მთავარი,რეკლამა,სიახლეები

მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება – ევროპული მიდგომა საქართველოში უმუშევრობის შესამცირებლად

07.12.2018 • 2108
მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება – ევროპული მიდგომა საქართველოში უმუშევრობის შესამცირებლად

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა პოტენციური თანამშრომლების გამოსაცდელი ვადით აყვანა და მათი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სწორედ ამ სტატუსით შენარჩუნება. კერძო კომპანიებში, უმეტესად, პრაქტიკის პერიოდში დასაქმებულებს სამუშაოს არ უნაზღაურებენ. გარდა ამისა, ხშირად ვაკანსიებში, ასაკთან შეუსაბამო რამდენიმეწლიან გამოცდილებასაც ითხოვენ. ეს და სხვა ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმაში, რომ საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი კვლავ დაბალია საქასტატის გასულ წლის მონაცემებით, იგი მხოლოდ 1 706 600 ადამიანს შეადგენდა.

ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ია. ყველაზე დაბალი უმუშევრობა, წევრ ქვეყნებს შორის, ჩეხეთში ფიქსირდება და ის 2.4 %- შეადგენს. გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელი 3.8%-ია, უნგრეთში კი 3.6%. ევროპის ქვეყნებში უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბერძნეთს აქვს – 20.2%, უმუშევრობის დონის მაჩვენებლის სიდიდით შემდეგი ქვეყანა ესპანეთია – 15.2%, შემდეგი კი იტალია 10.9%.

2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, წლების მანძილზე ამ მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში დასაქმებულებს შორის, ტრადიციულად, ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი.

ევროკავშირი, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის ძირითად სფეროდ დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორების რეფორმას ირჩევს. რეფორმა სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას ისახავს მიზნად. ეს ყველაფერი კონკრეტული პროექტებისა და გარკვეული მიდგომების დაამკვიდრებს საშუალებით ხდება.

 

ერთერთი მიდგომა, რომელიც ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია აპრობირებულია, ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძვნებულ სწავლებას (work-based learning). ეს საგანმანათლებლო სტრატეგია, სტუდენტებსა და დამწყებ სპეციალისტებს რეალურ გამოცდილებას სთავაზობს. ეს გულისხმობს, რომ მათ საშუალება ეძლევათ გამოცდილება და უნარები უშუალოდ მუშაობის პროცესში შეიძინონ, თანაც ისე, რომ მათ მიერ გაწეული შრომის ყოველი წუთი ანაზღაურდეს.

ერთერთი კომპანია საქართველოში, რომელიც თანამშრომლების დაქირავების დროს ამ მიდგომით ხელმძღვანელობს, სწრაფი კვების ამერიკული სარესტორნო ქსელიმაკდონალდსია“. კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ნატა ჯავახიშვილია, რომელიც ამბობს, რომ მათთან თანამშრომლები გამოცდილების გარეშე აჰყავთ და უნარებს ადგილზევე ასწავლიან. ეს კი სწავლების იმ სისტემის საშუალებით ხდება შესაძლებელი, რომელიც კომპანიამ სპეციალურად ახალი თანამშრომლებისთვის შეიმუშავა.

ბენეფიციარები, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით გადაამზადეს

ჩვენ გვაქვს სპეციალურად ჩამოყალიბებული სწავლების სისტემა, რომელიც სრულად გაწერილია დროში. გვყავს სპეციალური შიდა ტრენერები, ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ამით არიან დაკავებულებიმართალია ისინი სწავლობენ, მაგრამ სწავლის პროცესში შრომასაცწევენ და ჩვენ მივიჩნევთ, რომ გაწეული შრომის თითოეული წუთი დაფასებული და ანაზღაურებული უნდა იყოს“, – განმარტავს ნატა ჯავახიშვილი. – „ჩვენ ვხარჯავთ დროსა და ფინანსურ რესურსს და არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის საკითხი, სადაც უნდა დავზოგოთ რაიმე“.

ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც რეგიონულ შრომის ბაზრებზე ვაკანსიების მონიტორინგს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ ახალი თანამშრომლის აყვანისას დამსაქმებელი ხშირად აყენებს გადაჭარბებულ მოთხოვნებს, როგორ განათლების ცენზის, ასევე ზოგადი უნარების ფლობის თვალსაზრისით. მაგალითად, ითხოვს უმაღლეს განათლებას და ლიდერობის/კრიტიკული აზროვნების უნარებს არაკვალიფიციური მუშების შემთხვევაში. ამასთან, ჩანს, რომ სპეციფიკური უნარები, რომლებიც ამოსავალია კადრის რელევანტურობის შესაფასებლად, უმრავლეს შემთხვევაში განუსაზღვრელია.

ნატა ჯავახიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები მოახერხებენ მათთან სწავლების სისტემის დანერგვას ახალი თანამშრომლებისთვის, თავისუფლად შესაძლებელია, რომ მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე კადრებზე აღარ გააკეთონ აქცენტი:

„ხშირ შემთხვევაში კომპანიები ითხოვენ გამოცდილ კადრებს, ასევე ხშირად ასაკი არ შეესაბამება მოთხოვნილ გამოცდილებას. რამდენიმეწლიანი გამოცდილების მოთხოვნისას ასაკობრივი ზღვარი არ უნდა იყოს ძალიან დაბალი, ეს არალოგიკურია. ამიტომაც მოთხოვნები ჩვენთან ეფუძნება უნარებს და არა გამოცდილებას, სწავლებას კი ჩვენ უზრუნველვყოფთ“.

მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს გარდა „მაკდონალდსისა“ წარმატებით იყენებენ უკვე „ვენდისში“, „კარფურში“ და სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციებში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში, 172-მა ადამიანმა გაიარა სასწავლო კურსი და სერტიფიკატიც მიიღო, მათგან 91 ბენეფიციარი კურსის დასრულებისთანავე დასაქმდა.

  • 172-მა  ადამიანმა მიიღო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • სერტიფიცირებულთაგან 91 (53%) დასაქმდა კურსების გავლისთანავე
  • 252 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა დასაქმების ხელისშემწყობ პროგრამაში
  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების კურსების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შემდეგ ლინკზე შეუძლიათ – Vet.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: