მთავარი,სიახლეები

ბათუმში ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოებას გეგმავს

26.11.2018 • 3651
ბათუმში ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოებას გეგმავს

ბათუმში მდებარე ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ქატოსა და ფქვილს აწარმოებს, გაფართოებას გეგმავს. პროექტი თანამედროვე სტანდარტების ხორბლის გადამამუშავებელი წარმოების შექმნასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. საწარმო ბათუმში 2005 წლიდან ფუნქციონირებს.

„ბარაქა ჯგუფი“, რომლის საკუთრებაშიცაა საწარმო, 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს პროექტის ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში“. კომპანია განახლებული საწარმოს ამოქმედებას, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან მიღების შემთხვევაში, ნაკვეთის გადაცემიდან 21 თვეში აპირებს. გაფართოების შემდეგ კი,  წარმოება 22 500 ტონიდან 35 000 ტონამდე გაიზრდება ერთ წელში.

საინვესტიციო პროექტს დღეს, 26 ნოემბერს, ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„ადგილობრივი დასაქმების და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ასეთი საწარმოების მხარდაჭერა. დამფუძნებლებს აქვთ საწარმოს გაფართოების ამბიციური გეგმა და ისინი აპირებენ ერთ-ერთ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას. რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარებით და ბიზნესს მხარს ავუბამთ ასეთ ინიციატივებში. ეს არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინაპირობა. ეს არის ის რეალური ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს ერთი მხრივ და ექსპორტის კუთხითაც აუმჯობესებს ჩვენს ბალანსს,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საწარმოში, საინვესტიციო პროექტის მართვის კუთხით, ჩართულია მართვის კომპანია GGM-ი.

„ბარაქა ჯგუფის“ მოქმედ ხორბლის საწარმოში უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ საწარმო გადაიარაღდეს – 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ფარგლებში აშენდება ახალი საწარმოო ხაზი. საბითუმოსთან ერთად დაიწყება საცალო რეალიზაციის ქსელთან მუშაობა და პროდუქცია გავა ექსპორტზე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. მართვის კომპანიის ჩართულობა გულისხმობს საწარმოს ჩართვას ყველა პროგრამაში და მის ახალ სტანდარტებზე გადასვლას,“ – განაცხადა გენო გელაძემ, მართვის კომპანია GGM-ის მმართველმა.

 

მთავარი ფოტო: განახლებული საწარმო / ფოტომონტაჟი პროექტიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: