მთავარი,სიახლეები

111 დაშავებული და არც ერთი რეგულაცია – „რას ველოდებით?“

06.02.2018 • 4404
111 დაშავებული და არც ერთი რეგულაცია – „რას ველოდებით?“

წელს შვიდი წლის ბიჭისთვის ბათუმში ახალი წელი ჩვეულებრივ მხიარული არ ყოფილა. დღესასწაულის წინა დღეებში მას ხელში საახალწლო პიროტექნიკა აუფეთქდა და სამი თითის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვის დედის თქმით, ბავშვის თითები ისე იყო აფეთქებისგან დაფლეთილი, რომ ექიმებმა მისი მიკერება ვერ შეძლეს.

ეს საახალწლო პიროტექნიკით დაზიანების ერთადერთი შემთხვევა არ არის. წელს, საახალწლო პიროტექნიკით, საქართველოში 111 ადამიანი დაშავდა, მიღებული დაზიანებების გამო 45 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათგან 21 ბავშვი იყო.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო ათი წელია საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკური ნაწარმის რაოდენობა იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 4 მილიონ 21 ათასი ლარის პიროტექნიკური ნაწარმი შემოვიდა, მათ შორის ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები და სხვა. ეს ბოლო წლებში იმპორტირებული პიროტექნიკური ნაწარმის ყველაზე დიდი რაოდენობაა, 2013 წლის შემდეგ, როცა ქართულ ბაზარზე 4 მილიონ 145 ათასი ლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოვიდა.

საქართველოში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე, არ არსებობს რეგულაცია, რომელიც შეზღუდავდა პიროტექნიკის გაყიდვის ადგილს ან მყიდველთა ასაკს.  ე.წ. „მაშხალების“, „ხლაპუშკების“ და „ბომბაჩკების“ ყიდვა შეიძლება ყველგან, მათ შორის სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან. ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და შეძენა შეუძლიათ ბავშვებსაც.

პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობამ დააფიქრა თუ არა ვინმე საქართველოს მთავრობაში ან პარლამენტში რეგულაციების საჭიროებაზე? საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში გვითხრეს, რომ ამ დროისათვის მსგავს ინიციატივას არ განიხილავენ.

მუნიციპალიტეტის დონეზე საკითხის დასმა გასულ წელს სცადა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“. ორგანიზაციამ ბათუმის საკრებულოს პეტიციით მიმართა, შეეზღუდათ ქალაქის ტერიტორიაზე პიროტექნიკის გაყიდვის ადგილები.

იურისტი არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ინიციატივამ ბათუმის საკრებულოს ყურადღება ვერ მიიქცია.

„ჩვენ არ ვითხოვდით საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვის აკრძალვას, ამას მუნიციპალიტეტი ვერ აკრძალავს, არ არის მისი კომპეტენცია. საუბარი იყო გარევაჭრობის ადგილების შეზღუდვაზე, მუნიციპალიტეტის მზაობაზე, მის ნებაზე, რომ ხელი შეეწყო თუნდაც არასრულწლოვნების წვდომის შეზღუდვაზე, რომ არ შეიძლებოდეს პიროტექნიკის გაყიდვა ყველგან ისე, როგორც არ შეიძლება ყველგან გაყიდო ყველი, ხორცი და ბევრი სხვა პროდუქტი, თუ არ არის დაცული რაღაც წესები. ეს მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე გავრცელდებოდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო,“ – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

არჩილ ხახუტაიშვილი

არჩილ ხახუტაიშვილი

იგი მიიჩნევს, რომ ასე, გარკვეულწილად, შეიძლებოდა რეალიზაციის რისკების შემცირება, თუმცა მუნიციპალიტეტი მოკლე პასუხით შემოიფარგლა – რეგულაციების დაწესება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საახალწლო შუშხუნები არ არის აკრძალული, როგორც სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი. არ არის დაწესებული შეზღუდვა, როგორც მის შემოტანაზე, ასევე გაყიდვის არეალზეც. არ არის შეზღუდვა ასაკთან მიმართებაშიც, ანუ არის თავისუფალი მიმოქცევის ობიექტი, როგორც პური, მარილი, ხორცი და ასე შემდეგ. მეტიც, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს უფრო მეტი რეგულაცია ეხება, ვიდრე სადღესასწაულო პიროტექნიკას.

ერთი შეხედვით, აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერებები პრაქტიკაში ქმნის პრობლემას იმიტომ, რომ მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. მაშინ არც დანა უნდა იყიდებოდეს და არც რაიმე სხვა საგანი ან ნივთიერება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანს – ესაა არგუმენტი… მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს პრობლემა, ფაქტია, რომ ამას აქვს ცუდი შედეგები. კანონმდებლობა ხომ არ არის რაღაც უძრავი სისტემა?! კანონმდებლობა ადაპტირდება საზოგადობრივი პრიორიტეტების მიხედვით,“ – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

იგი ამბობს, რომ ამ საკითხის გააქტიურება მუნიციპალიტეტის დონეზე ისევ საჭიროა.

„არ ვიცი, რას ველოდებით, იმას, რომ შემთხვევები გახშირდება და სიკვდილს გამოიწვევს?! საჭიროა პრევენციაზე მუშაობა მანამ, სანამ ეს მოხდება. მანამდე კი მოქალაქეს რჩება მხოლოდ ერთი რამ – საკუთარ თავზე ზრუნვა და სიფრთხილე.

მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ გარევაჭრობის დონეზე მაინც უნდა შეიზღუდოს. თუ ვინმე იტყვის, რომ ასე ბიზნესი შეიზღუდება, დიახ, სჯობს შეიზღუდოს ბიზნესი, დაწესდეს რეგულაციები, ვიდრე ყოველ ახალ წელს ვისმენდეთ, რომ ვიღაცას თვალი დაუზიანდა ან ხელის ამპუტაცია დასჭირდა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბავშვებს.“

საახალწლო შუშხუნა. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

არის თუ არა შეზღუდვები საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვაზე ევროკავშირის ქვეყნებში? „ბათუმელები“ მაკა გოგიბერიძეს ესაუბრა, რომელიც 20 წელია გერმანიაში, დიუსელდორფში ცხოვრობს.

მაკა ამბობს, რომ გერმანიაში საახალწლო პიროტექნიკა იყიდება, ოღონდ კატეგორიების მიხედვით და რეგულაციების დაცვით:

„მაგალითად, არასაშიში შუშხუნები, ხმის გარეშე, რომელსაც დაბადების დღეებზე და ახალ წელსაც იყენებენ, იყიდება მთელი წლის მანძილზე. ამ შუშხუნების ყიდვა შეუძლიათ ბავშვებსაც, მხოლოდ 12 წლის ასაკის შემდეგ.

მეორე კატეგორიის – საახალწლო შუშხუნები, რომლებმაც შესაძლოა რაღაც საფრთხე შეუქმნას ადამიანს, იყიდება მხოლოდ საახალწლოდ და გარკვეულ მაღაზიებს აქვთ მისი გაყიდვის უფლება. მათი ყიდვა შეუძლიათ 18 წლის ადამიანებს. ასეთი შუშხუნის შეძენისას აუცილებლად მოგთხოვენ მაღაზიაში პირადობის მოწმობას, თუ ეეჭვებათ, რომ 18 წლის არ ხარ“.

მაკა ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს გერმანიაშიც ისევე ისვრიან შუშხუნებს, როგორც საქართველოში, თუმცა წესების დაცვით. აკრძალულია აივნიდან ან სახლიდან ფეირვერკის მოწყობა. გარემო, სადაც შუშხუნას ისვრიან, უნდა იყოს თავისუფალი, რომ ირგვლივ არაფერი დაზიანდეს.

მიუხედავად რეგულაციებისა, საახალწლო პიროტექნიკასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები გერმანიაშიც ხდება. მაკა ყვება, რომ გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წელს გერმანიაში 57 ადამიანი დაშავდა და ორი დაიღუპა საახალწლო პიროტექნიკით მიღებული დაზიანებების გამო. ძირითადად, ეს არალეგალურად შეძენილი ან კუსტარულად დამზადებული პიროტექნიკური ნაწარმი იყო, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შემოწმება.

ერთ-ერთი გზა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოში მოქალაქეებს მთავრობას საკითხის განხილვა მოსთხოვონ, ელექტრონული პეტიციაა. „მოითხოვე ცვლილებები“ – პროექტია, რომლის ვებგვერდზეც ელექტრონული პეტიციის განთავსებაა შესაძლებელია. პეტიცია პიროტექნიკის კონტროლის შესახებ ვებგვერდზე უკვე რეგისტრირებულია, თუმცა ამ დროისათვის მას მხოლოდ 45 ხელმომწერი ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ პეტიციას 26 თებერვლამდე 10 000 ხელმომწერი ეყოლება, პეტიციაში დაყენებულ საკითხს მთავრობა განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: