მთავარი,სიახლეები

ცოლის ცემაში ბრალდებული: მე უკვე სხვა ოჯახი მყავს

27.11.2018
ცოლის ცემაში ბრალდებული: მე უკვე სხვა ოჯახი მყავს

ოჯახში ძალადობის ამ შემთხვევის განხილვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ისე მოუხდა, რომ ვერც ბრალდებულისგან მოისმინა რამე მომხდარის შესახებ და ვერც ნაცემი ქალისგან, რომელმაც სექტემბერში 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა.

სასამართლოს არავის ჩვენება არ მოუსმენია, რადგან ბრალდებულმა მარად დ.-მ ბრალი სრულად აღიარა და ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოსამართლეს მიუტანა, უდავოდ მიიჩნია.

112-ის ოპერატორს და შემდეგ უკვე გამომძიებელს დაზარალებულად ცნობილმა ქალმა უთხრა, რომ ქმარმა სახეში ხელებით სცემა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ქალმა თქვა ისიც, რომ ბავშვებმა დედის ცემა ამავე წლის თებერვალშიც ნახეს.

“სრულად ვაღიარებ და ვითხოვ პატიებას,” – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა.

“ძალიან მწირი ინფორმაციაა… იქნებ გვითხრათ, დღეს რა ვითარებაა,” – იკითხა მოსამართლემ.

“შერიგებული არ ვართ… მე სხვა ოჯახი მყავს. კონფლიქტი არ გაგრძელდება, ბავშვებს ვუყურებ,” – მოკლედ აღნიშნა ბრალდებულმა.

პროკურორ გიორგი რამიშვილის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. ბრალდებული დაზარალებულთან დაქორწინებამდე უკრაინის მოქალაქესთან იყო ქორწინებაში.

“ის ამ ოჯახის ერთადერთი მარჩენალია მაინც, შვილებს უყურებს…” – დასძინა ადვოკატმა.

მოსამართლემ მარად დ.-ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობით ჩაეთვალა.

“იმედია, ამ გადაწყვეტილებას ექნება პრევენციული დანიშნულება. განსაკუთრებული მობილიზება გჭირდებათ ისევ თქვენ,” – თქვა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

კომენტარისგან თავი შეიკავა ბრალდებულმა. ადვოკატმა ლევან ცეცხლაძემ კი აქეთ დაგვისვა კითხვა:

“რატომ ინტერესდებით ასე აქტიურად ოჯახში ძალადობით?”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: