მთავარი,სიახლეები

„ეს განცხადება წაახალისებს ძალადობას“ – საია თორნიკე რიჟვაძის შურისძიების დაპირებაზე

10.12.2018
„ეს განცხადება წაახალისებს ძალადობას“ – საია თორნიკე რიჟვაძის შურისძიების დაპირებაზე

„ძალადობის წახალისებად“ საია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას აფასებს. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 9 დეკემბერს, თქვა: „მე, პირადად, ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.“ ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჯელალ ქიქავას სატელევიზიო გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ „300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს… მუსლიმანობას აღებიებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან. ამათ 6 თვეში იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გამოიყვანეს გარეთ და კინაღამ თავისი ქალაქი გადააწვევინეს“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს რამდენიმე მიზეზის გამო:

„ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: მისი სტატუსი, როლი და ადგილი მიუხედავად იმისა, რა განცხადება იყო მანამდე გაკეთებილი ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან. ეს განცხადება ერთგვარი წახალისებაა ძალადობის.

ჩვენ ვნახეთ რამდენად დაძაბული იყო საარჩევნო გარემო, წინასაარჩევნო კამპანიები თავიდან ბოლომდე ნეგატივზე იყო აგებული. შემაშფოთებელია თავად ის გარემოება, რომ მთავრობის თავმჯდომარე საუბრობს შურისძიებაზე. ამ ტიპის და ამ ფორმის შეფასებები, ვფიქრობ, არ შეეფერება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს.

მე არ განვიხილავ ამ განცხადებას სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილში, რადგან ბევრად უფრო შემაშფოთებელია, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ტიპის განცხადებას ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ განცხადებაში საუბარია შურისძიებაზე, კონკრეტული პირებისგან ველის გაწმენდაზე. თორნიკე რიჟვაძე არ არის პირველი პოლიტიკოსი, ვინც ველის გაწმენდაზე საუბრობს. შეიძლება ეს იყოს მხოლოდ პოლიტიკური პასუხი, რაც მანამდე იყო ნათქვამი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს როლი და სტატუსი, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს. ძალიან მარტივად შესაძლებელია, ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძის მხარდამჭერების მხრიდან აღქმული იყოს ისე, რომ მათ საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ ფიზიკურ ძალადობას,“ – გვითხრა სულხან სალაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: