მთავარი,სიახლეები

აჭარის სატყეო სააგენტო საწვავის ხარჯებს სუსტად აკონტროლებს – აუდიტი

26.07.2018 • 2361
აჭარის სატყეო სააგენტო საწვავის ხარჯებს სუსტად აკონტროლებს – აუდიტი

აჭარის სატყეო სააგენტოში, სუსტია შიდა კონტროლის მექანიზმები, როგორც შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრასთან, ისე გაცემული საწვავის ხარჯვასთან მიმართებაში – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი. 2017 წლამდე კონტროლის მექანიზმს წარმოადგენდა სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული კონტროლისა და გადაადგილების მონიტორინგის სისტემა, GPS-ის მოწყობილობია, თუმცა ამ სისტემაზე გასულ წელს სააგენტომ უარი თქვა. ამით, საწვავის ხარჯვა, აუდიტის თქმით, ფაქტობრივად, უკონტროლო გახადა.

მოქმედი რეგულაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, შეიძლება განსაზღვროს მის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები. თუმცა, აუდიტის შედეგებით დადგინდა, რომ სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოში“ შესაბამისი შეთანხმების გარეშე, 2017 წელს, განსაზღვრული და გაწეულია 241 618 ლარის ღირებულების საწვავის და 2 766 ლარის – საკომუნიკაციო ხარჯი.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც სამი დღის წინ, 23 ივლისს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „სატყეო სააგენტო, სხვა საქმიანობასთან ერთად, ახორციელებს ტყეებში გზების მშენებლობას და დაზიანებული გზების აღდგენით/გაწმენდით სამუშაოებს. ამ საქმიანობისთვის მხოლოდ სპეცტექნიკისთვის 2017 წელს გაიხარჯა 71 805 ლიტრი საწვავი. სპეცტექნიკის განთავსების ლოკაციების გათვალისწინებით, საწვავის გამართვა არ ხდება ბენზინგასამართ პუნქტებში და საწვავის მიტანა უშუალოდ სამშენებლო უბნებზე ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებებით, რასაც სამსახურებრივი ავტომანქანით უზრუნველყოფს შესაბამისი სატყეო ადმინისტრაციის დირექტორი.

საწვავის ფიზიკურად გადაცემაზე სატყეო ადმინისტრაციის დირექტორსა და სპეცტექნიკის მექანიზატორს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ საწვავის მიწოდებაზე არსებული კონტროლის მექანიზმი სათანადოდ არ მუშაობს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც სატყეო ადმინისტრაციის უფროსი უშუალოდ არ მონაწილეობდა საწვავის გადაცემის პროცესში, თუმცა საწვავის გადაცემის დოკუმენტზე ფიქსირდება მისი ხელმოწერა“.

სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ ხელმოწერის შესაბამის დროში განხორციელების ფორმალურობას ადასტურებს ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციაც, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირების მობილური ტელეფონები მითითებულ თარიღებში არ ფიქსირდება შესაბამის გეოგრაფიულ არეალებში: „ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, არსებული კონტროლის მექანიზმი ვერ ადასტურებს საწვავის მითითებულ დროში წარმოდგენილი მოცულობით გადაცემის ფაქტს“.

2017 წლამდე, კონტროლის რელევანტურ მექანიზმს წარმოადგენდა, სატყეო სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული კონტროლისა და გადაადგილების მონიტორინგის სისტემა, GPS-ის მოწყობილობის საშუალებით. სისტემა უზრუნველყოფდა როგორც მიწოდებული საწვავის მოცულობის, ასევე საწვავის ამოსხმის შემთხვევების ფიქსაციას.

„სააუდიტო პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებზე GPS-ის მოწყობილობის გამოუყენებლობას სატყეო სააგენტოს მენეჯმენტი ხარჯების დაზოგვას უკავშირებს, რაც ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე თვეში შეადგენს 35 ლარს, ხოლო ჯამურად 9 ერთეულ სპეცტექნიკაზე – წელიწადში 3 780 ლარს. მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით და სხვა, უფრო ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში, სააგენტოს მოსაზრება ვერ იქნება მიჩნეული დასაბუთებულ არგუმენტად“, – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი.

აჭარის სატყეო სააგენტოში საწვავის ხარჯვაზე ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არარსებობა წარმოშობს საბიუჯეტო რესურსების არადანიშნულებისამებრ გამოყენების რისკებს – ასეთია აუდიტის დასკვნა.

სააგენტოში გვითხრეს, რომ GPS-ის მოწყობილობას 2018 წლიდან კვლავ იყენებენ. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ჯუმბერ აბულაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მონიტორინგის სისტემა, GPS-ის მოწყობილობის საშუალებით მიმდინარე წლიდან უკვე გამოიყენება და ის 11 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზეა დამონტაჟებული.

აჭარის სატყეო სააგენტო აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. სააგენტო მიმდინარე წელს მთლიანობაში [ხელფასებისა და პროგრამების ჩათვლით] 2,9 მილიონი ლარითაა დაფინანსებული.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: