მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერის ანგარიში ქუჩაში, მოქალაქეების კითხვების გარეშე

26.11.2018 • 2917
ბათუმის მერის ანგარიში ქუჩაში, მოქალაქეების კითხვების გარეშე

დღეს, 26 ნოემბერს, ლაშა კომახიძემ ბათუმის მერიის შენობის წინ, ღია ცის ქვეშ წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ბათუმის მერმა ყურადღება გაამახვილა მერიაში განხორციელებულ ორგანიზაციულ საკითხებზე, ახალი სამსახურების შექმნასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე. ლაშა კომახიძემ ასევე ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„ასპროცენტიანები არ ვართ, ბევრია კიდევ გასაკეთებელი, თუმცა თქვენი სიყვარული გვაძლევს ძალას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და თქვენი ინტერესისთვის ბათუმის მერიის მუშაობის მიმართ“, – თქვა ლაშა კომახიძემ პრეზენტაციის დასრულებისას.

შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და სხვა დეპუტატები, ასევე, ბათუმის მაჟორიტარები საქართველოს პარლამენტში, მერიის აპარატის თანამშრომლები, აიპების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რას ფიქრობდა შეხვედრაზე მისული მოსახლეობა მერის წლიურ ანგარიშთან დაკავშირდებით და პრეზენტაციის შემდეგ რამდენიმე მათგანთან გასაუბრება სცადა. მათ გვითხრეს, რომ საჯარო უწყებების თანამშრომლები არიან და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„ვფიქრობ, კარგი ანგარიში იყო, ბევრი ისეთი ინფორმაცია მივიღე, რაზეც არ მქონდა ინფორმაცია, რომ თურმე არსებობს ვებგვერდები, სადაც შეგვიძლია შევიდეთ და მერს პირადად დავუსვათ კითხვები. სურვილი მაქვს როგორც მოქალაქეს, რომ წელიწადში ორჯერ გაკეთდეს მერის ანგარიში ხალხისთვის, რომ ვიცოდეთ რა გააკეთეს ჩვენ მიერ დაქირავებულმა მოხელეებმა“, – გვითხრა ბათუმის მცხოვრებმა მაია სურმანიძემ.

ლაშა კომახიძემ მერიის მუშაობის წლის ანგარიში წარადგინა.

მერის ანგარიშს ესწრებოდა ბათუმში სომხური დიასპორის პრესმდივანი არტურ ოგანესიანი. მისი თქმით, მერიის მრჩეველთა საბჭოში ეთნიკური უმცირესობებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

„არანაკლები ბათუმელი ვარ, ამ ქალაქში ცხოვრობს რვა ათასი სომეხი და ვფიქრობ, ამდენი ადამიანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მათ აქ დასწრებას, დღეს 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიებთან წვდომა არსებობს და ვისაც უნდა მოუსმენს, ვისაც უნდა არა. საქმე კეთდება, ძალიან კარგად არა, მაგრამ მაინც კეთდება, სამუშაო ბევრია. არჩევნებმა ხელისუფლებას აჩვენა წითელი კარტ-ბლანში. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაიწყონ უფრო ეფექტური მუშაობა და რეალური კონტაქტი მოსახლეობასთან და ერთად რამე გამოგვივა“, – განაცხადა მან „ბათუმელებთან“.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის, ნათია აფხაზავას შეფასებით, ანგარიშის წარდგენის ფორმატი სიახლეა, მაგრამ „შესაძლებელი იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფილიყო, რისი მოლოდინიც მქონდა პირადად მე. იყო კონკრეტული რეკომენდაცია, რომ სმენისარმქონე მოქალაქეებისთვის ყოფილიყო ინფორმაციის მიწოდება ჟესტურ ენაზე. დღეს ამის შესაძლებლობა არ არსებობდა“.

ნათია აფხაზავას აზრით, კარგი იქნებოდა ანგარიში უფრო მეტად მოესმინა მოსახლეობას და ნაკლებად საჯარო მოხელეებს.

მერის ანგარიშს ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა საჯარო მოხელეები

პრეზენტაციის ბოლოს ლაშა კომახიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ერთ-ერთი კითხვა ბათუმის ისტორიული ზონის ცვლილებას შეეხებოდა. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, საიამ მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საია მიიჩნევს, რომ ისტორიული უბნების ცვლილებებთან დაკავშირებით პროფესიონალების მოსაზრებები არ გაითვალისწინეს.

„ისტორიული განაშენიანების ზონის დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი საჯარო შეხვედრის შემდეგ გავაკეთეთ გარკვეული კორექტირება. ოფიციალურად დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის კულტურის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს და მათი ინტერესის საფუძველზე მივეცით ჩვენი წერილობითი განმარტებები.

ვფიქრობ, მერია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, გვაქვს კონკრეტული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა კორექტირება. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროცესი არ არის დასრულებული, ღია სამუშაო პროცესია. დოკუმენტი ახლა გადაცემული კულტურის სამინისტროსთვის განხილვაზე და, შესაბამისად, თუ დოკუმენტში არის ხარვეზები, რა თქმა უნდა, უკან მობრუნდება და მზად ვართ გავაგრძელოთ მასზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დოკუმენტის დამტკიცება“, – განაცხადა მერმა.

მერის ანგარიშს ძირითადად საჯარო მოხელეები და მერიის ორგანიზაციებში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

„ბათუმელებმა“ მერს, ბათუმის ზოოკუთხის გადატანასთან დაკავშირებითაც ჰკითხა. მერის თქმით, ზოოკუთხის გადატანის საკითხი ისევ ძალაშია და 2019 წლის ბიუჯეტში ამისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებული იქნება.

„ის ტერიტორია ჩაქვში, სადაც ვფიქრობთ ზოოკუთხის გადატანას, არის კერძო პირების სარგებლობაში. ჩვენ ვცდილობთ მათთან ეს საკითხი მოვაგვაროთ. ასე, რომ პროექტი არ გადიდებულა“, – განაცხადა კომახიძემ.

პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ლაშა კომახიძის ოჯახის წევრებიც.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: