314 ათასი ლარი 4600 ძაღლისა და კატის კასტრაცია/მოვლისთვის – ბათუმის მერიის ტენდერი


2019 წელში უპატრონო ცხოველების „მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების გასატარებლად“ ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ქალაქის ტერიტორიაზე 2600 ცხოველის დაჭერაში და სტერილიზაციისთვის  ვეტერინალურ კლინიკამდე ავტომანქანით ტრანსპორტირებაში, ასევე 2000 დაბირკული, გასტერილებული ცხოველის რევაქცინაციისთვის, ქალაქის მერიას 314 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 18 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს შეწყდება. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში უნდა უზრუნველყოს:

  • ქალაქის ტერიტორიაზე 2600 ზრდასრული ძაღლის, ლეკვის [4 თვიდან], კატის დაჭერა და ტრანსპორტირება ვეტერინალურ კლინიკამდე ავტომანქანით. სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაცია, დაბირკვა (ნუმერაცია), კატების ტატუირება, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე ტრავმირებული ცხოველის დროული გამოყვანა და მკურნალობა;
  • უკვე დაბირკული გასტერილებული 2000 ცხოველის ეტაპობრივი გამოყვანა ქალაქის ტერიტორიიდან და ტრანსპორტირება ვეტერინალურ კლინიკაში რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურების ჩასატარებლად; ასევე ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ცხოველების ლეშის დროული გამოტანა სპეციალური ტრანსპორტით და „ბეიკერის“ ორმოში დამარხვა. მოზარდი ცხოველების [ლეკვი, კნუტი] დაჭერა ქალაქის ტერიტორიაზე და ტრანსპორტირება თავშესაფარში [ვეტერინალური კლინიკა] მოვლა-პატრონობის მიზნით;
  • ჩატარებული პროცედურების შესაბამისად წარმოებული უნდა იქნეს ელექტრონული ბაზა [აყვანილი და გაშვებული ცხოველის ადგილმდებარეობის, ფერის, სქესის, კლიპის ნომრის შესაბამისად];
  • ვოლიერების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, დასუფთავება სველი წესით დღის განმავლობაში 2-ჯერ მათ შორის ერთჯერ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით დილით და საღამოს.
  • ნაოპერაციები ცხოველების მოთავსება დროებითი დაყოვნების [საკარანტინო] ვოლიერში მორიგე პერსონალის დაკვირვების პირობებში;
  • ევთანაზია ხორციელდება უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია [ფორმდება კომისიის აქტი] დაუდგენს: აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას [უცაბედი სიბრაზის სინდრომი]; ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას; ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებებს, ასევე პათოლოგიები, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან; შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;
  • გაუვნებელყოფილი ცხოველების მოთავსება ხდება ტომრებში და შემდეგ დამარხვა „ბეიკერის“ ორმოში, რომელსაც უნდა გააჩნდეს ჰერმეტული თავსახურავი. „ბეიკერის“ ორმოების დეზინფექცია უნდა წარმოებდეს [დაქლორვა] კვირაში არანაკლებ ორჯერ.

აუცილებელი მოთხოვნაა, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს გააჩნდეს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვედ აღჭურვილი სპეციალური ზოოვეტერინალური კლინიკა; სპეციალური ავტომანქანა; სპეციალური საპროცედურო კაბინეტები და საშხაპე; ძაღლსამყოფი ვოლიერები არანაკლებ 50 – შესაბამისი ნუმერაციით.

რეტენდენტს ასევე უნდა ჰყავდეს მაღალკვალიფიციური ვეტერინარი სპეციალისტი და კინოლოგი, რომელთაც გააჩნიათ მსგავს სფეროში საქმიანობის გამოცდილება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com