მთავარი,სიახლეები

სახალხო დამცველი: ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დასაცავად გადადგმული ნაბიჯები არ არის ადეკვატური

10.12.2018 • 1902
სახალხო დამცველი: ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დასაცავად გადადგმული ნაბიჯები არ არის ადეკვატური

„2018 წელს კვლავ მძიმეა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს გავრცელდა. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველი სხვადასხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

„ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები მწირია და პრობლემის მასშტაბებს ვერ პასუხობს. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. მათი უმრავლესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე საუბრობს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე, როგორც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. ამ კუთხით თავშესაფრის მოწყობა ისევ პრობლემურია ბათუმში, სადაც არაერთი ბავშვი ქუჩაში ათენებს ღამეს.

„ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისად ეფექტური და ადეკვატური. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ მომხდარა ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე. შემაშფოთებელია, ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგი) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს,“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ წელს განსაკუთრებით გაიზარდა მიმართვიანობა რეგიონებიდან. ჯამში ომბუდსმენის აპარატი 7350 საქმეს სწავლობს. სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე კი  8089 ადამიანმა დარეკა.

გადაბეჭდვის წესი