როგორ ებრძვიან რუსულ პროპაგანდას საქართველოში – „ლეგიონი“ ბათუმში


დაიცავი საქართველო საინფორმაციო ომში – ეს სლოგანი ეკუთვნის „საინფორმაციო თავდაცვით ლეგიონს“, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ნებაყოფლობით ეხმარებიან საინფორმაციო ომში. დღეს, 25 ივლისს, „ლეგიონი“ ბათუმელებს შეხვდა. ლეგიონის საინფორმაციო კამპანიის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ფართო საზოგადოება ჩაერთოს. შეიძლება ითქვას, ეს არის საინფორმაციო კამპანია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

„ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ რუსული პროპაგანდის მდევარი. ჩვენ ვცდილობთ თავად გავავრცელოთ სიმართლე და მოწინააღმდეგე ჩავაყენოთ თავის მართლების რეჟიმში, თუ მას ამის შესაძლებლობა მიეცემა,“ – ამბობს გიორგი მოლოდინი, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს წარმომადგენელი.

მისი თქმით, უკვე არსებობს  ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ამზადებს კონკრეტულ თემებს წყაროებზე დაყრდნობით, ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც „ლეგიონერებს“ ეგზავნება.

„რუსეთი ცდილობს თავისი  საქმიანობა შეფუთოს კეთილშობილური მიზნებით. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებას გავაცნოთ მოწინააღმდეგის, ანუ რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული მანქანის რეალური მოტივი და მიზანი საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა. ეს არის ქართული საზოგადოების დაშლა და დაქუცმაცება, რაც შეიძლება ფრაგმენტულად, რადგან მას არ სურს საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, იყოს წარმატებული მაგალითი სხვა მეზობელი სახელმწიფოებისთვის,“ – ამბობს გიორგი მოლოდინი.

გიორგი მოლოდინი დეტალურად ხსნის, თუ როგორ შეიძლება მოქალაქე თავდაცვის ლეგიონის წევრი გახდეს. მისი თქმით, ვებგვერდზე https://infoarmy.ge/ge – ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს და ასე შეუერთდეს კამპანიას.

შეხვედრები საქართველოს რეგიონებში EWMI ACCESS-ის ორგანიზებით იმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი