მთავარი,სიახლეები

რას გეგმავს სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე

27.11.2018
რას გეგმავს სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე

დღეს 27 ნოემბერს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მომღერალ სოფო ხალვაშს მეორე მოადგილის პოსტზე დანიშნავს. ეს თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.

„ბათუმელებთან“ საუბარში სოფო ხალვაშმა განაცხადა, რომ შემოთავაზება უშუალოდ ბათუმის მერისგან მიიღო. მისი განცხადებით, მას შემოთავაზება ლაშა კომახიძისგან უფრო ადრეც ჰქონდა.

„ადრეც მქონდა ლაშა კომახიძისგან შემოთავაზება, მაგრამ თავს ვიკავებდი“- გვეუბნება ის. კითხვაზე, მისი აზრით, რატომ დაინტერესდა ლაშა კომახიძე მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნით, სოფო ხალვაში ამბობს, რომ  ის მერს ადრეც იცნობდა, თუმცა „დანარჩენი ალბათ ლაშა კომახიძეს უნდა ვკითხოთ.“

სოფო ხალვაშის თქმით, მისი საკურატორო სფერო მერიაში ძირითადად კულტურა იქნება, თუმცა ამავე სფეროში შედის სპორტი და განათლებაც.

„მე უფრო კულტურის მიმართულებით ვიქნები. რაც შეეხება ღონისძიებებს, კულტურას, ივენთებს, ამ ყველაფრის გამოცდილება მაქვს და შევეცდები, რომ მაქსიმალური გავაკეთო“.

სოფო ხალვაში ჩართული იყო მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში. მან არაერთხელ იმღერა ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კონცერტზე, რის შემდეგაც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ის არჩევნების წინა დღეების ეთერიდან ჩახსნა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე სოფო ხალვაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დილის ტალღის“წამყვანი იყო.

სოფო ხალვაში ამბობს, რომ მას აჭარის ტელევიზიიდან წამოსვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს, თუმცა საბოლოო პასუხი მისთვის ცნობილი არ არის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი მერის მოადგილის პოსტზე და იქნება თუ არა მისი ამ სფეროში მუშაობა წარმატებული, სოფო ხალვაში ამბობს:

„ვნახოთ, მაქვს რაღაც იდეები და თუკი მექნება ამ იდეების განხორციელების საშუალება, რის გამოც დავთანხმდი ამ ყველაფერს, კარგი იქნება“.

___________________

მთავარი ფოტოზე: სოფო ხალვაში, ფოტო მომღერლის პირადი ფეისბუქგვრდიდან

ამავე თემაზე: 

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: