განათლება,მთავარი,სიახლეები

ბიჭების პირველი სქესობრივი გამოცდილებისთვის ფულს ისევ მამები იხდიან – კვლევა

10.12.2018 • 4556
ბიჭების პირველი სქესობრივი გამოცდილებისთვის ფულს ისევ მამები იხდიან – კვლევა

„მოზარდთა მშობლობა“ – გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ ამ კვლევაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან. შესაბამისად, აუცილებელია, მშობლებმა მათ მიმართ მზრუნველობა, სიყვარული და ყურადღება გამოიჩინონ, მოუსმინონ მათ კითხვებს, წუხილს და ამ საკითხებზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

„ცოტა მშობელი თუ გამოთქვამს მზაობას და უნარს, მისცეს შვილს საშუალება, რომ ის დამოუკიდებელ, სექსუალურად აქტიურ ზრდასრულად ჩამოყალიბდეს და ხელი შეუწყოს მას სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, ესაუბროს და რჩევები მისცეს შვილს სექსზე, სექსუალობაზე, ფიზიკურ ცვლილებებზე, რეპრო დუქციულ ჯანმრთელობაზე, რისკ-ფაქტორებსა და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მშობლები თავს იკავებენ ესაუბრონ შვილებს სექსუალობაზე, არის მათი შიში, რომ მცირე ასაკის ბავშვებისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება  ნაადრევი სექსის მიმართ მათ ინტერესს და სურვილს აღუძრავს.

„მოზარდობის ადრეულ პერიოდში მყოფი მოზარდების თქმით, ისინი უხერხულობას განიცდიან და თავს არაკომფორტულად გრძნობენ მშობლებთან სექსუალობის გარშემო არსებულ საკითხებზე საუბრისას, ამიტომ ამ თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად ამჯობინებენ ინტერნეტს მიმართონ“.

„არავის ვკითხავ სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „დავგუგლავ“ და თუ ვერაფერი ვნახე, შევწყვეტ ძებნას“, – ამბობენ კვლევაში მონაწილე 10-13 წლის გოგონები თელავიდან. გამოკითხვა ჩატარებულია 2017 წლის 28 ოქტომბერს.

ადრეული მოზარდობის ასაკის ბავშვებს, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, მშობლები მთავარ მრჩევლებად და მენტორებად არ მიაჩნიათ.

კვლევის მიხედვით, ეს შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ მშობლებისგან ხშირად ესმით გამოგონილი, არაზუსტი ან არადამაჯერებელი ამბები, მაგალითად, ბავშვის გაჩენასა და სექსუალობასთან დაკავშირებით.

„მათ მითხრეს, რომ სხვისი შვილი ვიყავი და თუ ცუდად მოვიქცეოდი, მეტყოდნენ, რომ სინამდვილეში სხვას ვეკუთვნი, და არა მათ“, – ამბობენ კვლევაში მონაწილე 10-13 წლის ბიჭები, მრავალშვილიანი ოჯახიდან.

კვლევის შედეგების მიხედვით, ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი სქესობრივ მომწიფებასა და სხეულის ცვლილებებთან დაკავშირებით, მოზარდ გოგონებს დედებმა უნდა გაუზიარონ. მხოლოდ რამდენიმე მამამ გამოხატა მზაობა, ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა შვილებთან, განურჩევლად სქესისა.

კვლევის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ სქესობრივი განათლება ბიჭებისთვის მამის საქმედ აღიქმება. „თუმცა, როდესაც საქმე მოზარდ ბიჭებს ეხება, მამები აცნობიერებენ გარკვეულ ასაკში თავიანთი ბიჭი შვილების ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, დაამყარონ სქესობრივი კავშირი და მეტიც, ღიად და ფინანსურადაც კი უჭერენ მხარს ამ გამოცდილების მიღებას.

მხოლოდ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ  შვილების დაცული სექსისთვის საჭირო ინფორმაციით შეიარაღებაზე პასუხისმგებლობა მათ აკისრიათ.

მიღებულია, რომ გვიანი მოზარდობის პერიოდში შესულმა ბიჭებმა პირველი სქესობრივი გამოცდილების მისაღებად ბორდელს უნდა მიმართონ. ასეთი ტიპის „ვოიაჟები“ ზოგიერთ შემთხვევაში ინიცირებულია და თავად მამებიც კი აფინანსებენ. თუმცა, ამავე დროს, მამები იშვიათად თუ საუბრობენ შვილებთან სამომავლო გამოცდილების შესახებ, ან აწვდიან რჩევებს დაცულ სექსთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მამები არ ავლენენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას გოგონა შვილების მიმართ, ქორწინებამდე დაამყარონ სქესობრივი ან ინტიმური ურთიერთობები.

„მოზარდი გოგონების მამები სექსუალობის საკითხებზე საუბარს საფრთხედ აღიქვამენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთ თემებზე საუბარი გამოიწვევს და დააჩქარებს შვილის სურვილს და ინტერესს სექსის მიმართ, რაც საბოლოოდ პრობლემებს შეუქმნის ოჯახს“.

ამავე თემაზე:

რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: