მთავარი,სიახლეები

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს 94 შესყიდვიდან 54 შემთხვევაში ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია – აუდიტი

26.07.2018
აჭარის ეკონომიკის სამინისტროს 94 შესყიდვიდან 54 შემთხვევაში ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვების განყოფილებამ, 2017 წელს, შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 94 შესყიდვიდან ბაზრის კვლევა არ ჩაატარა 54 შემთხვევაში. შესაბამისად, სამინისტრომ არ შეასრულა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაც მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობების განსაზღვრისთვის ბაზრის მოკვლევაში გამოიხატება.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების დაგეგმვისას, ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბაზრის კვლევას და შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრას“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, გასულ წელს, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვის ფორმით გაფორმებული აქვს 42 545 715 ლარის ღირებულების 273 ხელშეკრულება.

2017 წლის დაფინანსების ფარგლებში შესყიდვების განხორციელების მიზნით, სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები და ჩატარებული ტენდერები:

ინფორმაცია აუდიტის ანგარიშიდან

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს გამარტივებული შესყიდვის ფორმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 231 ხელშეკრულება გაუფორმებია, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 20 ერთეულით მეტია. თუმცა გამარტივებული შესყიდვების წილი, შესყიდვების მთლიან მოცულობაში 9,5 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე, 2018 წელს, ჯამში 48 მილიონ 287 ათას 800 ლარითაა დაფინანსებული აჭარის ბიუჯეტიდან.

სამინისტრო, 2018 წლის შესყიდვების გეგმის მიხედვით გაწერილი 57 შესყიდვიდან ელექტრონული ტენდერით მომსახურებას 16 შემთხვევაში შეისყიდის, დანარჩენ მომსახურებებს კი – კონსოლიდირებული ტენდერითა და გამარტივებული შესყიდვით.

მიმდინარე წლის მრავალმილიონიანი შესყიდვების გეგმაში, ორჯერ არის მომსახურების – „ბაზრის შესწავლა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა“ ჩადებული, რისთვისაც ჯამში 37 450 ლარია გათვალისწინებული. ორთავე შემთხვევაში „ბაზრის კვლევას“ სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შეისყიდის.

ამ თემაზე:

ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას

აუდიტი აჭარის ფინანსთა სამინისტროში არსებულ დარღვევებზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: