მთავარი,სიახლეები

ინვესტორმა ვალდებულების ვერშესრულება აჭარის მთავრობას დააბრალა, მას 1 001 325 ლარი აპატიეს

22.05.2018 • 3463
ინვესტორმა ვალდებულების ვერშესრულება აჭარის მთავრობას დააბრალა, მას 1 001 325 ლარი აპატიეს

საპატიო მიზეზების ჩამონათვალში, რომლებსაც ინვესტორები აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებების ვერშესრულების მიზეზად ასახელებენ, ერთ-ერთი მეტად გამორჩეულია: შპს „სტატოტელმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კვლევით დასაბუთებული პრეტენზია წაუყენა. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი დაკვეთით  ჩატარებული კვლევის თანახმად, აჭარის მთავრობის მიერ „საპრივატიზებო პირობებით განსაზღვრული პროექტის საინვესტიციო უკუგების მაჩვენებლები საშუალო ინდუსტრიულ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.“

„სტატოტელისთვის“ კვლევა, როგორც კომპანია წერს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ვერიტან ბრაუს კავკაზუსს“ ჩაუტარებია.

შპს „სტატოტელს“ მახინჯაურის დასახლებაში მდებარე შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი – ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2016 წელს 3 მილიონ 900 000 ლარად გადასცა.

სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებით, კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვს თვეში უნდა მოემზადებინა სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულების შენობის პროექტისა და არანაკლებ ასნომრიანი სასტუმრო-კომპლექსის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ხელშეკრულებიდან 12 თვის ვადაში უნდა მიეღო მშენებლობის ნებართვა, ხოლო არანაკლებ 14 თვეში უნდა დაეწყო მშენებლობა. საბოლოოდ კომპანიას სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა ხელშეკრულების გაფორმებიდან  სამ წელიწადსა და ხუთ თვეში უნდა მოეხერხებინა.

ინვესტორმა ვერც ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ვერც საპრივატიზებო საფასური გადაიხადა. გარდა ამისა, აღიარა ისიც, რომ მთავრობასთან დადებული შეთანხმების შესასრულებლად ინვესტიციის მოზიდვას თავადაც მთავრობისგან გადაცემული ქონების იმედად გეგმავდა, რაშიც, როგორც კომპანიის დირექტორი წერს, კვლევის არასასურველმა შედეგმაც შეუშალა ხელი:

„ამ ფაქტმა საგრძნობლად გაართულა და დროში გადაავადა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო კერძო საინვესტიციო კაპიტალისა და სასესხო რესურსის მოზიდვის პროცედურები, რამაც გამოიწვია საინვესტიციო პირობებით განსაზღვრული ვადების დარღვევა“.

გარდა ამისა, ინვესტორმა შეატყობინა მთავრობას, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად „დიდი ძალისხმევა გასწია“ და ინვესტორის პოვნა „მოახერხა“, რომელთან პარტნიორობითაც დაგეგმილია საინვესტიციო პროექტის განხორციელება, ოღონდ იმ პირობით, რომ მთავრობამ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა უნდა აპატიოს და პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა ჩამოაწეროს.

„MRMU INTERNATINAL“-ი მზად არის გახდეს „სტატოტელის“ პარტნიორი და უზრუნველყოს პროექტის სრულად დაფინანსება საპრივატიზებო ვალდებულების შესაბამისად იმ პირობით, თუ… სამინისტროს შპს „სტატოტელის“ პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს“, – ეს არის ამონარიდი კომპანიის მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილიდან.

კომპანია პროექტის შესასრულებლად ახალი ვადების დაწესებას და საპრივატიზებო საფასურის სახით განსაზღვრული თანხის დაფარვის გრაფიკის პირველი ტრანშის გადაწევასაც ითხოვს.

შეთანხმება შედგა, აჭარის მთავრობამ შპს „სტატოტელს“ პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელი თანხა – 1 001 325 ლარი აპატია. ასევე გადაუვადა საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადები. შესაბამის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2017 წლის 6 დეკემბერს მოაწერა ხელი.

შპს „სტატოტელი“ 2013 წელს  შპს „კაპიტალ ჰოლდინგმა“ დააფუძნა, კომპანიის დირექტორი ამ დრომდე გოჩა ჯაიანია. „კაპიტალ ჰოლდინგი“ კი ყაზახეთის მოქალაქეს ვერა ჯახუტაშვილს ეკუთვნის. კომპანიას გიორგი ჯახუტაშვილი ხელმძღვანელობს.

ახალი პარტნიორი კომპანია რომელმაც „სტატოტელის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა უზრუნველყოს, კომპანია MRMU INTERNATIONAL -ია. ის საქართველოში არ არის რეგისტრირებული.

ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა კომპანიაზე, რომლის მფლობელი კომპანიაც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია. თავის დროზე 1 ლარად გაყიდული „აჭარის კურორტების“ ქონების ნაწილი, სადაც ათი წლის წინ „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო, სახელმწიფომ „სილქ როუდ ჯგუფისგან“ მიმდინარე წლის აპრილში დაიბრუნა. მათ შორის ყოფილი „მზიური“ და „მახინჯაური“.

„მზიურის“ ტერიტორია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 3 მილიონ ლარად ორჯერ გაიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მხოლოდ „მზიურის“ ტერიტორია იყიდებოდა, სადაც შემსყიდველს დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ქონება არ გაიყიდა.

„სტატოტელს“ ორივე ტერიტორია გაცილებით უკეთესი პირობებით – 3 მილიონ 900 000 ლარად გადასცეს 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის პირობით.

ამავე თემაზე: ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: