მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედაში გარე ვაჭრობისთვის აკრძალული ადგილები და ნებართვის წესები განსაზღვრეს

09.12.2018 • 2388
ქედაში გარე ვაჭრობისთვის აკრძალული ადგილები და ნებართვის წესები განსაზღვრეს

ქედის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიები, ასევე, ამ ტერიტორიების მოწყობისა და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსების წესები დაადგინა.

შესაბამისი დადგენილების მიღების მიზანი, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ინფრასტრუქტურის იერსახის დაცვა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება; სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, ასევე, საოჯახო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის ხელშეწყობაა.

ამავე დადგენილებით, „ხორცპროდუქტებით გარე ვაჭრობა უნდა გამორიცხავდეს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას ან ასეთი მოპყრობის წახალისებას. დაუშვებელია ცხოველის ნაწილების ისეთი დემონსტრირება, რომელიც შეიცავს სისასტიკის ნიშნებს, ან არ ითვალისწინებს მისთვის თვალის არიდების შესაძლებლობას“.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარე ვაჭრობა და ბაზრობების მოწყობა დასაშვებია ქედის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. თუმცა არის გამონაკლისი, სადაც ასეთი ვაჭრობა აკრძალულია.

გარე ვაჭრობა აკრძალულია:

[crosslist]

  • დაბა ქედაში – ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე, აკ. წერეთლის  ქუჩაზე, მ. კოსტავას ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩაზე, ი. გოგებაშვილის ქუჩაზე, ყ. შერვაშიძის ქუჩაზე, მ. აბაშიძის ქუჩაზე და თ. სახოკიას ქუჩაზე;
  • რელიგიურ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებთან, სამედიცინო და სტაციონალურ დაწესებულებებთან, სასაფლაოებთან, სკვერებთან და ბაღებთან, სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებთან 20-მეტრიან რადიუსში.

[/crosslist]

აღნიშნული ადგილების გარდა, სხვა ადგილებში დაშვებულია ასევე სეზონური გარე ვაჭრობაც.

რაც შეეხება გარე ვაჭრობას სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, საკრებულოს დადგენილებით ის დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

საკრებულომ დაადგინა, ასევე, გარე ვაჭრობის ორგანიზების წესები და ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი ვაჭრობა:

[checklist]

  • „გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ ამახინჯებდეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას (კონკრეტული დასახლების ქალაქი/სოფელი ქუჩის ისტორიულ-კულტურული იერსახე, შენობათა ფასადები, შეფერილობა და სხვა) და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.
  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან.
  • გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
  • არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს გარე ვაჭრობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის საჭირო დროებითი, მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მოწყობა.
  • დაუშვებელია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა სათანადო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე.
  • „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა“.

[/checklist]

შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას წარმოადგენს ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილების გარდა ასეთი ვაჭრობის განხორციელება სხვა ტერიტორიაზე. ასეთი ქმედება, ანუ უნებართვო გარე ვაჭრობა კი, გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​(3) მუხლის შესაბამისად.

დადგენილება 2018 წლის 5 დეკემბრიდან ამოქმედდა და მის შესრულებაზე კონტროლი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: