განათლება,მთავარი,სიახლეები

კონკურსი ბსუ-ში 128 აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

25.07.2018
კონკურსი ბსუ-ში 128 აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობებზე კონკურსი მიმდინარეობს. ვაკანსია გამოცხადებული იყო 128 აკადემიურ თანამდებობაზე. კონკურსი ცხრა ფაკულტეტს ეხება. ამ დროისთვის კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია ხუთ ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, კონკურსში ამდენივე პირი მონაწილეობდა. ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ ერთმა მონაწილემ ვერ მიიღო.

იურიდიულ ფაკულტეტზე 8 ვაკანტური ადგილი იყო, აკადემიური თანამდებობა დაიკავა შვიდმა. ერთი ადგილი ისევ ვაკანტურია.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე ცხრა ვაკანტური ადგილი იყო და ცხრავე მონაწილემ მიიღო კომისიისგან დადებითი შეფასება.

ტურიზმის ფაკულტეტზე ოთხი ვაკანსია იყო, მონაწილე კი – ხუთი.

ფიზიკა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე 17 ვაკანსია იყო, თანამდებობა დაიკავა 12-მა კონკურსანტმა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 38 ვაკანტური ადგილია, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

ჯერ არ გამოვლენილა განათლების ფაკულტეტის (9 ვაკანტური ადგილი), საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტისა (16 ადგილი) და  ტექნოლოგიურ ფაკულტეტის (11 ადგილი) კონკურსის შედეგები.

საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის, მერაბ დიასამიძის განმარტებით, კონკურსის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა პრეტენდენტების შერჩევას, ანუ იყო თუ არა შესაბამისობაში კონკურსანტი არჩეულ ვაკანსიასთან.

მეორე ეტაპი ითვალისწინებს გასაუბრებას.

„იმ შემთხვევაში, თუკი პრედენდენტები გასაუბრების დროს თანაბარ ქულებს დააგროვებენ, საკონკურსო კომისია ვალდებულია დანიშნოს საჩვენებელი ლექცია და ამის შემდეგ მიიღოს კონკრეტულ კონკურსანტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. კომისია მონაწილეებს ხმას ფარული კენჭისყრით აძლევს“, – ამბობს მერაბ დიასამიძე.

იმ შემთხვევაში, თუკი კონკურსანტებს გასაუბრების დროს ექნებათ თანაბარი შეფასება, მაგრამ არ დაინიშნება საჩვენებელი ლექცია, კონკურსანტს შეუძლია ეს საკითხი საპელაციო კომისიაში გაასაჩივროს. „თუმცა, ჯერჯერობით, მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა“, – ამბობს საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე.

მისი თქმით, კონკურსის ჩატარების წესი არ შეცვლილა და წინა წლებშიც ამავე პრინციპით არჩევდნენ კანდიდატებს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა კომისიის წევრებზე ზეწოლის ბერკეტი და მსგავსი შემთხვევის პირობებში რა შეუძლია კონკურსანტს რომ მოიმოქმედოს? მერაბ დიასამიძე ამბობს, რომ უარის თქმის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია დაასაბუთოს, რატომ ეუბნება ამა თუ იმ კანდიდატს უარს, კონკრეტული აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე.

„ეს შეფასებები არის ღია და პრეტენზიის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს“.

128 ვაკანტურ თანამდებობაზე 142 განაცხადია შესული.

კონკურსის საბოლოო შედეგები კვირის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: