მთავარი,სიახლეები

„ჩემი შვილი ციხეში მოკლეს“ – ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

09.10.2018 • 2954
„ჩემი შვილი ციხეში მოკლეს“ – ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

„ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელობა გამოიძიოს… ბოლოს როცა მქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან, ისევ თვითმკვლელობა ახსენეს. სტრასბურგის სასამართლომ თუ არ დაიჯერა ეს ვერსია, მე რატომ უნდ მჯეროდეს? 2005 წლიდან დღემდე ველი სამართალს, რომელიც არ ჩანს… ჩემს შვილს ციხის საკუჭნაოში არ მოუკლავს თავი, ის მოკლეს,“ – ამას ბათუმელი სვეტლანა ცინცაბაძე ამბობს. იგი მთავარ პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი შვილის საქმეზე საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს.

„ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღო, სადაც რამდენიმე ადგილას ნახავთ შეფასებას: „სასამართლო გაკვირვებულია“. 7 წლის წინ ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვეტილი საქმის ხელახლა გამოძიება დაავალა. სამი თვის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს მისწერა, რომ გამოძიების შეწყვეტას აპირებს.

29 წლის ზურაბ ცინცაბაძე ხონის მე-9 დაწესებულების საკუჭნაოში ჩამომხრჩვალი 2005 წლის 30 სექტემბერს იპოვეს. საქმეშია ერთ-ერთი პატიმრის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან თოკზე ჩამოკიდებულ პატიმარს  ჯერ კიდევ ცოცხალს მიუსწრო, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოასწრო. ციხის ადმინისტრაციის უფროსმა იმავე საღამოს დაურეკა გარდაცვლილი პატიმრის მამას და უთხრა, რომ მისმა შვილმა თავი ქალის გამო მოიკლა.

მალევე დაიდო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, ზურაბს მხოლოდ ჩამოხრჩობის შედეგად კისრის არეში ჰქონდა დაზიანება. ახალგაზრდა პატიმრის ცხედარი ბათუმში გადმოასვენეს, სადაც მშობლებმა შვილის სხეულზე სხვა დაზიანებებიც აღმოაჩინეს.

„მხოლოდ სახე იყო დაზიანების გარეშე, თავის ქალა ჩამსხვრეული ჰქონდა. ეტყობა, როცა სცემდნენ, მას ხელები ჰქონდა აფარებული… ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზა დავნიშნეთ. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ზურას ყელის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა დაზიანება მიყენებული,“ – გვიყვება სვეტლანა ცინცაბაძე.

გარდაცვლილის მშობლების ვერსიით, ზურაბ ცინცაბაძეს სხვა პატიმრები გაუსწორდნენ, რაც ციხის ადმინისტრაციამ უყურადღებოდ დატოვა: „ისინი ითხოვდნენ ფულს „ობშიაკისთვის“. მერე გაირკვა, რომ ზურაბი 80 ლარის გამო მოკლეს… უფრო სწორად, სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ. მერე წაიღეს და თოკზე შემოკიდეს,“ – ამბობს სვეტლანა ცინცაბაძე.

ციხის ადმინისტრაცია და შემდეგ უკვე პროკურატურა შემთხვევის დღიდანვე თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობდა. თუმცა საქმეში რამდენიმე კითხვა, მათ შორის, საკუჭნაოს ეპიზოდი გამოძიებამ ღიად დატოვა, რამაც წლების შემდეგ ევროსასამართლოც „გააკვირვა“.

  • საგამოძიებო ჩანაწერების მიხედვით, ციხის საკუჭნაოს კარი დაზიანებული იყო და პატიმარმა იქ შესვლა მარტივად მოახერხა. სამართალდამცველებს არც თითის ანაბეჭდი აუღიათ და არც ის ნივთები დაულუქავთ, რაც საკუჭნაოში შესულებს დახვდათ, მაგალითად, წაქცეული სკამი.

სასამართლო ასევე გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ გამომძიებლებმა არ აიღეს თითების ანაბეჭდები სკამებიდან, ბოქლომიდან, კარებიდან ან საკეტიდან, რათა შეედარებინათ გარდაცვლილის ანაბეჭდებისათვის. სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ამგვარი მარტივი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი საგამოძიებო ზომა მნიშვნელოვნად შეცვლიდა ფაქტებს იმის შესახებ, თუ როგორ შევიდა ზურაბ ცინცაბაძე დაკეტილ ოთახში და თავად მოამზადა თუ არა თავის ჩამოხრჩობა. სამწუხაროა, რომ საოლქო პროკურორის ნათელი და გამოსადეგი ინსტრუქციის მიუხედავად, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა თავი არ შეიწუხა გამოევლინა და დაეკითხა ხონის ციხის დაცვის თანამშრომელი, რომელიც 2005 წლის 30 სექტემბრის ღამეს მორიგეობდა, ზედამხედველობდა საწყობს და შესაბამისად, შეეძლო მიეცა ჩვენება, როდის და ვისთან ერთად შევიდა პატიმარი ამ ოთახში,“ – აღნიშნულია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

  • საქმის მასალების მიხედვით, ზურაბის ექსპერტიზაზე გადაყვანის შემდეგ მორგის თანამშრომელმა მაცივრების ოთახში წერილი იპოვა. წერილში პატიმარი ყოფილ მეუღლეს – ნინოს წერს, რომ უყვარს და მის თურქეთში წასვლას ვერ გადაიტანს. გამოძიების ვერსიით, ეს წერილი ზურაბის დაწერილია, თუმცა წერილმა რამდენიმე გარემოების გამო მიიქცია ევროსასამართლოს ყურადღება: წერილს პატიმარი მეუღლეს სწერს, მაგრამ ზურაბის მეუღლეს მაკა ერქვა; წერილის ბოლოს მიწერილია თარიღი – 28 ოქტომბერი, პატიმარი კი 30 სექტემბერს გარდაიცვალა. გამოძიებისთვის სარწმუნო აღმოჩნდა ვერსია, რომ პატიმარს, რომელიც თვითმკვლელობას აპირებდა, თარიღი აერია. გამოძიებას ასევე არ გაუცია პასუხი კითხვისთვის: რატომ ვერ აღმოაჩინეს იგივე წერილი გამომძიებლებმა საკუჭნაოში 30 სექტემბერს და საიდან მოხვდა წერილი მორგის მაცივარში, სადაც ცხედარი ტანსაცმლის გარეშე შეაქვთ.

სასამართლო თვლის, რომ ამ მტკიცებულების სანდოობა მცირეოდენ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს. უპირველეს ყოვლისა, წერილი გარდაცვლილის სიკვდილის შემდეგ, 2005 წლის 30 სექტემბრის შემდეგი თარიღით იყო დათარიღებული და გამომძიებლის განმარტება, რომ გარდაცვლილს „უდავოდ“ შეეშალა თვეები, მხოლოდ ვარაუდია. ასევე, კიდეც რომ
დაშვებულ იქნეს თარიღის შეშლის მოსაზრება, შეუსაბამოა ვიფიქროთ, რომ პატიმარს დაავიწყდა თავისი ყოფილი მეუღლის სახელი და ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ მისი სიყვარულით ის თვითმკვლელობამდე მივიდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის ყოფილი მეუღლის სახელი იყო მაკა, სავარაუდო წერილი კი ვინმე ნინოს სახელზე იყო დაწერილი. თუ წერილი მომჩივნის მეგობარ ნინოს ეძღვნებოდა, რომელიც, როგორც ითქვა, თანხას უგზავნიდა მომჩივნის შვილს ციხეში, მაშინ გაუგებარია, გამომძიებელი რატომ არასოდეს მივიდა ამ ქალბატონთან და არ გამოარკვია მათ შორის არსებული ურთიერთობა. უფრო მეტიც, როგორც მომჩივანმა რამდენჯერმე აღნიშნა, უწყებებმა ვერ შენიშნეს, რომ მისი შვილის სხეულის აღმოჩენისთანავე გარდაცვლილის ტანსაცმლის ჯიბეები ციხის თანამშრომლებმა შეამოწმეს და მხოლოდ 3 ნივთი აღმოაჩინეს – სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და ტკივილგამაყუჩებელი აბი. გამომძიებლებმა არც იმის შემოწმებაზე შეიწუხეს თავი, თუ რამდენად შესაძლებელი იყო გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლიდან ამოვარდნილი წერილი მთელი თვის განმავლობაში შეუმჩნევლად გდებულიყო მორგის მაცივარში,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ვიდრე სვეტლანა ცინცაბაძე ევროსასამართლოს მიმართავდა, გამოძიება საქართველოში თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე მუშაობდა. გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით ორ თვეში – 22 ნოემბერს საოლქო პროკურორმა ზურაბ ცინცაბაძის საქმე დახურა „მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო“.

პროკურორს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა, თუმცა უშედეგოდ. სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლობის მოტივით არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 2006 წელს სვეტლანა ცინცაბაძემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. ამ დღიდან მოქალაქის ინტერესს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

ნინო ჯომარჯიძე, საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ეფექტური გამოძიებისთვის ყველა რესურსი ისევ არ გამოიყენა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. იურისტი ყურადღებას ამახვილებს ასევე კვალიფიკაციაზე, რითაც გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ გამოძიება განახლდა, ანუ 2011 წელს. გამოძიება ისევ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ამავე წელს სამსახურებრივი გულრილობისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხონის ციხის იმდროინდელ უფროსს, ის დღემდე მიმალვაშია… 2015 წელს საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს და დღემდე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს. სამოხელეო დანაშაული გულისხმობს ამ შემთხვევაში ძირითადად ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულის გამოვლენას და არა პატიმრების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს. ამ მუხლით ვერ გამოვლინდება ის ვერსია, რაზეც გარდაცვლილის ოჯახი, ასევე ერთ-ერთი პატიმარი საუბრობს,“ – გვითხრა ნინო ჯომარჯიძემ.

პატიმარი, რომელიც „ქურდულ ობშიაკზე“ საუბრობს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია, როგორც X. ამ პატიმარმა პირველად სახალხო დამცველს დაუდასტურა, რომ გარდაცვლილის მამას დაურეკა და უთხრა, რომ თუკი დაწესებულებას შეუცვლიდნენ და საფრთხე აღარ ექნებოდა, სიმართლეს ილაპარაკებდა. ამ პატიმარმა მოგვიანებით სამართალდამცველებსაც უთხრა, რომ ზურაბს ციხეში კონფლიქტი ჰქონდა და მას „ობშიაკისთვის“ ფულს სთხოვდნენ.

განახლებული გამოძიების პროცესში გამომძიებლებმა ის ექსპერტიც დაკითხეს, რომელმაც 2005 წერს დაწერა, რომ ზურაბს ყელის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა დაზიანება მიყენებული. ამჯერად ექსპერტს უთქვამს, რომ ეს დაზიანება შესაძლოა ყულფის მიერ მიყენებული დაზიანებით ყოფილიყო გამოწვეული.

„მისი ნათქვამი მთლიანად ეწინააღმდეგება დასკვნას, რომელიც მან 2005 წელს დადო. გაუგებარია, თავდაპირველ ვარიანტში რატომ ახსენა მან ბლაგვი საგანი, ან პირიქით. საგამოძიებო ორგანოებმა დამატებით საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ ფაქტის გადასამოწმებლად, რაც არ მომხდარა,“ – გვიყვება საია-ს იურისტი, ნინო ჯომარჯიძე.

„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა-დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენების, ნივთმტკიცებებისა და საჭიროებისამებრ გვამის გაკვეთის შესასრულებლად, რომელიც ზუსტად აღწერს დაზიანებას და კლინიკური აღმოჩენების, მათ შორის, სიკვდილის მიზეზის ობიექტურ ანალიზს უწყობს ხელს,“ – წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

როგორ სრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამას ყოველწლიურად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ამოწმებს. ამ კომიტეტს ხელისუფლება ასევე ყოველწლიურად უგზავნის ანგარიშს და სამოქმედო გეგმას.

„ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი იუსიტიციის სამინისტრომ კომიტეტს ანგარიში ივლისში გადაუგზავნა. იქ აღნიშნულია, რომ ვერ ხერხდება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის დადგენა, რადგან შემთხვევიდან ძალიან დიდი დროა გასული და მოწმეები არ საუბრობენ, ან ზოგიერთი მათგანი უკვე გარდაცვლილია. წერილში აღნიშნუალი, რომ შესაძლოა გამოძიება შეწყდეს… კომიტეტისთვის მოსაზრების წარდგენა მხარესაც შეუძლია. ჩვენ წერილი კომიტეტს 30 აგვისტოს გავუზაგვნეთ, სადაც ვამბობთ, რომ ჯერ კიდევე არსებობს რესურსი ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს საია-ს იურისტმა ნინო ჯომარჯიძემ.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქმეებზე, სადაც ეფექტური გამოძიების პრინციპი არის დარღვეული, სექტემბერში დახურულ სხდომაზე იმსჯელა. ამ საქმეებს შორის იყოს ზურაბ ცინცაბაძის საქმე. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვიტა მინისტრთა კომიტეტმა ზურაბ ცინცაბაძის საქმეზე. ამ ორგანოს გადაწყვეტილება უახლეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს.

თუკი კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველო თავს არიდებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, ევროსაბჭოს შეუძლია პოლიტიკური, ეკონომიკური, ან დიპლომატიური სანქციების ამოქმედება.

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: