მთავარი,სიახლეები

შსს-მ ვიდეოკამერების არ არსებობის გამო 465 ობიექტი დააჯარიმა, 252 კი გააფრთხილა

26.07.2018 • 2447
შსს-მ ვიდეოკამერების არ არსებობის გამო 465 ობიექტი დააჯარიმა, 252 კი გააფრთხილა

465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არ არსებობის, ან სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა, ხოლო 252 ობიექტს გაფრთხილება მიეცა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში აღნიშნული ობიექტები არაგეგმიურად შეამოწმა. ქვეყნის მასშტაბით საერთო ჯამში 1640 ობიექტი შემოწმდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლიცენზირებადი სააფთიაქო ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტები [მათ შორის ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე], ავტო-გასამართი სადგურები და სავალუტო ობიექტები ვალდებულნი არიან, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟება და შეუფერხებლად მუშაობა უზრუნველყონ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ირგვლივ მტკიცებულებების მოგროვებაში დაეხმარება და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას შეუწყობს ხელს“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში – „შსს უახლოეს მომავალში არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს და ამ ობიექტებს ლომბარდებიც დაემატება“.

არაგეგმიურ შემოწმებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპლექსურად, ლიცენზიის გამცემ სუბიექტთან ერთად ატარებს, მათ შორისაა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ეროვნული ბანკი და შემოსავლების სამსახური.

კონკრეტულად კონტროლდება გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა – რამდენად ეფექტურად არის ხედვის არეალი დაფარული. ასევე, დამონტაჟებულია თუ არა ობიექტის გარე პერიმეტრზე 2 მთავარი კამერა [გარდა აფთიაქებისა ყველა სხვა ობიექტს ევალება სათადარიგო შესასვლელის არსებობის შემთხვევაში ერთი სათადარიგო, იგივე პარამეტრების მქონე ვიდეოკამერის განთავსება] შესაძლებელია თუ არა ძირითადი ან სათადარიგო [გარდა აფთიაქებისა] შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსის დაფარვა, აქვს თუ არა სისტემას 30-დღიანი ჩანაწერის შენახვის მეხსიერება, არის თუ არა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა და დღე-ღამის რეჟიმში იძლევა თუ არა ვიდეოჩანაწერი შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნულ არეალში მოხდეს პიროვნების სახის იდენტიფიკაცია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: