აკა მორჩილაძე: ქართველი მწერალი დღესაც შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს

9 ოქტომბერს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა. 2018 წელს საქართველო წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანაა. გახსნის ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკა მორჩილაძემ. მწერალმა ისაუბრა ქართულ ანბანზე, ქართულ კულტურასა და ქართული მწერლობის ბედზე. გთავაზობთ აკა მორჩილაძის გამოსვლის სრულ ტექსტს. 

აკა მორჩილაძე, მწერალი: 

“მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ვიმყოფები, ისაა, რომ ჩემი საკმაოდ გაუბედავი ხმა შევაწიო კულტურას, რომელსაც წილად ხვდა პატივი ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე ყოფილიყო წარმოდგენილი.

არსებობს დავიწყებული კულტურები, არსებობს ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც ჭირდება ვინმეს, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის ხოლმე.

მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე.

სიმართლე გითხრათ, ეს ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და შეგიძლია ამაზე თქვა ორი სიტყვა.

ეგება რაღაცა შორეული, უცნობი კულტურა საერთოდ არაფერს არ ნიშნავდეს სამყაროს უმრავლესობისთვის,  მაგრამ ქართველებისთვის… ჩვენ ასეთი სიტყვა გვაქვს, „რაღაცას“ ვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტო „რაღაცა“ არ არის, იმიტომ, რომ სიცოცხლესაც ნიშნავს.

აი, ასე სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროება, როცა ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობას სწორედ მისი კულტურა განსაზღვრავდა.

მარტივი რაღაც ვქვათ, ანბანი (თქვენ იცით, რომ ჩვენ სხვა ანბანი გვაქვს). ეს არის, რომ გითხრათ სიმართლე, ჩემი ჭკუით, როგორც ქართველის, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა. ძლიერი კულტურა გვაქვს და ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას.

ასეთი ისტორიაა საერთოდ ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი. ამ ამბის სიკეთე სხვა არამატერიალურ რაღაცებთან ერთად იყო სწორედ  ჩვენი კულტურა.

მოკლედ რომ ვთქვა და დრამით რომ არ დაგღალოთ, არ არის აქ ამის ადგილი, აქ არის დღეს ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ – 1500  წლის, ჩვენი მეცნიერები ამბობენ 2000 წლის, 2500-ის…  მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო, რა არის ღირებული და რა არ არის ღირებული.

როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს.

ჩვენს პირველ მოთხრობაში  მეხუთე საუკუნის ამბავია აღწერილი. ჩვენ უფრო გვიანდელი ხელნაწერიც გვაქვს, მაგრამ ეს შემოგვრჩა და  ძალიან გასაგები და სამსჯელო იქნებოდა სამყაროსთვის მაშინაც და ახლაც. ეს მოთხრობა სკოლაში ისწავლება იმ ენით, რომლითაც დაწერილია მეხუთე საუკუნეში.

ეს ნაწარმოები არის ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე,  ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზეა მოკლედ ერთი პატარა ჩანაწერი. ეს ყველაფერი ისეა,  რომ მიხვდები, ადამიანის გულში და სულში თხუთმეტი საუკუნეა არაფერი ბევრი დიდად არ შეცვლილა.

თქვენ იცით, რომ ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ.  ამით ვწერდით  ჩვენს წიგნებს.

ჩვენს ანბანზე მაქვს საინტერესო შეხედულება, სრულიად არამეცნიერული. არის ფუფუნება, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს ან ერს. იმიტომ რომ, თქვენ უყურებთ გაოცებით და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ,  თქვენ ჩვენსას საერთოდ ვერ კითხულობთ, ეს უპირატესობა გვაქვს, ესე ვთქვათ, დამალული.

საერთოდ, პატარა ქვეყნებს ასეთი ძალიან ბევრი რამ აქვთ. ცოტა რომ გადავცდე ამ სიტყვებს, საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენებიდან, განსაკუთრებით აღმოსავლურიდან. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. წარმოიდგინეთ ეს უპირატესობაც, ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობდით არაფერს ჩვენსას, ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რაღაცა. არაბულიდან, სპარსულიდან, სომხურიდან, ჩვენ ყველაფერს ვთარგმნიდით, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო.

მოკლედ, ჩვენ აი, ამ ანბანით ვწერთ ჩვენს პროზას. ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. აი, ახლა, პროზაიკოსი რომ გამომიყვანეს აქ, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ასეთი ხუმრობაა საქართველოში, ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი, დაჯდომა, ფიქრი. და ამ დროს ომია, უბედურებაა. ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე, უცბად.

უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც წერდნენ  ლექსად. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი, უამრავი.

ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე – ჩვეულებრივი იყო.  ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც რომ გითხრათ, მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა, პროზა ისეთია  დაჯექი და ცოტა მოცლილი ადამიანის საქმეა.

მაგრამ სტანდარტი ასეთია, პოეზია მაღალია რა. პოეზიით ცხოვრება ვიცით რაც არის – კიდევ უფრო მაღალია.

სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც შენ ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს, გადმოსცემს, გამოიცნობს და მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს.

პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ 20-საუკუნოვანი ლამის აბსოლუტური მონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და ერთი საოცარი ამბავია, შექსპირზე თეორიები რომაა, რომ ვითომ ვიღაც ლორდები იყვნენ შექსპირის ნაცვლად და მალავდნენ, იმიტომ, რომ სირცხვილი იყო, საქართველოში ჩვენ გვყავს უამრავი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია. ჩვენ შემოგვრჩნენ ისინი თავიანთი პოეზიით და მათ იხსენებენ თავიანთი პოეზიით და არა პოლიტიკით.

საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს  ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაც არის ხოლმე,  ჩვენი ოცნებაც და ა.შ.

რადგან აქ ვართ დღეს ყველანი, უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვნენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ, ცნობადი სახეები, მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია და მათ ხელობას არასოდეს არ დაუცავს ძნელბედობისგან.

როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ (გამახსენდა ბესიკ გაბაშვილი), დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს, თავის შემოქმედებას ან რაღაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი. რომ არ დაგიმალოთ, მუშტიც შეიძლება მოხვდეს, ქუდიც შეიძლება ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას რაღაცნაირად მოერიდოს. როგორ გითხრათ, აი, ამ დიდი ისტორიული, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად და აი, ამ უბედური ამბების მიუხედავად, საქართველოში მწერალი მაინც რჩება გამორჩეულ ფიგურად. ქართველი მწერალი, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავე დროს იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. აი, ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი. უფრო მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ მაპატიეთ, ბოდიში.“

რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა ოქტომბრამდე – ბათუმის სასამართლოს სტატისტიკა

მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლომ 18 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 828 საქმიდან. სტატისტიკურ მონაცემებს სასამართლო აქვეყნებს.

მონაცემების მიხედვით, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 7 საქმეზე დადგა, ხოლო 7 შემთხვევაში საქმის განხილვა შეწყდა. წელს სასამართლოს გამომძიებლებისთვის 9 საქმე უკან დაუბრუნებია.

2018 წლის პირველ ცხრა თვეში განხილული საქმეებიდან ნახევარზე მეტი – 485 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ანუ ამ შემთხვევებში მოსამართლეებს მოწმეების ჩვენებები არ მოუსმენიათ, ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს და მათთან შეთანხმება პროკურატურამ გააფორმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, სულ 817 საქმეზე შედგა საპროცესო შეთანხმება,  2016 წელს კი, 732 საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით.

რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენებს: 2017 წელს სრულად გამართლდა 31 ადამიანი, ნაწილობრივ – 19.

„ღამე ამის ატანა შეუძლებელია“ – შანიძის ქუჩაზე ხმაურის დონის გაკონტროლებას ითხოვენ

ბათუმში, აკაკი შანიძის 12 ნომერში ღამის პირველ-ორ საათზე ხმაური, სატვირთო მანქანების გადაადგილება და მანქანების ქვა-ღორღისგან დაცლა ჩვეულებრივი ამბავია. ამ მისამართზე, საცხოვრებელი სახლის წინ საამქროებია, სადაც სამშენებლო მასალებს ამზადებენ და მუშაობა ღამითაც არ წყდება.

„ამ სახლში ყველა მეზობელს ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს – გაუსაძლისი ხმაური ღამით. საშინელი ხმაურია, მანქანების ხმა, მუშების შეძახილები… გეგონება, რომ სახლში არიან.  ძალიან ახლოსაა ეს ყველაფერი სახლთან, რამდენიმე მეტრია სულ. ბავშვები ვერ იძინებენ ღამე. დღის განმავლობაში არ არის პრობლემა, გვესმის, რომ მუშაობენ, მაგრამ ღამე ამის ატანა ჯოჯოხეთია. ღამის პირველ-ორ საათამდე მუშაობენ, ხან მთელი ღამე, ცალკე თემაა სილა და მტვერი, რომელიც გარედან ღამეც შემოდის,“ – ყვება ამ მისამართზე მცხოვრები მოქალაქე, მაია ნაწილაშვილი.

აკაკი შანიძის #12 ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ე.წ. სამრეწველო ზონაში მდებარეობს. აქ გვეუბნებიან, რომ ყოფილ საერთო საცხოვრებლის შენობაში 12 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართობი რეგისტრირებული აქვთ.

„ყველაზე მეტად გვაწუხებს ღამე ე.წ. „დრაბილკა“, წისქვილი, რომელიც სილასა და ხრეშს ფქვავს. გვიან ღამით ასეთი ხმაურის ატანა უკვე მეტისმეტია, დასვენება გჭირდება. გასაგებია, რომ სამრეწველო ზონაა ეს, მაგრამ თუ დაგვიკანონეს საცხოვრებელი, მაშინ უნდა ვიცხოვროთ როგორმე, ღამით ასეთ ხმაურში ცხოვრება შეუძლებელია, ბავშვები ცხოვრობენ სახლში, დიდებს გვიჭირს და ბავშვებს – მით უმეტეს.

დავრეკეთ მერიაში, აგვისხსნეს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გავაჩეროთ, მაგრამ გვაქვს დაჯარიმების უფლებაო. ორჯერ დავრეკეთ. რეაგირება არ მოჰყოლია, ხმაური არ შეჩერებულა, არავინ მოსულა, რომ ენახა, რა ხდებოდა აქ,“ – გვითხრა ამ შენობაში მცხოვრებმა ნონა ზაქარაძემ.

ბათუმის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილებაში ამბობენ, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა და აქ მცხოვრებლებს ურჩევენ ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ:

„ჩვენთან ამ მისამართიდან არ შემოსულა არც ერთი შეტყობინება. უნდა დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე –  598 85 15 20, სწრაფად მივლენ ჩვენი თანამშრომლები და გაარკვევენ, რაშია საქმე. ჩვენ ვაწამოებთ მოლაპარაკებას, ვაჯარიმებთ, არავის არ ვეფერებით, ჩვენი საქმე არის ხალხის სიმშვიდე.

ის, რომ სამრეწველო ზონაა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, როცა იქ ადამიანები ცხოვრობენ, ერთი ადამიანიც რომ ცხოვრობდეს, გასათვალისწინებელია. საცხოვრებელი ფართობიდან გაიზომება ხმაურის დონე. დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდეა დაშვებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები – ასეა მითითებული ჩვენს ტექნიკურ რეგლამენტში. როცა ეს არ არის დაცული, ჩვენ შეგვიძლია რეაგირება,“ – გვითხრა  ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, თემურ ხოზრევანიძემ.

გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმა ბათუმის მერიამ პირველი ივლისიდან აამოქმედა და როგორც მერიაში აცხადებენ, პირველი ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე ბათუმში 51 კომპანია დააჯარიმეს ხმაურის გადაჭარბების გამო.

 

სამი 12-სართულიანი ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ადგილზე

შპს „სტატოტელი“ მახინჯაურში სარეკრეაციო ზონაში, ყოფილი სანატორიუმების – „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. კომპანიამ ბათუმის მერიას პროექტი განსახილველად უკვე წარუდგინა. პროექტის არქიტექტორი ბექა თოიძეა.

შპს „სტატოტელს“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კაპიტალ ჰოლდინგი“ ფლობდა. ამ დროისათვის კი „სტატოტელს“ შპს „MRMU  ინთერნეშანალი“ ფლობს. ახალი მფლობელის რეგისტრაციის ადგილად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოა მითითებული.

კომპანიის მიერ ბათუმის მერიაში წარდგენილ პროექტზე თანდართული ვიზუალური მასალის [რენდერი] მიხედვით, შენობა სამი 12-სართულიანი კარკასისგან შედგება, რომელსაც ერთი სართული აერთიანებს. ბათუმის მერიას პროექტის შესწავლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება აქვს დაწყებული. ამ პროექტის შესწავლა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მოუწევს, რადგან მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაშია დაგეგმილი.

ფოტო: პროექტის რენდერი
ყოფილი პანსიონატი „მზიური“

ჯამში 30 160 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 14 430 კვადრატული მეტრი შენობა კომპანიამ 2016 წლის აგვისტოში აჭარის მთავრობისგან, პირდაპირი წესით, 3 მილიონ 900 000 ლარად და პირობით შეისყიდა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, შპს „სტატოტელს“ ამ ადგილზე ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა უნდა დაეწყო, უკვე გადაცემულ შენობაში კი, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა გაეხსნა – კომპანიამ ათი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიხედვით, „სტატოტელს“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ამ დრომდეც უნდა დაეწყო, თუმცა ვალდებულებები დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა. სხვათა შორის, ეს ის კომპანიაა, რომელმაც ვალდებულებების დროულად ვერ შესრულება ისევ მთავრობას  დააბრალა, თუმცა მაინც აპატიეს და ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო ჩამოაწერეს.

ხედი 12-სართულიანი შენობების გარეშე და შენობების აშენების შემთხვევაში

„სტატოტელის“ ქონების ნაწილი – „მზიური“ და „მახინჯაური“, 2006 წელს  1 ლარად გადასცეს კომპანია „აჭარის კურორტებს“, სადაც ათი წლის წინ „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო. სახელმწიფომ „აჭარის კურორტების“ მფლობელი„სილქ როუდ ჯგუფისგან“ ეს ქონება 2016 წლის  აპრილში დაიბრუნა. 

ამის შემდეგ, „მზიურის“ ტერიტორია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 3 მილიონ ლარად ორჯერ გაიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მხოლოდ „მზიურის“ ტერიტორია იყიდებოდა, სადაც შემსყიდველს დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

ქონება არ გაიყიდა.

შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რომ „სტატოტელს“ ორივე ტერიტორია გაცილებით უკეთესი პირობებით – 3 მილიონ 900 000 ლარად გადასცეს, 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის პირობით.

შენიშვნა: სტატიაში თავდაპირველად ეწერა, რომ ამ დროისათვის „სტატოტელს“ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ფლობს. სინამდვილეში მფლობელი კომპანია ლონდონშია რეგისტრირებული.

 

ჯანმო ტუალეტების ხელმისაწვდომობისთვის ინვესტიციების გაზრდას ითხოვს 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კვლავ პრიორიტეტული რჩება საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა  სანიტარიაზე. ჯანმოს ბოლო განცხადებით, თუ ქვეყნები გააქტიურდებიან და არ ჩადებენ დიდ თანხას ამ მხრივ, ჯანმოს მიზანი, რომ 2030 წლისთვის ყოველ ადამიანს ჰქონდეს წვდომა სუფთა და უსაფრთხო ტუალეტზე, ვერ მიიღწევა.

ჯანმომ რამდენიმე დღის წინ ახალი გაიდლაინი დაამტკიცა, რომლის ამოქმედებით მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდება [არასათანადო სანიტარიისა და ჰიგიენით გამოწვეული] დიარეით გარდაცვალების შემთხვევები, რომელთა რიცხვი წელიწადში 829 ათასს აღწევს.

ჯანმო წერს, რომ ყოველი ერთი დოლარი ჩადებული სანიტარიაში, ზოგავს ექვს დოლარს, რაც იზომება მკურნალობაზე ნაკლები დანახარჯებით, პროდუქტიულობის გაზრდითა და შემცირებული ნაადრევი გარდაცვალებებით.

„მსოფლიოში 2.3 მილიარდი ადამიანი განიცდის სანიტარიის დეფიციტს [მათი თითქმის ნახევარი იძულებულია დეფეკაცია მოახდინოს ღია სივრცეში]. ისინი შედიან იმ 4.5 მილიარდ ადამიანთა რიცხვში, რომელთაც არ აქვთ წვდომა უსაფრთხო სანიტარულ-ჰიგიენურ სერვისებზე – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტუალეტთან, რომელიც შეერთებულია კანალიზაციასთან, ორმოსთან ან სეპტიკთან,“ – წერს ჯანმო.

UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოს სოფლებსა და დაბებში, შინამეურნეობათა უმრავლესობა მარტივ კოლექტორულ საპირფარეშოებს იყენებს, რომელთაც საკუთარი სახსრებით თვითონ უვლიან. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ საპირფარეშოებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების სათანადოდ დაცვა შესაძლებელია, საქართველოში ხშირად ისინი საკმარისად კარგად არ არის აგებული ან მოვლილი.

მაღალმთიან სოფლებში არ  არსებობს საკანალიზაციო კოლექტორებიდან ამოღებული ფეკალური მასების ჰიგიენური ნეიტრალიზაციის მომსახურება, რაც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და გარემოს.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ბათუმს ახალშემოერთებულ, ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, სადაც აქამდე არ არსებობდა წყლის ცენტრალური სისტემა, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის შექმნის სამუშაოები ახლახან დაიწყო. საკანალიზაციო სისტემა კი აქ ჯერაც არ არსებობს.

აჭარის სოფლებში საკანალიზაციო სისტემის გაყვანისთვის გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილია 40 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხისა და 3 მილიონი ევროს გრანტი, რომლის ათვისებაც 2020 წლამდე არ დაიწყება.

სწორედ 2020 წლიდან ვარაუდობენ სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის დაწყებას „აჭარის წყლის ალიანსში“, რომელიც „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას“ ახორციელებს. პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა პროექტის განსახორციელებლად საჭირო სესხის ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში გაფორმდა.

ტუალეტების სიმცირე ან არასათანადო ჰიგიენა პრობლემაა ტურისტებისთვისაც.გიდი გვანცა ფარქოსაძე ამბობს, რომ ტუალეტები პრობლემაა როგორც საქალაქთაშორისო გზებზე, ისე ქალაქებში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ [ან პირიქით] მოძრაობისას, ამხელა გზაა გასავლელი, მანქანას ვაჩერებთ ბენზინგასამართ სადგურებთან, მაგრამ არც იქ არის კარგი მდგომარეობა. ფასიანი ტუალეტებიც კი არ შეესაბამება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს. ტურისტები, ცხადია, უკმაყოფილებას გამოთქვამენ,“ – ამბობს ის.

2018 წლის, მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების  808, 437 ვიზიტი განხორციელდა – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

გიდების თქმით, ტუალეტები ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია მახუნცეთის ჩანჩქერთანაც. მძაფრი სუნისა და ანტისანიტარიის გამო ტურისტების ჯგუფებს შემდეგი დანიშნულების პუნქტამდე უწევთ მოთმენა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, წლის დასაწყისში ბათუმის მერიისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვნით, დეპარტამენტმა ტურისტულ სააგენტოებთან და გიდებთან ერთად მოიკვლია, თუ სად იქნებოდა სველი წერტილების განთავსებისთვის ხელსაყრელი ლოკაციები და რეკომენდაციის სახით რამდენიმე ადგილი შეარჩია, „თუმცა რამდენად მოხერხდება იმ ადგილებზე გაყვანილობის გაკეთება და სხვა დეტალები, დასადგენი იქნება“.

წლევანდელ ტურისტულ სეზონზე ბათუმს არც ერთი ახალი საზოგადოებრივი ტუალეტი არ დამატებია.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, სამინისტრო წელს საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილების მოწყობის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ბათუმი-ახალციხის მონაკვეთზე, ცენტრალურ მაგისტრალზე, საპიკნიკე გადახურული ადგილებისა და სველი წერტილების მოწყობას გულისხმობს. ასეთი ადგილის მოწყობა დასრულებულია ბობოყვათში. დანდალოში, ზამლეთსა და სახალვაშოში კი ეს სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

„მილიარდობით ადამიანი ცხოვროს ძირითადი სანიტარული სერვისის გარეშე.“ – თქვა ჯანმოს გაიდლაინის წარდგენისას ექიმმა მარია ნეირამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა. – “სხვადასხვა დაავადებების გადაცემა, მათ შორის ქოლერა, დიარეა, დიზენტერია, A ჰეპატიტი, მუცლის ტიფი და მოლიომიელი, დაკავშირებულია ბინძურ წყალთან და არასათანადოდ გამართულ კანალიზაციასთან. ცუდი სანიტარია ასევე ძირითადი მიზეზია  ისეთი დაავადებისა, როგორიცაა ნაწლავის ჭია”.

ახალი გაიდლაინის მიხედვით, სხვა რეკომენდაციებთან ერთად წერია, რომ  ჯანდაცვის სექტორმა  მეტი თანხა უნდა ჩადოს ამ სფეროში და შეასრულოს მაკოორდინირებელი როლი სანიტარიის დაგეგმვასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში. გარდა ამისა, ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სველი წერტილებისა და სანიტარიის საკითხები ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად იქცეს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის. იმისთვის, რომ 2030 წლისთვის ყველას ჰქონდეს წვდომა ჰიგიენასა და სანიტარიაზე, მსოფლიო ბანკის გათვლით, ინვესტიცია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში წელიწადში 114 მილიონ აშშ დოლარამდე უდნა გაიზარდოს.

 

მთავარი ფოტო: ჯანმო / ტუალეტი ნეპალში.

პროტესტი ხულოში – „თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, გზას გადავკეტავთ“

„ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლების ყურადღებას,“ – თქვეს დღეს ხულო-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე შეკრებილებმა. სოფელ ყინჩაურის მცხოვრებთა თქმით, ჰესის მშენებლობის შემდეგ სოფელში წყალი დაშრა, მიწა უვარგისი გახდა, ხოლო ცხოვრება  -საშიში.

„იყო დაპირება, რომ ყურადღებას მოგვაქცევდნენ, მაგრამ არავინ მოსულა… ბოლოს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ მივედით და სულ უფროსს შეგვახვედრეს,“ – გვიყვება სოფელ ყინჩაურში მცხოვრები რომან აბაშიძე.

„იმ კაცმა ნახა დოკუმენტები და გვითხრა, თქვენი სოფელი საერთოდ არაა ჩემს რუკებშიო. ეს რუკები ხელისუფლებამ შეადგინა და მაშინ მას მოსთხოვეთ პასუხი, ჰესი თქვენს სოფელს არ ეხებაო,“ – ამბობს რომან აბაშიძე.

მოქალაქეების თქმით, ჰესის მშენებლობის პროცესში სოფელში მეწყერიც გააქტიურდა. მათი თქმით, ამ დრომდე კომპენსაცია სოფელში არავის მიუღია და არც წყლის სისტემა მოუწყვია ვინმეს.

„სადრენაჟო სისტემა მაინც გაეკეთებიათ, რომ მიწა მოვრწყათ… ჩვენს მიმდებარე ტერიტორიაზე გადის გვირაბი და ასეა სხვა სოფლებშიც – ჩავარდა წყლები. ბოლოს ზურაბ პატარაძეს შევხვდით და დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ არაფერი. ეს გამაფრთხილებელი აქციაა. თუ ისევ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, პარასკევს მასშტაბური აქციის მოწყობას ვგეგმავთ, გზას გადავკეტავთ“, – გვითხრა რომან აბაშიძემ.

საპროტესტო აქციას დღესვე გამოეხმაურა „აჭარისწყალი ჯორჯია“. კომპანიაში განმარტეს, რომ „ჩირუხი-სხალთის“ გვირაბის სამუშაოები სოფელ ყინჩაურიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობდა და იგი 2016 წელს დასრულდა. ამის გამო ყინჩაურს კომპანია პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ არსებულ სოფლად არ განიხილავდა, თუმცა „აჭარისწყალ ჯორჯიამ“ 2017 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, სოფელში გეოდეზიური წერტილების დამონტაჟება დაიწყო.

„აღნიშნული მონიტორინგის მონუმენტების პირველადი მონაცემები შემდგომი მონიტორინგის წარმოებისათვის გადაეცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ამავდროულად, აქტიური სამშენებლო პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი თემის და ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, კომპანია ასევე აწარმოებდა რეგულარულად წყაროს წყლის დაკვირვებას სოფელ ყინჩაურში. ბუნებრივი წყლების მონიტორინგის შედეგები კვარტალურად ეგზავნებოდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2014-2016 წლებში,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიასგან“ მივიღეთ.

წერილში ჰესის მშენებელი კომპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ „შუახევიჰესის“ მშენებლობა მთავრობის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება და პროექტის განხორციელებაში ჩართულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

რა დაადგინა მთავრობამ სოფელში წყალთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ? – ხულოს მერიის წარმომადგენელმა სოფელ ყინჩაურში რაულ მახარაძემ გვითხრა, რომ კვლევები ჩატარდა, მაგრამ შედეგების შესახებ მან ზუსტად არაფერი იცის. „მერი გეტყვით, ზუსტად რაც დადგინდა,“ – გვითხრა მან.

სოფელ ყინჩაურის პრობლემებზე კომენტარს ხულოს მერი გოჩა მელაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგვპირდა. მას ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით. მოგვიანებით გოჩა მელაძემ მობილური ტელეფონი გამორთო.

ხულოში გამართულ საპროტესტო აქციას ჯერ არ გამოხმაურებია აჭარის მთავრობა.

„შუახევიჰესის“ ერთ-ერთი გვირაბი გასული წლის ზაფხულში ჩამოიშალა. ამ დროისთვის გვირაბის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ინფორმაციით, ჰესი 2019 წლის მეორე ნახევრიდან უნდა ამოქმედდეს.

დღეს რა ვჭამოთ? – ბავშვები 25-ე ბატალიონიდან (ფოტოამბები)

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, მეცხრე შესახვევი, ყოფილი 25-ე ბატალიონი – ეს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთა დასახლებაში მცხოვრები 200-ზე მეტი ბავშვის ოფიციალური მისამართია. მათი მშობლები მეექვსე წელია, რაც ამ ადგილას დასახლდნენ. ზოგი სიღარიბეს, ზოგი უსახლკარობას, ზოგიც მეწყერს გამოექცა და ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ქოხი ააშენა.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, გაზრდილია საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობაც. დღეისათვის უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ საქართველოში ბავშვების 6.8% ცხოვრობს.

სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ სრულფასოვან კვებაზე. ბათუმის გარეუბანში, ყოფილ 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს და მათი ძირითადი შემოსავალი სწორედ ის შემწეობაა, რომელსაც სახელმწიფო უხდის. აქ მცხოვრები ბავშვების საკვები რაციონი კი, უფასო სასადილოს მენიუზეა მიბმული. ბავშვებმა ზეპირად იციან მენიუ და ისიც, თუ რომელ დღეს რა კერძი იქნება. არავის უყვარს ორშაბათი, რადგან ორშაბათი ნიშნავს კატლეტის ულუფას, რასაც ბავშვები არ ჭამენ. უყვართ სამშაბათი, რადგან სამშაბათი ნიშნავს, რომ უფასო სასადილოს მენიუში სოსისია, ყველაზე გემრიელი საჭმელი ბავშვებისთვის.

ლორა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ლორა 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ყველა კუთხე-კუნჭულს იცნობს. ადგილი, სადაც ქოხები და ბეტონის ოთხკუთხედი სახლები დგას, ჭაობიანია. ზოგი ქოხი ისეა ერთმანეთზე მიდგმული, მხოლოდ ვიწრო გასავლელია მათ შორის. ლორასა და მის „რაზმთან“ ერთად მოვხვდით ყველა ოჯახში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.

მაშ ასე, რითი იკვებებიან ბავშვები, როცა სკოლის შემდეგ სახლში ბრუნდებიან: ზოგისთვის ეს სადილი გამოდის, ზოგისთვის ვახშამი, რადგან სხვადასხვა ცვლაში სწავლობენ და საჭმელსაც განსხვავებულ დროს ჭამენ.

ლორა და მათე

ლორა 7 წლისაა, მისი ძმა მათე ორი წლის. მათი სადილი უფასო სასადილოდან მოტანილი ხორციანი ფლავია.  ლორას ოჯახი, ერთ-ერთია იმ სამასი ოჯახიდან, რომელიც  ბათუმში, 25-ე ბატალიონის დასახლებაში ცხოვრობს. ლორა ამბობს, რომ რამე განსაკუთრებული კერძი არ აქვს, რადგან „ყველაფერი უყვარს“.

ლუნა და მისი კატა ნიკო

ლუნა სამი წლისაა. მისი სადილი მაკარონის სუპი, პური და კატლეტია. ლუნას კატლეტი არ უყვარს, ისე როგორც არცერთ ბავშვს დასახლებიდან, ვისაც შევხვდი. სამაგიეროდ კატლეტი უყვარს ნიკოს – ლუნას კატას. ისინი მეგობრები არიან. ბაღიდან დაბრუნებულ ლუნას კატა კართან ელოდება, მერე კი სასადილო მაგიდასთან თავისი წილი კატლეტის მიღებას უცდის. ლუნას ორშაბათს შევხვდი. ლუნა ამბობს, რომ ყველაზე მეტად სამშაბათი უყვარს. სამშაბათობით სოციალურ სასადილოში, საიდანაც მის ოჯახს საკვები მოაქვს, მენიუში სოსისია. ლუნას ოჯახს სამი სოსისი ერგება. მართალია, სახლში ოთხი სული ცხოვრობს, მაგრამ მისი და, ლანა, ჯერ პატარაა. 3-წლამდე ბავშვებისთვის კი უფასო სასადილოს საკვები გათვალისწინებული არაა. ლუნა ამბობს, რომ დედიკოს და მამიკოს სოსისები არ უყვართ, ამიტომ ყველა მას რჩება.

ოთიკო და დიანა

ოთიკო 6 წლისაა, დიანა 8 წლის. სკოლიდან დაბრუნებისას სახლში კატლეტი და პიურე დახვდათ.

ნინო და მარიამი

ნინო და მარიამი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ორივეს ბებია ზრდის. მათი ვახშამი პური და შემწვარი კვერცხია.

ხატია და მარიკა

ხატია ხუთი წლისაა, მარიკა ექვსის. მათი ვახშამი ჩაი და პურია. კიდევ ქაში, რომელიც ბავშვებს დიდად არ უყვართ. მათი დედა, ინგა ამბობს, რომ სოციალურ დახმარებას ვერ ღებულობენ, რადგან შემოწმების შედეგად „მაღალი ქულა მიღეს“. ინგას თქმით, ხშირად მეზობლები აძლევენ მორჩენილ საჭმელს – საკვები ამ ოჯახებსაც უფასო სასადილოდან მოაქვთ.

დაჩი

დაჩი სამი წლისაა. მისი ვახშამი პური, მაკარონის სუპი და მაწონია. სახლში კატლეტიც აქვთ, რომელიც დაჩის არ უყვარს და იშვიათად ჭამს.

ენრიკე

ენრიკე სკოლიდან ახლახანს დაბრუნდა. მისი სადილი სხვა ბავშვების მსგავსად კატლეტი და პიურეა.

ანა, მარიამი და მაკა

სკოლიდან დაბრუნებულ ანას, მარიამსა და მაკას სადილად სუპი და პური დახვდათ.


ანეტა და ლიზი

ანეტა და ლიზი 9 წლის ტყუპი დები არიან. მათი საყვარელი საჭმელია ყიყლიყო და კარტოფილი. კიდევ მაკარონი. სახლში სადილად კატლეტი და პური დახვდათ. ანეტას ყველაზე მეტად ბანანი უყვარს. გოგონები ამბობენ, რომ ბანანი ბოლოს „შარშან ჭამეს“.

არაოფიციალური მონაცემებით, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქედან 300 არასრულწლოვანია.

არა ჩაბეტონებას – „ბათომი“ პეტიციით საკრებულოსა და კულტურის სამინისტროს მიმართავს

პეტიციით – „არა ჩაბეტონებას“ ორგანიზაცია „ბათომი“ ბათუმის საკრებულოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავს. პეტიციის მოთხოვნები ოთხი პუნქტისგან შედგება:

  • ბათუმის საკრებულომ უახლოეს კვირაში მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც განიხილავს და შეითანხმებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას კვლევის შედეგად დადგენილ საზღვრებში

იგულისხმება კომპანია „გეოგრაფიკის მიერ“ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც მერიამ ისტორიული ბათუმის დაცვის ზონის საზღვრები დაადგინა.

  • ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებამდე შეჩერდეს დემონტაჟისა და სამშენებლო ნებართვების გაცემა კვლევის შედეგად დადგენილ საზღვრებში
  • დაუბრუნდეს მწვანე კონცხის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი
  • ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი პროექტები შეათანხმოს საჯარო განხილვისა და დისკუსიის შედეგად, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს

აქ „ბათომი“ გულისხმობს იმ ნაკვეთს, რომელსაც ბათუმის საკრებულომ ორი კვირის წინ სარეკრეაციო ზონის სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსით შეუცვალა. ამ ნაკვეთზე კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ 27-სართულიან მშენებლობას გეგმავს.

პეტიცია ელექტრონულადაა გამოქვეყნებული და მასზე ხელმოწერა ყველა მსურველს შეუძლია. პეტიციის წარსადგენად საჭიროა 2207 ხელმოწერა.

იმავე თემაზე:

საქართველოს მთავრობამ 1 თვის წინ შექმნილ კომპანიას მწვანე კონცხზე მიწა პირდაპირ მიჰყიდა

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

გაუუქმებს თუ არა პარლამენტი 31 დეკემბრამდე მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიებს

დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ ინსტიტუტმა საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც შეეხება რელიგიური უმცირესობებისთვის საგადასახადო შეღავეთებისა და სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლებას.

საკონსტიტუციო სარჩელი ქონებრივ  და საგადასახადო კანონმდებლობაში ამ უთანასწორობის აღმოფხვრას ეხებოდა.

„საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი ამბობდა, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია იყო გათავისუფლებული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან მაშინ,  როცა სხვები ამ გადასახადს იხდიდნენ.

მეორე ნაწილი ეხებოდა ქონების შესახებ კანონს, რომელიც ამბობდა, რომ სახელმწიფოს შეუძლია მისცეს უსასყიდლოდ სახელმწიფო ქონება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, მაშინ როცა სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის არ შეეძლო მიცემა.

საკონსტიტუციო სასამართლომ, ამ ორივე ნაწილში დაადგინა დისკრიმინაცია და უთხრა პარლამენტს, რომ 2018 წლის 31 დეკემბრამდე ეს პრობლემა აღმოფხვრას“, – ამბობს „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი, გიორგი ნონიაშვილი.

ნონიაშვილის განმარტებით, დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციით, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება, იყოს სახელმწიფო ქონების შემძენი უსასყიდლოდ.

„ასევე, ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია, მოხატვით მხოლოდ დომინანტური რელიგია სარგებლობს.  მსგავსი პრივილეგიები კი არ გააჩნია სხვა რელიგიურ დენომინაციებს“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტს შეუძლია უთანასწორობა გამოასწოროს ორი გზით – უნდა გაათანაბაროს ყველა რელიგიური ორგანიზაცია ამ პრივილეგიებთან მიმართებაში ან მართლმადიდებელ ეკლესიასაც ჩამოართვას ქონებრივი და საგადასახადო პრივილეგია.

„თუკი პარლამენტი მართლმადიდებელ ეკლესიას გაუთანაბრებს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, მაშინ ეს ორგანიზაციებიც ასევე შეძლებენ რელიგიური დაწესებულებების, სამლოცველოების  მშენებლობას, რესტავრაციას, მოხატვას დღგ-ს გარეშე და მეორე მხრივ, ეს მათ შესაძლებლობას გაუჩენს, მიიღონ სახელმწიფო ქონება, თუ სახელმწიფომ ეს მიიჩნია საჭიროდ“.

ნონიაშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ რელიგიურ უმცირესობებს 18 პროცენტით უფრო იაფი დაუჯდებათ ფუნქციონირება, ვიდრე აქამდე, ისევე როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას.

საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული სარჩელის წარმოება მიმდინარეობდა 2016 წლიდან. რელიგიური უმცირესობების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავდა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კანონის ეს ორი ნორმა არაკონსტიტუციურად 3 ივლისს ცნო.

TDI-ის შეხვედრა ბათუმის ამერიკულ კუთხეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის  21 საათიდან  10  ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21  – 26  გრადუსი  
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23  გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  7-12 დმ (2-3 ბალი).

11 ოქტომბერს, ხუთშაბათს, ღამით მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა დღისით, მომდევნო 2 დღეს კი – უნალექო ამინდი.

_____________

მანანა ქველიაშვილის ფოტო 

შენდება თუ არა ძველ ბულვარში ახალი 50-სართულიანი კორპუსი

ძველ ბულვარში მიმდინარე ახალ მშენებლობასთან ბრიფინგი დღეს, 9 ოქტომბერს, გელა დეკანაძემ გამართა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მას ეჭვი აქვს, რომ კომპანია „ბათუმი ამბასადორი“ ბულვარში იჯარით გადაცემულ ადგილზე ორსართულიანი კაფეს ნაცვლად 50-სართულიან კორპუსს აშენებს.

„სხვა კუთხით გაუგებარია, რატომ მუშაობს აქ ბაუერის მძიმე ტექნიკა, რატომ ჩადიან მიწის სიღრმეში 80 მეტრი. ორსართულიანი რკინის კონსტრუქციის კაფეს დადგმას, რაც საინფორმაციო დაფაზეა გამოკრული, ეს სამუშაოები არ სჭირდება. ჩვენი ინფორმაციით, კომპანია კორუფციულ გარიგებაში შევიდა მერიასთან და აქ მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. ესაა კამუფლაჟი, რომ თითქოს მხოლოდ კაფეს აკეთებენ“, – აცხადებს გელა დეკანაძე.

„პროექტი არ შეცვლილა და მის შეცვლას არ ვაპირებთ,“ – გვითხრა „ბათუმი ამბასადორის“ იურისტმა, გოჩა კამკიამ. მისი თქმით, ბულვარში კომპანია მხოლოდ ორანჟერეას ტიპის ორსართულიან კაფეს აშენებს, რომლის მშენებლობაც მომავალი წლის იანვრამდე დასრულდება.

რატომ დასჭირდა მრავალსართულიანი სახლის ტექნიკა კომპანიას ორსართულიანი კაფეს საძირკვლის მოსამზადებლად? – გოჩა კამკიამ გვიპასუხა, რომ მძიმე ტექნიკა საძირკვლის გამყარებისთვის მუშაობს, რადგან ქანები გეოლოგიურად არამყარია.

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე, ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრსაც აშენებს. პროექტის მიხედვით, ცენტრი ორსართულაინი უნდა იყოს. ამის შესახებ „ბათუმელები“ 2018 წლის 22 ივნისს წერდა. მაშინ კონკრეტული ბიზნესმენები ამბობდნენ, რომ „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ მათ ავიწროებდნენ.

შპს „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ფლობს  1203 კვ.მ. მიწის ფართობს, ასევე, ამ ქონების მიმდებარედ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან გაფორმებული საიჯარო შეთანხმებით – 224 კვ/მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. კომპანიას სარგებლობაში გადასცეს ასევე კიდევ ერთი, 117 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი ბულვარში და მასზე დამაგრებული შენობა – 199 კვ/მეტრი. სწორედ ამ ადგილას იგეგმება ახალი კაფეს მშენებლობა.

კომპანია 2017 წლის სექტემბერში რუსეთის მოქალაქემ, ალექსანდრე ფრიდმა დააფუძნა. ის იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი და დირექტორი. უფრო ადრე, 2015 წელს მას საქართველოში კომპანია „ბბუ ჯორჯია“, 2016 წელს კი  -„ ჩემი დრონები“ დაუფუძნებია. ის არის ასევე კომპანია „ჯორჯიან ვეი“-ს დამფუძნებელი და ორმოცდაათი პროცენტის მფლობელი, ალექსანდრე ფრიდი ფლობს ასევე შპს „სიგმა ქეპიტალ პარტნერს“.

2017 წლის სექტემბერშივე კომპანიის წილებში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა. ამ დროისთვის კომპანიის დამფუძნებელი წილებში საერთოდ აღარ ფიქსირდება და კომპანიას რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია და ვართან ვართანოვი იყოფენ. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული.

ახალი კაფეს მაკეტი

 

აკვნის ჯოხით რძლის ცემისთვის დედამთილი 600 ლარით დააჯარიმეს

რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა საპირისპირო ჩვენებები მისცეს. დედა-შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

შემთხვევა ზაფხულში, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, სიტყვიერი შელაპარაკება თავდაპირველად დედამთილსა და ოჯახში სტუმრად მყოფ რძლის დას შორის დაიწყო. აკვანთან მჯდომმა რძალმა საკუთარი დის გაჩუმება სცადა.

დაზარალებული ქალი: „აკვანთან ვიჯექი, ისინი შელაპარაკდნენ… მე ხელით ვუჯიკე ჩემს დას, გაჩერდი-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა… ამ დროს დივანზე იწვა ჩემი ქმარი, წამოდგა და გაშლილი ხელი სახეში ორჯერ დამარტყა, მობილური ტელეფონიც ორჯერ ჩამარტყა თავში…“

დედამთილი: შევლაპარაკდით და ჩემი რძლის და გამოექანა ჩემკენ, რძალმაც ტელეფონი მესროლა. მე ხან ერთს ვურტყამდი ხელს, ხან – მეორეს, ამიტომაც წავიქეცი, თავი რომ დამეცვა, აკვნიდან ჯოხი გამოვაძრე და ვიგერიებდი, არ დამირტყამს… დაზიანებები რძალმა ალბათ დივანზე წაქცევის დროს მიიღო“.

დაზარალებულის ქმარი: „ჩემი ცოლის და გაიწია დედაჩემისკენ, რა დროსაც დედა ოდნავ შეეხო ხელით, წადი, თავი დამანებეო. დედამ არტახის ჯოხი გამოიღო და იგერიებდა ჩემს ცოლს. მე გაშველების მიზნით მოვხვიე ხელები ორივეს და ერთად წავიქეცით დივანზე სამივე, რა დროსაც მიიღო ალბათ დაზიანება ჩემმა ცოლმა. მე მობილური მისთვის თავში არ ჩამირტყამს. მერე ორივეს მოვკიდე ხელი მაჯაზე და გავუშვი გარეთ…“

დაზარალებული ქალის მამა: „ტელეფონზე დამირეკეს შვილებმა, სახლიდან გამოგვყარეს და ჯოხით გვცემესო…“

მოსამართლე დავით გელაშვილმა დედა-შვილის ჩვენება სარწმუნოდ არ მიიჩნია, რადგან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს სხეულზე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება ჰქონდა, რასაც დივანზე დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა.

საქმეშია ასევე მობილური ტელეფონი, რომელზეც ასევე შეიმჩნევა დაზიანებები – ეკრანი გაბზარული იყო.

პროკურატურამ დედა-შვილს ოჯახში ძალადობის მუხლით წაუყენა ბრალი, რომლის მიხედვითაც ქალზე ძალადობა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა. მოსამართლემ საქმის განხილვის დროს საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა ერთი მუხლის “დ“ და „ე“ გაასამართლა ბრალდებულები. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დანაშაული არასრულწლოვნის თანდასწრებით არ მომხდარა. „დგინდება, რომ ბავშვს ამ დროს ეძინა,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

მოსამართლე დავით გელაშვილის გადაწყვეტილებით დაზარალებული ქალის ქმარს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ის მანამდე ასევე ოჯახში ძალადობისთვის იყო გასამართლებული და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

რაც შეეხება დედამთილს, მას მოსამართლემ 250 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა 600-ლარიან ჯარიმასთან ერთად. თუმცა ჯარიმამ, როგორც უფრო მკაცრმა სასჯელმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შთანთქა. რძლის ცემისთვის გასამართლებულ დედამთილს მხოლოდ 600 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

„ნივთმტკიცება – მობილური ტელეფონი და ხის ჯოხი დაუბრუნდეს მესაკუთრეებს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში“, – ესეც განაჩენშია აღნიშნული.

 

 

22 ვაკანსია ბათუმის საბავშვო ბაღებში – საკონკურსო ბარიერი 186-დან ექვსმა გადალახა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებში პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში 186 პირი მონაწილეობდა, თუმცა აქედან ბარიერი მხოლოდ 6-მა კონკურსანტმა გადალახა.  კონკურსის შედეგების მიხედვით, 22 ადგილი ისევ ვაკანტურია.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღის გამგის პოზიციაზე ბარიერი ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ გადალახა. უფროსი აღმზრდელის პოზიციაზე ბარიერი დაძლია მხოლოდ ერთმა, ხუთმა კი ბარიერი აღმზრდელის პოზიციაზე გადალახა.

ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტებს 50 კითხვიდან 35-ზე უნდა გაეცათ სწორი პასუხი.

„დღეს იკრიბება საკონკურსო კომისია და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ან თავიდან გამოვაცხადებთ კონკურსს, ან ბარიერს დავწევთ. თუმცა მე არ ვარ ბარიერის დაწევის მომხრე,“ – ამბობს შამილიშვილი.

მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც საბავშვო ბაღებში მომუშავე ადამიანები, ასევე სხვა მსურველებიც: „ასობით განცხადებაა შემოსული, ძალიან ბევრ ადამიანს სურდა დასაქმება. კადრების შერჩევის პროცესი რომ გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ კონკურსის ჩატარება“.

„ახალი სტანდარტები დამტკიცებულია. არსებობს სააღმზრდელო პროცესის ახალი სტანდარტიც, აღმზრდელის სტანდარტიც ახალია და ამის საფუძველზე შევუკვეთეთ ტესტები, რომლებიც დამზადდა თბილისში ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და მათვე ჩაატარეს ტესტირებაც, ჩვენ მხოლოდ შედეგები მოგვაწოდეს,“ – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

ისინი, ვინც ბარიერი გადალახეს, გაივლიან მესამე ეტაპს -გასაუბრებას.

პირველი ეტაპი, ანუ დოკუმენტების გადარჩევა ვერ გადალახა 154-მა კონკურსანტმა.

მამუკა შამილიშვილის თქმით, „კონკურსში სულ 186 პირი მონაწილეობდა, თუმცა განაცხადი იყო 714. რადგან ერთ კონკურსანტს რამდენიმე პოზიციაზე ჰქონდა განაცხადი შემოტანილი.“

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, განმეორებითი კონკურსი გასაუბრების შემდეგ გამოცხადდება.

ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ექსპორტი 13 %-ით გაიზარდა

ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ) გავიდა ექსპორტზე, რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია.ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  22% შეადგინა.

ექსპორტი გაიზარდა ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა: იაპონია – 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი – 32% (2465541) და დიდი ბრიტანეთი – 22% (67310).

ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა ევროპისა და ამერიკის მიმართულებითაც: რუმინეთი – 39% (84 654), ჩეხეთი – 69% (31050), ნიდერლანდები – 47% (60309), გერმანია – 22% (349216), ლიეტუვა – 18% (331620), ესტონეთი – 16% (420704), კანადა -13% (119418), საფრანგეთი – 11% (107126), ლატვია – 9% (1245324) და ა.შ.;

ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი – 80% (120294), ყირგიზეთი – 54% (179610), ყაზახეთი – 30% (2658224), მონღოლეთი – 44% (162390),უკრაინა – 27% (6746598), ბელარუსი 13% (1188822), რუსეთი – 11% (37064677) და სხვა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში შედის რუსეთი (37 064 677 ბოთლი), უკრაინა (6 746 598), ჩინეთი (4 821 937), ყაზახეთი (2 658 224) და პოლონეთი (2 465 541).

ამასთან, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 10% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 287 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 96%. სულ ექსპორტირებულია 824 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 222,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.

მთავარი ფოტო:  ღვინის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქგვერდიდან

იანვრიდან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალების წესი ამოქმედდება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე და ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებული იქნება, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს თანხის დამრგვალების მეთოდით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალება უნდა მოხდეს მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

[checklist]

  • 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
  • 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
  • 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
  • 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 10-მდე.

[/checklist]

„დამრგვალების პრინციპის შესაბამისად, ფასები თითოეულ პროდუქტზე/მომსახურებაზე რჩება უცვლელი და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ფასების საერთო ჯამურ ღირებულებაზე,“ – აღნიშნულია სების დადგენილებაში.

2021 წლის იანვრიდან საქართველოში 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღებაც დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე.

2021 წლის ბოლომდე, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის პირველი იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით.

„ჩემი შვილი ციხეში მოკლეს“ – ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

„ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელობა გამოიძიოს… ბოლოს როცა მქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან, ისევ თვითმკვლელობა ახსენეს. სტრასბურგის სასამართლომ თუ არ დაიჯერა ეს ვერსია, მე რატომ უნდ მჯეროდეს? 2005 წლიდან დღემდე ველი სამართალს, რომელიც არ ჩანს… ჩემს შვილს ციხის საკუჭნაოში არ მოუკლავს თავი, ის მოკლეს,“ – ამას ბათუმელი სვეტლანა ცინცაბაძე ამბობს. იგი მთავარ პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი შვილის საქმეზე საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს.

„ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღო, სადაც რამდენიმე ადგილას ნახავთ შეფასებას: „სასამართლო გაკვირვებულია“. 7 წლის წინ ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვეტილი საქმის ხელახლა გამოძიება დაავალა. სამი თვის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს მისწერა, რომ გამოძიების შეწყვეტას აპირებს.

29 წლის ზურაბ ცინცაბაძე ხონის მე-9 დაწესებულების საკუჭნაოში ჩამომხრჩვალი 2005 წლის 30 სექტემბერს იპოვეს. საქმეშია ერთ-ერთი პატიმრის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან თოკზე ჩამოკიდებულ პატიმარს  ჯერ კიდევ ცოცხალს მიუსწრო, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოასწრო. ციხის ადმინისტრაციის უფროსმა იმავე საღამოს დაურეკა გარდაცვლილი პატიმრის მამას და უთხრა, რომ მისმა შვილმა თავი ქალის გამო მოიკლა.

მალევე დაიდო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, ზურაბს მხოლოდ ჩამოხრჩობის შედეგად კისრის არეში ჰქონდა დაზიანება. ახალგაზრდა პატიმრის ცხედარი ბათუმში გადმოასვენეს, სადაც მშობლებმა შვილის სხეულზე სხვა დაზიანებებიც აღმოაჩინეს.

„მხოლოდ სახე იყო დაზიანების გარეშე, თავის ქალა ჩამსხვრეული ჰქონდა. ეტყობა, როცა სცემდნენ, მას ხელები ჰქონდა აფარებული… ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზა დავნიშნეთ. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ზურას ყელის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა დაზიანება მიყენებული,“ – გვიყვება სვეტლანა ცინცაბაძე.

გარდაცვლილის მშობლების ვერსიით, ზურაბ ცინცაბაძეს სხვა პატიმრები გაუსწორდნენ, რაც ციხის ადმინისტრაციამ უყურადღებოდ დატოვა: „ისინი ითხოვდნენ ფულს „ობშიაკისთვის“. მერე გაირკვა, რომ ზურაბი 80 ლარის გამო მოკლეს… უფრო სწორად, სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ. მერე წაიღეს და თოკზე შემოკიდეს,“ – ამბობს სვეტლანა ცინცაბაძე.

ციხის ადმინისტრაცია და შემდეგ უკვე პროკურატურა შემთხვევის დღიდანვე თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობდა. თუმცა საქმეში რამდენიმე კითხვა, მათ შორის, საკუჭნაოს ეპიზოდი გამოძიებამ ღიად დატოვა, რამაც წლების შემდეგ ევროსასამართლოც „გააკვირვა“.

  • საგამოძიებო ჩანაწერების მიხედვით, ციხის საკუჭნაოს კარი დაზიანებული იყო და პატიმარმა იქ შესვლა მარტივად მოახერხა. სამართალდამცველებს არც თითის ანაბეჭდი აუღიათ და არც ის ნივთები დაულუქავთ, რაც საკუჭნაოში შესულებს დახვდათ, მაგალითად, წაქცეული სკამი.

სასამართლო ასევე გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ გამომძიებლებმა არ აიღეს თითების ანაბეჭდები სკამებიდან, ბოქლომიდან, კარებიდან ან საკეტიდან, რათა შეედარებინათ გარდაცვლილის ანაბეჭდებისათვის. სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ამგვარი მარტივი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი საგამოძიებო ზომა მნიშვნელოვნად შეცვლიდა ფაქტებს იმის შესახებ, თუ როგორ შევიდა ზურაბ ცინცაბაძე დაკეტილ ოთახში და თავად მოამზადა თუ არა თავის ჩამოხრჩობა. სამწუხაროა, რომ საოლქო პროკურორის ნათელი და გამოსადეგი ინსტრუქციის მიუხედავად, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა თავი არ შეიწუხა გამოევლინა და დაეკითხა ხონის ციხის დაცვის თანამშრომელი, რომელიც 2005 წლის 30 სექტემბრის ღამეს მორიგეობდა, ზედამხედველობდა საწყობს და შესაბამისად, შეეძლო მიეცა ჩვენება, როდის და ვისთან ერთად შევიდა პატიმარი ამ ოთახში,“ – აღნიშნულია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

  • საქმის მასალების მიხედვით, ზურაბის ექსპერტიზაზე გადაყვანის შემდეგ მორგის თანამშრომელმა მაცივრების ოთახში წერილი იპოვა. წერილში პატიმარი ყოფილ მეუღლეს – ნინოს წერს, რომ უყვარს და მის თურქეთში წასვლას ვერ გადაიტანს. გამოძიების ვერსიით, ეს წერილი ზურაბის დაწერილია, თუმცა წერილმა რამდენიმე გარემოების გამო მიიქცია ევროსასამართლოს ყურადღება: წერილს პატიმარი მეუღლეს სწერს, მაგრამ ზურაბის მეუღლეს მაკა ერქვა; წერილის ბოლოს მიწერილია თარიღი – 28 ოქტომბერი, პატიმარი კი 30 სექტემბერს გარდაიცვალა. გამოძიებისთვის სარწმუნო აღმოჩნდა ვერსია, რომ პატიმარს, რომელიც თვითმკვლელობას აპირებდა, თარიღი აერია. გამოძიებას ასევე არ გაუცია პასუხი კითხვისთვის: რატომ ვერ აღმოაჩინეს იგივე წერილი გამომძიებლებმა საკუჭნაოში 30 სექტემბერს და საიდან მოხვდა წერილი მორგის მაცივარში, სადაც ცხედარი ტანსაცმლის გარეშე შეაქვთ.

სასამართლო თვლის, რომ ამ მტკიცებულების სანდოობა მცირეოდენ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს. უპირველეს ყოვლისა, წერილი გარდაცვლილის სიკვდილის შემდეგ, 2005 წლის 30 სექტემბრის შემდეგი თარიღით იყო დათარიღებული და გამომძიებლის განმარტება, რომ გარდაცვლილს „უდავოდ“ შეეშალა თვეები, მხოლოდ ვარაუდია. ასევე, კიდეც რომ
დაშვებულ იქნეს თარიღის შეშლის მოსაზრება, შეუსაბამოა ვიფიქროთ, რომ პატიმარს დაავიწყდა თავისი ყოფილი მეუღლის სახელი და ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ მისი სიყვარულით ის თვითმკვლელობამდე მივიდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის ყოფილი მეუღლის სახელი იყო მაკა, სავარაუდო წერილი კი ვინმე ნინოს სახელზე იყო დაწერილი. თუ წერილი მომჩივნის მეგობარ ნინოს ეძღვნებოდა, რომელიც, როგორც ითქვა, თანხას უგზავნიდა მომჩივნის შვილს ციხეში, მაშინ გაუგებარია, გამომძიებელი რატომ არასოდეს მივიდა ამ ქალბატონთან და არ გამოარკვია მათ შორის არსებული ურთიერთობა. უფრო მეტიც, როგორც მომჩივანმა რამდენჯერმე აღნიშნა, უწყებებმა ვერ შენიშნეს, რომ მისი შვილის სხეულის აღმოჩენისთანავე გარდაცვლილის ტანსაცმლის ჯიბეები ციხის თანამშრომლებმა შეამოწმეს და მხოლოდ 3 ნივთი აღმოაჩინეს – სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და ტკივილგამაყუჩებელი აბი. გამომძიებლებმა არც იმის შემოწმებაზე შეიწუხეს თავი, თუ რამდენად შესაძლებელი იყო გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლიდან ამოვარდნილი წერილი მთელი თვის განმავლობაში შეუმჩნევლად გდებულიყო მორგის მაცივარში,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ვიდრე სვეტლანა ცინცაბაძე ევროსასამართლოს მიმართავდა, გამოძიება საქართველოში თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე მუშაობდა. გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით ორ თვეში – 22 ნოემბერს საოლქო პროკურორმა ზურაბ ცინცაბაძის საქმე დახურა „მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო“.

პროკურორს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა, თუმცა უშედეგოდ. სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლობის მოტივით არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 2006 წელს სვეტლანა ცინცაბაძემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. ამ დღიდან მოქალაქის ინტერესს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

ნინო ჯომარჯიძე, საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ეფექტური გამოძიებისთვის ყველა რესურსი ისევ არ გამოიყენა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. იურისტი ყურადღებას ამახვილებს ასევე კვალიფიკაციაზე, რითაც გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ გამოძიება განახლდა, ანუ 2011 წელს. გამოძიება ისევ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ამავე წელს სამსახურებრივი გულრილობისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხონის ციხის იმდროინდელ უფროსს, ის დღემდე მიმალვაშია… 2015 წელს საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს და დღემდე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს. სამოხელეო დანაშაული გულისხმობს ამ შემთხვევაში ძირითადად ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულის გამოვლენას და არა პატიმრების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს. ამ მუხლით ვერ გამოვლინდება ის ვერსია, რაზეც გარდაცვლილის ოჯახი, ასევე ერთ-ერთი პატიმარი საუბრობს,“ – გვითხრა ნინო ჯომარჯიძემ.

პატიმარი, რომელიც „ქურდულ ობშიაკზე“ საუბრობს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია, როგორც X. ამ პატიმარმა პირველად სახალხო დამცველს დაუდასტურა, რომ გარდაცვლილის მამას დაურეკა და უთხრა, რომ თუკი დაწესებულებას შეუცვლიდნენ და საფრთხე აღარ ექნებოდა, სიმართლეს ილაპარაკებდა. ამ პატიმარმა მოგვიანებით სამართალდამცველებსაც უთხრა, რომ ზურაბს ციხეში კონფლიქტი ჰქონდა და მას „ობშიაკისთვის“ ფულს სთხოვდნენ.

განახლებული გამოძიების პროცესში გამომძიებლებმა ის ექსპერტიც დაკითხეს, რომელმაც 2005 წერს დაწერა, რომ ზურაბს ყელის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა დაზიანება მიყენებული. ამჯერად ექსპერტს უთქვამს, რომ ეს დაზიანება შესაძლოა ყულფის მიერ მიყენებული დაზიანებით ყოფილიყო გამოწვეული.

„მისი ნათქვამი მთლიანად ეწინააღმდეგება დასკვნას, რომელიც მან 2005 წელს დადო. გაუგებარია, თავდაპირველ ვარიანტში რატომ ახსენა მან ბლაგვი საგანი, ან პირიქით. საგამოძიებო ორგანოებმა დამატებით საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ ფაქტის გადასამოწმებლად, რაც არ მომხდარა,“ – გვიყვება საია-ს იურისტი, ნინო ჯომარჯიძე.

„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა-დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენების, ნივთმტკიცებებისა და საჭიროებისამებრ გვამის გაკვეთის შესასრულებლად, რომელიც ზუსტად აღწერს დაზიანებას და კლინიკური აღმოჩენების, მათ შორის, სიკვდილის მიზეზის ობიექტურ ანალიზს უწყობს ხელს,“ – წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

როგორ სრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამას ყოველწლიურად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ამოწმებს. ამ კომიტეტს ხელისუფლება ასევე ყოველწლიურად უგზავნის ანგარიშს და სამოქმედო გეგმას.

„ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი იუსიტიციის სამინისტრომ კომიტეტს ანგარიში ივლისში გადაუგზავნა. იქ აღნიშნულია, რომ ვერ ხერხდება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის დადგენა, რადგან შემთხვევიდან ძალიან დიდი დროა გასული და მოწმეები არ საუბრობენ, ან ზოგიერთი მათგანი უკვე გარდაცვლილია. წერილში აღნიშნუალი, რომ შესაძლოა გამოძიება შეწყდეს… კომიტეტისთვის მოსაზრების წარდგენა მხარესაც შეუძლია. ჩვენ წერილი კომიტეტს 30 აგვისტოს გავუზაგვნეთ, სადაც ვამბობთ, რომ ჯერ კიდევე არსებობს რესურსი ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს საია-ს იურისტმა ნინო ჯომარჯიძემ.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქმეებზე, სადაც ეფექტური გამოძიების პრინციპი არის დარღვეული, სექტემბერში დახურულ სხდომაზე იმსჯელა. ამ საქმეებს შორის იყოს ზურაბ ცინცაბაძის საქმე. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვიტა მინისტრთა კომიტეტმა ზურაბ ცინცაბაძის საქმეზე. ამ ორგანოს გადაწყვეტილება უახლეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს.

თუკი კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველო თავს არიდებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, ევროსაბჭოს შეუძლია პოლიტიკური, ეკონომიკური, ან დიპლომატიური სანქციების ამოქმედება.

 

 

 

 

 

 

 

იხეირა თუ არა სუს-მა და აჭარის მთავრობამ მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შეძენით 

დღეს, 8 ოქტომბერს, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით განცხადება გააკეთა უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, მედეა ვასაძემ. მისი განცხადებით, კითხვის ნიშნებს აჩენს 2015 წელს სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხa, რითაც შეიძინეს ქონება, რომელიც შემდეგში მუსლიმთა სამმართველოს გადასცეს სარგებლობის უფლებით. მედეა ვასაძის ინფორმაციით, შეძენილი ქონების ღირებულება არ შეუფასებია აუდიტის სამსახურს.

„აჭარის მუსლიმთა სამმართველოს ჰქონდა მოთხოვნა, რომ მათთვის შეძენილიყო შენობა-ნაგებობა სამმართველოს გამართული ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 4 მილიონი ლარი. ამ თანხამ გაიარა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ხელშემკვრელ მხარედ გამოვიდა რეგიონის სამინისტრო და თითქოსდა 4 მილიონად შეიძინა ანგისის დასახლებაში ორი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.

აღნიშნულ გარიგებას თან არ ახლავს აუდიტის შეფასება ქონების რეალურ მდგომარეობაზე. გადახდილ თანხასა და ამ ქონების რეალურ ფასს შორის ისეთი შეუსაბამობაა, გვაქვს ვარაუდი, რომ ორი მილიონი ლარი დაილექა მაღალჩინოსანთა ჯიბეებში,“ – აცხადებს მედეა ვასაძე.

„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე განმარტების მისაღებად მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. გვაინტერესებდა, არის თუ არა ამ ქონების შესყიდვებში სახელმწიფო აუდიტის დასკვნა და ასევე ის, თუ ზუსტად რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან იმ ქონების შესყიდვაში, რომელიც შემდეგ მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა სარგებლობის უფლებით.

აჭარის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროსგან ამ დრომდე ვერ მივიღეთ კითხვებზე პასუხი.

თუმცა, „ბათუმელების“ არქივში ინახება განკარგულება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მუსლიმთა სამმართველოსთვის ერთ-ერთი შენობა და მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2 263 500 ლარად მოქალაქე გულნარა მიქელაძისგან შეიძინა. მთავრობამ გულნარა მიქელაძის ქონება იყიდა 2015 წელს.

ამავე განკარგულების მიხედვით, კიდევ ერთ შენობაში მთავრობას 1 000 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

მედეა ვასაძე

მედეა ვასაძემ დღეს, 8 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, სამუფთო სამმართველოსთვის ქონების შეძენის გარიგებაში უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

„ამ გარიგებაში აქტიურად იყო ჩაბმული აჭარის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ვასილ (უჩა) შანიძე,  რომელიც შემდეგ ამ თანამდებობიდან გადაიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. ვფიქრობ, რომ ის დღესაც აგრძელებს მუშაობას.

მისი უშუალო მფარველია საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს სერიოზულ სკანდალებშია გახვეული.

მუსლიმთა სამმართველოსთვის შესყიდული ერთ-ერთი შენობის მესაკუთრე კავშირშია ვასილ შანიძესთან, რადგან ჭავჭავაძის ქუჩაზე როცა დაიწყო მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა, ამ სახლებში იმ სახლის ყოფილ მფლობელს შესყიდული ჰქონდა რამდენიმე ბინა, რომელიც შემდეგ საკუთრებაში გადაეცა ვასილ შანიძეს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხები არის შეუსაბამო“.

რამდენად რეალურია მედეა ვასაძის განცხადების მეორე ნაწილი? როგორც „ბათუმელებმა“ შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე გაარკვია, გულნარა მიქელაძის მეუღლე და უჩა შანიძის ოჯახი მართლაც გადაიკვეთა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გულნარა მიქელაძის მეუღლე ჰარუნ მიქელაძე ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფლობდა მიწის ნაკვეთს, რომელიც 2012 წელს შპს „ბათმშენს“ მიჰყიდა პირობით. რეესტრის დოკუმენტებით ჩანს, რომ შემსყიდველს – შპს „ბათმშენს“ ჭავჭავაძის 34 ნომერში, ახალაშენებულ მრავალფუნქციურ სახლში ორი ბინა უნდა გადაეცა ჰარუნ მიქელაძისთვის. იმავე მისამართზე  ორი – 119.70 კვადრატული მეტრი და 68.30 კვადრატული მეტრი ბინა ჰარუნ მიქელაძეს მართლაც გადასცა „ბათმშენმა“. ჰარუნ მიქელაძემ ეს ქონება დაირეგისტრირა 2013 წელს. ეს ორივე ბინა კი უჩა შანიძის ოჯახის წევრმა – ანანო შანიძემ ჰარუნ მიქელაძისგან შეიძინა 2014 წელს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ვასილ (უჩა) შანიძესაც, რომელიც აცხადებს, რომ მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესყიდვის საკითხში „იმ დოზით იყო ჩართული, რა დოზითაც სამსახურებრივად ევალებოდა. დანარჩენი გადაწყდა ხელისუფლების დონეზე“.

უჩა შანიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, არის თუ არა შემთხვევითობა ჰარუნ მიქელაძის ოჯახთან მისი ურთიერთობა [ერთი მხრივ, როცა მუსლიმთა სამმართველოსთვის შენობა იყიდეს ბათუმში, ანგისის დასახლებაში და მეორე მხრივ, როცა მისმა ოჯახის წევრმა იმავე პირისგან ორი ბინა შეიძინა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე]. მაგრამ უჩა შანიძისთვის ამ კითხვის დასმა ვერ მოვახერხეთ. მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ „(მედეა ვასაძე) სისულელეს ამბობს. ეს თემა გავლილია პროკურატურაშიც, ანტიკორუფციულ სამსახურშიც, ასე რომ ქალბატონი მედეა რეალობას მოწყვეტილია“.

მთავარი ფოტო: შენობა, რომელიც აჭარის მთავრობამ 2 263 500 ლარად გულნარა მიქელაძისგან შეიძინა და სარგებლობაში მუსლიმთა სამმართველოს გადასცა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აგროსასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2018“ 12-14 ოქტომბერს გაიმართება

2018 წლის 12-14 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“, კომპანია „GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-8 საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2018“.

გამოფენაში მონაწილე კომპანიები სამი დღის განმავლობაში თავიანთ პროდუქციას მომხმარებლებს გააცნობენ და ამავდროულად რეკლამირებასაც გაუწევენ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გააფორმონ თანამშრომლობის მემორანდუმი.

GEONET EXPO საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა. მისი ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაა. „Agro Batumi 2018“ ფართო მასშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და ეფექტური ხდება.

 

რას ყვებიან ახალსოფელში გარდაცვლილი მოქალაქის პოლიციელთან დაპირისპირებაზე

პოლიციისა და მოქალაქეების ვერსია ახალსოფლის ინციდენტზე განსხვავებულია. გუშინ, 7 ოქტომბერს, ახალსოფლის მოსახლეობამ მაგისტრალი მას შემდეგ გადაკეტა, როცა დასახლების ცენტრში 60 წლის ალექსი ლეონიძე გარდაიცვალა.

„ის განერვიულებული იყო იმის გამო, რომ პოლიციელი ხელით შეეხო, მომქაჩაო, ასე თქვა,“ – გვიყვება რამაზ სურმანიძე. ის ახალსოფლის დასახლების ცენტრში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობს და ალექსი ლეონიძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა.

„ყველა როლანდს ვეძახდით… მასწავლებელი კაცი იყო და პატივს ვცემდით. ამ ბოლო წლებში სკოლა მიატოვა და პროდუქტების მაღაზია გახსნა აქვე… გუშინ ღამით ყვირილის ხმა მომესმა და გამოვიხედე. როლანდის სახლი აქვეა, სუპერმარკეტების უკან. გამოვედი და როლანდი მოდიოდა აქეთკენ გაბრაზებული… მითხრა, რომ ბავშვები დატოვა ბებიასთან და იქედან ბრუნდებოდა მანქანით. ჭიშკართან მისულს გზა ჩაუკეტა თურმე პატრულმა. პოლიციელმა ალკოტესტის ჩატარება მოსთხოვა. ამას უთქვამს, ავად ვარ, გული მაწუხებს, სახლში შევალ უცებ, წამალს დავლევ და გამოვალო. პოლიციელებს ხელი მოუკიდიათ და ამაზე იყო გაბრაზებული, ეს როგორ მაკადრესო.

როლანდი სახლში აღარ შესულა, მე ასე მითხრა, არც წამლები დაულევია. პატრულს როცა უსაყვედურა, იქვე მეზობლის რამდენიმე ბიჭს გამოუვლია და პატრულს დაუწყეს ლაპარაკი, ასე რატომ იქცევითო. როლანდი ალკოტესტზეც გაატარეს და აღმოჩნდა, რომ ნასვამი არ იყო. პოლიციელები ჭიშკართან დატოვა და წამოვიდა აქეთ, რადგან მისი ცოლი სუპერმარკეტში იყო. ეს ამბავი მითხრა, ასე-ასე იყოო და წავიდა ცოლის მარკეტისკენ. იქ შესვლა ვეღარ მოასწრო, ტროტუარზე წაიქცა და მაშინ გამოვიძახეთ სასწრაფო, ნახევარი საათი დააგვიანდა, ექიმები რომ მოვიდნენ, როლანდი უკვე აღარ იყო,“ – ამბობს ახალსოფლის მკვიდრი, რამაზ სურმანიძე.

შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ცნობით, პატრულის თანამშრომლებმა რამდენჯერმე მოსთხოვეს ალექსი ლეონიძეს ავტომანქანის გაჩერება გადამოწმების მიზნით, რაზეც მოქალაქემ უარი თქვა. მოქალაქის სახლთან ალკოტესტის შემოწმებით დადგინდა, რომ ალექსი ნასვამი არ იყო. პოლიციის ცნობით, მოქალაქეებმა სამართალდამცველებს დახმარებისთვის ამ შემთხვევიდან დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მიმართეს.

გუშინვე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა დაიწყო და პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

„ჩვენ რატომ დავურეკვადით პატრულს, აქ იყვნენ და ბიჭები რომ დაელაპარკნენ, წავიდნენ… მოქალაქეებმა სასწრაფო გამოვიძახეთ მხოლოდ,“ – ამბობს შოთა პატარაძე.

მოქალაქეების თქმით, პოლიციელი ა. ლ. ფიზიკურად შეეხო გარდაცვლილს და ამის თვითმხილველიც არსებობს, თუმცა ადგილზე ვერ გვითხრეს, უშუალოდ ვინ დაინახა პოლიციელისგან მოქალაქეზე შეხების ფაქტი.

„სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა, წაბიძგა და რა უფლებით მომექცა ასეო, ამას ამბობდა თურმე… თუ წინააღმდეგობა გაუწია ადამიანმა პოლიციელს და სახლში მისი შეშვება არ უნდოდა, ჩაეწერათ მანქანის ნომერი და მოეთხოვათ მერე პასუხი,“ – გვითხრა რეზო ფუტკარაძემ.

მოქალაქეები ასევე გააღიზიანა შსს-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გუშინ, 7 ოქტომბერს, „ბათუმელებს“ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში უთხრეს, რომ ადგილზე მისულ სამედიცინო ბრიგადას მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.

ახალსოფელში მცხოვრებლები გასაუბრების დროს არ მალავენ იმას, რომ მათ მოქალაქის ნათქვამის უფრო სჯერათ, ვიდრე პოლიციელის, თუმცა ვერ ხსნიან კონკრეტულად რა ფაქტები განაპირობებს უნდობლობის სამართალდამცველების მიმართ.

გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას კონკრეტულმა პოლიციელებმა – დღეს უკვე ამის გარკვევა პროკურატურამ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:

„საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში უწყებამ ასევე დაადასტურა, რომ მოქალაქემ ავტომანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიყვანა და შემდეგ გაიარა ალკოტესტირება. მოქალაქესთან დაპირისპირების შესახებ შსს არ საუბრობს.

„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე, მოქალაქემ უარი განაცხადა შემოწმებაზე, ავტომანქანა შეიყვანა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითონ კი დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და მხოლოდ ამის შემდეგ, თანხმობა განაცხადა შემოწმებაზე,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი ფოტო: ბათუმი, ახალსოფლის ცენტრი, სადაც 7 ოქტომბერს მოსახლეობა შეიკრიბა და მაგისტრალი გადაკეტა.

 

 

 

 

ავარია პუშკინის ქუჩაზე – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 17:00 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა.

სასწრაფოს ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა პირმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება. „საავადმყოფოში არავინ არ გადაგვიყვანია“.

შსს ინფორმაციით, „სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, ერთი ადამიანია დაშავებული და გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ავარია პუშკინის ქუჩაზე.
ფოტო: ნაირა ქობულაძის.

 

 

72 წლის მხედარი 18 ცხენს და 30 ბავშვს წვრთნის

დილის ოთხ საათზე დგება, 5 ცხენს ავარჯიშებს, ამასობაში ბიჭებიც მოდიან და დანარჩენ ცხენებსაც ავარჯიშებენ. 72 წლის ცხენოსანი, პავლე კაპანაძე სამტრედიის საცხენოსნო კლუბის არაბული, ინგლისური და ამერიკული ჯიშის 18 ცხენს უვლის. მთელი დღე 8-დან 18 წლამდე ახალბედა ცხენოსნებს ავარჯიშებს. როგორც პავლე კაპანაძე გვეუბნება, თუ, მაგალითად, ინგლისურ ცხენს სამი დღე არ ავარჯიშებ, მთელი წლის შრომა წყალში იყრება, მის სასურველ ფორმაში ჩადგომას  კი შემდეგ სამთვიანი ძალისხმევა სჭირდება.

72 წლის მხედარი უკვე 55 წელია დოღში მონაწილეობს და ჯირითობს, 38 წელია სამტრედიის საცხენოსნო კლუბის დირექტორად მუშაობს. ეს კლუბი 1968 წელს მამამისმა დააარსა. ცხენოსანია პავლე კაპანაძის შვილიც – გივი კაპანაძე. ჯირითი მათთვის საოჯახო, ტრადიციული სპორტის სახეობაა.

სამტრედიის გარდა საცხენოსნო კლუბები არის ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, სამტრედიაში, აბაშაში, ხონში, ქუთაისსა და თბილისში.

ჯირითი და ცხენოსნობის შესწავლა იაფფასიანი სიამოვნება არ არის. სხვადასხვა საცხენოსნო კლუბში ცხენით ერთსაათიანი გასეირნების ფასი 20 ლარიდან იწყება. 12 გაკვეთილის ფასი კი ერთი თვის განმავლობაში 180-დან 300-მდე ლარია. ფასები ბავშვებისა და უფროსებისთვის განსხვავებულია.

პავლე კაპანაძე სამტრედიის საცხენოსნო კლუბში ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ასწავლის ცხენოსნობას. ამბობს, რომ ასე ამ სპორტის ტრადიციულ სახეობას თაობიდან თაობას გადასცემს.

„სქოლიოზით დაავადებული ბევრი ბავშვი მოჰყავთ ჩვენთან, ფული ბავშვებს როგორ უნდა გამოვართვა? ვისაც უნდა და როცა უნდა შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ცხენით გაისეირნოს. ერთი ეს არის, რომ დამოკიდებულება შეიცვალა: ადრე ახალგაზრდები რომ მოდიოდნენ კლუბში, ცხენის თოკით გასეირნების ნებართვა რომ აეღოთ ერთი საათით, ამისთვის 6 თავლას დაასუფთავებდნენ, დააკრიალებდნენ, ახლა ზოგიერთი შემოდის და მედიდურად მეუბნება „გამიწყე უნაგირი, დამიდგი ცხენზე“, საწყენია,“ – ამბობს პავლე კაპანაძე.

გამოცდილი ცხენოსნის თქმით, თავლაში დაბმულ ცხენს თუკი არ ავარჯიშებ, დღეში 6 კგ. საკვები სჭირდება. რეკომენდებულია ბეწვის ხშირად გაწმენდა, შხაპის მიღება. პავლე კაპანაძე ამბობს, რომ ცხენი პატრონს მოვლის პროცესში ეჩვევა.

„ადამიანივით ესმის ცხენს ყველაფერი, აბა, რა არის? ვკითხავ ჩემს ცხენს: ფაცურა, შაქარი გინდა? – და დამიქნევს თავს, მინდაო.

მერე ვკითხავ: როზგი თუ გინდა-მეთქი და გააქნევს უარის ნიშნად – არაო.

სამტრედიის საცხენოსნო კლუბში ფაცურას გარდა სხვა ცხენებიც ჰყავთ სახელად: ასპარეზი, ქუჭია, ბროლიანი, ლურჯა, ბავარია, ხორუმი, ციყვი, პუმა და სხვები.

სამტრედიის საცხენოსნო კლუბი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია. როგორც კლუბის დირექტორი ამბობს, 18 ცხენის სრულფასოვან მოვლა-შენახვას წელიწადში დაახლოებით 32 ათასი ლარი სჭირდება, სახელმწიფო კი მათ 24 ათასზე მეტს  ვერ ურიცხავს.

პავლე კაპანაძე: „ტენდერს როცა გამოაცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოში მოსავლიანობისას ვყიდულობ თივას და მარცვლეულს – მხოლოდ ამას ჰყოფნის წლიდან წლამდე 24 ათასი ლარი. თივისა და მარცვლეულის გარდა ცხენს სტაფილო, ხილი, წამლები, მოვლის საშუალებები სჭირდება. ჩემი ხელფასი თვეში 320 ლარია. 200 ლარი ოჯახში მეხარჯება, 120 ლარს ცხენების წამლებს ვახმარ: კრემები კიდურების დაზიანების დროს, ნემსები, ჭიის წამლები… ათასი რამეა საჭირო.

ერთხელ კვიცს დედა მოუკვდა და რძის გარეშე დამრჩა. სახლში ძროხა გვყავს, მოვწველიდით და კვიცს ვასმევდით რძეს, ასე გადავარჩინეთ და გავზარდეთ“.

ცხენების სიცოცხლის ხანგრძლივობა გარდა მოვლა-პატრონობისა, შეფერილობაზეცაა დამოკიდებული. შავი ცხენი ყველაზე ცოტა ხანს – 20 წელიწადს ცოცხლობს. შავი ფერი მზის სხივებს შთანთქავს და ყველაფერი ორმაგად მოქმედებს ცხენზე. წაბლისფერი და ოქროსფერი ცხენები 25 წელს ცოცხლობენ. ყველაზე დიდხანს კი – 35 წელიწადს თეთრი ცხენი ცოცხლობს. როგორც პავლე კაპანაძე გვეუბნება, ცხენის 1 წლის სიცოცხლე ადამიანის 5 წლის სიცოცხლეს უდრის.

ბავშვებს 8-9 წლიდან თავისუფლად შეუძლიათ ისწავლონ ცხენოსნობა. ცხენი კი 2 წლის როგორც გახდება, 1200-მეტრიან დისტანციაზე ჯირითისთვის ამზადებენ. 3 წლის ცხენები უკვე დიდ დოღებშიც იღებენ მონაწილეობას.

პავლე კაპანაძე იხსენებს დროს, როცა აფხაზეთის საცხენოსნო კლუბებთან ერთად ხშირად იმართებოდა დოღი და ისინდი. კლუბები იყო გაგრაში, სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელში, გულრიფშსა და გალში.

„ხშირად ტარდებოდა დოღი ქართველებისა და აფხაზების მონაწილეობით, ძმებივით ვიყავით. არეულობის პერიოდშიც კი ორჯერ ჩამოვიდა სოხუმის ცხენოსანთა გუნდი, ორჯერ ჩამოვიდა ოჩამჩირის გუნდი, გუდაუთის, გალის გუნდები ჩამოვიდნენ 92-93 წლებში.

მე ისინი ტყვიას არასდროს მესვრიან და არც მე ვესვრი. ალბათ ყველამ რაღაც დავაშავეთ, არ ვიცი რა მოხდა, რამ დაგვაშორა. ნეტა, ის დრო დადგებოდეს, ცხენოსნობა გახდეს ჩვენი დამაკავშირებელი სპორტი“, – ამბობს 72 წლის ცხენოსანი.

ქედის მერია ხანდაზმულებს ასაჩუქრებს

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქედის მერია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტრადიციულად თბილი სამოსითა და ტკბილეულით  ასაჩუქრებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს.

წელს დასაჩუქრდება 1927-1928 წლებში დაბადებული 43 ადგილობრივი.

პროგრამისთვის ქედის თვითმმართველობამ 3 350 ლარი გამოყო.

პროგრამის მიზანია ხანდაზმულების სოციალური სტიმულირება და მათზე ზრუნვა. იმავე მიზნით მიმდინარე წელს ქედის მერიამ 20 უხუცესი მოიალაღე დაასაჩუქრა.

გარდა აღნიშნული პროექტებისა, მუნიციპალიტეტში  მოქმედებს  „შინ მოვლის“ პროგრამაც.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჯაში დაინიშნა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ლევან ჯაში დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი იყო. ლევან ჯაში თორნიკე რიჟვაძეს რჩევებს საზოგადოებასთან ურთიერთობების და სოციალურ საკითხებში აძლევდა.

ლევან ჯაში 2013-2016 წლებში არჩილ ხაბაძის თანაშემწედ მუშაობდა. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ჟანგბადის“ დამფუძნებელი და დირექტორია. პოლიტიკური ოპოზიცია ამ ორგანიზაციას ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციად მოიხსენიებდა.

ამავე თემაზე:

„ლექციას ვერ წაგიკითხავთ“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი მრჩეველი

შს სამინისტროს ახალი განცხადება ახალსოფელში მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე

შს სამინისტრო წუხელ, 7 ოქტომბერს, ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2018 წლის 7 ოქტომბერს სოფელ ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის (მათ შორის სამხრე კამერების ჩანაწერების) პირველადი შედეგებით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები მოძრაობდნენ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სოფელ ახალსოფელში, რა დროსაც შენიშნეს ავტომანქანა „ფორდი“ სახელმწიფო ნომრით DBT- 834, რომელსაც მართავდა მოქალაქე ა.ლ., დაბადებული1957 წელს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით აღნიშნულ მოქალაქეს მოსთხოვეს მანქანის გაჩერება.

მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე, მოქალაქემ უარი განაცხადა შემოწმებაზე, ავტომანქანა შეიყვანა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითონ კი დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და მხოლოდ ამის შემდეგ, თანხმობა განაცხადა შემოწმებაზე.

ვინაიდან გადამოწმების შედეგად მოქალაქე ა.ლ.-ს არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა და განაგრძო პატრულირება სამოქმედო ტერიტორიაზე. მოქალაქე ა.ლ. კი დარჩა თავის საცხოვრებელ სახლთან.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, საპატრულო პოლიციას დასახმარებლად მიმართეს მოქალაქეებმა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. პატრულ-ინსპექტორებმა, დახმარების მიზნით, დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მოქალაქე ა.ლ. გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა“.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. „გამოძიების დასრულებამდე, პატრულ-ინსპექტორებს შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება“.

 

სალომე ზურაბიშვილი – გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში

გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე შეკრებილებს. მისი თქმით, სურს ძალიან ახლო ურთიერთობა საზოგადოებასთან.

„ვიქნები ევროპის შემომტანი ქვეყანაში და არა მხოლოდ იმის ლოდინში, თუ როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, რაც უთუოდ მოხდება. ქვეყანაში უნდა დავიწყოთ იმ სტანდარტების შემოტანა, რომელიც გახდის ისეთი დონის ქვეყანას, როგორიცაა ევროპის სხვა ქვეყნები და რისთვისაც ჩვენი მოქალაქეები მიდიან, რათა ნახონ ის კომფორტი, სტანდარტები, უსაფრთხოება და დაცულობა, რაც აქ გვინდა. ამიტომ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, სწრაფად, პარლამენტთან, მთავრობასთან, საზოგადოებასთან – ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს გადმოვიტანოთ და აღარ დაველოდოთ რაღაცებს.

ამასთან, გარეთ იმაზეც უნდა ვიმუშაოთ, რომ სწორედ ევროკავშირის დაახლოება მოხდეს უფრო სწრაფად და მოვითხოვოთ მათთან მოლაპარაკებებში ცოტა მეტი, რასაც ვითხოვთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება. ამიტომ, მჭირდება მე თქვენთან ძალიან ახლო ურთიერთობა. მათგან კარგად უნდა ვიცოდეთ, რა როგორ შეიძლება ვითხოვოთ, თუ როგორ უნდა ვითხოვოთ, ამაზე მკითხეთ მე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახალი იდეებითა და ინოვაციებით უნდა წავიდეს ქვეყანა წინ.

„მე არ ვიქნები ზეპრეზიდენტი, არც ვიქნები, ვერც ვიქნები, არც ვაპირებ და არც არის ჩემს ხასიათშია, თუმცა ჯიუტი, ამბობენ. ვერ ვიქნები ის ზეპრეზიდენტი, როგორც ზოგჯერ ითხოვენ ქვეყანაში რომ გავდივარ და მით უმეტეს, რეგიონებში რომ არის მოლოდინი – მოვა მხსნელი, მოვა ის, ვინც გვეტყვის, რომ ყველაფერი გვეშველება. არც არაფერი გვეშველება, თუ არ ვუშველით ჩვენს თავს. იმისთვის ვიქნები თქვენი პრეზიდენტი, რომ ერთად ვუშველოთ.

მე მექნება ინიციატივები, მოსაზრებები, რადგან 66-ს 5 რომ მოვაკლოთ, 61 წელია, რაც ვფიქრობ იმაზე, რა სჭირდება ამ ქვეყანას და თქვენც ასევე, არ ვარ ერთადერთი. ვიცი, რომ თითოეული ქართველი ყოველდღე ფიქრობს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს. ამაზე ერთად ვიმუშაოთ. თქვენ რაც იფიქრეთ, მე რაც ვიფიქრე და რა მოცემულობაც არის დღევანდელ მსოფლიოში, ახალი იდეები, ინოვაციები, ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, ამით წავალთ წინ.

არ ვიქნები სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი. გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან. თბილისსა და რეგიონებში უკვე დავპირდი. ორჯერ მოვიარე თითქმის მთლიანად მთელი ქვეყანა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ეს მარათონი. ყველგან ვპირდები, რომ ჩამოვალ არჩევნების შემდეგ, რადგან ეს დიალოგი და მოსმენა მაშინ ხდება, როდესაც იქნება სხვა ფორმის შეხვედრები და არა ის, რაც ხდება დღეს – სადაც მისმენთ, მაგრამ მე ვერ გისმენთ. 29 ოქტომბრიდან მე თქვენ მოგისმენთ.

ამ ყველაფრისთვის მოვდივარ როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. მთავარია, რომ მინდა, რადგან მთელი ცხოვრება და ჩემი მშობლები მოვდიოდით იმ იმედით, რომ ეს ქვეყანა ძლიერია, დამოუკიდებელი იქნება და უნდა გავაძლიეროთ, უნდა გვწამდეს ამ ქვეყნის. არ უნდა ვფიქრობდეთ ყოველდღიურად – ვაიმე, პატარა ვართ, მხოლოდ 3 მლნ 700, ჩვენს ირგვლივ ასეთი ძლიერი იმპერიებია და მსოფლიო, სადაც გლობალიზაციაა, რა გვეშველება გლობალიზაციის პირობებში, ჩვენი ენა, იდენტობა, როგორ უნდა გავაღწიოთ და როგორ უნდა გავძლიერდეთ. ეს დამოკიდებულია ჩვენს რწმენაზე. ჩვენი თავის თუ არ გვწამს და არ გვჯერა, სხვა არავინ დაიჯერებს. მაშინ ყველა მტერი ჩვენზე ძლიერი იქნება. თუ დავიჯერებთ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და გარედან დანახული საქართველო არის იმ 10%-ში ქვეყნებისა, რომელსაც აქვთ ძალიან დიდი რესურსი, ნიჭი, ბევრი საშუალება და პოტენციალი, ამიტომ უნდა გვჯეროდეს ჩვენი, გვჯეროდეს ჩვენი მომავლის და ერთად საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შსს ახალსოფელში მძღოლის გარდაცვალებაზე: ფაქტის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო

შს სამინისტრომ პირველი კომენტარი გააკეთა ბათუმში, ახალსოფლის ხიდთან მომხდარი შემთხვევის შესახებ.

„მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ახალსოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. მანქანის მძღოლი, 1957 წელს დაბადებული ა.ლ. ალკოტესტით შემოწმდა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს,რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო.

დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.“ – აღნიშნულია შს სამინისტროს წერილობით კომენტარში, რომელიც „ბათუმელებს“ პრესსამსახურმა მოაწოდა.

დღეს, 7 ოქტომბერს, ახალსოფლისკენ მიმავალი ავტომანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა გადასამოწმებლად. მოსახლეობის თქმით, მძღოლმა საპატრულოს თანამშრომლებს სთხოვა, გაეშვათ, რომ სახლში მისულიყო და წამალი დაელია, რაზეც მას უარი უთხრეს. მოკლე ხანში მოქალაქე გარდაიცვალა. მოსახლეობა მომხდარზე პასუხისმგებლობას საპატრულოს ეკიპაჟს აკისრებს.  აქ სპონტანური აქციაც გაიმართა – მოსახლეობამ საპატრულო პოლიციის მოქმედება გააპროტესტა და მაგისტრალი გადაკეტა.

ბათუმში, ახალსოფლის ხიდთან მოსახლეობამ მაგისტრალი გადაკეტა – პროტესტი პატრულის წინააღმდეგ

ბათუმში, ახალსოფლის ხიდთან მოსახლეობამ მაგისტრალი გადაკეტა. ისინი საპატრულო პოლიციის მოქმედებას აპროტესტებენ.

“სახლში ბრუნდებოდა ახალგაზრდა კაცი ავტომანქანით და პატრულმა გააჩერა გადამოწმების მიზნით. მოქალაქე ითხოვდა, სახლში მივალ, წამალს დავლევ და გამოვალო, რაზეც პატრულმა უარი უთხრა… ადამიანი ცუდად გახდა და გარდაიცვალა ადგილზე”- უთხრა “ბათუმელებს” ახალსოფელში მცხოვრებმა გოჩა სურგულაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობა სპონტანურად შეიკრიბა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, თუმცა მაგისტრალი ამ დრომდე ჩაკეტილია ორივე მიმართულებით.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. თუმცა ოჯახის მოთხოვნით იგი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაასვენეს.

ამავე თემაზე: შსს ახალსოფელში მძღოლის გარდაცვალებაზე: ფაქტის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო

80 ტონა თევზი წელიწადში – დელფინარიუმის ბინადართა კვების რაციონი

შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის დელფინარიუმის ბინადარი ზღვის ძუძუმწოვრებისთვის 2018 წელს, მთლიანობაში, 80 ტონა კარგი ხარისხის სხვადასხვა სახეობის თევზია საჭირო.

ყოველდღიურად დელფინებსა და ზღვის ლომებს, არსებული რაციონის მიხედვით, 200 კილოგრამამდე ცხიმიანი და ნაკლებ ცხიმიანი სხვადასხვა დასახელების თევზი სჭირდებათ. „აუცილებელია რაციონში ჩართული იყოს კალმარი და გვქონდეს თევზის დიდი ასორტიმენტი,“ – აღნიშნულია ზღვის ძუძუმწოვართა 2018 წლის რაციონში:

კვების რაციონი 2018 წლისთვის ბათუმის დელფინარიუმის დელფინებისა და ზღვის ლომებისთვიოს / რაციონი 2017 წლის დეკემბერში დამტკიცდა

შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 10 ტონა თევზის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში 3 პრეტენდენტი მონაწილეობდა. თუმცა სატენდერო კომისიამ სამივეს დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. შესაბამისად, ეს ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით.

10 ტონა დამუშავებული და შენახული [გაყინული] თევზი მოივას მოწოდებაზე [1 კილოგრამ თევზში უნდა ამოვიდეს 25-40  ერთეული თევზი] ცენტრმა ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 35 ათასი ლარია.

ამ ტენდერის დასრულებამდე კი ცენტრი 5900 კგ გაყინულ თევზს [30 დღის საკვები მარაგი], ტენდერის გარეშე შეისყიდის.

„ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა მიმდინარე ტენდერის დასრულებამდე ორგანიზაციის ბინადართა გამოსაკვებად [შერჩევა/შეფასების ეტაპისა და ხელშეკრულების მოსამზადებელი პერიოდის გათვალისწინებით] – აღნიშნულია ცენტრის მიერ შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

კვების რაციონი ბათუმის დელფინარიუმში და გაყიდული ზღვის ლომები

 

თურქეთი, ირანი, რუსეთი – რომელი ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში (ინფოგრაფიკა)

„ბათუმელებმა“  საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, თუ უცხო ქვეყნის რამდენმა მოქალაქემ დაუკავშირა ბოლო ორი წლის განმავლობაში თავისი მომავალი საქართველოს. ამ მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 16 სექტემბრიდან 2018 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა მიუღია 15 229 უცხო ქვეყნის მოქალაქეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი – 6 447 მოქალაქეობის მიმღები პირი არის რუსეთიდან, 298 თურქეთიდან, 194 კი ირანიდან.

ამ პირებს საქართველოში აქვთ ხმის მიცემის უფლება.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ასევე აქვთ იმ პირებსაც, ვინც ორმაგი მოქალაქეობის სტატუსი მოიპოვა. ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ  58 143 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიუმართია. ამ სტატუსის მფლობელი სრული უმრავლესობაც – 41 631 პირი არის რუსეთის მოქალაქე, 2 336 თურქეთის მოქალაქე, ხოლო 525 ირანის მოქალაქე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 

ვიდრე იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ მონაცემების დეტალურ ანალიზს შემოგთავაზებთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის ერთ ნაწილზე გავამახვილებთ ყურადღებას: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაგალითად, პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ 88 097 ხმა მიიღო და პარლამენტში ექვსი დეპუტატი შეიყვანა. მაშინ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიანი ბარიერის დაძლევა უწევდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ბარიერი სამპროცენტამდე შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თეორიულად, პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი იქნება იმ ოდენობის ხმები, რუსეთის რამდენმა მოქალაქემაც მოიპოვა საქართველოში საარჩევნო ხმის უფლება ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ამ ოდენობით [რუსეთი] მოქალაქეების საქართველოში შემოდინება არ ფიქსირდება არც ერთი სხვა ქვეყნიდან. ამის მიუხედავად, საქართველოში არსებობენ ჯგუფები თუ პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ყველაზე მეტად მიგრაცია აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იზრდება.

მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სულ ახლახან ფეისბუქში წერდა, რომ „ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები“.

უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების შეზღუდვაზე საუბრობდა თბილისის მერი კახა კალაძეც. მან განაცხადა, რომ უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის უფლება იმ შემთხვევაში უნდა გაიცეს, თუ ისინი სულ ცოტა ასი ათასი დოლარის ქონებას შეიძენენ. „ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, შემდეგ კი, ფიქტიურად, სხვა პირზე გადააფორმებს. კანონის მიხედვით, ეს ადამიანებიც ანალოგიურად იღებენ ბინადრობის უფლებას. ანუ ისინი ე.წ კარუსელს ატრიალებენ. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,” – თქვა კახა კალაძემ.

მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმაც ამომრჩეველთან შეხვედრის დროს აქცენტი უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე გააკეთა.

უფრო რადიკალური – ნეოფაშისტური თუ ქსენოფობიური განწყობების დაჯგუფებები განსაკუთრებული სიძულვილის ენით აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრირებულ ადამიანებზე საუბრობენ. მათი აზრით, ირანელი, ჩინელი, თურქი და ა.შ. მოქალაქეების სიმრავლე საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საფრთხეს უქმნის.

5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტთან ამ ჯგუფების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნაც საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდებოდა. აქ გამომსვლელები აცხადებდნენ, რომ უნდა შეწყდეს ბინადრობის უფლების გაცემა იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, „საიდანაც მასობრივად ხდება საქართველოში მიგრაცია“. 

იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკა

  • ორმაგი მოქალაქეობა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ორმაგ მოქალაქეობას  58 143 ადამიანი ფლობს. რუსეთის მოქალაქეების გარდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა აშშ-ის 1768 მოქალაქეს. 1222 – აზერბაიჯანელს, 2336 – თურქეთის მოქალაქეს, 525 – ირანის მოქალაქეს, 2158 – ისრაელის, 1666 – საბერძნეთის, 1936- სომხეთის, 1061 – უკრაინის, 389 – ყაზახეთის მოქალაქეებს. დანარჩენი ქვეყნების მონაცემები ამ ნიშნულს ბევრად ჩამოუვარდება.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ორმაგი მოქალაქეობა
  • მოქალაქეობა

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა ავღანეთის სამმა მოქალაქემ, მათ უარი უთხრეს.

ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო აზერბაიჯანის 15-მა მოქალაქემ, ხოლო მოქალაქეობა შეუწყდა 199 ადამიანს.

საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭა ბანგლადეშის  ორ მოქალაქეს, ორს კი უარი ეთქვა.

ეგვიპტის ორ მოქალაქეს გამარტივებული წესით მიენიჭა მოქალაქეობა და ამდენივე  გავიდა მოქალაქეობიდან.

მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით ამ პერიოდში ერაყიდან  40-მა პირმა გააკეთა განაცხადი, თუმცა არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა ექვს ერაყელს.

ინდოეთიდან  28 განაცხადი არ დაკმაყოფილდა, მხოლოდ ერთმა მიიღო მოქალაქეობა. ხუთ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. საქართველოში სულ 9 335 ინდოელი ცხოვრობს, მათგან 6259 სტუდენტია, ხოლო 2435 მუშაობს. დანარჩენები საქართველოში სხვადასხვა მიზნით იმყოფებიან.

ლიბანიდან მხოლოდ ექვსმა პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ნიგერიიდან  შვიდი განაცხადი იყო და არც ერთი არ დაკმაყოფლა. პაკისტანიდან  მხოლოდ ერთ ადამიანს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ამ პერიოდში ექვსმა ადამიანმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. საუდის არაბეთიდან  სამი განაცხადი იყო შემოსული და არც ერთი არ დაკმაყოფილდა.

სირიიდან  42 პირი ითხოვდა მოქალაქეობას და მხოლოდ ერთს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

ყაზახეთიდან კი 58 პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, 40 განაცხადი არ დაკმაყოფილდა.

  • ბინადრობა და ორმაგი მოქალაქეობა – ბათუმი

ამ პერიოდში ბათუმში ორმაგი მოქალაქეობის უფლების მქონე 3 712 ადამიანი ცხოვრობს. აქედან, ყველაზე მეტი – 1967 რუსეთის მოქალაქეა, 1270 – თურქეთის, 105 – უკრაინის, 99 – ისრაელის, 62 – საბერძნეთის, 30 კი – აშშ-ის. სხვა ქვეყნების მაჩვენებლები შედარებით დაბალია.

ბინადრობის მოწმობა (როგორც დროებითი, ასევე მუდმივი) ბათუმში მცხოვრები უცხოელების შემთხვევაში, გაცემულია 3 698 ადამიანზე. აქედან ყველაზე მეტი – 1212 ამ შემთხვევაშიც რუსეთის მოქალაქეებზე მოდის,  841 – თურქეთის, 472 – ინდოეთის, 133 – ირანის, 454 კი – უკრაინის.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • ბინადრობა

„ბათუმელების“ მიერ იუსტიციის სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვილი ბოლო ორი წლის დეტალური მონაცემები ასე გამოიყურება:

2016 წლის 16 სექტემბრიდან 2018 წლის 17 აგვისტომდე 52 758 პირმა მოითხოვა ბინადრობის, ანუ საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლება. აქედან 38 284 პირმა მოიპოვა ეს უფლება.

მათ შორის ეთნიკურად თურქი არის 4 088 პირი, აქედან, მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის უფლება მოიპოვა ხუთმა ადამიანმა, 265-ს მუდმივი ცხოვრების უფლება მიენიჭა, 661-ს – ოჯახის გაერთიანების მიზნით, 144 პირს სასწავლო ბინადრობის უფლება აქვს, 2946 პირი კი შრომითი ბინადრობის უფლებით სარგებლობს.

საქართველოში ბინადრობის უფლება ასევე მიუღია 10 957 ირანის მოქალაქეს, მათ შორის მოკლევადიანი ბინადრობის უფლება – 3 605 პირს, ოჯახის გაერთიანების მიზნით – 1 428 პირს, შრომითი ბინადრობის უფლება 5 179, მუდმივი ცხოვრების ნებართვა კი 120 პირს.

ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის უფლება მიენიჭა ორ ავღანელს. ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის უფლება აღიდგინა ოთხმა პირმა, სასწავლო მიზნით ათი პირი ცხოვრობს, შრომითი ბინადრობის ნებართვა კი 11 პირზეა გაცემული.

მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის უფლებით საქართველოში ცხოვრების უფლება მიიღო აზერბაიჯანის სამმა მოქალაქემ, მუდმივი ცხოვრების – 308 პირმა. ოჯახის გაერთიანების მიზნით ცხოვრების უფლება კი მოპოვებული აქვს 144 აზერბაიჯანელს, შრომითი უფლებით სარგებლობს 321 პირი, სასწავლო მიზნით ცხოვრების ნებართვა 25-მა აზერბაიჯანელმა მიიღო.

ალჟირიდან, ოჯახის გაერთიანების მიზნით, სამი პირი ცხოვრობს, სასწავლო მიზნით კი, ორი ადამიანი იმყოფება.

ბანგლადეშიდან მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვა ამ დროისთვის ორმა პირმა, სასწავლო ბინადრობის უფლება – 11-მა, შრომითი ბინადრობის უფლება კი – 17-მა ადამიანმა მიიღო.

ბაჰრეინიდან სასწავლო მიზნით ერთი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, შრომითი ბინადრობის უფლება მოიპოვა ორმა პირმა.

ბურუნდიდან სპეციალური ბინადრობის უფლებით იმყოფება ხუთი ადამიანი, ორს კი შრომითი ბინადრობის უფლება აქვს.

აფრიკის ქვეყნებიდან – გამბია, განა და გაბონი, შრომითი ბინადრობის უფლება აქვს ერთ პირს, სპეციალური უფლება – სამ პირს, სასწავლო კი – ერთს.

ეგვიპტიდან მუდმივი ცხოვრების უფლება მოპოვებული აქვს 29 ადამიანს, სასწავლო ნებართვა აქვს 184 პირს, შრომითი კი – 269 პირს. ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ამ პერიოდში 32 ეგვიპტელი ცხოვრობს.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ეთიოპიიდან ორ ადამიანს აქვს სასწავლო ბინადრობის უფლება და ამდენივეს შრომითი ბინადრობის უფლება.

ბოლო ორი წლის მანძილზე მუდმივი საინვესტიციო უფლებით ისარგებლა ცხრა ერაყელმა, სასწავლო ბინადრობის უფლებით – 460-მა, ხოლო 19-მა პირმა შრომითი ბინადრობის უფლება მიიღო.

ზიმბაბვედან რვა ადამიანს მიენიჭა სასწავლო ბინადრობის უფლება, ერთს კი მუდმივი ცხოვრების უფლება აქვს.

თურქმენეთიდან შრომითი ბინადრობის უფლებით სარგებლობს 50 ადამიანი, სასწავლოთი – სამი, ოჯახის გაერთიანების მიზნით კი – 49 პირი.

სასწავლო ბინადრობის უფლება მისცა სახელმწიფომ 6 259  ინდოელს, შრომითი ბინადრობის უფლება – 2 435 პირს, 162 პირს აქვს მუდმივი ცხოვრების უფლება, 24-ს კი  – მუდმივი საინვესტიციო ცხოვრების უფლება.

ინდონეზიიდან შრომითი ბინადრობის უფლებით 14 პირი სარგებლობს, სასწავლო ნებართვა კი ორ ადამიანს აქვს.

ნეპალიდან სასწავლო ბინადრობის ნებართვა აქვს 46 პირს, შრომითი კი – 25 პირს.

ნიგერიიდან სასწავლო ბინადრობის უფლება მოიპოვა 451-მა ადამიანმა, შრომითი ნებართვა კი – 24 პირმა.

პაკისტანიდან სასწავლო ბინადრობის ნებართვა მიიღო 68-მ, შრომითი კი – 129 ადამიანმა.

საუდის არაბეთიდან ამ პერიოდში სასწავლო ბინადრობის ნებართვა სამმა პირმა მიიღო, შრომითი – 17-მა, მუდმივი საინვესტიციო ნებართვა კი – ორმა.

სირიიდან სასწავლო ბინადრობის უფლება მოიპოვა 262-მა პირმა, შრომითი – 28-მ და მუდმივი საინვესტიციო ცხოვრების უფლება – ექვსმა პირმა.

სასწავლო ბინადრობის უფლება აქვს სომალიდან 19 ადამიანს, სუდანიდან  – 60 პირს, შრი-ლანკადან  -111 პირს.

ჩინეთიდან ამ პერიოდში 178 ადამიანს აქვს მოპოვებული საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება, 85 ოჯახის გაერთიანების მიზნით იმყოფება, 2 916 პირი კი შრომითი ბინადრობის უფლებით სარგებლობს.

ამავე პერიოდში საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვა 369  უკრაინელმა, 138 უკრაინელი კი ოჯახის გაერთიანების მიზნით ცხოვრობს.

ინფოგრაფიკა: ია ფრანგიშვილი

წინა წლების ანალოგიური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://netgazeti.ge/life/22204/

მითები და რეალობა „თურქულ უბანზე“

 

„აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალი 390 ათასი ლარით იზრდება

სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალი 390 ათასი ლარით გაიზრდება და ის 780 ათასი ლარი იქნება. საზოგადოების დამფუძნებლები [აქციონერები] არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა [წარმოდგენილი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით] და აჭარის მუნიციპალიტეტები, ბათუმის ჩათვლით. ალიანსი აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად არსებული პროექტის განხორციელებისთვის შექმნეს.

2018 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება აქციონერთა საერთო კრება, სადაც ერთ-ერთი საკითხი საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდა იქნება. აქციონერების შენატანი გაზრდილ საწესდებო კაპიტალში კი განისაზღვრება მათი წილების პროპორციულად, კერძოდ:

„ალიანსში“ მიიჩნევენ, რომ საზოგადოების აქციონერებს დაევალოთ 2019 წლის პირველ აპრილამდე უზრუნველყონ საწესდებო კაპიტალში წილობრივად შესატანი ფულადი თანხის [სულ 390 000 ლარი] საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა, თავიანთი წილების პროპორციულად; კომპანიის კაპიტალი დაყოფილია 100 ჩვეულებრივ აქციად და ნომინალურ ღირებულებად უნდა დადგინდეს 7 800 ლარი ერთი და იმავე კლასის აქციებისათვის.

„აჭარის წყლის ალიანსი“ 2017 წლის აპრილში შექმნილი სააქციო საზოგადოებაა. ამ კომპანიის წილებს ფლობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა [26%], ბათუმის მუნიციპალიტეტი [34%], ქობულეთი [17%], ხელვაჩაური [11%], ხულო [5%], ქედა [4%] და შუახევის მუნიციპალიტეტი [3%].

კრების დღის წესრიგშია სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2019 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების განისაზღვრა 389 980 ლარის ოდენობით. ასევე „დაბების და სოფლების წყალმომარაგება და წყალარინების გაწმენდის პროგრამა აჭარაში“, სესხისა და დაფინანსების ხელშეკრულებაზე საზოგადოების დირექტორისთვის ხელმოწერის და საქმიანობის წარმართვის უფლების მინიჭების შესახებ.

„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება.  აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო ევროკავშირის გრანტი იქნება.

„აჭარის წყლის ალიანსმა“ საერთაშორისო ტენდერი ორი კონსულტანტი კომპანიის შესარჩევად 2018 წლის მაისში გამოაცხადა.

„ალიანსში“ აცხადებენ, რომ 2019 წლის თებერვლისთვის გამარჯვებულ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული ექნებათ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება წყლისა და კანალიზაციის სისტემების [ასევე გამწმენდი ნაგებობების] დაპროექტება-ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე, გამოვლინდება გამარჯვებული და დაიწყება სამუშაოები. პროგრამა არ მოიცავს ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ქობულეთს.

ამავე თემაზე:

ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელ წყალში დარღვევები გამოვლინდა – კვლევის შედეგი

 

„ბათომის“ 4 მოთხოვნა ბათუმის მერიასა და საკრებულოს აქციაზე – „არა ჩაბეტონებას“

ბათუმში, ევროპის მოედანზე „ბათომის“ ორგანიზებთ გამართულ აქციაზე, საზოგადოების წევრებმა ოთხი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს. „ბათომი“ ქალაქის მერიას და საკრებულოს მიმართავს:

[checklist]

  • დადგინდეს „ძველი ბათუმის“ ისტორიული საზღვრები, კვლევის შედეგად არსებულ საზღვრებში;
  • ამ დოკუმენტის საბოლოოდ დამტკიცებამდე შეწყდეს აღნიშნულ საზღვრებში დემონტაჟისა და მშენებლობის ნებართვების გაცემა;
  • მწვანე კონცხზე მდებარე ნაკვეთს, რომელსაც საკრებულომ მოუხსნა სარეკრეაციო ზონის სტატუსი, დაუბრუნდეს ეს სტატუსი;
  • აღნიშნულ ტერიტორიებზე [„ძველი ბათუმი“, მწვანე კონცხი] ჩასატარებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩაერთოს ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანები და ორგანიზაციები და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს მათი ჩართულობით.

[/checklist]

ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა აქცია – „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ დღეს, 7 ოქტომბერს გაიმართა.

„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ევროპის მოედანზე [ფოტორეპორტაჟი]

მთავარი ფოტო: აქცია ევროპის მოედანზე ბათუმში / 7.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ევროპის მოედანზე [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა აქცია – „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ მიმდინარეობს. აქცია საზოგადოება „ბათომის“ ორგანიზებით იმართება.

„ბათომმა“ აქცია, 3 ოქტომბერს დააანონსა. ამავე დღეს „ბათომმა“ ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

„მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც 9 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება.  მათ შორის ერთის – 54-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია.

საზოგადოება „ბათომი“ მიიჩნევს, რომ ლაშა კომახიძემ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და აპირებს მიმართოს სასამართლოს“.

„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე / 7.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე / 7.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე / 7.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე / 7.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე / 7.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე / 7.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ანა ხარაიშვილი – მედდა კლინიკა „ნიუ პლაზმადან“

ჯერ კიდევ ბავშვობაში ვოცნებობდი სამედიცინო სფეროში მემუშავა. 7 წლის წინ კი საბოლოოდ გადავწყვიტე ვყოფილიყავი მედდა. მაშინ პროფილი არჩეული არ მქონდა, თუმცა მალევე ვიპოვე ჩემი თავი ონკოლოგიაში. მივხვდი, ეს იყო სფერო, სადაც შესაძლებლობა მექნებოდა სითბო, ყურადღება, მზრუნველობა გამომეხატა ადამიანების მიმართ და გასაკეთებელი საქმე გულწრფელად, პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად შემესრულებინა. ადამიანებისთვის შემემსუბუქებინა მდგომარეობა, მათ სიცოცხლისთვის ბრძოლაში დავხმარებოდი.

„პაქსმენის“ აპარატი, რომლის საშუალებითაც ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია თმის ცვენის კონტროლი„პაქსმენის“ აპარატი, რომლის საშუალებითაც ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია თმის ცვენის კონტროლი
„პაქსმენის“ აპარატი, რომლის საშუალებითაც ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია თმის ცვენის კონტროლი

სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შემდეგ, კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ დავიწყე მუშაობა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სამუშაო გარემოში მყოლოდა ადამიანები, რომლებიც ჩემს მოსაზრებებს იზიარებენ. აქ შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც კარგად იციან რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური მდგომარეობისთვის თითოეული წამი.

კლინიკაში ერთ წელზე მეტია ვმუშაობ. ჩემი საქმე უდიდეს პასუხისმგებლობასა და ყურადღებას მოითხოვს. პაციენტთან ურთიერთობა, ემპათიური დამოკიდებულება ჩემთვის უპირველესად მნიშვნელოვანი ასპექტია მკურნალობაში. ვგრძნობ რამდენად სჭირდებათ მათ საუბარი, თანაგრძნობა და გვერდში დგომა. ჩემი საქმე მარტო სხეულის განკურნება არაა. ეს განკურნებაა გონების და სულის, ფიქრებისა და უარყოფითი ენერგიისგან.

კლინიკის თითოეული თანამშრომლის მიზანია პაციენტი თავს ისევე გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში.
კლინიკის თითოეული თანამშრომლის მიზანია პაციენტი თავს ისევე გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე „ნიუ პლაზმაში“ ისაა, რომ ჩვენთან უკვე არის „პაქსმენის“ აპარატი, რომლის საშუალებითაც ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია თმის ცვენის კონტროლი. ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, ვისაც შეუძლია უთხრას პაციენტს, რომ ჩაუტარდება ქიმიოთერაპიის კურსი და თმა არ გასცვივდება“.

ხშირია შემთხვევები, ჩვენი დამოკიდებულების გამო, პაციენტები თავს ისევე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენი კლინიკის თითოეული თანამშრომლის მიზანიც ესაა, ადამიანებს სრული კომფორტი და მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.

ვფიქრობ, ჩვენ სწორედ იქ ვართ, სადაც ჩვენი ადგილია, სიცოცხლის სადარაჯოზე. ჩვენი პროფესია არის ადამიანობის უმაღლესი გამოვლინება, როდესაც შეგიძლია გაიზიარო სხვა ადამიანების გრძნობები, ემოციები.

კლინიკა „ნიუ პლაზმას“ გუნდი
კლინიკა „ნიუ პლაზმას“ გუნდი

მედიასა და არასამთავრობოებს პატიმრები უფასოდ ვეღარ მისწერენ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გაგზავნილ თითოეულ წერილში პატიმრები 2 ლარსა და 40 თეთრს იხდიან.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მეასე ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაზეთ „ბათუმელებში“ წერილები პატიმრებისგან თითქმის აღარ შემოსულა, მაშინ, როცა რედაქცია კვირაში 3-4 კორესპონდენციას იღებდა საპატიმროებიდან.

მინისტრის ბრძანება 2017 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ამ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მოცემულია იმ ინსტანციების ჩამონათვალი, რომლებშიც პატიმრებს უფასოდ შეუძლიათ წერილების გაგზავნა. ჩამონათვალშია საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, სახალხო დამცველი, სასჯელაღსრულების სამინისტრო და ა.შ. თუმცა ნუსხაში აღარ არის აჭარის უმაღლესი საბჭო, ადამიანის უფლებათა კომიტეტი, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ საკითხზე „ბათუმელები“ რამდენიმე თვის წინაც წერდა.

მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დააყენებდნენ საკითხს, რათა უფასო კორესპონდენციების ადრესატთა სიაში შესულიყო აჭარის უმაღლესი საბჭოც. მისივე თქმით, სასურველია პატიმრებს უფასოდ შეეძლოთ წერილების გაგზავნა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც.

ახლა, როცა აჭარის უმაღლესი საბჭო ცვლილებების ინიციატივის მომზადების პროცესშია, ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ მედიასთან პატიმრებისთვის უფასო მიმოწერა ინიციატივის მოთხოვნებში გათვალისწინებული არ არის:

„ცვლილებების ჩვენს ინიციატივაში მედია გათვალისწინებული არ არის. იყო შემთხვევები, როცა ერთსა და იმავე წერილს პატიმრები 60-70 სხვადასხვა ადრესატთან, მედიებსა და არასამთავრობოებთან გზავნიდნენ, შედეგად სახელმწიფოს დაუგროვდა ფოსტის სოლიდური გადასახადი. ეს იყო სახელმწიფო გადაწყვეტილების საფუძველი.

შესაძლებელია ვიმსჯელოთ მედიის საკითხზე, თუმცა მხოლოდ იდეის დონზე, რომ თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაინც გახდეს პატიმრებისთვის მიმოწერა უფასო. ჩვენ საშემოდგომო სესიაზე დავაყენებთ საკითხს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მიმოწერა პატიმრებისთვის გახდეს უფასო. თუ წერილობითი კომუნიკაცია პატიმარს შეუძლია ჰქონდეს პარლამენტთან, მათ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან უფასოდ მიწერის შესაძლებლობაც უნდა მივცეთ,“ – აცხადებს ცოტნე ანანიძე.

კითხვაზე, საშემოდგომო სესიის რომელ სხდომაზე აპირებს აჭარის უმაღლესი საბჭო ინიციატივის დაყენებას, ცოტნე ანანიძე ზუსტად ვერ გვპასუხობს და ამბობს, რომ ეს „მალე“ იქნება. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ინიციატივის მომზადების პროცესში „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ და პატიმართა საკითხებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი, არჩილ ხახუტაიშვილი კი ამბობს, რომ ერთადერთი ოფიციალური შეხვედრა „დემოკრატიული ინსტიტუტის“ ინიციატივით 2018 წლის მაისში შედგა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

„დემოკრატიის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ აჭარის რეგიონის პატიმრებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიმართონ მათი რეგიონის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს.

„მაშინ თითქოს იგრძნობოდა მზაობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაც იქნებოდა პატიმრებისთვის უფასო ადრესატთა საინიციატივო სიაში. თუმცა მას შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოს ჩვენთვის აღარ მოუმართავს და რჩება შთაბეჭდილება, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც უფასო ადრესატების სიაში შეყვანას, საბჭო საერთოდ არ აპირებს,“ – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

„დემოკრატიის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ მათ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ საშუალება მიიღონ წერილები პატიმრებისგან უფასოდ, რადგან ეს ადვოკატირების საუკეთესო საშუალებაა და ასე პატიმრებს გახსნილად შეეძლოთ საკუთარ პრობლემებზე საუბარი.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები ასევე მიიჩნევენ, რომ ფოსტის სოლიდური გადასახადი არგუმენტი არ არის და მარტივად შეიძლება დაუწესოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ ლიმიტი – პატიმრებმა თვეში მხოლოდ 2-3-ჯერ რომ მისწერონ უფასოდ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„მაისში, აჭარის უმაღლეს საბჭოში შეხვედრისას, ცვლილებების ინიციატივის მომზადების პროცესში, ჩვენი ერთობლივი სურვილი იყო, ჩართულიყო უფასო ადრესატთა სიაში მედია და არასამთავრობო სექტორი. მას მერე ველით კომუნიკაციას აჭარის უმაღლესი საბჭოსგან, მაგრამ ამაოდ,“ – ამბობს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი არჩილ ხახუტაიშვილი.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

სოფლის ტურიზმის ფესტივალი ევროპის მოედანზე ბათუმში (ფოტო ამბავი)

ამ წუთებში ბათუმში, ევროპოს მოედანზე, სოფლის ტურიზმის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალზე შეგიძლიათ ადგილზე დააგემოვნოთ და შეიძინოთ ფერმერების მიერ წარმოდგენილი პროდუქტი.

უცხოელი ტურისტები სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძის
სოფლის ტურიზმის ფესტივალი ევროპის მოედანზე

ფესტივალზე წარმოდეგნილია ეთნოგრაფიული ნიმუშები, – დაწნული კალათები, საქსოვი დაზგები, სოფლის ნალიის მინიატურა და ა.შ

სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ტურისტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმყოფებიან

სასოფლო-სამეურნე პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ევროპის მოედანზე მიმდინარეობს სხვადასხვა ფოკლორული ანსამბლის კონცერტი.

აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ თათარა და თქვენი ხელით ამოავლოთ ჩურჩხელა.
ბროწეულები სოფლის ტურიზმის ფესტივალზე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

ფესტივალზე დღის განმავლობაში დაგეგმილია გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. მათთვის სპეციალურად მოწყობილ თივის ლაბირინთებში სხვადასხვა გასართობი აქტივობები იმართება. დღის ბოლოს ევროპის მოედანზე დაუკრავენ ბენდები: „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“.

ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: „განდაგანას“ ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება.

ფესტივალზე წარმოდგენილია ციტრუსი აჭარის სხვადასხვა სოფლიდან

სოფლის ტურიზმის ფესტივალი გაგრძელდება ხვალ, 7 ოქტომბერსაც. დღის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი, ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდ „ნიუტონის“  მონაწილეობით.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა “აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი  მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.

ტურისტები აგემოვნებენ ქართულ ჩაის

თორნიკე რიჟვაძე „ევრონიუსზე“ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ

გადაცემა „Focus“-ის გადამღები ჯგუფი ბათუმს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით ესტუმრა. რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ოლიმპიადის მნიშვნელობის შესახებ „ევრონიუსის“ სპეციალური რეპორტაჟისთვის ინტერვიუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ – თორნიკე რიჟვაძემ მისცა. მან ხაზი გაუსვა მსოფლიო დონის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ბათუმში ჩატარებას.

„მიხარია, რომ მოგვეცა საშუალება გვემასპინძლა ამ ოლიმპიადისთვის და მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისთვის. ეს ღონისძიება ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის, რათა მისი – როგორც საერთაშორისო ქალაქის პოზიციონირება მომხდარიყო. ამაღლებულიყო ცნობადობა ქვეყნისა და ქართული კულტურის შესახებ,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ევრონიუსის“ გადამღებ ჯგუფს ასევე ესაუბრა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ საქართველო და მისი ულამაზესი კუთხე აჭარა უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილებია, რომელთაც უძველესი კულტურა, მრავალფეროვანი სამზარეულო და პერსპექტივები გააჩნია.

„ევრონიუსის“ წარმომადგენლებმა, ბათუმში ყოფნისას, ასევე გადაიღეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ძველი და ახალი თაობის ქართველ მოჭადრაკეებსაც გაესაუბრნენ.

ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს გრანდიოზული ცერემონიალით გაიხსნა და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. მასში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

Exit mobile version