მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი სოფო ხალვაშის მოადგილედ დანიშვნაზე: რეკომენდაცია მმართველ პარტიას არ გაუწევია

27.11.2018 • 3108
ბათუმის მერი სოფო ხალვაშის მოადგილედ დანიშვნაზე: რეკომენდაცია მმართველ პარტიას არ გაუწევია

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განმარტებით, სოფო ხალვაშის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნაზე მისთვის რეკომენდაცია მმართველ პარტიას არ გაუწევია და გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„სოფო ისეთი ადამიანია, რომ დარწმუნებული ვარ, მას ძალიან ბევრი კარგი რეკომენდატორი ეყოლება, თუმცა საბოლოოდ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. გუნდს ვაკომპლექტებ მე და სოფო ჩემი გადაწყვეტილებით არის დანიშნული,“ – განაცხადა ბათუმის მერმა.

ლაშა კომახიძემ მესამე მოადგილის თანამდებობაზე სოფო ხალვაში მერიის სამსახურების უფროსებს დღეს, 27 ნოემბერს, წარუდგინა. მერის განმარტებით, სოფო ხალვაში მერიაში ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის მიმართულებებს ჩაიბარებს.

„ვფიქრობ, რომ სოფო გააძლიერებს ჩვენს გუნდს. ის წლების განმავლობაში მოღვაწეობს კულტურის სფეროში და ეს მიმართულება მისთვის განსაკუთრებით ნაცნობია.  არის შემოქმედებითი და კრეატიული, რაც ჩვენ გვჭირდება. ვფიქრობ, რომ საინტერესო და შინაარსიანი მუშაობა გვექნება. მას კარგად იცნობენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით და ვფიქრობ, რომ მისი კავშირები ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ბათუმია, იქნება ბევრი სასიკეთო ინიციატივის მომტანი,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

წარდგენის შემდეგ სოფო ხალვაშს  მერიის სამსახურების უფროსებმა მერის მოადგილედ დანიშვნა მიულოცეს და უთხრეს, რომ ძალიან უხარიათ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა.

ამავე თემაზე:

რას გეგმავს სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: