც, აუდიტის შეფასებით, არასწორი ფინანსური აღრიცხვის შედეგია.

კერძოდ: სსიპ – ბათუმის ბულვარს, 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების შესაბამისად, გრანტების სახით მიღებული აქვს ძირითადი აქტივები. მათ შორის, ქალაქ ბათუმის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემულია 229 116 კვ.მ ფართობის, 81 086 580 ლარის ნორმატიული ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუმცა, ამავე ხელშეკრულებებით გადაცემული 1 425 კვ.მ შენობა-ნაგებობა არ არის შეფასებული და აღრიცხული ბულვარის ბალანსზე.

აუდიტის დასკვნით, „მნიშვნელოვანია, სრულად აღირიცხოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში თუ სარგებლობაში არსებული აქტივები… აღრიცხვაში მათი გამოტოვება და აქედან გამომდინარე, კონტროლის არარსებობა, წარმოშობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უკანონო გამოყენების ან გასხვისების შესაძლებლობას“.

აჭარის სავაჭრო – სამრეწველო პალატის, 2017 წლის ბალანსის დანართ ფორმაში, არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული ფაქტობრივი შემოსავლი 45 165 ლარს შეადგენს, რაც 1 716 ლარით მეტია საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებზე. ამასთან, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს ნაღდი ანგარიშსწორების წესით და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვისთვის არ გამოიყენება სალაროს წიგნი, არ არის განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის მოცულობა და არ არის გაფორმებული ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.

„შესაბამისად, მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად, ნაღდი ფულის მიღება-ხარჯვა წარმოშობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ან/და მითვისების შესაძლებლობას“, – აცხადებს აუდიტი.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად, ამავე დაწესებულების თავმჯდომარის მოადგილის სახელზე დებიტორული დავალიანების სახით ირიცხება 14 424 ლარი, რაც განაპირობა  2010 წელს სარემონტო სამუშაოებისათვის სალაროდან გაცემული თანხის დანიშნულებით გამოყენების სრულყოფილი დოკუმენტების წარმოუდგენლობამ. აუდიტის ინფორმაციით: „2010 წელს ანგარიშქვეშ გაცემული თანხა, 2017 წლისთვის ისევ დავალიანების სახით ირიცხება, თუმცა მისი დაფარვისათვის სავაჭრო-სამრეწველო პალატას რაიმე სახის ღონისძიებები არ გაუტარებია, რაც წარმოშობს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კუთვნილი თანხების მითვისების მიზნით, დავალიანების ხანდაზმულობის მოტივით ჩამოწერის რისკებს“.

გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობასთან [UNDP] პროექტის – „მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ განხორციელებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ა(ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორს ფულადი გრანტის სახით მიღებული აქვს 56 700 ლარი.

აუდიტი აღნიშნავს, რომ გრანტის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით ბიზნეს ინკუბატორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშებით, 55 500 ლარი გამოყენებულია პროექტის ფარგლებში, ფერმერებისა და ფერმერთა კოოპერატივების კონსულტირების მიზნით, დაქირავებული სპეციალისტების მიერ მიწოდებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისთვის, თუმცა, აუდიტის პერიოდისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული საკონსულტაციო მომსახურების, შინაარსის, რაოდენობისა და პერიოდულობის შესახებ.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტი თვლის, რომ „ვერ მიიღეს რწმუნება გრანტის სახით მიღებული 55 500 ლარის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა გრანტის სახით მიღებული სახსრების არამიზნობრივ გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული“.

სახელმწიფო აუდიტი თავის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში კვლავ უბრუნდება აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტს, რომლის საკრედიტო ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს მოეწერა, თუმცა 2017 წელს არც პროექტის განხორციელება დაწყებულა და არც სესხის თანხა იყო ათვისებული.

„შედეგად, ყოველწლიურად სესხის აუთვისებელ ნაწილზე [2,7 მლნ. ევრო] ხორციელდება ვალდებულების გადასახადის გადახდა, აუთვისებელი თანხის 0,5% ოდენობით. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული სესხის ფარგლებში, ჯამურად გაწეულია 163 522 ევროს ხარჯი, მაშინ როდესაც, პროექტის განსახორციელებლად საკრედიტო რესურსიდან თანხები არ მიუმართავთ. ამასთან,  სესხის დასაბრუნებლად 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 592 809 ლარის ნაცვლად, გაიხარჯა 7 038 ლარი, რაც გეგმის 1,2% -ს შეადგენს.

აღნიშნული განპირობებულია პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმების არარსებობით და სხვადასხვა ეტაპზე ხელისშემშლელი გარემოებებით, რომელთა გადასაჭრელად ქმედითი და დროული ღონისძიებები არ არის გატარებული. შედეგად, ვალდებულების გადასახადის სახით საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად დაიხარჯა“, – აცხადებს აუდიტი.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2018 წელს, წინა წლებისაგან განსხვავებით, დაწყებულია და მიმდინარეობს პროექტის განხორციელების სხვადასხვა აქტივობა, კერძოდ: გამოსყიდულ იქნა ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ნაკვეთები, შეირჩა მშენებლობის ზედამხედველი კომპანია, განხორციელდა ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობის ტენდერის შეფასების პირველი ეტაპი და შეფასების ანგარიში გადაეგზავნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. სათანადო პროცედურების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და, სავარაუდოდ, მშენებლობა დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუშაობას 2018 წლის სექტემბრიდან გააგრძელებს.

ამ თემაზე:

აუდიტი 5 მილიონის მითვისებასა და თანხის არამიზნობრივად გამოყენებაზე აჭარის საწარმოებში

ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლი ბათუმში დაანგრიეს – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული ორსართულიანი სახლი, რომელიც საქართველოს ეროვნულ სააგენტოში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად იყო წარდგენილი, მთლიანად დანგრეულია – დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა.

დანგრეულია ასევე მომიჯნავედ მდებარე [ფალიაშვილის #16 ] ერთსართულიანი სახლიც. ტერიტორიას ერთი საერთო ღობე აქვს შემოვლებული, ღობის შიგნით ამწე კრანი დგას, როგორც ჩანს ადგილს ნანგრევებისგან ახალი მშენებლობისთვის ასუფთავებენ.

ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე ეს სახლი უკვე დანგრეულია. ცაგო კახაბერიძის ფოტო / არქივიდან

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის გაანმარტებით, ამ სახლის დანგრევა დაახლოებით ერთი წლის წინაც სცადეს: „შევაჩერეთ და გავაფრთხილეთ, ახლა კი ბოლომდე დანგრეული და მიწასთან გასწორებულია.“

მისივე ინფორმაციით, ამის თაობაზე სააგენტომ მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის  განყოფილებას უკვე შეატყობინა და შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ სააგენტოსაც გადაუგზავნიან.

მერიის ზედამხედველობის განყოფილებაში გვითხრეს, რომ დემონტაჟის ნებართვა მერიამ გასცა, რაც ქალაქმეშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა მირიან მეტრეველმაც დაადასტურა:

„ნებართვა გაცემულია, ეს სახლი, ფაქტობრივად, იყო ჩამონგრეული, რაღაც ნაწილი იყო დარჩენილი და დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია. ახალ მშენებლობაზე ჯერ შეთანხმება არ გვაქვს“.

ამ სახლის ჩამონგრევისთვის გასულ წელს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ერთ-ერთი მესაკუთრე დააჯარიმა და პროცესის შეჩერება მოსთხოვა.

ამ სახლზე სტატია „ბათუმელებმა“ 2018 წლის მაისშიც მოამზადა, მაშინ ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ადგილის დათმობის სანაცვლოდ გარკვეული გარიგება [რაც არ დააკონკრეტეს] შპს „ძმების სახლთან“ ჰქონდათ.

[red_box]ამ თემაზე: ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი ერთსართულიანი სახლი მშენებელმა დაანგრია[/red_box]

„კომპანიამ ამ ადგილის დათმობის სანაცვლოდ შემოგვთავაზა ოროთახიანი ბინები გუდიაშვილის ქუჩაზე და დავთანხმდით, რადგან სახლი ძველია, ერთ ეზოში ბევრნი ვცხოვრობდით და ვიწროდ ვიყავით“.

სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება კომპანია „გეოგრაფიკის“ რეკომენდაცია იყო, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია ჩაატარა.

„გეოგრაფიკის“ შეფასებით, ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ეს ერთსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისში იყო აგებული. „შენობის ფასადთა მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმისა და ბაროკოს სტილთა ნიშნები. ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

„გეოგრაფიკმა“ შენობაზე ჩარევის სასურველ ფორმად რესტავრაცია-რეკონსტრუქცია მიუთითა.

მითი და რეალობა ქიმიოთერაპიის შესახებ

სიმსივნურ დაავადებებთან და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი არსებობს. რა არის რეალობა? – ამის შესახებ თამარ კონცელიძე საუბრობს, კლინიკური ონკოლოგი და ქიმიოთერაპევტი, რომელსაც 9-წლიანი გამოცდილება აქვს ონკოლოგიურ ქირურგიაში და არა ერთი ონკოლოგიური კლინიკური კვლევის მონაწილეა.

„კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ 2017 წლიდან ვმუშაობ. კლინიკა ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანი ადამიანებისთვის მაღალი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, კომფორტის შექმნა და მათი ინფორმირებაა, რადგან ხშირად ისინი არასწორი ინფორმაციის მსხვერპლი ხდებიან.

თამარ კონცელიძე - ონკოქირურგი-მამოლოგი
თამარ კონცელიძე – ონკოქირურგი, მამოლოგი

კიბო საკმაოდ მძიმე თემაა სასაუბროდ, თუმცა დაავადებაზე ღია დისკუსიას, შედეგად ინფორმირებული საზოგადოება მოჰყვება.

დაავადების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ადამიანებს ხშირად მცდარი წარმოდგენები აქვთ. როდესაც ამ მოსაზრებებს თავიანთ მეგობრებს, ახლობლებს და საზოგადოების წევრებს უზიარებენ, ამით ხელს უწყობენ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და სტერეოტიპების დამკვიდრებას.

21-ე საუკუნეში, როცა მიღებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება წამებშია შესაძლებელი, ადამიანებს აღარ უნდა ეშინოდეთ ონკოლოგიური დაავადებების.

„უხსენებელი“, „ცუდი დაავადება“ – ეს არის ტერმინები, რომლითაც კიბოს მოიხსენიებენ. წლების მანძილზე კიბოს დიაგნოზი ნიშნავდა სიკვდილს. თუმცა დღეს საქართველოში დაავადებულებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მაღალი ხარისხის, თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის პროგრამა. ახალი თაობის მედიკამენტები შანს აძლევს პაციენტს, დადებითი შედეგი მიიღოს.

სტიგმის, სტერეოტიპების და შიშის მიუხედავად, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც პირველებმა დაძლიეს ეს სირთულეები და თამამად დაიწყეს კიბოს შესახებ საუბარი. ისინი აღარ ერიდებიან მოყვნენ, თუ როგორ მოახერხეს სხვადასხვა სტადიაზე მყოფი დაავადებებისგან გათავისუფლება, როგორ იბრძოდნენ სიცოცხლისათვის და როგორ გაიმარჯვეს ამ ბრძოლაში.

თამარ კონცელიძე
თამარ კონცელიძე

საზოგადოების დიდი ნაწილი აღნიშნული დაავადებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე ამჯობინებს მის იგნორირებას და ბედთან შეგუებას. ეს კი დიდი შეცდომაა, ვინაიდან ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, კიბოსგან განკურნება, ხოლო ჯანსაღი ქცევებით მისი განვითარების თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

[red_box]მითი: კიბო კლავსსიმსივნის დიაგნოზი ნიშნავს სიკვდილს[/red_box]

[checklist]

  • რეალობა: კიბოს სახეობათა უმრავლესობა, რომელიც ადრე უკურნებლად ითვლებოდა, დღეს მკურნალობას ექვემდებარება. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის დროს, შესაძლებელია თითქმის ყველა ადამიანი განიკურნოს სრულად კიბოსგან.

[/checklist]

კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებისა და პრევენციის უკეთ გაგებამ, ადრეულმა გამოვლენამ და მკურნალობის სფეროში მიღწევებმა, რევოლუციურად შეცვალა და გააუმჯობესა კიბოს მართვა და გამოსავალი.

ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი კიბო გაცილებით მეტად იკურნება და იშვიათად მთავრდება სიკვდილით, ვიდრე გვიან აღმოჩენილი.

[red_box]მითი: კიბოს სიმპტომებით ვერ მიხვდები[/red_box]

[checklist]

  • რეალობა : კიბოს თითქმის ყველანაირი სიმპტომი შეიძლება ახლავდეს თან. ნიშნები და სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, თუ სხეულის რა ნაწილშია კიბო, რამდენად დიდია მისი ზომა და რამდენად ძლიერ ეფექტს ახდენს ორგანოებსა თუ ქსოვილებზე.

    კიბოს მრავალ სახეობას გააჩნია წინასწარი, „გამაფრთხილებელი“ სიმპტომები ან ნიშნები. ეს შეიძლება იყოს მკერდში კვანძის არსებობა, ციებ-ცხელება, დაღლა, წონაში კლება, თუმცა უფრო გონივრულია წლის განმავლობაში გამოკვლევა გაკეთდეს, რომ ამ სიმპტომებს არ ელოდოთ და თავი მშვიდად იგრძნოთ.

[/checklist]

[red_box]მითი: ქიმიოთერაპია ცრუ იმედია[/red_box]

[checklist]

  • რეალობა: ქიმიოთერაპია არის მედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთი სახეობა.როგორც ნებისმიერ მკურნალობას, მასაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ამჟამად ამ მოვლენების მართვა უკვე შესაძლებელია.სამწუხაროდ, საზოგადოებაში ქიმიოთერაპია ასოცირდება სიკვდილთან, რადგან ადრე ძირითადად დაგვიანებული სტადიის დროს გამოიყენებოდა. ახლა კი პერსონალიზებული მედიცინის ფონზე ხშირად საწყის ეტაპზეც ვიყენებთ პროფილაქტიკისთვის და შედეგებიც გაცილებით უკეთესია. ასევე არსებობს სიმსივნეების სხვადასხვა ტიპი, რომლებიც მხოლოდ ქიმიოთერაპიის საშუალებით იკურნება.

[/checklist]

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა საჯაროდ ვისაუბროთ ონკოლოგიურ დაავადებებზე, მათ მიმდინარეობაზე, მიღებულ შედეგებზე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კიბოს განკურნება შესაძლებელია.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა ზრდის გამოჯანმრთელების შანსს, ახანგძლივებს სიცოცხლეს, ზოგავს თქვენს ენერგიას, დროს და ფულს.“

დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში დაიდგმება

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულში დაიდგმება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო.

საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით აცნობა ქართული მარშის წევრს სანდრო ბრეგაძეს.

„აქვე მოგახსენებთ, რომ ძეგლის აღმართვამდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს შერჩეულ ტერიტორიაზე მისი მოწყობის თაობაზე შესაბამისი საინფორმაციო დაფის განთავსებას,“ – ნათქვამია წერილში რომელსაც ხელს საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე აწერს.

ძეგლის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართულმა მარშმა“ ფეისბუქზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. მარში წერდა, რომ „ადგილობრივი მთავრობა ბათუმში ძეგლის დადგმას მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნით ვერ ბედავდა“.

სიცრუეა „ქართული მარშის“ ინფორმაცია, რომ ბათუმის მთავრობა აღმაშენებლის ძეგლს ვერ დგამს

მთავარი ფოტო: დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში

„უზრუნველთა თაობა”-დოკუმენტური ფილმი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ცხოვრებაზე

„უზრუნველთა თაობა“ (Generation Wealth) ახალი დოკუმენტური ფილმია და ამერიკული ოცნების კორუფციულ გარემოს ასახავს. ეს არის შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტებით სავსე ისტორია, რომელიც სიმდიდრისადმი ადამიანების სულ უფროდაუფრო ველურ სწრაფვას გვაჩვენებს.

საქმე ეხება არა თავად მდიდრების ყოფას, არამედ სურვილს, გავხდეთ მდიდრები, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.

რეჟისორი ლორენ გრინფილდი ფილმზე 30 წელი მუშაობდა პლანეტის ყველზე მდიდარი ადამიანების დოკუმენტური კადრების შესაგროვებლად.

ფილმის ფოკუსი მიმართულია კაპიტალიზმის ეპოქის ადამიანის სიმდიდრისკენ სწრაფვაზე, ნარცისიზმსა და სიხარბეზე. ფილმში პრეზიდენტი-მაგნატის როლში დონალდ ტრამპიც ჩნდება და საერთოდაც, რეჟისორი, ლორენ გრინფილდი ამბობს, რომ ფილმში ტრამპის თეთრ სახლამდე განვლილი გზაცაა ნაჩვენები.

ტრამპის მაგალითი ფილმის სიუჟეტის პიკია, ნაჩვენებია მისი, როგორც მდიდართა თაობის მთავარი წარმომადგენლის თვითგამოხატვის თავისებურებები, მთელი მისი ღირებულებათა სისტემა, რაც ყოველდღიურ ქმედებებში ჩანს და ა.შ.

ფილმის პრემიერა აშშ-ში 20 ივლისს გაიმართა, ახალ ფილმს მოგვიანებით ევროპის კინოთეატრებშიც აჩვენებენ.

როგორ ებრძვიან რუსულ პროპაგანდას საქართველოში – „ლეგიონი“ ბათუმში

დაიცავი საქართველო საინფორმაციო ომში – ეს სლოგანი ეკუთვნის „საინფორმაციო თავდაცვით ლეგიონს“, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ნებაყოფლობით ეხმარებიან საინფორმაციო ომში. დღეს, 25 ივლისს, „ლეგიონი“ ბათუმელებს შეხვდა. ლეგიონის საინფორმაციო კამპანიის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ფართო საზოგადოება ჩაერთოს. შეიძლება ითქვას, ეს არის საინფორმაციო კამპანია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

„ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ რუსული პროპაგანდის მდევარი. ჩვენ ვცდილობთ თავად გავავრცელოთ სიმართლე და მოწინააღმდეგე ჩავაყენოთ თავის მართლების რეჟიმში, თუ მას ამის შესაძლებლობა მიეცემა,“ – ამბობს გიორგი მოლოდინი, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს წარმომადგენელი.

მისი თქმით, უკვე არსებობს  ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ამზადებს კონკრეტულ თემებს წყაროებზე დაყრდნობით, ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც „ლეგიონერებს“ ეგზავნება.

„რუსეთი ცდილობს თავისი  საქმიანობა შეფუთოს კეთილშობილური მიზნებით. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებას გავაცნოთ მოწინააღმდეგის, ანუ რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული მანქანის რეალური მოტივი და მიზანი საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა. ეს არის ქართული საზოგადოების დაშლა და დაქუცმაცება, რაც შეიძლება ფრაგმენტულად, რადგან მას არ სურს საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, იყოს წარმატებული მაგალითი სხვა მეზობელი სახელმწიფოებისთვის,“ – ამბობს გიორგი მოლოდინი.

გიორგი მოლოდინი დეტალურად ხსნის, თუ როგორ შეიძლება მოქალაქე თავდაცვის ლეგიონის წევრი გახდეს. მისი თქმით, ვებგვერდზე https://infoarmy.ge/ge – ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს და ასე შეუერთდეს კამპანიას.

შეხვედრები საქართველოს რეგიონებში EWMI ACCESS-ის ორგანიზებით იმართება.

13 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები ბათუმის ბულვარში აჭარულს იცეკვებენ 

ბათუმის ბულვარში 29-31 ივლისს, 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტი აჭარულ ცეკვას შეასრულებს. სტუდენტები ჩამოვლენ გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და რუსეთიდან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ახალგაზრდები რეგიონს ევროპის სტუდენტთა ფორუმის (AEGEE-Tbilisi)  საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტის – „Drop of Wine from Mountain to Sea“ ფარგლებში ესტუმრებიან.

„ბათუმში ჩამოსვლამდე სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ესტუმრებიან და აჭარული ცეკვის მასტერკლასებს დაესწრებიან.

29 ივლისს, აჭარული ცეკვის შესრულების შემდეგ დაგეგმილია „City Game“ ბათუმში, რაც ქალაქში წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ სხვადასხვა სიმბოლოს ნახვას ითვალისწინებს.

31 ივლისს კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პროექტის მონაწილეებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან“, – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

მათივე განმარტებით, პროექტი გათვალისწინებულია ევროპელ სტუდენტებში რეგიონის მიმართ ცნობადობის ამაღლებაზე.

AEGEE-Tbilisi პროექტს 2008 წლიდან ახორციელებს.

რუსეთში ფესტივალზე მუსიკოსები მილიტარიზმის პროპაგანდის გამო მონაწილეობაზე უარს ამბობენ

ჟურნალ esquire-ის რუსული გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში როკ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ  ფესტივალზენაშესტვიე, რომელიც 3-5 აგვისტოს გაიმართება, რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობაზე უარს ამბობს,.ამის მიზეზი ფესტივალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩართულობაა.

ჯგუფებმა “პოშლაია მოლი” [Пошлая Молли], “ელიზიუმი” [Элизиум], “პორნოფილმი” [Порнофильмы], “დისტემპერი” [Дистемпер] და “იორშ”-მა [Йорш] თავიანთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ თქვეს, რომ ამას არ იზამდნენ. დღეს ფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა კიდევ ერთმა ახალგაზრდა შემსურლებელმა “მანეტოჩკამ”  [Монеточка].

ჯგუფი “ელიზიუმის” წევრები, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ამბობენ, რომ მათთვის მთავარი პირობა იყო ფესტივალის ტერიტორიაზე მილიტარიზმის პროპაგანდის არარსებობა, კერძოდ „ფესტივალი ტანკების, ჯარში გამწვევი განყოფიებებისა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ექსპოზიციების გარეშე“ – წერს “ელიზიუმი”.

„ივნისის დასაწყისში ორგანიზზატორებმა ეს ყველაფერი დაგვიდასტურეს და ჩვენც დავთანხმდით მონაწილეობაზე, დღეს ორგანიზატორების ბოდიშებთან ერთად, მოვიდა სხვა ინფორმაცია – თავდაცვის სამინსიტრო მაინც საქმეშია, ტექნიკის ზონითა და ჯარში გამწვევი პუნქტით…

ამ სიტუაციაში, მონაწილეობაზე უარის თქმა – ერთადერთი შესაძლო ვარიანტია ჯგუფი ელიზიუიმისთვის… პაციფიზმი და ანტიმილიტარიზმი ჩვენთვის ცარიელი სიტყვები არ არის. Rock! Peace! Love!” – წერს განცხადებაში.

ჯგუფი პორნოფილმი” [Порнофильмы], საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ორგანიზატორებმა ჯგუფები მოატყუა, როცა 2 თვის წინ დაპირდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ფესტივალთან კავშირი არ ექნებოდა, “არანაირი მილიტარიზმის პროპაგანდა – ეს იყო ჩვენი მთავარი პირობა, რომ მიგვეღო მონაწილეობა ფესტივალში.“

ფესტივალი “ნაშესტვიე” რუსეთში 1999 წლიდან იმართება. 2015 წელს ამ ფესტივალში მონაწილეობაზე, ამავე მიზეზით თქვა უარი ცნობილი რუსული როკ-ჯგუფმა „მაშინა ვრემენი“ [Машина времени], ჯგუფის სოლისტმა ანდრეი მაკარევიჩმა თქვა, რომ იგი არ აპირებდა ტანკების ფონზე სიმღერას, ისე როგორც ეს გასულ წელს მოხდა. როგორც ერთ-ერთი რუსული გამოცემა tophit.ru წერდა, 2014 წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა ფესტივალის ტერიტორიაზე ტანკი გამოიყვანეს, ღია დახლებზე კი იყიდებოდა მაისურები სამხედროებისა და რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებით, ბევრი სტუმარი მოვიდა პოსტერებით ყირიმისა და დონბასის მხარდასაჭერად” – წერდა tophit.ru.

ბათუმში აღებულ ნესვის ნიმუშში ნიტრატები ნორმაზე 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ბათუმის მარკეტებში – „აისბერგსა“ და „ბილიონში“ აღებულ ნესვის ნიმუშში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების რაოდენობა დაშვებულ ნორმაზე 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა. ნიმუში ბათუმში 16 ივლისს აიღეს.

სააგენტოს მონაცემებით ნესვის ნიმუშში ნიტრატის შემცველობა იყო 480 მგ/კგ, მაშინ როდესაც ნორმა არის 90 მგ/კგ. სურსათის მწარმოებელი ინდმეწარმე ჯონი ხოზრევანიძეა.

სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და მათვე დაევალათ  სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

აღსანიშნავია, რომ იგივე მარკეტებში სააგენტომ საზამთროს, ბადრიჯნისა და ატმის სინჯებიც აიღო, თუმცა მათში დარღვევები არ აღმოჩნდა. სააგენტოს მიერ ამ პროდუქტების მწარმოებლადაც ინდმეწარმე ჯონი ხოზრევანიძეა მითითებული.

„ამ ეტაპზე  ცნობილია 40 ნიმუშის შედეგი. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა მხოლოდ ნესვის ორ ნიმუშში, რომლებიც ბათუმსა და ქუთაისშია აღებული. ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება.“ – აცხადებს სააგენტო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ თვეში აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლვა ჩაატარა. წყლის გამანაწილებელი სხვადასხვა ქსელიდან აღებულ წყლის 17 სინჯიდან, დარღვევა  15-ში აღმოჩნდა. სინჯები კი, ძირითადად, სხვადასხვა საბავშვო ბაღის სამზარეულოში იყო აღებული.

ექვსი წელი ავტოავარიისთვის და პატიმრის ხუთსულიანი ოჯახის ცხოვრება

თუ სახლს ერთგან კარგად დაალაგებს, რეკომენდაციით მერე სხვაგანაც დაუძახებენ, რომ იქაც დაალაგოს. მცირე თანხას უხდიან, მაგრამ მაინც. როცა შინ ბრუნდება საკერავ მანქანას მიუჯდება და შეკვეთილ სამოსს კერავს ან გადააკეთებს ხოლმე. ყველაფერი უნდა აკეთოს რაც შეუძლია, სხვა გამოსავალი არ აქვს: შინ ხუთნი არიან და ერთიც პატიმარი, რომელსაც უნდა ეპატრონოს, სანამ ციხეშია. ასეთია პატიმრის ახალგაზრდა მეუღლის ცხოვრება. მარიამს (სახელი შეცვლილია) ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებმა მამის დროებითი არყოფნა არ იგრძნონ.

მეუღლე საპატიმროდან ეხმარებათ როგორც შეუძლია: ხატებსა და ჯვრებს აკეთებს ციხის სახელოსნოში და ოჯახში გზავნის. გიორგი (სახელი შეცვლილია) უბედური შემთხვევის შედეგად აღმოჩნდა ციხეში. შინ დაბრუნებისას მანქანით მოხუცს დაეჯახა, რომელიც თავად მიიყვანა საავადმყოფომდე, თუმცა მუხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გიორგი უკვე სამი წელია სასჯელს იხდის. გათავისუფლებამდე წინ კიდევ სამი წელია.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში გიორგის შეწყალების მოთხოვნისთვის ოფიციალური დოკუმენტაცია მოუმზადეს და ოჯახი შესაბამისი უწყებისგან პასუხს ელოდება.

გიორგის მეუღლე იმედოვნებს, რომ პასუხი დადებითი იქნება და ბავშვებს მამა მალე დაუბრუნდება.

მარიამთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ბებია-ბაბუა ცხოვრობს. ბაბუამ ცოტა ხნის წინ გულის მძიმე ოპერაცია გაიკეთა და შესაბამის მოვლა-პატრონობას, მედიკამენტებს საჭიროებს. ხანდაზმულის პენსია ხანდახან წამლების პრობლემასაც კი ვერ აგვარებს სრულად.

პატიმრის ხუთსულიან ოჯახს სოციალურად დაუცველთა დახმარება ცოტა ხნის წინ მოუხსნეს. იყო პერიოდი, როცა მეუღლის დაპატიმრების შემდეგ მარიამი და მისი ოჯახი ნათესავ-მეგობრების დახამრების იმედად იყვნენ, მაგრამ ახლა მარიამი გააქტიურდა. ფონდ აფხაზინტერკონტის დახმარებით გრანტი მიიღო საკერავი მანქანის შესაძენად და ოჯახს შემოსავალა შემატა.

„ჩემი მეუღლე ძალიან განიცდიდა რაც დაემართა. ჩვენთვის ეს საშინელი ტრაგედია იყო, მაგრამ ალბათ ყველაფერი ხდება ქვეყანაზე და რაც მოხდა უნდა გადავიტანოთ“, –  ამბობს მარიამი.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში. პროექტი მიზნად ისახავს ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების სამედიცინო დახმარებას, დასაქმებისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას, მცირე ბიზნესის განვითარებას და ა.შ.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდჭერით ხორციელდება.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

კონკურსი ბსუ-ში 128 აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობებზე კონკურსი მიმდინარეობს. ვაკანსია გამოცხადებული იყო 128 აკადემიურ თანამდებობაზე. კონკურსი ცხრა ფაკულტეტს ეხება. ამ დროისთვის კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია ხუთ ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, კონკურსში ამდენივე პირი მონაწილეობდა. ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ ერთმა მონაწილემ ვერ მიიღო.

იურიდიულ ფაკულტეტზე 8 ვაკანტური ადგილი იყო, აკადემიური თანამდებობა დაიკავა შვიდმა. ერთი ადგილი ისევ ვაკანტურია.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე ცხრა ვაკანტური ადგილი იყო და ცხრავე მონაწილემ მიიღო კომისიისგან დადებითი შეფასება.

ტურიზმის ფაკულტეტზე ოთხი ვაკანსია იყო, მონაწილე კი – ხუთი.

ფიზიკა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე 17 ვაკანსია იყო, თანამდებობა დაიკავა 12-მა კონკურსანტმა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 38 ვაკანტური ადგილია, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

ჯერ არ გამოვლენილა განათლების ფაკულტეტის (9 ვაკანტური ადგილი), საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტისა (16 ადგილი) და  ტექნოლოგიურ ფაკულტეტის (11 ადგილი) კონკურსის შედეგები.

საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის, მერაბ დიასამიძის განმარტებით, კონკურსის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა პრეტენდენტების შერჩევას, ანუ იყო თუ არა შესაბამისობაში კონკურსანტი არჩეულ ვაკანსიასთან.

მეორე ეტაპი ითვალისწინებს გასაუბრებას.

„იმ შემთხვევაში, თუკი პრედენდენტები გასაუბრების დროს თანაბარ ქულებს დააგროვებენ, საკონკურსო კომისია ვალდებულია დანიშნოს საჩვენებელი ლექცია და ამის შემდეგ მიიღოს კონკრეტულ კონკურსანტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. კომისია მონაწილეებს ხმას ფარული კენჭისყრით აძლევს“, – ამბობს მერაბ დიასამიძე.

იმ შემთხვევაში, თუკი კონკურსანტებს გასაუბრების დროს ექნებათ თანაბარი შეფასება, მაგრამ არ დაინიშნება საჩვენებელი ლექცია, კონკურსანტს შეუძლია ეს საკითხი საპელაციო კომისიაში გაასაჩივროს. „თუმცა, ჯერჯერობით, მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა“, – ამბობს საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე.

მისი თქმით, კონკურსის ჩატარების წესი არ შეცვლილა და წინა წლებშიც ამავე პრინციპით არჩევდნენ კანდიდატებს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა კომისიის წევრებზე ზეწოლის ბერკეტი და მსგავსი შემთხვევის პირობებში რა შეუძლია კონკურსანტს რომ მოიმოქმედოს? მერაბ დიასამიძე ამბობს, რომ უარის თქმის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია დაასაბუთოს, რატომ ეუბნება ამა თუ იმ კანდიდატს უარს, კონკრეტული აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე.

„ეს შეფასებები არის ღია და პრეტენზიის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს“.

128 ვაკანტურ თანამდებობაზე 142 განაცხადია შესული.

კონკურსის საბოლოო შედეგები კვირის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი.

ბათუმში ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი პასუხისგებაში მისცეს

შს სამინისტროს ინფრომაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი – 2000 წელს დაბადებული ლ.ც., 2002 წელს დაბადებული გ.ნ. და 2001 წელს დაბადებული ლ.წ. პასუხისგებაში მისცეს.

როგორც შსს იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა, მიმდინარე წლის 23 ივლისს, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონი და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს, ასევე, იქვე მდებარე სამკერვალოს გაქურდვა სცადეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნაქურდალი თანხა ჯამში 11 650 ლარს შეადგენს, რომლის ნაწილი სამართალდამცველებმა ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი, დიდი ოდენობით ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 19-177 მუხლით მიმდინარეობს.

____________

 იმიტირებული ფოტო. ფოტოს ავტორი: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მივლინების თანხა კულტურის მუშაკებს, რომლებიც მივლინებაში არ ყოფილან – აუდიტი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემავალი იურიდიული პირების მიერ 2017 წელს თანამშრომლებზე მივლინებისთვის გადახდილი 11 061 ლარი, ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ჩამოწერილია „ხარჯებში“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი და თავის ანგარიშში საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივად ხარჯვის რისკებზე მიუთითებს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანსამბლ „ბათუმის“ მიერ მივლინებისთვის გაცემული 6 071 ლარი და მუსიკალური ცენტრის მიერ გაცემული 4 990 ლარი.

აუდიტის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ანსამბლ „ბათუმის“ წევრები 2017 წლის 30 მარტიდან 2 აპრილამდე მივლინებულნი იყვნენ ქალაქ თბილისში, რასთან დაკავშირებითაც 15 თანამშრომელზე ჯამში ანაზღაურებულია 4 950 ლარი, ასევე გამოყოფილი იყო სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანა და საწვავი. ანსამბლის წევრების მიერ ღამისთევის დამადასტურებელ დოკუმენტად აუდიტისთვის წარდგენილია ქალაქ თბილისში, სასტუმროს [სასტუმრო სახლი „საქართველო“] მიერ გაცემული ფისკალური ჩეკი და ინვოისი. თუმცა, მივლინებისთვის გამოყოფილ ავტომანქანაზე, მივლინების პერიოდში საწვავის ჩასხმა ფიქსირდება ქალაქ ბათუმში, რაც ადასტურებს, რომ მივლინებისას სამსახურებრივი ავტომანქანით არ უსარგებლიათ.

გარდა აღნიშნულისა, „სატელეფონო კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 9 თანამშრომლის ქალაქ თბილისში ფაქტობრივად ყოფნა მივლინების პერიოდში არ ფიქსირდება. აღნიშნულ პირობებში მივლინებისთვის მათზე გადახდილია ჯამში 3 211 ლარი. [მზეჭაბუკ სურმანიძე – 571,2 ლარი, დავით ჭყონია – 330 ლარი, რომან შაინიძე – 330 ლარი, არჩილ სოსელია – 330 ლარი, ზვიად სურმანიძე – 330 ლარი, ომარ ვაშალომიძე – 330 ლარი, ლევან ცხოიძე – 330 ლარი, მამუკა სურმანიძე – 330 ლარი, ნუგზარ დოლიძე -330 ლარი]“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანსამბლ „ბათუმის“ დირექტორის ბრძანებით, ანსამბლის 5 თანამშრომელი სხვადასხვა პერიოდში მივლინებული იყო ქალაქ თბილისში და ჯამში გადახდილია 2 860 ლარი [ჯემალ ქობულაძე – 225 ლარი; ომარ ვაშალომიძე – 330 ლარი, 245 ლარი, 645 ლარი; მზეჭაბუკ სურმანიძე – 255 ლარი, 105 ლარი, 195 ლარი, 105 ლარი, 20 ლარი, 210 ლარი, 195 ლარი; ზვიად სურმანიძე – 105 ლარი; ლაშა გედენიძე – 225 ლარი].

ღამისთევის დამადასტურებელ დოკუმენტად კი აქაც წარმოდგენილია ქალაქ თბილისში, იმავე სასტუმროს [სასტუმრო სახლი „საქართველო“] მიერ გაცემული ფისკალური ჩეკი და ინვოისი. ამავე დროს, სატელეფონო კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების მივლინების პერიოდში ქ. თბილისში ფაქტობრივად ყოფნა არ დასტურდება.

რაც შეეხება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს, ამ ცენტრის დირექტორის ბრძანებით [დირექტორი – გიორგი მიქელაძე, მძღოლი – რამაზ შველიძე], სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევანში მივლინებული იყო ცენტრის ორი თანამშრომელი. აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებით ირკვევა, რომ მუსიკალური ცენტრის ერთი თანამშრომელი [რამაზ შველიძის განმარტებითი ბარათი] ფიზიკურად არ იმყოფებოდა მივლინების ბრძანების შესაბამისად დანიშნულების ადგილზე, ხოლო მივლინებისათვის გამოყოფილი ავტომანქანით არ განხორციელებულა მივლინებაში გამგზავრება. აღნიშნულ პირობებში მივლინებისთვის გაცემულია 1 730 ლარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას 1730 ლარი დაბრუნებულია ბიუჯეტში.

მუსიკალური ცენტრის დირექტორის სხვა ბრძანებით [კვარტეტ „ნოტას“ და საოპერო დასის ქ. სამსუნში გასტროლთან დაკავშირებით], 2017 წლის 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით თურქეთის რესპუბლიკაში მივლინებული იყო ცენტრის დირექტორი და მძღოლი.

“აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მივლინების შესახებ ბრძანებით განსაზღვრული სრული პერიოდის განმავლობაში, დირექტორი არ იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. კერძოდ, მან 2017 წლის 20 დეკემბერს გადაკვეთა საზღვარი და საქართველოში იმავე დღეს დაბრუნდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მძღოლი, რომელსაც ევალებოდა მივლინების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურებოდა დირექტორს, არ დაბრუნებულა საქართველოში და მასზე ანაზღაურებულია სრული სამივლინებო პერიოდის ხარჯი“, – აცხადებს აუდიტი.

შედეგად, სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯის გაწევისა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ჯამში გადახდილია 3 260 ლარი [დირექტორი გიორგი მიქელაძე – 1 369 ლარი და მძღოლი რამაზ შველიძე 1 891ლარი].

ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მივლინებისთვის გაცემული თანხების ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ხარჯებში ჩამოწერა წარმოშობს საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივად ხარჯვის რისკს – თვლის სახელმწიფო აუდიტი.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით: „აუდიტის პერიოდში, მუსიკალურ ცენტრში საშტატო განრიგით დასაქმებული იყო 2 იურისტი, მათ შორის, ერთი იურისტი [ეკატერინე მაკარაძე, ხელშეკრულებას ნომერი არა აქვს], იმავდროულად აყვანილი იყო შტატგარეშე თანამშრომლად, თანაშემწე იურისტის თანამდებობაზე და მასზე 2017 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება ჯამში 21 300 ლარს შეადგენს [ძირითადი საშტატო ერთეულით – 15 300 ლარი და შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებით – 6 000 ლარი], თუმცა შტატით დასაქმებული პირის, იმავდროულად შტატგარეშედ დასაქმების აუცილებლობა, წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება და აღნიშნული შესაძლოა თანამდებობრივი სარგოს ზრდაზე იყოს მიმართული“.

ივანიშვილი: ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი არ ახლდა

ერთადერთი მინუსი, რაც აქვს ხეების გადაზიდვის პროცესს, ეს ისაა, რომ ძვირია – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში. ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ, 24 ივლისს გავიდა და იგი ივანიშვილის სახლში, შეკვეთილში ჩაიწერა.

„ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი ალბათ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, დენი გამოვურთეთ, საცობები კეთდება, გადაითხარა და დაინგრა, რომ გავანადგურე მწვანე ბუნება, ეკოლოგია და ასე შემდეგ. პლუსის მეტი, რასაც ვაკეთებ, არაფერი არაა. ერთადერთი მინუსი, რაც აქვს ამას, ისაა, რომ რაც კეთდება, დიდი ფული იხარჯება. სიტყვა „ახირებასაც“ ვიხმარ, შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ამ ახირებაში რა იმალება – ეს ფული, რომელიც არ ღირს, რა თქმა უნდა, იმ პარკად, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ ბევრი პირადი ფული იხარჯება იმიტომ, რომ საქართველოში რჩება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ივანიშვილის დანატოვარი“ – სტატია „ბათუმელების“ 2017 წლის არქივიდან. ფოტოზე დაწკაპუნებით შეძლებთ სტატიის გახსნას.

მან ხაზი გაუსვა, რომ ხეების გადატანის პროცესში საქართველოს მოსახლეობამ 10-12 მილიონი ლარი მიიღო, ხეების საკუთარ ნაკვეთზე გატარების სანაცვლოდ:

„ისე მიეჩვია ხალხი, რომ ივანიშვილი მაინც გადაიხდის, ნაკვეთის ღირებულება თუ არის ვთქვათ, კვადრატული მეტრი 10 დოლარი, მე გატარებაში ვიხდი ამ თანხას. ერთი საათით გადავივლი და ის ნაკვეთი ისევ დარჩა. ზოგჯერ მეტსაც ვიხდი. ისეთი მოთხოვნადია. ეს ფული მთლიანად მოსახლეობაში რჩება.

რკინიგზასაც ძალიან დიდი ფული აქვს იმაში მიღებული, რომ ჩახსნას და გადაკეტოს, რათა ამ მანქანამ გადაიაროს, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა მატარებლის მოძრაობის შეფერხება. გარდა ამისა, ამ პროცესში ძალიან დიდი სამი ბორანი შემოვიდა საქართველოში, რომელიც დარჩება და შეიძლება ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული როლი ითამაშოს, სპეციალური მანქანა, რომელიც მილიონ 200 ათასი ღირს, დარჩება საქართველოში, რომელმაც შეიძლება მძიმე ტვირთები გადაიტანოს. ამ პროცესიდან მთლიანად ბიუჯეტში მგონი 14 მილიონი ლარი შევიდა. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მინუსს, ერთადერთი პატარ მინუსი რაც შეიძლება დავასახელოთ, რომ რამდენჯერმე პატარა საცობები წარმოიქნა, 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი. დღესაც მძღოლებს ბოდიშს მოვუხდი ამ უხერხულობისთვის. ამაზე მეტი არაფერი გაფუჭებულა, არ გაჩეხილა, არაფერი გადაშენებულა, მით უმეტეს, ეკოლოგიას არაფერი შეხებია.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/121651/
ივანიშვილის ხის გასატანად გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი ქობულეთში. 13 მარტი, 2018 წელი.

მე რომ ეკოლოგიაზე მსაყვედურობს ხალხი, რომელსაც ერთი ხე არ დაურგავს, მარტო ჩოლოქზე გავიდნენ. ყველაზე ცუდი ადგილი აჭარა-გურიის საზღვარზე რაც იყო, დაჭაობებული და ძველი ტიპის კანალიზაციის ბუნკერები იდგა, ბეტონის, ციცინათელას ადგილზე და იმის საპირისპირო მხარეს ათასობით ევკალიპტი იყო, ყველაზე ცუდ ადგილზე ყველაზე საინტერესო პარკი გაკეთდა, რომელზეც არავინ საუბრობს. ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი არ ახლდა. პარკიც იქნება ძალიან საინტერესო და  ვთქვი თავის დროზე, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება. ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ აკეთებს მინიშნებას, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვს. საკუთარი იყო ჩემი მიწები, როდესაც „ციცინათელას“ ვაშენებდი, ის მიწები მე შევისყიდე ზოგი მოსახლეობისგან, ზოგი სახელმწიფოსგან, ავაშენე ციცინათელა და სახელმწიფოს თავის მიწებიანად ვაჩუქე“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 5 მილიონზე მეტი ლარი უშუალოდ ხეების გადატანის პროცესში გზებში დახარჯა.  „გზები, რომელიც დარჩება და არა ის, რასაც მაბრალებდნენ – სახელმწიფო ბიუჯეტი ჩემს პირადზე დავხარჯო, მაგას როგორ ვიკადრებ… პირიქით პროცესინგი ხდებოდა, რომ ჩემი კერძო ფულით, მინიმუმ 5 მილიონი ლარით გაკეთებული გზები დარჩება და მოიხმარს მოსახლეობა.

თვითონ პროცესი იყო საინტერესო. ის, რომ ჩვენ დემოკრატიას ვეტრფით და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებაში გვინდა, რომ გარდატეხა შევიტანოთ, ამ ფონზე და წინა ხელისუფლების ფონზე, როგორ ექცეოდნენ საკუთარ მოსახლეობას. აბა ნახეთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესი ორი წლის განმავლობაში. როგორი ვაჭრობა მიდიოდა თითოეულთან ჩემი იურისტების, ვერც ერთ პროცესს ვერ ნახავთ, რომ ვინმეს სურვილის საწინააღმდეგოდ მე რამე სხვა ბერკეტით შევეცადე…. თუმცა ძალიან ხშირად, უკაცრავად და სისულელეებს ითხოვდნენ. ღირდა 10 დოლარი, ითხოვდნენ 1000-ს. 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 10-ჯერ მეტს ვიხდიდი, მაგრამ იქ ვამუხრუჭებდი. არსად არ მიკადრებია, რომ ვინმეს უფლება შემელახა, ყველგან ვემორჩილებოდი კანონს და უაღესად პატივს ვცემდი საკუთრების უფლებას და ადამიანის უფლებებს.

„უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს. „ბათუმელები“ 2018 წლის არქივიდან.

…ვიღაცებს არ მოუნდათ, ბოდიში მოგვიხდია და წამოვსულვართ. ეს პროცესი იყო ძალიან საინტერესო. დაასახელონ ერთი მომენტი მაინც, რომ ვინმე განაწყენებულია, რომ დაჩაგრეს, ვერც ერთ მომენტს ვერ ნახავენ ასეთს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს – აჭარის მთავრობას ამჯერად თანხმობა არ გაუცია“ – „ბათუმელების“ არქივიდან

_________________

მთავარი ფოტო: კადრი „პირველი არხის“ ინტერვიუდან. 

თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.

თორნიკე რიჟვაძე პირადად დაინტერესდა არდაგანის ტბაზე წყლის დაბინძურების მიზეზებით და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, არდაგანის ტბა ბათუმში ტურისტულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, შესაბამისად, იგი უნდა იყოს მოწესრიგებული და მიმზიდველი.

მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა.
მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა.

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და მთავრობის აპარატის უფროსთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა. მათ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სპორტული მოედანი დაათვალიერეს და ბულვარში მყოფ ტურისტებს გაესაუბრნენ. თორნიკე რიჟვაძე უცხოელი ტურისტების შეფასებებით დაინტერესდა, რომელიც საპლაჟო ინფრასტრუქტურის თუ ქალაქში დასვენების კუთხით არსებობს.

მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა.
მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა.

„ბულვარის ადმინისტრაციას დავალება მიეცა, რომ უმოკლეს ვადებში მოწვეულ იქნას შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ტბაში არსებული შლამის მდგომარეობის შესწავლას და უმოკლეს ვადებში ტბის გაწმენდას, როგორც ვიზუალური ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ასევე გავესაუბრეთ ტურისტებს, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. არის გარკვეული შენიშვნები, ბულვარის ადმინისტრაცია, სხვა უწყებებთან ერთად, აღნიშნულ საკითხებს უმოკლეს ვადებში გამოასწორებს. გარკვეული პრობლემები გვაქვს მოპედებთან დაკავშირებითაც, რომელიც ეხება ისეთ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც არ არის ნებადართული. ამ კუთხითაც იქნება გამკაცრებული მონიტორინგი. ვთხოვთ როგორც მოქალაქეებს, ისე ტურისტებს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ თავისუფალ გადაადგილებას ბულვარში “-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა.
მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა.
Exit mobile version