განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა

10.12.2018 • 2876
რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას შეეხება, ნათქვამია, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება, რომ მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან.

კვლევამ – „მოზარდთა მშობლობა“ აჩვენა, რომ  „ბულინგი“ სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან. გოგონებთან შედარებით ბიჭები უფრო ხშირად ხდებიან „ბულინგის“ სამიზნე. 10-14 წლის ბიჭების თქმით, ბავშვები ერთმანეთის მიმართ ძალიან ხშირად ავლენენ აგრესიას სკოლაში, მათ შორის ხშირია დარტყმა, ჯაჯგური, ცემა და დაცინვა.

„მშობლები და მოზარდის ცხოვრებაში მყოფი სხვა უფროსები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ესმით, რეაგირებენ და უმკლავდებიან ძალადობის მომსწრე ან მსხვერპლი მოზარდები თავიანთ ემოციებს. როდესაც მშობლები ვერ ახერხებენ მოთმინებით და მხარდაჭერით უპასუხონ მოზარდების მიერ გაზიარებულ ამბებს ძალადობაზე, შვილები აღარ უზიარებენ მათ მსგავს გამოცდილებებს, რადგან დასჯის, იგნორირების, კრიტიკისა და ეჭვის გაჩენის ეშინიათ“, – ნათქვამია კვლევაში.

ინტერვიუები, რომლებიც 2017 წელს არის მოზარდებთან ჩაწერილი, ნათლად ჩანს, რომ მოზარდები მშობლებთან საკუთარ პრობლემებზე საუბარს იმიტომ გაურბიან, რომ მათი მხარდაჭერის იმედი არ აქვთ.

„არ მოვუყვები, რადგან საბოლოოდ მე დამადანაშაულებენ. თუ ვინმემ რამე გითხრა, უნდა მოგეთმინაო, მეტყვიან. მე ასეთ რაღაცებს ვერ ვითმენ“ (ფოკუსჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი; თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017).

„რომ მოვუყვე, მეჩხუბებიან. ერთხელ კლასელმა დამარტყა და ვცემე, ცხვირში დამარტყა ისე, რომ გამისივდა, სახლში რომ მივედი, მე დამსაჯეს“ (ფოკუსჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი; თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017).

კვლევის მიხედვით, მოზარდობის პერიოდში ბიჭები ე.წ. „ქუჩის აკადემიას“ გადიან. კვლევაში მონაწილე მამები არ ავლენენ შეშფოთებას იმ სარისკო ქცევების მიმართ, რასთანაც შესაძლოა ჰქონდეთ შეხება მათ შვილებს ე.წ. „ქუჩის აკადემიაში“. ამასთან, ამ „სკოლის“ გავლა მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთ საჭირო გამოცდილებად აღიქმება.

„ბიჭმა „ქუჩის აკადემია“ უნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს“ (ფოკუსჯგუფი, მოზარდების მამები; ბათუმი, საქართველო, 22 ოქტომბერი 2017).

„მშობელი, შესაძლოა გაუცნობიერებლად წაახალისებდეს კიდეც აგრესიასა და ძალადობას; ასეთი მშობლები ხშირად წაახალისებენ ძალადობაზე ძალადობრივ საპასუხო ქმედებას, რადგან შიშობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი შვილი თანატოლებში დაიჩაგრება.

მამები თავიან ბიჭ მოზარდებს თავდაცვას ასწავლიან და ურჩევენ, რომ თუ საჭირო იქნება, ბრძოლის ფიზიკური მეთოდებიც გამოიყენონ. „მამაჩემი უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ ვცემდი იმას, ვინც სხვებს ჩაგრავს“ (ფოკუსჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017)“-ნათქვამია კვლევაში.

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ თითქმის ყველა მოზარდი, რომელიც ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ყოფილა, ძალადობაზე რეაგირების მხრივ, უფროსების, განსაკუთრებით კი მამების, რჩევებს ითვალისწინებს.

„შვილები ითვისებენ და პრაქტიკაში იყენებენ იმას, რასაც მშობლები უხსნიან და ასწავლიან. მშობლების დამოკიდებულებები და ღირებულებები დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან მოზარდები სირთულეებს. ისინი მშობლების მაგალითზე სწავლობენ. მოზარდები აცნობიერებენ, რომ მშობლების ჩართულობას და რჩევებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბავშვების ქცევასა და უნარზე, გაუმკლავდნენ სარისკო ქცევას“.

„მშობლის ბრალია, როდესაც შვილი გარეთ დგას და ეწევა სიგარეტს. შვილები სხვა გზაზე უნდა დააყენონ. არაა აუცილებელი მათი ცემა, როდესაც რამეს დააშავებენ. თუ მათში სწორი ღირებულებები არ ჩადე ბავშვობიდან, რთულია შემდეგ ასწავლო რამე ცემის გზით“ (ფოკუსჯგუფი, 14-17 წლის გოგოები; ბათუმი, საქართველო, 21 ნოემბერი 2017).

კვლევაში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა მოზარდმა გამოავლინა სირთულეებთან გამკლავების შინაგანი მზაობა, მათ შორის, თვითშემეცნება და კონტროლი, რაც მათ სკოლაში ძალადობასთან გამკლავებაში ეხმარებოდა. თუმცა იმავე მოზარდებმა თანატოლების მიმართ ემპათიის გრძნობის არარსებობაც გამოავლინეს, ისინი თითქმის ვერ აცნობიერებენ, თუ რას შეიძლება გრძნობდნენ გარშემომყოფები.

სკოლაში „ბულინგის“ თაობაზე მშობლების, განსაკუთრებით კი, მამების მიერ მიცემული რჩევები დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა ტიპის ღირებულებები უყალიბდება მოზარდს თანატოლების მიმართ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: