მთავარი,სიახლეები

13 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები ბათუმის ბულვარში აჭარულს იცეკვებენ 

25.07.2018
13 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები ბათუმის ბულვარში აჭარულს იცეკვებენ 

ბათუმის ბულვარში 29-31 ივლისს, 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტი აჭარულ ცეკვას შეასრულებს. სტუდენტები ჩამოვლენ გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და რუსეთიდან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ახალგაზრდები რეგიონს ევროპის სტუდენტთა ფორუმის (AEGEE-Tbilisi)  საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტის – „Drop of Wine from Mountain to Sea“ ფარგლებში ესტუმრებიან.

„ბათუმში ჩამოსვლამდე სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ესტუმრებიან და აჭარული ცეკვის მასტერკლასებს დაესწრებიან.

29 ივლისს, აჭარული ცეკვის შესრულების შემდეგ დაგეგმილია „City Game“ ბათუმში, რაც ქალაქში წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ სხვადასხვა სიმბოლოს ნახვას ითვალისწინებს.

31 ივლისს კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პროექტის მონაწილეებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან“, – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

მათივე განმარტებით, პროექტი გათვალისწინებულია ევროპელ სტუდენტებში რეგიონის მიმართ ცნობადობის ამაღლებაზე.

AEGEE-Tbilisi პროექტს 2008 წლიდან ახორციელებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: