მთავარი,სიახლეები

მედიასა და არასამთავრობოებს პატიმრები უფასოდ ვეღარ მისწერენ

07.10.2018 • 2315
მედიასა და არასამთავრობოებს პატიმრები უფასოდ ვეღარ მისწერენ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გაგზავნილ თითოეულ წერილში პატიმრები 2 ლარსა და 40 თეთრს იხდიან.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მეასე ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაზეთ „ბათუმელებში“ წერილები პატიმრებისგან თითქმის აღარ შემოსულა, მაშინ, როცა რედაქცია კვირაში 3-4 კორესპონდენციას იღებდა საპატიმროებიდან.

მინისტრის ბრძანება 2017 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ამ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მოცემულია იმ ინსტანციების ჩამონათვალი, რომლებშიც პატიმრებს უფასოდ შეუძლიათ წერილების გაგზავნა. ჩამონათვალშია საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, სახალხო დამცველი, სასჯელაღსრულების სამინისტრო და ა.შ. თუმცა ნუსხაში აღარ არის აჭარის უმაღლესი საბჭო, ადამიანის უფლებათა კომიტეტი, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ საკითხზე „ბათუმელები“ რამდენიმე თვის წინაც წერდა.

მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დააყენებდნენ საკითხს, რათა უფასო კორესპონდენციების ადრესატთა სიაში შესულიყო აჭარის უმაღლესი საბჭოც. მისივე თქმით, სასურველია პატიმრებს უფასოდ შეეძლოთ წერილების გაგზავნა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც.

ახლა, როცა აჭარის უმაღლესი საბჭო ცვლილებების ინიციატივის მომზადების პროცესშია, ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ მედიასთან პატიმრებისთვის უფასო მიმოწერა ინიციატივის მოთხოვნებში გათვალისწინებული არ არის:

„ცვლილებების ჩვენს ინიციატივაში მედია გათვალისწინებული არ არის. იყო შემთხვევები, როცა ერთსა და იმავე წერილს პატიმრები 60-70 სხვადასხვა ადრესატთან, მედიებსა და არასამთავრობოებთან გზავნიდნენ, შედეგად სახელმწიფოს დაუგროვდა ფოსტის სოლიდური გადასახადი. ეს იყო სახელმწიფო გადაწყვეტილების საფუძველი.

შესაძლებელია ვიმსჯელოთ მედიის საკითხზე, თუმცა მხოლოდ იდეის დონზე, რომ თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაინც გახდეს პატიმრებისთვის მიმოწერა უფასო. ჩვენ საშემოდგომო სესიაზე დავაყენებთ საკითხს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მიმოწერა პატიმრებისთვის გახდეს უფასო. თუ წერილობითი კომუნიკაცია პატიმარს შეუძლია ჰქონდეს პარლამენტთან, მათ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან უფასოდ მიწერის შესაძლებლობაც უნდა მივცეთ,“ – აცხადებს ცოტნე ანანიძე.

კითხვაზე, საშემოდგომო სესიის რომელ სხდომაზე აპირებს აჭარის უმაღლესი საბჭო ინიციატივის დაყენებას, ცოტნე ანანიძე ზუსტად ვერ გვპასუხობს და ამბობს, რომ ეს „მალე“ იქნება. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ინიციატივის მომზადების პროცესში „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ და პატიმართა საკითხებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი, არჩილ ხახუტაიშვილი კი ამბობს, რომ ერთადერთი ოფიციალური შეხვედრა „დემოკრატიული ინსტიტუტის“ ინიციატივით 2018 წლის მაისში შედგა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

„დემოკრატიის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ აჭარის რეგიონის პატიმრებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიმართონ მათი რეგიონის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს.

„მაშინ თითქოს იგრძნობოდა მზაობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაც იქნებოდა პატიმრებისთვის უფასო ადრესატთა საინიციატივო სიაში. თუმცა მას შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოს ჩვენთვის აღარ მოუმართავს და რჩება შთაბეჭდილება, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც უფასო ადრესატების სიაში შეყვანას, საბჭო საერთოდ არ აპირებს,“ – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

„დემოკრატიის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ მათ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ საშუალება მიიღონ წერილები პატიმრებისგან უფასოდ, რადგან ეს ადვოკატირების საუკეთესო საშუალებაა და ასე პატიმრებს გახსნილად შეეძლოთ საკუთარ პრობლემებზე საუბარი.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები ასევე მიიჩნევენ, რომ ფოსტის სოლიდური გადასახადი არგუმენტი არ არის და მარტივად შეიძლება დაუწესოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ ლიმიტი – პატიმრებმა თვეში მხოლოდ 2-3-ჯერ რომ მისწერონ უფასოდ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„მაისში, აჭარის უმაღლეს საბჭოში შეხვედრისას, ცვლილებების ინიციატივის მომზადების პროცესში, ჩვენი ერთობლივი სურვილი იყო, ჩართულიყო უფასო ადრესატთა სიაში მედია და არასამთავრობო სექტორი. მას მერე ველით კომუნიკაციას აჭარის უმაღლესი საბჭოსგან, მაგრამ ამაოდ,“ – ამბობს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი არჩილ ხახუტაიშვილი.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: