10-დან 14 დეკემბრის ჩათვლით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. წელს მუზეუმი 110 წლის იუბილეს აღნიშნავს.
„მუზეუმი 1908 წელს დაარსდა მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი.
1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვო მუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე შეასრულეს კიდეც,“- ნათქვამია წყაროებში.
მუზეუმში დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2 000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.