მთავარი,სიახლეები

საკრებულომ აპარატის ყოფილ უფროსს 34 500 ლარი უნდა გადაუხადოს

27.11.2018
საკრებულომ აპარატის ყოფილ უფროსს 34 500 ლარი უნდა გადაუხადოს

34 500 ლარი ბათუმის საკრებულომ უნდა გადაუხადოს აპარატის ყოფილ უფროსს – ლიანა დიასამიძეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს, 27 ნოემბერს მიიღო.

ლიანა დიასამიძე ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსად 2004 წლიდან მუშაობდა. 2014 წლიდან იგი საქმისწარმოების განყოფილების უფროსის პოზიციაზე გადაიყვანეს და ტესტირების გავლა მოსთხოვეს. ტესტირებაში ლიანა დიასამიძემ კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა.

ლიანა დიასამიძემ ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლო დავა გასულ წელსაც მოიგო. მაშინ სასამართლომ მიიჩნია, რომ „დაირღვა კანონის იმპერატიული მოთხოვნა და არ იყო ნაწარმოები სხდომის ოქმი, არ იყო გამოკვლეული შესაბამისი მტკიცებულებები ლიანა დიასამიძის კვალიფიკაციასთან მიმართებით…”

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2017 წლის პირველ ნოემბერს ლიანა დიასამიძე საკრებულოს რეზერვში ჩაირიცხა. თუმცა, მისთვის ამ დრომდე ახალი სამსახური არ შეუთავზებიათ.

ლიანა დიასამიძე ამჯერად სასამართლოში განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა 2015 წლიდან, როცა ლიანა დიასამიძე ბათუმის საკრებულოდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ – ირაკლი ჭეიშვილმა მოაწერა ხელი.

რეზერვში ყოფნის ვადა ორი წელია. თუკი მომავალი წლის ნოემბრამდე ბათუმის საკრებულო ლიანა დიასამიძეს არაფერს შესთავაზებს, ის ისევ უმუშევარი დარჩება.

ლიანა დიასამიძის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: