მთავარი,სიახლეები

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი ერთსართულიანი სახლი მშენებელმა დაანგრია

01.05.2018
ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი ერთსართულიანი სახლი მშენებელმა დაანგრია

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე ერთსართულიანი ისტორიული სახლი, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად ეროვნულ სააგენტოში ჰქონდა წარდგენილი, მშენებელმა დაანგრია. ადგილობრივების თქმით, მათ შპს „ ძმების სახლი“ გაურიგდა:

„კომპანიამ ამ ადგილის დათმობის სანაცვლოდ შემოგვთავაზა ოროთახიანი ბინები გუდიაშვილის ქუჩაზე და დავთანხმდით, რადგან სახლი ძველია, ერთ ეზოში ბევრნი ვცხოვრობდით და ვიწროდ ვიყავით“. აქ იმასაც ამბობენ, რომ მშენებელი გეგმავს აქვე მდებარე ბელეტაჟის დანგრევასაც.

ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში. ცაგო კახაბერიძის ფოტო

სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება კომპანია „გეოგრაფიკის“ რეკომენდაცია იყო, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია ჩაატარა.

„გეოგრაფიკის“ შეფასებით, ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ეს ერთსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისში იყო აგებული. „შენობის ფასადთა მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმისა და ბაროკოს სტილთა ნიშნები.  ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

„გეოგრაფიკმა“ შენობაზე ჩარევის სასურველ ფორმად რესტავრაცია-რეკონსტრუქცია მიუთითა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სახლის დანგრევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე რეაგირება ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სთხოვა, მერიამ მშენებელს სამუშაოები შეაჩერებინა და უნებართვო დემონტაჟისთვის 3 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა მშენებელმა ჯარიმა გაასაჩივრა.

ამ დროისათვის კომპანიას სააგენტოსთვის ამ ადგილზე მშენებლობის შეთანხმების მიზნით პროექტით არ მიუმართავს.

ადგილობრივების თქმით, კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს ჰაიდარ აბაშიძისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში, მარჯვენა მხარეს მდებარე ორსათულიანი, ისტორიული სახლის ადგილზე. ამ სახლზე ძველი მასკარონებია [სკულპტურული სამკაული, წარმოადგენს ადამიანის სახეს ან ცხოველის თავს] შემორჩენილი.

ფიგურა სახლზე. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ცაგო კახაბერიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: