მეორე ტურისთვის ბიუჯეტიდან 10,5 მილიონი ლარი დაიხარჯება – პრეზიდენტის არჩევნები 2018

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 583 022 ლარი დაიხარჯება. მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ჩატარდება. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, 42 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] დადგენილებით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:

ცესკომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესიც დაამტკიცა. აჭარაში ექვსი საარჩევნო ოლქის მიერ სულ 139 790 ლარი დაიხარჯება, რაც 80 620 ლარით ნაკლებია პირველ ტურთან შედარებით:

ცესკოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის 28 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად [პირველი ტური] აჭარის ექვსი საარჩევნო ოლქისთვის 220 410 ლარი იყო გამოყოფილი.

 

მთავარი ფოტო: პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები ბათუმში

კომპანია „სანტექსერვისი“ ბათუმშია-სანტექნიკური პრობლემების მარტივი გადაწყვეტა 24/7

ხშირად უმნიშვნელო სანტექნიკური პრობლემა თქვენთვის ან ახლო მეზობლისთვის შეიძლება მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალში გადაიზარდოს. თუ დროულად და საფუძვლიანად არ აღმოვფხვრით არსებულ დაზიანებას, ის განმეორებით აუცილებლად იჩენს თავს და, შესაბამისად, მანამდე გაწეული ძალისხმევა წყალში გადაყრილი აღმოჩნდება.

თუ თქვენ ცხოვრობთ ბათუმში ან მიმდებარედ – სანაპირო ზოლში, ხართ ფიზიკური ან იურიდიული პირი და გჭირდებათ უმოკლეს ვადაში კვალიფიციური სანტექნიკური მომსახურება, კომპანია „სანტექ.სერვისს“ უნდა დაუკავშირდეთ.

კომპანია „სანტექ.სერვისი“ 2012 წლიდან უწევს მომსახურებას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და გათბობის სისტემების საავარიო და სამონტაჟო სამუშაოებზე 24/7-ზე.

რატომ უნდა აირჩიოთ „სანტექ.სერვისი“, რა სერვისის მიღებას შეძლებთ აჭარაში და ვინ შეიძლება ისარგებლოს მომსახურებით – ამ საკითხზე კომპანიის დირექტორი, ზვიად სამუშია საუბრობს:

ბათუმის სერვისცენტრი გაიხსნა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან და ვემსახურებით ქობულეთიდან სარფამდე, აჭარის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებულ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

ზვიად სამუშია
ზვიად სამუშია
  • აჭარის რეგიონში თქვენი კომპანია სრული სერვისით შემოვიდა თუ ნაწილობრივ? თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატებით თუ არის აღჭურვილი თქვენი კომპანია, მაგალითად, შეგიძლიათ ფარული დაზიანების აღმოჩენა და ა.შ.

კომპანია ,,სანტექ.სერვისის” ბათუმის სერვისცენტრი სრულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და გათბობის სისტემებზე. შეგვიძლია  წყალმომარაგების მილის ფარული დაზიანების მოძებნა (სპეცაპარატით), მილების დათვალიერება ვიდეოთვალით (სპეცაპარატით), საკანალიზაციო ქსელის რეცხვა წყლის ჭავლით (სპეცტექნიკით), საკანალიზაციო ჭების ამოტუმბვა (სპეცტექნიკით) და სხვა. ჩვენ ყველა ტიპისა და სირთულის სამუშაოს ვასრულებთ.

  • ვინ არის თქვენი პოტენციური მომხმარებელი?

კომპანია ,,სანტექ.სერვისის” მომხმარებლები არიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, განსაკუთრებით გამოვყოფდით რესტორნებს, სასტუმროებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. ეს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალია, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მომსახურების გაწევა.

  • ჯერ კიდევ პოპულარულია „მეგობრის რეკომენდაციით“ ან „ბირჟიდან“ ხელოსნის გამოძახება. მაღალტექნოლოგიური და კომპეტენტური მომსახურების გარდა, რა სთავაზობთ მომხმარებელს, მაგალითად, როგორი ფასები გაქვთ?

ვიდრე აჭარის რეგიონში კომპანია ,,სანტექ.სერვისის” ფილიალის გავხსნიდით, წინასწარ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, რომელმაც გვიჩვენა, რომ ჩვენი კომპანიის ფასები კერძო ხელოსნების ფასებთან შედარებით კონკურენტუნარიანი და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის.

  • ,,ტრადიციული სანტექნიკოსის“ და თქვენი კომპანიის მომსახურება რომ შევადაროთ – რა უპირატესობა გაქვთ?

კომპანია „სანტექ.სერვისი“, პირველ რიგში, გამოირჩევა სწრაფი მომსახურებით. ასევე, ტექნიკური ჯგუფები დაკომპლექტებულია კვალიფიციური და ვიზუალურად მოწესრიგებული  ხელოსნებით, აღჭურვილია ყველა საჭირო სპეცაპარატურით და სპეცტექნიკით, სათადარიგო ნაწილების საჭირო მარაგით. ზემოაღნიშნული პრიორიტეტები აძლევს კომპანიას საშუალებას, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება. აქვე გეტყვით, რომ კომპანია ,,სანტექ.სერვისს” 2017 წელს ევროპელი აუდიტებმა მიანიჭეს ISO-9001:2015 ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი. ეს, ერთი მხრივ, კომპანიის მიმართ მაღალ ნდობას გულისხმობს, მეორეს მხრივ ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას.

  • თქვენ აჭარის ბაზარზე ერთი თვეა რაც გამოჩნდით. შეგიძლიათ დაასახელოთ 2-3 პრობლემა, რის გამოც უკვე მოგმართათ მომხმარებელმა?

მომხმარებელმა თითქმის ყველა სერვისით ისარგებლა, მაგრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ხშირი იყო გამოძახება საკანალიზაციო მილებისა და ე.წ. შახტების ვიდეო თვალით დათვალიერებაზე, საკანალიზაციო ქსელების წყლის ჭავლით რეცხვასა და ფარული დაზიანების ძებნაზე, რაზედაც კომპანია „სანტექ.სერვისმა“ მაღალი ხარისხის მომსახურება მიაწოდა მომხმარებლებს.

  • გაქვთ თუ არა დაგროვებითი ბარათები, სეზონური ან/და სხვა ფასდაკლებები?

კომპანია ,,სანტექ.სერვისი“ მომხმარებლებს (ფიზიკურ პირებს) სთავაზობს 20%-იან ფასდაკლების ბარათებს (საჩუქრად). ბარათის საშუალებით შეუძლია მომხმარებელმა დაარეგისტრიროს 2 (ორი) საცხოვრებელი სახლი (მაგალითად, თბილისში და ბათუმში) და მიიღოს  მომსახურება დიდი ფასდაკლებით. ასევე გამოვყოფდი სააბონენტო მომსახურების პაკეტს, რომლის ფარგლებშიც კომპანია იურიდიულ პირებს სთავაზობს მინიმალური ფასად 24-საათიან ულიმიტო მომსახურებას (სკოლებს, ბაღებს, რესტორნებს, სასტუმროებს და ა.შ.)


კომპანია ,,სანტექ.სერვისი“ დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიძახოთ როგორც ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით (ფბ: santeqservisi/santeqservice), ისე 24-საათიანი ცხელი ხაზის ოპერატორის მომსახურებით. ტელ.: 0322 45 45 46.

რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი

მმართველი გუნდის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოში ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2004 წელს აქვს შევსებული. მას მაშინდელ ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. იმ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი არ ფლობს არავითარ უძრავ ქონებას, ნაღდი ფულის სახით აქვს 3 ათასი დოლარი, ხოლო საფრანგეთში საბანკო ანგარიშზე 80 ათასი ევრო – გრძელვადიანი კრედიტი.

2005 წელს, დეკლარაციის იმ გრაფაში, რომლითაც დასტურდება რა უძრავ- მოძრავ ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი, მინისტრი წერს, რომ იყიდა როიალი, ტელევიზორი, მაცივარი, კარადა,  საწოლი, რაშიც ჯამურად დახარჯა 6 300 ლარი. სხვა ქონების შესახებ ინფორმაცია ამ წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ ჩანს.

სალომე ზურაბიშვილს 2006 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეუვსია როგორც ყოფილ მინისტრს. ამ წლის მონაცემებით, მას საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აქვს ბინა, რომელიც 300 000 ევროდ არის შეფასებული. იქვე მიუთითებს, რომ ბინა ნაყიდია 1989 წელს.

შემდეგი ქონებრივი დეკლარაცია სალომე ზურაბიშვილმა შეავსო 2017 წელს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, თუმცა  არასრულად – მან დეკლარაციაში მიუთითა არა 2016 წლის სრული შემოსავლი, არამედ მხოლოდ იმ ერთი თვის შემოსავალი – 5309 ლარი, რაც მიიღო როგორც პარლამენტის წევრმა. სალომე ზურაბიშვილის საჯარო განცხადებებით ცნობილია, რომ ის 2016 წელს მუშაობდა უცხოეთში, შესაბამისად, ის ვალდებული იყო, ამ წლის სრული შემოსავალი აესახა ქონებრივ დეკლარაციაში.

2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში სალომე ზურაბიშვილი ასევე უთითებს, რომ თბილისში ფლობს 230 კვადრატულ მეტრ სახლს, რომლის ღირებულებად 160 ათასი დოლარია დაფიქსირებული. იმავე მისამართზე პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს 170 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

წელს კი, სალომე ზურაბიშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გარკვეული ცვლილებები შესულა – ის მიუთითებს, რომ იმავე მისამართზე თბილისში ფლობს 126 კვადრატულ მეტრ ბინას და 235 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. ქონების ღირებულება კი არ იცვლება.

სამაგიეროდ, 150 ათას ევრომდე მცირდება 60 კვადრატული მეტრი ბინის ფასი პარიზში.

გარდა ამისა, დეკლარაციით ირკვევა, რომ  სალომე ზურაბიშვილი  17 ათას დოლარად ყიდულობს მსუბუქ ავტომანქანას [2016 წელი]. პრეზიდენტობის კანდიდატი 35 ცალ ფასიან ქაღალდს ფლობს საქართველოს ბანკში, ხოლო „თელიანში“ – 1212 ფასიან ქაღალდს; ანაბარზე აქვს 50 ათასი დოლარი, სახელფასო ანგარიშზე 3 ათასი ლარი, ხოლო მიმიდინარე ანგარიშზე 8 600 ევრო.

2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არსებითი ცვლილებები არ ჩანს. სალომე ზურაბიშვილს გასულ წელს ხელფასის სახით 57 645 ლარი მიუღია.

ყოფილი პატიმარი, რომელიც სახელოსნოში მხოლოდ ყოფილ პატიმრებს ასაქმებს

პროფესიით მხატვარ-დიზაინერია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან 14 წელი ჰქონდა მისჯილი და საპატიმროში 7 წელი დაჰყო, პროფესია არ დავიწყებია. რამდენიმე წელია, რაც ხის საკუთარი სახელოსნო აქვს, დეკორატიულ ავეჯს, ნივთებს, ხატებს აკეთებს და სახელოსნოში მხოლოდ ყოფილ პატიმრებს ასაქმებს.

თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ყოფილ პატიმრებს ყველაზე მეტად უჭირთ დასაქმება და რეალიზება. შესაბამისად, სურს ყველაზე მეტად მათ დაეხმაროს. ასეთია ყოფილი პატიმრის, 46 წლის გიორგი ლომსიანიძის ისტორია.

ის გვიყვება, როგორ არ დაივიწყა საქმე პატიმრობისას, როგორ შექმნა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით სახელოსნო ციხეში, მასალა მოიმარაგა და ხეზე დეკორატიული დეტალების კვეთა ასწავლა სხვებსაც. მერე ციხეში ორმოცდაათი ექსპონატისგან შემდგარი გამოფენაც მოაწყო.

ამბობს, რომ ხეზე კვეთა 1 ან 2 თვეშიც შეიძლება ისწავლოს მსურველმა. მას შემდეგ, რაც 2016 წელს გათავისუფლდა, ციხეში მისმა შეგირდებმა სახელოსნოში მუშაობა ისევ გააგრძელეს.

გიორგი 2009-2016 წლებში იხდიდა სასჯელს. იხსენებს, რომ გეგმიური ჩხრეკისას 2012 წლამდე ყველა ნამუშევარს უნადგურებდნენ ზედამხედველები – ნახატებს, წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს. „დასტაცებდნენ ხელს და გვიყრიდნენ“, – ამბობს გიორგი.

2016 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა, ამნისტიაც შეეხო და გათავისუფლდა.

ახლა ხის სახელოსნო მშობლიურ ქალაქ ქუთაისში აქვს. ამბობს, რომ მზადაა ყველა დაინტერესებულ ყოფილ პატიმარს შეასწავლოს ხეზე კვეთა.

„როცა დახმარება მჭირდება და დამატებითი საქმე მაქვს, ყოფილ პატიმრებს ვასაქმებ და მათ ვუხდი ხელფასს, მცირედს, მაგრამ მაინც. ვფიქრობ, ჩვენი ადამიანური მოვალეობა ამქვეყნად ერთმანეთის დახმარებაა და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასეც უნდა იყოს“, – გვეუბნება ყოფილი პატიმარი.

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში გიორგი ლომსიანიძეს და მის მეგობარს, რომელიც, ასევე, ყოფილი პატიმარია და გიორგის სახელოსნოში მუშაობს, ხელსაწყოების შეძენა დაუფინანსა. მანამდე კი, ყოფილმა პატიმრებმა ბიზნესპროექტის წერის ტრენინგი გაიარეს.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში. პროგრამა მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას 
    • იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

 

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ოქტომბერში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 333 მოქალაქე დაადეპორტეს

ოქტომბერში შენგენის ზონაში შესვლაზე უარი საქართველოს 152 მოქალაქეს უთხრეს. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტჯერ (47) ქვეყანაში შესვლაზე საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში უთხრეს უარი.

19 მოქალაქე არ შეუშვეს გერმანიაში, 14 – საბერძნეთში, 16 -კვიპროსში და 19 – პოლონეთში.

ამასთან, ოქტომბრში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 333 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.  ყველაზე მეტი, 133 საქართველოს მოქალაქე  თურქეთიდან იქნა დეპორტირებული, 66 -ისრაელიდან, 52 – გერმანიიდან, 22 – საფრანგეთიდან,  20 – ავსტრიიდან და 13 – რუსეთიდან.

აჭარაში “ევროპული საქართველოს” ოფისების ხელმძღვანელებმა პარტია დატოვეს

“ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა. ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილისა და ვარშალომიძის მობრუნებას,” – ეს განცხადება დღეს ბათუმში, პარტია “ევროპული საქართველოს” ბათუმის  ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რაულ თავართქილაძემ გააკეთა.

რაულ თავართქილაძე დღემდე, 19 ნოემბრამდე,  “ევროპული საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. თავართქილაძესთან ერთად პარტია დატოვეს ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის ოფისების ხელმძღვანელებმა.

„საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ  დავით ბაქრაძის კანდიდატურას და სწორედ „ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის დამსახურებით, პარტიამ აჭარაში 15 000-მდე ხმა მოიპოვა. ჩვენი მხრიდან დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდაჭერა განპირობებული იყო მისი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე და გვჯეროდა, რომ ეს იყო ქვეყნის ევროპული არჩევანი. გვინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს და ამავდროულად გაცნობოთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც ჩვენმა გუნდმა მიიღო,” – განაცხადა რაულ თავართქილაძემ.

 

გზების დეპარტამენტს ადგილობრივი კომპანიების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ – ქუთაისის შემოვლითი გზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერების გამო ოთხი კომპანია დავების საბჭოში უჩივის. კომპანიები აცხადებენ, რომ დეპარტამენტის სატენდერო პირობები ადგილობრივი კომპანიებისთვის დისკრიმინაციულია, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და უცხოურ კომპანიებზეა მორგებული.

დეპარტამენტის მიერ „სატენდერო პირობების განსაზღვრისას თავდაყირაა დაყენებული სახელმწიფო შესყიდვების, როგორც უმნიშვნელოვანესი მმართველობითი საქმიანობის პროცედურის არსი და მიზანი, ასევე კონკურენციის შესახებ კანონის იმპერატიული მოთხოვნა და რაც ყველაზე არსებითია შემსყიდველის მხრიდან ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ჩვენს მიერ სადაოდ გამხდარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მორგებულია შემსყიდველის სასურველ უცხოურ კომპანიაზე/კომპანიებზე, რადგანაც ემსახურება რეზიდენტი [ადგილობრივი] კომპანიების ჩახსნას ტენდერიდან და უსამართლო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს უცხოურ კომპანიებს“ – აღნიშნულია ერთ-ერთი კომპანიის საჩივარში.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიან ავტომაგისტრალად უნდა გადაკეთდეს, რისთვისაც არსებული ორზოლიანი გზის პარალელურად ახალი ორზოლიანი გზა აშენდება. მშენებლობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ჯამური სატენდერო თანხა 204 572 062 ლარია. 41-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოებზე კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერები ოთხ ლოტად გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით ახალი გზა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებიდან 22 თვეში უნდა აშენდეს, თუმცა შესყიდვების სააგენტოში დავის გაგრძელების შემთხვევაში სატენდერო პროცედურები დროში გაიწელება.

ტენდერებში წინადადებების მიღება 2018 წლის 19-20 ნოემბერს უნდა დაიწყოს, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტს ოთხი ადგილობრივი კომპანია უკვე სატენდერო პირობების გამო ედავება. ოთხივე კომპანია დავების საბჭოდან ერთიდაიმავეს ითხოვს:

[checklist]

  • შესყიდვების სააგენტომ გააუქმოს დეპარტამენტის სატენდერო პირობების კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული ჩანაწერი, კერძოდ სატენდერო პირობების ტექნიკური მოთხოვნების ის ნაწილი, რომელიც ეხება მიმწოდებელი კომპანიების გამოცდილებას;
  •  დაავალონ საავტომობილო გზების დეპარტამენტს რათა მან კანონმდებლობის მოთხოვნათა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზრის კვლევის შესახებ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაატაროს ბაზრის კვლევა;
  • დაავალონ გზების დეპარტამენტს ბაზრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე განსაზღვროს და დააწესოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შებამისი სატენდერო პირობები პრეტენდენტი ორგანიზაციების გამოცდილებასთან დაკავშირებით.

[/checklist]

 „საინტერესოა, თუ რა არგუმენტებით ადასტურებს შემსყიდველი იმ გარემოებას, რომ მაგალითად, თუ კომპანიას ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული აქვს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 25 ან 30%, ის ვერ შეძლებს ტენდერით მოთხოვნილი სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულებას. ასევე, რის საფუძველზე დაადგინა შემსყიდველმა, რომ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც სავარაუდო ღირებულების 50%-ს შეადგენს, ასეთი კომპანია აპრიორი ჯეროვნად შეასრულებს შესყიდვას და რომ მისი შესრულების ხარისხი იქნება უკეთესი, ვიდრე მაგალითად საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი კომპანიის, რომელსაც აქვს საკმაოდ ბევრი პროექტი წარმატებით განხორციელებული, თუმცა შესაძლოა ერთი ხელშერკულების ფარგლებში შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 30%, და არა დაწესებული 50%“ – აღნიშნულია საჩივარში.

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში საჩივრების განხილვა მიმდინარე წლის 19 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული, სადაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სავარაუდოდ, მოუწევს მტკიცებულებების წარდგენა, რომ ტენდერის ის მოთხოვნები, რის გამოც ედავებიან, არის ადეკვატური, პროპორციული და არადისკრიმინაციული.

 

მთავარი ფოტო: ქუთაისის შემოვლითი გზა / გზების დეპარტამენტის ფოტო

 

 

 

რიგები სარფის საბაჟოზე – თურქეთის მხარეს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებია

დღეს, 18 ნოემბერს, სარფის საბაჟოზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მოქალაქეები ხალხმრავალ რიგში აღმოჩნდნენ.

„ნეიტრალურ ტერიტორიაზე გავიჭედეთ, ძალიან ბევრი ხალხია. ამბობენ, სისტემაა გათიშული თურქულ მხარესო“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც თავადაც ამ რიგში იმყოფება.

ბათუმში თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რიგის მიზეზი თურქეთის მხარეს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებია, წარმოიქნა შეფერხება და მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა კონკრეტულად რა დროში აღმოიფხვრება შეფერხება, საკონსულოში დაზუსტებით ვერ ამბობენ.

ბათუმში 15 წლის ბიჭი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, შს სამინისტროს ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

რა შემთხვევაში აზარალებს ფერმერს ფაროსანა – აჭარასა და გურიაში 205 ათასი ჰექტარი შეწამლეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, რასაც სპეციალური შტაბი ახორციელებდა აჭარასა და გურიაში, დასრულებულია. მავნებლის  წინააღმდეგ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით, აჭარასა და გურიაში წელს ჯამში 205 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს.

ფაროსანამ გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა, თუმცა როგორც აჭარის, ასევე, გურიის სოფლებში ამბობენ, რომ მავნებელი წელს იმდენად შემაწუხებელი არ იყო, ანუ მიმდინარე წლის შემოდგომაზე მათი რაოდენობა გაცილებით შემცირებულია, ვიდრე შარშან.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით ფართობის შეწამვლა აჭარაში /  ამ მეთოდით აჭარაში 2018 წელს ჯამში 34 420 ჰექტარი ფართობი დამუშავდა / აჭარაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შტაბში აცხადებენ, რომ „ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი მძიმედ მიდიოდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შედეგები იმაზე უკეთესია, ვიდრე პროგნოზი იყო, ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა აჭარაში“ / შტაბის ფოტო

რაც შეეხება მოსავალს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ, ზოგადად, მთლიანი ზარალის მხოლოდ 10% თუ იქნება აზიური ფაროსანას მიზეზით. ამ უწყებებში ამბობენ, რომ აგროტექნიკურ ვადებში დადგენილი წესების დაცვით წამლობის შემთხვევაში ზარალის მინიმუმამდე დაყვანაა შესაძლებელი.

გასულ წელს სახელმწიფოს მიერ დარიგებული პრეპარატით შეწამლა თხილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში მცხოვრებმა ფერდინანდ გუჯაბიძემ და როგორც თავად ამბობს, კარგი მოსავალიც მიიღო.

„წელს სამჯერ შევწამლე თხილი – პირველად მხოლოდ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით, შემდეგ მასში ვურევდი ნაცრის საწინააღმდეგო პრეპარატსაც და გასულ წელთან შედარებით ძალიან კარგი მოსავალი მივიღე. სიდამპლეზეც შევწამლე წელს პირველად. შარშან არ შემიწამლია და თითქმის არც იყო თხილი. წელს სამეზობლოში ვინც არ შეწამლა, ვერავინ მიიღო მოსავალი,“ – ამბობს ფერდინანდ გუჯაბიძე.

თხილი, ასევე, ციტრუსი შეწამლეს აჭარაშიც, თუმცა ზოგიერთი ფერმერი ამბობს, რომ სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღო.

ქობულეთის სოფელ გვარაში მცხოვრები ჯონი ბოლქვაძე გვეუბნება, რომ მან თხილი რამდენჯერმე შეწამლა, თუმცა ყველა წამლობა ვერ ჩაატარა და ცოტა იზარალა კიდეც: „მხოლოდ სამჯერ შევწამლე თხილი. მიმაკლდა ორი-სამი წამლობა, თუმცა შარშანდელზე მეტი მოსავალი მაინც მივიღე. ყველა წამლობა რომ ჩამეტარებინა, ალბათ ასპროცენტიან შედეგს მივიღებდი. ფაროსანაზეც შევწამლე და სიდამპლის ვირუსებია, ნაცარი, სოკო, ტკიპა… კომბინირებულ წამლობას ვატარებდი. ახლობელსაც აქვს ბაღი და არ დაუწამლია, შესაბამისად, ვერც მოსავალი მიიღო.“

ფერმერი ამბობს, რომ მოსავალი, მართალია, მეტი მიიღო, მაგრამ შარშან თხილი გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე წელს. „წელს 10 კაკალ გატეხილ თხილში 8-9-ს თუ ჰქონდა საღი გული, 5-5,5 ლარს იხდიდნენ. მე, მაგალითად, 10-ში 6 ამომივიდა და 3,20 ლარად გავყიდე. ლარიდან ორ ლარამდე იხდიდნენ თუ ათიდან 2-3 გული ამოვიდოდა საღი. შარშან ნაკლები მოსავალი მოვიდა, მაგრამ 4,7 ლარად გავყიდე კილოგრამი თხილი“, – გვიყვება ჯონი ბოლქვაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოჩხამური / თხილის ვარგისიანობის შემოწმების მეთოდი – 50 გატეხილი თხილიდან საღი მხოლოდ 18 აღმოჩნდა, ამ მეთოდით, მოსავლის 64% გაფუჭებული იყო.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების შეფასებით, წელს ნებისმიერ დაზიანებულ კულტურაში, მათ შორის თხილში, აზიური ფაროსანას წვლილი 10%-ს არ აღემატება, დანარჩენი კი სხვადასხვა დაავადებით არის გამოწვეული.

„ფაროსანას მოქმედების ეფექტი ძალიან მიზერულია წელს ციტრუსში, ვინაიდან, როდესაც ციტრუსი შევიდა სიმწიფის სტადიაში და ის ფაროსანასთვის იყო მისაღები საკვები, ფაროსანამ დაიწყო გამოსაზამთრებლად გადაადგილება და ციტრუსზე მავნებლობა ვეღარ მოახდინა,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

ციტრუსი წელს აზიური ფაროსანასგან დასაცავად სახელმწიფომაც შეწამლა და ფერმერების ნაწილმაც.

ჯონი ბოლქვაძე ამბობს, რომ ციტრუსს ყველა წამლობა ჩაუტარა და მოსავალიც კარგია. „ფაროსანას „ნამუშევარიც“ შეიმჩნეოდა, მაგრამ დავწამლე ორ-სამჯერ და შედეგი იყო. ფაროსანა უნდა მწყემსო როდის გამოჩნდება და იმის მიხედვით უნდა შეწამლო ბაღი. თხილს სხვა დროს სჭირდება წამლობა, მანდარინს სხვა დროს. ამასთან, ამინდის შერჩევაც საჭიროა და ყველა ფერმერი ალბათ ვერ ახერხებს ამას. მესმის, რთულია, მაგრამ ეს რომ არ გააკეთო, ისე მოსავალს ვერ მიიღებ. ფერმერები ამბობენ, რომ მოსავალი ნაკლებია, მაგრამ რაც არის, ხარისხიანი, სტანდარტული მანდარინია“.

მანდარინის ბაღი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში. ბაღის მეპატრონე ამბობს, რომ მანდარინი რამდენჯერმე შეწამლა და მოსავალსაც არ უჩივის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის რევაზ ზენაიშვილის თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას ჰქონდა შედეგი. ეს გამოიხატა იმაში, რომ გასულ წელთან შედარებით ფაროსანას რაოდენობა ანუ პოპულაცია სამ-ოთხჯერ არის შემცირებული, ხოლო სწორი წამლობის შემთხვევაში მავნებელი მოსავლიანობაზეც ნაკლებად ახდენს გავლენას.

„შარშან ოქტომბრის დასაწყისიდან სავსე იყო ამ მავნებლით საცხოვრებელი სახლები, წელს ასე არ არის. თითქმის საერთოდ არ  გაფუჭებულა ციტრუსი, კივი, იქ, სადაც შეწამლეს. შარშან, წლის ბოლოს მოსახლეობას დაურიგდა 2 ჰექტრის საყოფი პრეპარატი და ზოგმა გამოიყენა წელს, ზოგმა არა. სიმინდის მასივების შეწამვლა სახელმწიფომ აიღო თავის თავზე და შეწამლა კიდეც სველი შესხურების მეთოდით. წელს რომ სიმინდის მოსავალი იყო ლანჩხუთში, ასეთი ალბათ კომუნისტების შემდეგ არ ყოფილა. არსად არ იყო ფაროსანას მიერ დაზიანებული სიმინდი. თუმცა არის კერძო ნაკვეთები მოსახლეობაში, სადაც 20-30% იყო დაზიანება, ვინაიდან არ შეწამლეს“, – ამბობს რევაზ ზენაიშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, თეა კუპრაძე კი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავლიანობამ შეადგინა დაახლოებით 3 ათასი ტონით მეტი [11 ათას ტონამდე], ვიდრე გასულ წელს, ხოლო სიმინდის მოსავლიანობა შედარებით ნაკლები იყო. მიმდინარე წელს შეადგინა დაახლოებით 3 600 ტონა, რაც წინა წელთან შედარებით 3 700 ტონით ნაკლებია. რაც შეეხება ციტრუსს, წინასწარი პროგნოზით ოზურგეთში მიმდინარე წელს, დამზადდება 12 500 ტონამდე ციტრუსი, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ტონით მეტია.

2018 წლის მოსავალი გურიაში, სოფელი სუფსა. მესაკუთრე ამბობს, რომ სიმინდის ფართობები მას პირადად არ შეუწამლია, თუმცა შეწამლა სახელმწიფომ, შესაბამისად, წელს შარშანდელთან შედარებით გაცილებით კარგი მოსავალი მიიღო.

თხილსა და ციტრუსს აჭარასა და გურიაში ათობით სხვადასხვა დაავადება აქვს.

„ჩვენი დაკვირვებებით აზიური ფაროსანას პოპულაციასთან შედარებით ზარალი წელს გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე შარშან. ოზურგეთში ზარალი, ძირითადად, თხილის პლანტაციებში გამოიკვეთა. გარდა აზიური ფაროსანისა, თხილის პლანტაციებში, ძირითადად, გავრცელებულია ამბროზიის ხოჭო, კვირტის ტკიპა, ხარაბუზა და სხვა მავნებელ-დაავადებები. ციტრუსოვანთა ნარგავების ძირითადი მავნებლებია: ციტრუსოვანთა ფრთათეთრა, ციტრუსოვანთა ბეწვიანი, წითელი და ვერცხლისფერი ტკიპები; იაპონური ჩხირისებრი, ყავისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ა.შ. დაავადება კი მალსეკო (ხმალა), გომოზი, ციტრუსების ბაქტერიული ნეკროზი, მეჭეჭიანობა და ა.შ. სიმინდის მავნებლებიდან აღსანიშნავია ხვატარი და ა.შ.“ – ამბობს თეა კუპრაძე.

რევაზ ზენაიშვილის თქმით კი, გურიაში „არ არის კულტურა შეწამვლის, არ ჰქონიათ ადრე ასეთი პრევენციული ღონისძიებები და წელს პირველად, მოსახლეობის ალბათ 20-მა პროცენტმა თუ შეწამლა თხილი. ზოგმა ხეხილიც შეწამლა და ხურმა, მსხალი, ვაშლიც გადაარჩინა. გურიასა და აჭარაში სულ ცოტა 30-35 სახეობის ხეხილი აქვთ მცირე ნაკვეთებზე ფერმერებს. ეს ხეხილი სხვადასხვა დროს მწიფობს და წინასწარ ვერ შეწამლავ, ბუნებრივია. ამიტომ ყველა ფერმერმა უნდა იცოდეს საკუთარი ეზოს ფენოკალენდარული სქემა, რა ხილი აქვს და იმის მიხედვით როდის რა შეწამლოს. 4-5-ჯერ და მეტჯერ ვისაც მოუწია შეწამლვა, იმან გადაარჩინა მოსავალი“.

რევაზ ზენაიშვილი ამბობს, რომ ფენოკალენდარული სქემის მიხედვით, ფერმერმა 1 ჰექტარ თხილის ბაღს რომ მოუაროს, ყველა ხარჯის ჩათვლით, წელიწადში დაახლოებით 300-400 ლარი დასჭირდება: „კარგი თხილი 7 ლარიც კი ღირდა კილოგრამი და ჰექტარზე მინიმუმ 1,5 ტონა მოსავალი რომ იანგარიშო, ფარავს ხარჯებს და მოგებასაც ტოვებს“.

2018 წელს აჭარასა და გურიაში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით სულ 205 ათას 857 ჰექტარი ფართობი შეიწამლა. აქედან 175 ათას 150 ჰექტარი თერმული ნისლის, ხოლო 30 ათას 307 ჰექტარი ცივი შესხურების მეთოდით [წყარო: ფაროსანასთან ბრძოლის შტაბები]
ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც სამეგრელოს რეგიონშია განთავსებული, აცხადებენ, რომ შეწამვლითი ღონისძიებები მომავალი წლის თებერვლის ბოლოს ან მარტში განახლდება, ზამთრის პერიოდში კი მოსახლეობამ ფაროსანასთან საბრძოლველად მექანიკური საშუალებები უნდა გამოიყენოს.

შტაბის ოპერატორის, მარიამ ჩიქოვანის ინფორმაციით, სამომავლოდ მოსახლეობას აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები აღარ დაურიგდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის ინფორმაციით, გასულ წელს მოსახლეობაში ფენომონებთან ერთად დარიგდა 230 ათასი ლიტრი შესაწამლი პრეპარატი. მისივე თქმით, წელს სახელმწიფომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ოთხი მიმართულებით აწარმოა – მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მონიტორინგი, მაღალი პოპულაციის ადგილების დადგენა/წამლობა და სამეცნიერო წრის ჩართულობა-კვლევები.

„მარტის თვიდან დავიწყეთ ფერომონობის განთავსება, 30 აპრილიდან შეწამვლითი ღონისძიებები. აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში წელს, ჯამში, 780 ათასი ჰექტარი შევწამლეთ. თუ გასულ წელს 15 სპეცტექნიკა გვყავდა, წელს მათი რიცხვი 150-მდე იყო. თუმცა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფერმერების ჩართულობას ამ ღონისძიებებში. შემიძლია ვთქვა, რომ წელს იმ ფერმერების რიცხვიც გაიზარდა, ვინც ჩვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით ატარებს ღონისძიებებს საკუთარ ნაკვეთებში და აქვთ საუკეთესო შედეგი. 2012 წელს, როცა აზიური ფაროსანა არ იყო გავრცელებული, ანასეულში მეცნიერებმა, გურიის მასშტაბით თხილში 51 სხვადასხვა დაავადება გამოავლინეს. ამ დაავადებებთან ბრძოლა კი, წესების დაცვით, აუცილებელია“, – ამბობს ნიკა მესხი.

 


სტატია  მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

გაზის დასრულებული პროექტის პრეზენტაცია სოფელ თხილნარში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბერიაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნეს. პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე სოფლებში: ახალსოფელი, ჭარნალი და თხილნარი ახლად აშენებული გაზსადენები დაათვალიერა და სოფელ თხილნარის მკვიდრის, თენგიზ ბერიძის ოჯახში გაზქურა აანთო.

სოფლების ახალსოფელის, ჭარნალის და თხილნარის გაზიფიცირებისთვის აშენდა 150 324 მეტრი სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი.
სოფლების:, ჭარნალის და თხილნარის გაზიფიცირებისთვის აშენდა 150 324 მეტრი სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი.

,,დავათვალიერე გაზსადენის მშენებლობა ხელვაჩაურში და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორთან, ვახტანგ ბერიაშვილთან ერთად სამომავლო გეგმები განვიხილე. რეგიონში მიმდინარე წელს კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზმა“ 9 500 აბონენტი უზრუნველყო ბუნებრივი აირით. აჭარის რეგიონში დღეისათვის 85 ათასი აქტიური აბონენტია, რომელთა რიცხვი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. შენდება ახალი ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებას ემსახურება.

ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე სოფლის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას,“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სოფლების ახალსოფელის, ჭარნალის და თხილნარის გაზიფიცირებისთვის აშენდა 150 324 მეტრი სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი.
სოფლების: ახალსოფლის, ჭარნალისა და თხილნარის გაზიფიცირებისთვის აშენდა 150 324 მეტრი სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სოფელ თხილნარში 69345 მ სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 1000-მდე ოჯახს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფლების: ახალსოფლის, ჭარნალისა და თხილნარის გაზიფიცირებისთვის აშენდა 150 324 მეტრი სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ამ სოფლებში მცხოვრებ 2000-ზე მეტ ოჯახს მიეცა.

ბათუმში 14 წლის ბიჭი დაჭრეს

დღეს, 17 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათისთვის, ბათუმში მოზარდებს შორის შელაპარაკების შედეგად 14 წლის ბიჭი დაჭრეს.  მოზარდს ოთხი ჭრილობა დანით მიაყენეს.

როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, მოზარდი სასწრაფოს მისვლამდე, პოლიციის მანქანით გადაიყვანეს იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

დაზარალებულს ამ წუთებში უკეთდება ოპერაცია. ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 19-108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობის მცდელობა]. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მუსლიმთა სამმართველოს საანგარიშო შეხვედრა ბათუმში

დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.

როგორც მუფთი, ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, მუჰამედის დაბადების დღესთან დაკავშირებით ხელოვნების ცენტრში დღეს 200-ზე მეტი წინამძღვარი იყო მოწვეული. შეხვედრის ძირითადი მიზანი მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა იყო სტუმრებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც.

თორნიკე რიჟვაძემ სამმართველოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მუჰამედის დაბადების დღე მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისთვის.

„თითოეული თქვენგანის როლი ქვეყნის სამსახურში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე, ვუსურვო თქვენს ოჯახებს რწმენის სიმტკიცე და მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

დეპარტამენტი: წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები აჭარაში 17,8 პროცენტითაა გაზრდილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის ათი თვის მონაცემებით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 17,8 პროცენტითაა გაზრდილი [ამ პერიოდში 1 725 468 ვიზიტი განხორციელდა]; იმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც. 2018 წელს, 2016 წელთან შედარებით, რეგიონში 41 პროცენტით მეტი ფრენა განხორციელდა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბოლო ორ წელში, რეგიონს პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობებით გაუწია. მათ შორის სატელევიზიო რეკლამითა და გადაცემებით BBC-ზე, Euronews-ზე, CNN-ზე, Deutsche Welle-ზე, RTL-ზე და N-TV-ზე, ასევე გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების 35-ზე მეტ ქალაქში და აქტიური ონლაინ რეკლამით 14 ქვეყნის სოციალურ და ონლაინ პლატფორმებზე.

გარდა ამისა, დეპარტამენტმა პრეს-ინფოტურის ფარგლებში რეგიონში 963 ჟურნალისტსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელს უმასპინძლა, რომლის შედეგადაც აჭარის შესახებ 266-ზე მეტი სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა გავრცელდა სამიზნე ქვეყნების წამყვან მედიასაშუალებებში. რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარა ბოლო ორ წელში 57 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე იყო წარდგენილი“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ ტრენინგ-სემინარებში, დეპარტამენტმა სექტორში დასაქმებული 2 700-ზე მეტი პირი გადაამზადა. მათ შორის კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები და გიდები. გარდა ტრენინგებისა გიდებისთვის მომზადდა ღვინის გიდის გზამკვლევი და გიდის პრაქტიკული სახელმძღვანელო.

მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით კი, ბოლო სამ წელში აჭარაში 15 ტურისტული მარშრუტის მარკირება მოხდა. არსებულ მარშრუტებზე 65-მდე ინფოტური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც გიდები და ტურისტული სააგენტოები იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს გაეცნენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს მთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა 98 პროცენტით გაიზარდა.

„წლის ბოლო დასრულება, რეგიონის 2018-2025 წლების ტურისტული განვითარების სტრატეგია, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი ტურიზმში ჩართული სამთავრობო და კერძო სექტორისთვის“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

დეპარტამენტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ორი წლის საქმიანობის ანგარიში დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ტურიზმის სექტორსა და მთავრობის წარმომადგენლებს დღეს, 17 ნოემბერს, წარუდგინა.

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 853 ათასი ლარით მცირდება. ნაცვლად მიმდინარე წელს დაგეგმილი 9 764 800 ლარისა, მომავალ წელს დეპარტამენტი 8 911 800 ლარით დაფინანსდება. უცვლელი რჩება დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა [46 კაცი] და მათი შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა [895 200 ლარი].

 

მთავარი ფოტო: ტურისტები მტირალას ეროვნულ პარკში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

19,5 მილიონი ლარით სესხის პროცენტი და ძირი დაიფარება – ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

ბათუმის მერია მომავალ წელს სესხის დასაფარად ბიუჯეტში 19 555 500 ლარს გაითვალისწინებს. ამ თანხაში შედის როგორც სესხის პროცენტის, ასევე ძირი თანხის დაფარვა. მერია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის [KfW და EBRD] ვალს იხდის. მიმდინარე წელს კი სასესხო ვალდებულებების დასაფარად ბიუჯეტში 18 242 000 ლარია გაწერილი.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ბათუმის მერიას 9,2 მილიონი ლარის ვალი ჰქონდა და მისი დაფარვა მომავალ წელს დასრულდება. მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნული თანხით სხვადასხვა დროს ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებულ 5,5 მილიონ ევრო სესხს რაც შეეხება, ის ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების შეძენას მოხმარდა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ სესხის დაფარვა 2019 წელს დაიწყება და 2027 წელში დასრულდება, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ სესხის პროცენტის დასაფარად 60 100 ლარია გათვალისწინებული.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] ბათუმის მერიას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობის სესხი აქვს აღებული. ამ თანხით ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემები კეთდება. ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის თქმით, ამ ეტაპზე ქალაქის სხვადასხვა უბანში მე-3 და მე-4 ფაზის სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს.

სამუშაოების ოთხი ფაზის დასაფინანსებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან ქალაქის მერიას 17-4,5-27 და 30 მილიონი ევროს სესხები აქვს აღებული. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკრედიტო ბანკისთვის 60 მილიონი ლარია გადახდილი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურებისთვის გადასხდელი თანხა:

[checklist]

  • მუნიციპალური განვითარების ფონდი – 167 100 ლარი;
  • გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი [KfW] – 19 195 400 ლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD] – 193 000 ლარი.

[/checklist]

მომავალი წლის ბიუჯეტში დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯებისთვის 9 550 000 ლარია გათვალისწინებული.

აქედან 1 800 000 ლარი ბათუმის ავტობუსების პროექტის, ხოლო 7 750 000 ლარი – ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებას მოხმარდება.

 

ამავე თემაზე:

„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს

„მოტყუებით მიგვიყვანეს“ – სტუდენტი ბათუმში „ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა დღეს, 16 ნოემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში შეხვედრა მოაწყვეს. საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი სტუდენტი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, ამ შეხვედრას ესწრებოდა. ის ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები – საზღვაო აკადემიის სტუდენტები, მოტყუებით აღმოჩნდნენ საზაფხულო თეატრში.

„გვითხრეს ოფიცრებმა, რომ შეხვედრა დათო მაღრაძესთან იქნებოდა, ჰიმნის ავტორთან, თან კონცერტი იქნებაო, მანამდე შეკითხვებიც შეგიძლიათ დასვათო… ჩემი ერთი მეგობარი მართლა იმიტომ წამოვიდა, რომ კითხვები მაქვს ჰიმნთან დაკავშირებითო, მაგრამ იქ მსგავსი არაფერი დაგვხვედრია – პოლიტიკური მოწოდებები იყო მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. იქ იყო დათო მაღრაძე და სხვებიც. სიტყვით მიმართავდა ხალხს ვახტანგ ღლონტი, გოგა ხაინდრავა და ასე შემდეგ, იყვნენ ბიზნესმენებიც. ისინი ყვებოდნენ ისტორიებს და მოუწოდებდნენ ხალხს, თუ რატომ უნდა დაეჭირათ მხარი „ქართული ოცნებისთვის“. შეხვედრაზე იყვნენ მოხუცებიც, ბავშვებიც, სავსე იყო დარბაზი. ჩვენ მალე დავტოვეთ შეხვედრა,“ – ამბობს სტუდენტი.

შეხვედრა საზაფხულო თეატრში საღამოს 5 საათზე დაიწყო.

 

„დრიმლენდ ოაზისი“ ბათუმის ბულვარის განვითარების ახალ კონცეფციას ამზადებს

რადგან მხარეებმა მორიგების სურვილი გამოთქვეს, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ბათუმის ბულვარისა და „დრიმლენდ ოაზისის“ სასამართლო დავის განხილვა 2019 წლის 11 იანვრამდე გადადო. ამ ვადაში ბათუმის ბულვარი შპს „დრიმლენდ ოაზისს“ უნდა მოურიგდეს. კომპანია ბათუმის ბულვარს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვას სთხოვს.

საუბარია ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე, რამაც 2016 წელს საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად ძველ ბულვარში მესამე ალეას გაუქმებას, ასევე, გასართობი ობიექტების მოწყობას აპირებდა. საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობამ ბულვარში მასშტაბურ ცვლილებებზე უარი თქვა, თუმცა ჩაუბარებელი და დაუფინანსებელი დარჩა პროექტი, რომელიც მანამდე ბულვარის ადმინისტრაციამ შპს „დრიმლენდ ოაზისს“ დაუკვეთა.

„დრიმლენდ ოაზისსა“ და ბულვარის ადმინისტრაციას შორის ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა. კონცეფციაში ბულვარის ადმინისტრაციას 240 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.

„ჩვენ ჩავიბარეთ ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამაში 80 ათასი ლარი გადავიხადეთ, მაგრამ არ ჩავიბარეთ კონცეფცია, ანუ 160 ათასი ლარი აღარ გადაგვიხდია,“ – ამბობს თამარ თავართქილაძე, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის იურისტი.

აქამდე სასამართლო პროცესზე კომპანია საუბრობდა იმაზე, რომ მან დაკვეთის შესაბამისად მოამზადა და ფული არ გადაუხადეს. ბულვარის ადმინისტრაცია კი ამბობდა, რომ კონცეფცია კორექტირებასა და დახვეწას საჭიროებდა.

„დრიმლენდ ოაზისი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 160 ათასი ლარის გარდა, ასევე, ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 19 ათასი ლარია. თუკი ბათუმის ბულვარი სასამართლო დავას წააგებს, მან კომპანიას ზიანის ანაზღაურების თანხაც უნდა გადაუხადოს 2016 წლის მაისიდან იმ დრომდე, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდება. 2016 წლის მაისი ის თვეა, როცა „დრიმლენდ ოაზისს“ ბულვარის განვითარების ახალი კონცეფცია უნდა ჩაებარებინა ბულვარის ადმინისტრაციისთვის.

რატომ წავიდა მორიგებაზე ბულვარის ადმინისტრაცია?

„ჩვენ უარს არ ვაცხადებდით თანხის ანაზღაურებაზე იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაითვალისწინებდნენ შენიშვნებსა და ხარვეზებს, რაც ჰქონდა ამ კონცეფციას. ჩვენ არ ჩავიბარეთ კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებდა მესამე ალეის გაუქმებას, ასევე კორტების ქვევით პარკინგის მოწყობას და უნივერსიტეტის მოედანზე გარკვეული შენობების განთავსებას. თუკი ისინი გაითვალისწინებენ დღევანდელ რეალობას, ჩვენ ჩავიბარებთ კონცეფციას,“ – გვითხრა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის იურისტმა, თამარ თავართქილაძემ.

რა სახის კონცეფციას სთხოვს ამჯერად ბულვარის ადმინისტრაცია შპს „დრიმლენდ ოაზისს“, რა არის „ახალი რეალობა“ – ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ კომპანიამ ზოგადი კონცეფცია უნდა წარმოადგინოს. „მაგალითად, განვითარების გეგმა, სადაც იქნება გაწერილი წლების მიხედვით ახალი ხე-მცენარეების შემატება, ამ ტიპის გეგმაზეა საუბარი. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ალეის გაუქმებაზე აღარ არის საუბარი. საუბარია კონსერვაციაზე, თუმცა ეს არ გულისხმობს ბულვარის დახურვას. ეს გულისხმობს მზრუნველობას, დაცულობას და განვითარებას,“ – აღნიშნავს თამარ თავართქილაძე.

ბათუმის ბულვარის კონსერვაციაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს ზურაბ პატარაძემ დაიწყო, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ. ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ კონსერვაციის იდეას მთავრობისა და ბულვარის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელობაც იზიარებს. თუმცა ამ დრომდე კონსერვაციის ჯგუფი შექმნილი არ არის. ამ ჯგუფმა კონსერვაციის გეგმის ტექნიკური დავალება უნდა მოამზადოს.

ბულვარის ადმინისტრაციაში ჯერ არ იციან, დასრულდება თუ არ მორიგების პროცესი წარმატებით შპს „დრიმლენდ ოაზისთან“. თუკი მხარეები მორიგებას ვერ შეძლებენ, სასამართლო პროცესი განახლდება. სასამართლო დავა უკვე დასკვნით ეტაპზეა.

სასამართლო პროცესზე დღეს „დრიმლენდ ოაზისის“ წარმომადგენელიც მივიდა, თუმცა მან ჩვენთან გასაუბრებაზე უარი თქვა.

ამ თემაზე:

ისევ ბულვარის კონცეფცია – „ოაზისი“ „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში უჩივის

2019 წელს ბათუმის მერია „სიმაღლის გადასახადიდან“ 800 ათასი ლარის ამოღებას გეგმავს

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მერიამ განსახილველად საკრებულოში უკვე გადააგზავნა, ე.წ. ზონალური მოსაკრებლის სახით მერია 800 000 ლარის ამოღებას გეგმავს – ასეთია საპროგნოზო მაჩვენებელი. 2018 წელს ამ მოსაკრებლიდან მერია მილიონ 200 000 ლარის ამოღებას გეგმავდა, თუმცა ათი თვის შედეგებით, ამ თანხის მხოლოდ 3,2 პროცენტი ამოიღო [37 899 ლარი]. ეს არის ამ დროის ფაქტობრივი შესრულება, რაც სავარაუდოდ გაიზრდება. მიუხედავად ამისა, მერიამ საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალი წლისთვის მხოლოდ 400 000 ლარით შეამცირა.

სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.

ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს მაქსიმალურად იყენებს, შესაბამისად, ადგილი პარკინგისა და გამწვანებისთვის ან საერთოდ არ რჩება, ან ძალიან მცირეა. ამას ემატება ისიც, რომ მშენებლები, ძირითადად, ქალაქის ცენტრით ინტერესდებიან, სადაც  ბევრ ქუჩაზე სახლები ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ როგორც მზის სხივის გავრცელების, ასევე ჰაერის გადანაწილების პრობლემები იქმნება.

კ2-განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რაც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს. ბათუმის კონკრეტულ ზონაში კონკრეტული კოეფიციენტია დადგენილი. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2013 წელს დაამტკიცა, კონკრეტულ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორი სახის გადასახადს ითვალისწინებს: საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარს, ხოლო საცხოვრებელ ზონაში – 143 ლარს.

სპეციალური ზონალური შეთანხმება გულისხმობს კ2-ის გაზრდაზე მოლაპარაკებას მერიასა და მშენებელს შორის, რომ მერიამ მშენებელს თანხმობა მისცეს, უფრო მაღალი შენობა ააშენოს, ვიდრე იმ კონკრეტულ ზონაშია დაშვებული.

2017 წლის 8 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე, პერიოდში ბათუმის უკვე არჩეული მერი, ლაშა კომახიძე არ უარყოფდა, რომ  ბათუმს განაშენიანების თვალსაზრისით პრობლემები აქვს, საჭიროა პარკინგის პრობლემის მოგვარება და ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, ედნარ ნატარიძის განმარტებით, წელს ზონალური შეთანხმების კომისია გვიან შეიქმნა, ამ მიმართულებით შეთანხმებებზე თანხმობები არ გაცემულა და, შესაბამისად, მოსაკრებელიც არ შევიდა ბიუჯეტში. ახლა კი კომისია შექმნილია და, სავარაუდოდ, შეთანხმებები იქნება.

ხომ არ შეცვალა მერიამ ამ მიმართულებით პოლიტიკა? – კითხვაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ედნარ ნატარიძემ განმარტა:

„მერი არ აპირებს თანხმობების გაცემას კონკრეტულ უბნებში, მისი პოზიცია იყო, რომ ადრე არსებული ტენდენცია არ გაგრძელდებოდა. გარდა ამისა, არის სამართლებრივი მხარე, რაც ითხოვს, რომ განისაზღვროს გარკვეული ოდენობა, თუმცა ეს პროგნოზია და არა აუცილებლობა“.

იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოითხოვა, მერიის შესაბამისი კომისია კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე  წელს 24 კომპანიას დაეთანხმა, თითქმის ამდენივე კომპანიას კი უარი უთხრა.

English Book Education: TOEFL® ტესტის ექსკლუზიური წარმომადგენელი მთელ ამიერკავკასიაში 

თინი თურმანიძე სკოლა „მასტერკლასის“ მეცხრე კლასის მოსწავლეა. გასულ წელს სკოლა English Book Education-ის მიერ განხორციელებულ პროგრამაში ჩაერთო, რაც მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონის TOEFL® ტესტის საშუალებით შემოწმებას გულისხმობს. აღნიშნულ ტესტში მან 900-დან 890 ქულა მიიღო, რაც ნამდვილად მაღალი შედეგია.

10 წელზე მეტია, რაც English Book Education განათლების სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. აღნიშნული კომპანია საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ ინგლისური ენა თანამედროვე, უნიკალური მეთოდებით, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სკოლამდელი ასაკიდან საშუალო განათლების ჩათვლით. კომპანია ამჟამად 32 უნივერსიტეტსა და 2500-ზე მეტ სკოლას სთავაზობს უახლეს მიდგომებს განათლების სფეროში, TOEFL® ტესტის პროგრამაში კი 12 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლეა ჩართული.

English Book Education-ის საგანმანათლებლო პლატფორმა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს:

[checklist]

  • დაწყებითი და საშუალო განათლება;
  • უმაღლესი განათლება;
  • მასწავლებლის გადასამზადებელი აკრედიტებული ცენტრი;
  • ინგლისური ენის ცენტრი თბილისში – Unique Learning;
  • TOEFL® ტესტი;
  • King’s and Queen’s Club – წიგნის კლუბი.

[/checklist]

აღნიშნული კომპანია გვთავაზობს თანამედროვე სახელმძღვანელოებს, რომლებიც მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, აღჭურვილია CD და DVD დისკებით, Online პლატფორმებით, ლექსიკონებითა და სხვა მრავალი რესურსით. კომპანია თანამშრომლობს ისეთ გამომცემლობებთან, როგორებიცაა: Macmillan Education, Oxford University Press, Cambridge University Press, Pearson Education, National Geographic Learning და ა.შ. English Book Education-ის მიზანია სკოლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შესთავაზოს მათ ინტერესებზე მორგებული პროგრამები.

კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ გურგენიძე ამბობს, რომ უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ყოველწლიურად  დაახლოებით 6 000 მასწავლებელს უტარებენ პროფესიულ ტრენინგებს: „პერიოდულად უცხოელი ტრენერები ქართველ მასწავლებლებს უტარებენ ტრენინგებს და ეხმარებიან მათ განავითარონ წერის, კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარები. ჩვენი წარმომადგენლები ესწრებიან გაკვეთილებს და აკვირდებიან მათ მიმდინარეობას. ტრენინგებისა და ინდივიდუალური შეფასების შემდეგ მასწავლებლები აბარებენ შესაბამის გამოცდას“.

ამასთანავე, English Book Education-ს აქვს ინოვაციური პროგრამა – წიგნის კლუბი, რომელიც სკოლის მოსწავლეთა შორის პოპულარობით სარგებლობს. როდესაც სკოლა ერთვება აღნიშნულ პროექტში, მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ შვიდი ინგლისურენოვანი წიგნი. თვეში ერთხელ მათთან სკოლაში მიდის ინგლისურენოვანი პედაგოგი და მოსწავლეებთან ერთად განიხილავს იმ წიგნს, რომელიც მათ გასულ თვეში წაიკითხეს. ამავდროულად, მოსწავლეები უფასოდ ერთვებიან ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

გასულ წელს მასში 5 ათასი მოსწავლე მონაწილეობდა. წელს კი ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისში არსებული ინგლისური ენის ცენტრი – Unique Learning ყოველწლიურად არჩევს საუკეთესო მოსწავლეებს და მათ საშუალებას აძლევს, HMC სასტიპენდიო პროგრამით მიიღონ 40 000 ფუნტის ოდენობის სასწავლო სტიპენდია დიდ ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად.

English Book Education აჭარაში

English Book Education აჭარაში წლებია მოღვაწეობს და თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სკოლებთან, უნივერსიტეტთან. მაგალითად: English Book Education სკოლა „მასტერკლასთან“ თანამშრომლობს, სადაც აკონტროლებს სწავლების ხარისხს, ატრენინგებს მასწავლებლებს პროფესიულ უნარ-ჩვევებში და მონიტორინგს უწევს მოსწავლეთა პროგრესს. კომპანია სხვადასხვა ტიპის TOEFL® ტესტის საშუალებით ეფექტურად ამოწმებს მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის დონეს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და აძლევს მათ შესაბამის რეკომენდაციებს სამომავლო განვითარებისთვის.

როგორც სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელი, ნათია ნიკაჩაძე ამბობს: „ინგლისური წიგნის ექსპერტები ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს და დეტალურად განიხილავენ პროგრამაში ჩართული მოსწავლეების პროგრესს ან ნებისმიერ პრობლემას. წელიწადში 2-ჯერ, ტესტირების საფუძველზე, ადგენენ მოსწავლეთა ცოდნის დონეს.
მოსწავლეებს გადაეცემათ ელექტრონული ბიბლიოთეკის ქსელი. მოსწავლეები, რომლებსაც მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ კითხვაში, ჩართულნი არიან წიგნის კლუბში. მათ წლის განმავლობაში საჩუქრად გადაეცემათ წიგნები, კლუბს ხელმაძღვანელობს უცხოელი პედაგოგი. ვისაც მაღალი ქულა აქვს, ფინანსდება Quiditch ინტელექტუალური თამაშში“, ასევე ზაფხულის პერიოდში იგზავნებიან სტაჟირებაზე.“

English Book Education-ის გამოცდების პორტფოლიოს მენეჯერი, ანი ამბობს, რომ TOEFL® არ არის მხოლოდ ტესტი, იგი ცოდნის პროგრესის ეფექტური მაკონტროლებელი მექანიზმია. ტესტი აფასებს კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის დონეს და ასევე უვითარებს მათ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორებიცაა, მაგალითად, კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება და ა.შ.

„ტესტის საშუალებით სრულად ვაფასებთ კანდიდატის ცოდნის დონეს, ვადგენთ მის ნაკლებად ძლიერ მხარეებს და მთელი წლის განმავლობაში აქტიური ჩართულობით ვეხმარებით წინსვლასა და ცოდნის გაუმჯობესებაში. წლის ბოლოს ვატარებთ პროგრესის შესამოწმებელ ტესტს და გავცემთ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. ასევე შევქმენით TOEFL® ტესტის მშობლის გზამკვლევი, რაც ნებისმიერ მშობელს დაეხმარება გაიგოს თავისი შვილის ზუსტი დონე ინგლისურ ენაში და მისი საჭიროებები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად “.

TOEFL® ტესტის ჩაბარების შემდეგ კომპანია მაღალქულიან კანდიდატებს სხვადასხვაგვარად ასაჩუქრებს: გადასცემს მათ ინგლისურენოვან საკითხავ ლიტერატურას, საშუალებას აძლევს სტაჟირება გაიარონ English Book Education-ის მათთვის სასურველ დეპარტამენტში და სრულიად უფასოდ სთავაზობს კომპანიის მიერ ორგანიზებულ Quidditch ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობას. English Book Education – ეს არის ადგილი, სადაც სწავლება და სწავლების მონიტორინგი თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს და სრულად მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს.

English Book Education- თქვენი პარტნიორი განათლებაში!

English Book in Georgia 2018

ოპოზიცია ბათუმის მერიას ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვაში ადანაშაულებს

დაახლოებით ნახევარ მილიონს ბათუმის მერია იმ ზარალის ასანაზღაურებლად დახარჯავს, რაც ბათუმში მცხოვრებ ადამიანებს 8 და 10 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად მიადგა. ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მერიამ საკრებულოს მიმართა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ცვლილებას „ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად“ აფასებენ.

„კონკრეტულ პროგრამებს მოაკლეს თანხა და ამ ოჯახებს მისცემენ. ჩვენ არ ვართ ზარალის ანაზღაურების წინააღმდეგი, რასაკვირველია, მუნიციპალიტეტი მოსახლეობას უნდა დაეხმაროს, თუმცა ეს არ უნდა კეთდებოდეს წინასაარჩევნო პერიოდში, მანამდე ჰქონდა ამის დრო ბათუმის მერიას…“ – გვითხრა მირდატ ქამადაძემ, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა.

„მაჩვენონ კანონი, რას ვარღვევთ… კანონი არ ზღუდავს გადაუდებელი მოვლენების დროს კონკრეტული ღონისძიების დაფინანსებას. დავითვალეთ ზარალი, საპროექტო ხარჯთაღრიცხვა გაკეთდა და მოვედით აქამდე. ადრე როგორ გამეკეთებინა, როცა ადგილზე მუშაობდნენ გეოლოგები, სპეციალისტები,“ – ამბობს სულხან ევგენიძე, ააიპ „ბათუმის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციამ მოითხოვა ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში.

ზარალის ასანაზღაურებლად დაახლოებით 600 ათასი ლარია საჭირო. ამ თანხით სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე უნდა განხორციელდეს [გზის აღდგენა, ფერდის გამაგრება, სახურავი].

სულხან ევგენიძის განმარტებით, აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ქალაქს 190 970 ლარი გადაურიცხა, დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა პროგრამისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს მოაკლეს.

„მერიის სარეზერვო ფონდით ვეღარ ვისარგებლეთ, რადგან საკმარისი თანხა იქ აღარ იყო,“ – დასძენს სულხან ევგენიძე.

საბიუჯეტო ორგანიზაციას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა წინასაარჩევნო პერიოდში შეზღუდული აქვს. წინასაარჩევნო პერიოდი 29 აგვისტოდან დაიწყო, ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე.

საბიუჯეტო ცვლილებას დასაბუთებულად მიიჩნევენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“, თუმცა ხედავენ ეფექტური მენეჯმენტის პრობლემას ბათუმის მერიაში.

„ზარალის დათვლა და სამუშაოების გათვალისწინება შეიძლებოდა აგვისტოს ბოლომდე, 10 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ორი სამუშაო კვირაა. ამ პერიოდში სამუშაოები ვერ მოესწრებოდა, მაგრამ შესაძლებელი იყო დაგეგმვა და ეს ლეგიტიმური კითხვები აღარ გაჩნდებოდა. მერიამ იცოდა, რომ აგვისტოს ბოლოდან მას ექნებოდა შეზღუდვა ბიუჯეტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. ახლა გამოვიდა, რომ მუნიციპალიტეტმა მეოთხე თვეს მოახდინა რეაგირება,“ – აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა.

 

 

 

ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში

შაბათს, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მწერალ ანა კორძაია- სამადაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე – „ჰერმან ჰესეს რომანების სამყარო“.

ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექციათა ციკლი „ლიტოდისეის“ სტუდენტური კონკურსის – „იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ ფარგლებში იმართება.

კონკურსის მიზანია რეგიონებში კულტურული პრობლემების წარმოჩენა, ლიტერატურის პოპულარიზაცია და ნიჭიერი შემოქმედებითი ახალგაზრდების ხელშეწყობა.

„იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ საჯარო ლექციების ორგანიზებასთან ერთად მხატვრული წერის კონკურსიცაა, რომლის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები საქართველოს 7 რეგიონში
მოგზაურობენ, მხატვრულად აღწერენ მათი პერსპექტივით დანახულ ქალაქებს, 2019 წელს კი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ მათ ჩანაწერებს წიგნად გამოსცემს.

კონკურსის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი.

______

ფოტოზე: ანა კორძაია-სამადაშვილი. „ბათუმელები“, თამარ ნერგაძის ფოტო 

ორი მოსამართლე ბათუმის სასამართლოს დატოვებას აპირებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე სხვა სასამართლოში გადასვლას აპირებს. საუბარია დავით მამისეიშვილზე, რომელიც 2013 წლიდან ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა, ასევე, თამარ ბეჟანიშვილზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს 2011 წლიდან განიხილავს.

დავით მამისეიშვილი და თამარ ბეჟანიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობენ, მათ იუსტიციის საბჭო 24 ოქტომბერს გაესაუბრა. კონკურსის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. კენჭისყრის თარიღი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჩაუნიშნავს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, დავით მამისეიშვილს თბილისის საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს; თამარ ბეჟანიშვილი კი ხელვაჩაურის სასამართლოში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

ოფიციალურად ეს პოზიციები აქვთ მითითებული თამარ ბეჟანიშვილს და დავით მამისეიშვილს.

რატომ გადაწყვიტა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დატოვება ორმა წამყვანმა მოსამართლემ – „ბათუმელებს“ სასამართლოს კანცელარიაში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მოსამართლეები კომენტარს არ გააკეთებენ.

ადვოკატების თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ხვიჩა კიკილაშვილი გახდება. იგი აქამდე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელმძღვანელობდა. ხვიჩა კიკილაშვილი მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა “გიორგი მიქაუტაძის საქმეზე”. მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია და იგი კონკრეტულ ცოლ-ქმარს მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავებოდა.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გიორგი მიქაუტაძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ადვოკატების თქმით, ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე თამარ ბეჟანიშვილი გახდება.

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ბათუმის ექვს მისამართზე

შაბათ-კვირას, 17-18 ნოემბერს, ბათუმში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება.

„მისამართი“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომლის ფარგლებში, ჩანაფიქრის თანახმად, ბათუმის საცხოვრებელი კორპუსები საგამოფენო სივრცეებად უნდა გარდაიქმნას. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა მისამართს, სადაც სადარბაზო, ლიფტი, საძინებელი, აბაზანა, ხელოვანების სამუშაო სივრცედ და პერფორმანსების შესრულების ადგილად იქცევა.

ფესტივალის ორი დღე – 15 და 16 ნოემბერი, ხელოვანებს ეთმობა, რათა მათ შეძლონ საცხოვრებელ და სამუშაო სივრცესთან ადაპტირება და საკუთარი ნამუშევრების მომზადება, ხვალ და ზეგ კი, 17-18 ნოემბერს, ფესტივალი გელით შემდეგ მისამართებზე:

[checklist]

  •  #1 მისამართი
    ფიროსმანის ქ. 7 /ფასადი

[/checklist]

„წაკითხვისთანავე დაწვი“
წარწერა ფასადზე/მიქსმედია

არტისტები: მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე
დრო: მთელი დღის განმავლობაში

[checklist]

  • #2 მისამართი
    ფიროსმანის ქ. 9 / ეზო/ფასადები

[/checklist]

“Rediscover”
ცოცხალი ფოტოპროექტი
არტისტი: ნინო ხუნდაძე
დრო: მთელი დღის განმავლობაში

[checklist]

  • #3 მისამართი
    ლერმონტოვის ქ. 14 / ლიფტი/ მე-13 სართული

[/checklist]

„ხელოვნური გული“
ინსტალაცია / მიქსმედია
არტისტი: მაკა ზედელაშვილი
დრო: 13:00-19:00 საათზე

“ალტერნატიული სამყარო 0+1”
ნახატების სერია
არტისტი: ნინო ბოსიკაშვილი
საათები: 13:00-19:00

[checklist]

  • #4 მისამართი
    26 მაისის ქ. 40/90 / მე-7 სართული, სადარბაზო

[/checklist]

“ის, რაც გვიყვარს“
გრაფიტი, ფერწერა
არტისტი: ირაკლი ადეიშვილი
საათები: 15:00-19:00

[checklist]

  • #5 მისამართი
    ზუსტი ადგილი ჯერ არ არის ცნობილი 

[/checklist]
„სხეულების ენერგეტიკა“
მინის კომპოზიცია
არტისტი: თამარ მაჭარაშვილი
საათები: მთელი დღის განმავლობაში

[checklist]

  • #6 მისამართი
    მ. აბაშიძის ქ. 1, მე-3 სართული

[/checklist]

„სარეცხი მანქანა“
აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია
არტისტი: გიორგი მრევლიშვილი
დრო: 14:00-20:00 საათზე

„წითელი ოქტომბერი, იციან მხოლოდ ვეშაპებმა“
აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია
არტისტი: ირაკლი ‘მორე’ ლიტვინენკო
დრო: 14:00-20:00 საათზე

საუნდ პერფორმანსი
არტისტი: Vo Ezn
დრო: 19:00-20:00 საათზე

ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ბათუმში მოსახლეობის მხოლოდ 32% გადაადგილდება ფეხით – მდგრადი განვითარების ფორუმი

კლიმატის ცვლილების შესარბილებლად აუცილებელ ღონისძიებებს შორის დღეს ბათუმის „შერატონში“ მიმდინარე მდგრადი განვითარების ფორუმზე სატრანსპორტო სისტემის განახლება დაასახლეს.

ფორუმზე გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ამ მხრივ მდგომარეობის შემსუბუქებას. გარდა ამისა, პრობლემებს შორის დაასახელეს სტრატეგიული და ურბანული დაგეგმარება, სატრანსპორტო სისტემის განვითარება-ჩანაცვლება, სასმელი და ჩამდინარე წყლების მართვა, კატასტროფების რისკების შემცირება და ასე შემდეგ.

ქალაქებს შორის შეთანხმების ფარგლებში, ყოველწლიური შეხვედრის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ექსპერტ-სპეციალისტებს ერთ სივრცეში მოუყაროს თავი დიალოგისთვის. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც 2018 წელს მერია ამ მიმართულებით ახორციელებს, ტრანსპორტის რეფორმაა.

რეფორმას ბათუმის მერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის [GEF] და გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP]-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში ახორციელებს.

ამ ორგანიზაციების დახმარებით შესწავლილი და გაანალიზებული ინფორმაციის მიხედვით [რაც ფორუმზე იყო წარმოდგენილი] 2026 წლისთვის ბათუმში, კერძო ავტოტრანსპორტის 5%-იანი ნამატის შემთხვევაში, ყოველ 1000 კაცზე 188 მანქანა მოვა, ხოლო 8%-ის შემთხვევაში – 217.

ამ დროისთვის ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შესრულებულ მგზავრობათა უდიდესი ნაწილი მიკროავტობუსებზე მოდის. სამარშრუტო ტაქსი ავტობუსთან შედარებით 4-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს და მეტ დამატებით სივრცეს ითვისებს ერთი მგზავრის იმავე მანძილზე გადასაყვანად. კერძო ტრანსპორტის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ იზრდება.

იმავე მონაცემებით, ბათუმში მგზავრობათა 32% ფეხით სრულდება. ამასთან გამოკვლეულია, რომ ფეხით უფრო ხშირად გადაადგილდებიან ქალები. საერთო ჯამში კი, ფეხით  მოსიარულეთათვის დანიშნულების ადგილი უმეტესწილად სკოლაა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გავრცელებული ცრურწმენის საწინააღმდეგოდ, მანქანის შიდა ჰაერი უფრო დაბინძურებულია, ვიდრე ჰაერი ქუჩაში.

ბათუმში მდგრადი განვითარების ფორუმი წელს პირველად ჩატარდა.

„რელიგია და ტოლერანტობა“ – დისკუსია ბათუმში

ბათუმში 17 ნოემბერს, 16:00 საათზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰილტონის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა/დისკუსია თემაზე –  „რელიგია და ტოლერანტობა“.

დისკუსიის მომხსენებლები არიან:

  • არარატ გუმბალიანი, სომხური სამოციქულო ეკლესიის მღვდელი
  • რუსუდან გოცირიძე, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
  • პადრე გაბრიელე ბრაგანტინი, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ვიკარი
  • ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე
  • ეთო გვრიტიშვილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი

დისკუსიის მოდერატორი იქნება ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი.

დისკუსია იმართება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის – „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია აჭარის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ეროვნული უმცირესობის კულტურული თავისებურებების წარმოჩენა და სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ინტეგრაცია თანამედროვე სოციუმში.

მთავარ ფოტოზე: ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია 

ხელფასებისთვის საჭირო თანხა 2,5 მილიონი ლარით იზრდება – ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

ქალაქ ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლისთვის მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა  ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა 2 550 400 ლარით იზრდება. ხელფასებისთვის მომავალ წელს სულ 22 264 400 ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 14,4 პროცენტია.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 59-ით იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც: მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობის სფეროში [17-ით], ბათუმის ბოტანიკურ ბაღში [15-ით], ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში [26-ით] და ბათუმის კულტურის ცენტრში [1 დასაქმებულით]. სულ, მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტიდან ხელფასს 2 646 საჯარო მოხელე მიიღებს.

ხელფასებისთვის საჭირო თანხა 48 200 ლარით მცირდება ბათუმის საკრებულოში, ხოლო უშუალოდ ქალაქის მერიაში დასაქმებულთა ხელფასებისთვის თანხა ჯამში 148 800 ლარით იზრდება. საკრებულოში და მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა კი სამომავლოდ არ იცვლება [შესაბამისად, 32 და 188 დასაქმებული].

მთლიანობაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 1 050 000 ლარია გათვალისწინებული, მერიაში დასაქმებულთა ხელფასებისთვის კი – 3 773 100 ლარი.

ბათუმის მერიამ ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 15 ნოემბერს წარადგინა და შესაბამისად დაიწყება მისი განხილვა.

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ქალაქის მერი ვალდებულია განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე საბოლოოდ გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იგივე ან შესწორებული ვარიანტი [შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად] არა უგვიანეს 2018 წლის 10 დეკემბრისა, კვლავ წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად.

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები, ანუ ბიუჯეტიდან ხარჯების გასაწევად განსაზღვრული ფულადი თანხა, მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით 17 მილიონი ლარითაა შემცირებული.

უშუალოდ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო თანხა კი, მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით, სამომავლოდ, 18,1 მილიონი ლარით მცირდება.

7 მთავარი კერძი, რომლებიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ

თუკი ნამდვილი, მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ, აუცილებლად აჭარას უნდა მიაშუროთ. აქაური კერძები განსაკუთრებით ნოყიერია, კერძების უმრავლესობის ძირითადი ინგრედიენტები რძის პროდუქტებია: იაღი, იგივე ერბო, ყველი, კარაქი, ნადუღი, ხაჭო და ა.შ.

აჭარის მთიან სოფლებში მცხოვრებლები დაუღალავად შრომობენ. მთელი დღის განმავლობაში გარეთ მოფუსფუსე გლეხს ნოყიერი საკვები სჭირდება, რომ მხნედ გრძნობდეს თავს. აჭარის მთისა და ბარის ყუათიანი კერძები, რომლებიც საუკუნეებმა შემოგვინახა, დღემდე აღაფრთოვანებს გურმანებს. ყველა კერძს საკუთარი დანიშნულება, ისტორია და გეოგრაფია აქვს.

[checklist]

  • იახნი [/checklist]

ყველაზე გემრიელი იახნის დასაგემოვნებლად გირჩევთ, ქობულეთს ეწვიოთ, აჭარაში საუკეთესო იახნის სწორედ აქ ამზადებენ. ინგრედიენტებად საქონლის ხორცი, ნიგოზი და სანელებლები გამოიყენება. იახნის განსაკუთრებულ შემთხვევებში ამზადებენ და ახალი წლის ერთ-ერთ მთავარ კერძად მოაქვთ ქობულეთში სუფრასთან. მიირთმევენ ცხელს, თუმცა ამბობენ, რომ იახნი მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელია –  სანელებლები და ნიგოზი კარგად ერევა ერთმანეთს და დაუვიწყარ გემოს ქმნის.

[checklist]

  •  ბორანო [/checklist]

აჭარულ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი კერძი ბორანოა. ეს კერძი სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება, თუმცა ნამდვილი ბორანო მხოლოდ აჭარის მთიანეთში დამზადებული რძის პროდუქტებით გამოდის. რეცეპტი მარტივია: ახალ, რბილ ყველს ადუღებულ მთის კარაქს ასხამენ, სურვილისამებრ ამატებენ მარილს და მიირთმევენ ცხელს – უმეტესად ახალგამომცხვარ მჭადთან ერთად. ბორანოს აკეთებენ როგორც ქედაში, ასევე, შუახევსა და ხულოში. ეს კერძი აჭარული სამზარეულოს ნამდვილი სიამაყეა.

 [checklist]

  •   ფხალლობიო

[/checklist]

სოფიო ხაბაძის ფოტო.
სოფიო ხაბაზის ფოტო.                                                     

ამ კერძის სახელწოდება მის ინგრედიენტებზე მიგვანიშნებს. ცალ-ცალკე ხარშავენ ფხალსა და ლობიოს მარცვლებს, მერე ერთმანეთს ურევენ, ნაყავენ ნიგოზს, ნიორს, გემოვნებისამებრ ამატებენ წიწაკას, მარილს და კერძიც მზადაა. ფხალლობიოსაც, ბორანოს მსგავსად, ძალიან უხდება ცხელი მჭადი.

[checklist]

  • აჭარული ხაჭაპური[/checklist]

აჭარული ხაჭაპური აჭარის სამზარეულოს ყველაზე გამორჩეული კერძია. ცომგამოცლილი და ჩვეულებრივი, ყველით, კვერცხითა და უკვერცხოდ, ფუმფულა ან ხრაშუნა ცომით – ყველა თავისებურად ამზადებს აჭარულ ხაჭაპურს.

რა შეიძლება იყოს ზღვისპირა რეგიონის კულინარიული სიმბოლო, თუ არა ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპური? რთულად იპოვით ადამიანს, ვინც აჭარაში ჩამოდის და აქაურობას აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნების გარეშე ტოვებს. ოჯახებსა და კაფე-ბარებში, სახელდახელო ბისტროებსა და რესტორნებში – აჭარაში აჭარულ ხაჭაპურს თითქმის ყველგან დააგემოვნებთ.

[checklist]

  • აჩმა[/checklist]

ყველის, კარაქისა და ხორბლის ფქვილის კიდევ ერთი კომბინაცია აჭარულ სამზარეულოში. ინგრედიენტების მიხედვით აჩმა – ხაჭაპურია, ოღონდ განსაკუთრებული. თხლად გაბრტყელებულ ცომს ხარშავენ და ფენებად ალაგებენ, ხოლო ფენებს შორის ყველი და კარაქია. აჩმა ჰაერღუმელში იბრაწება და რა გამოდის ამ ყველაფრისგან, გადმოსაცემად ძალიან რთულია, უბრალოდ უნდა დააგემოვნოთ.

[checklist]

  •    სინორი[/checklist]

სინორი მაღალმთიანი აჭარის კერძია. მზადდება ცომის თხელი, შემწვარი ფირფიტებისგან, რასაც ადრე შინ აკეთებდნენ, თუმცა ახლა ასეთი ფირფიტები უკვე მზა სახით იყიდება მაღაზიებში. უსაფუარო ცომის შემწვარ ფირფიტებს ადუღებულ წყალს ავლებენ, ამატებენ მომწვარ კარაქსა და ნადუღს, გემოვნებისამებრ მარილსა და ნიორს, რაც ამ კერძს ძალიან უხდება. სინორის დაგემოვნება აჭარაში ყველგან შეგიძლიათ, ამ კერძს საუზმეზეც ამზადებენ, სადილზე და ვახშამზეც.

[checklist]

  • ყურუთი[/checklist]

ეს რძეში გადაზელილი ნადუღია, რომელსაც დამუშავების შემდეგ წაგრძელებულ ფორმას აძლევენ, ხის ყავარზე აშრობენ, ახმობენ და ლუდთან ან ჩაისთან მიირთმევენ. ყურუთი ერთგვარი თავშესაქცევი სასუსნავია, შემოდგომისა და ზამთრის სუსხიანი დღეებისთვის ზედგამოჭრილი. განსაკუთრებით გემრიელი იალაღებში – მემთეურთა სოფლებში დამზადებული ყურუთია, სადაც რძის პროდუქტებს სულ სხვანაირი გემო აქვს.

[checklist]

  • ბაქლავა[/checklist]

აჭარის სამზარეულოს მთავარი კერძების სია აუცილებლად დესერტით უნდა დასრულდეს. ყველაზე გავრცელებული და გემრიელი დესერტი კი აჭარაში ბაქლავაა. შაქრის, ნიგვზისა და ხრაშუნა ფენების კომბინაცია იდეალურია ჩაისა და ყავის თანხლებით. როგორც აჭარაში ამბობენ საუკეთესო ბაქლავა მირთმევისას უნდა დნებოდეს.

აჭარულ სუფრას ხშირად სწორედ ყავა და ბაქლავა ასრულებს. ამ დესერტის მომზადებას დიდი ძალისხმევა და ოსტატობა სჭირდება. თუ აჭარაში დიასახლისს ბაქლავის მომზადება კარგად გამოსდის, ეს მის დიდ კულინარიულ შესაძლებლობად მიიჩნევა.

 

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ 20 საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას აცხადებს

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს. კოლეჯში სტუდენტები მისაღები გამოცდების გარეშე მიიღებიან 20 საგანმანათლებლო პროგრამაზე:

[checklist]

  • ბაგა – ბაღის აღმზრდელი – პედაგოგი
  • ბართენდერი
  • ფილამწყობი
  • ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები
  • კონსულტანტ-გამყიდველი
  • მასაჟისტ-რეაბილიტატორი
  • მღებავი
  • საოფისე საქმე
  • სარესტორნო მომსახურება
  • სასტუმრო მომსახურება
  • საფინანსო სერვისები
  • ღონისძიების ორგანიზება
  • თმის სტილისტი
  • მზარეული
  • კონდიტერი
  • გიდი
  • ელექტრიკოსი
  • ბუღალტერი
  • სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

[/checklist]
კოლეჯი სასწავლო პროცესს ახორციელებს დუალური პრინციპით. სტუდენტები სასწავლო პროცესს გადიან დამსაქმებლებთან, რაც მათ აძლევს შანსს, მარტივად მიიღონ საბოლოო შედეგი – დასაქმდნენ.

✅კოლეჯი „გოლდენ სიი“-ს ადმინისტრაცია და სტუდენტები, მადლობას უხდის: სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“-ს გენერალურ დირექტორს ონურ თანრივერდის გაწეული თანამშრომლობისათვის.
✅განსაკუთრებით გამოვყოფთ სამზარეულოს დეპარტამენტის გენერალურ მენეჯერსა და შეფ მზარეულ: ერჰან ბაქმაზს რომელმაც რეგიონისთვის აღზარდა მაღალკვალიფიცირებული მზარეულები და დღემდე აგრძელებს ახალი სტუდენტების მომზადებას.
✅კოლეჯი „გოლდენ სიი“ მადლობას უხდის აჭარის ავტონომიური რესპუნლიკის დასაქმების სააგენტოს კოლექტივს და მის დირექტორს ბატონ თემურ კახიძე-ს, რომელმაც სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ხვადასხვა საწარმოში დაასაქმა კურსდამთავრებულები.სწორედ მსგავსი ურთიერთთანამშრომლობა გვაძლევს მაღალ შედეგს.


დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577190653; 591718142.

მისამართი: ბათუმი, დ.თავდადებულის N49.

ელ.ფოსტა: Leila.gogitidze@gmail.com; batumigoldensea@gmail.com.

 

 

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

„ვერ გადაიტანს“, „ნუ მოკლავ“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით იმედა აბაშიძის ახლობლები დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილები გირაოს საფუძველზე იმედა აბაშიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. იმედა აბაშიძეს გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება.

„ჩემი მეუღლის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ციხეში მას ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ვერაფრით დაადგინეს, რატომ არ უწევს სიცხე… ის ეტლით მოსარგებლეა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ოთხ კაცს მოჰყავს იმედა სასამართლო პროცესებზე,“ – ამბობს ნინო აბაშიძე.

ნინო აბაშიძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც იმედა აბაშიძეს სხვადასხვა მძიმე დაავადება აქვს. ოჯახმა ექსპერტიზის დასკვნა კერძო საექსპერტო ბიუროსაც შეუკვეთა. ამ დასკვნის მიხედვით, იმედას ციხეში ყოფნა მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

იმედა აბაშიძის ახლობლები აცხადებენ, რომ სასამართლომ ეს დასკვნები და პატიმრის მძიმე მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, იმედა აბაშიძის ახლობლები ყოველდღიურ რეჟიმში აპირებენ სასამართლოსთან საპროტესტო აქციების მოწყობას.

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების საქმის განხილვა დღეს, 12:30 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე მოწმეთა ჩვენებებს მოისმენს.

იმედა აბაშიძესთან ერთად კიდევ 10 პირს ედავება პროკურატურა ქურდული სამყაროს წევრობას. ისინი სამართალდამცველებმა 17 ივლისს დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას. პროკურატურის მტკიცებით, ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა იმედა აბაშიძეც. ამის შესახებ ფარული სატელეფონო ჩანაწერები აქვს წარმოდგენილი პროკურატურას. ადვოკატი მზია დიასამიძე კი აცხადებს, რომ ამ ჩანაწერებით არ იკვეთება იმედა აბაშიძის ბრალეულობა, სხვა მტკიცებულება კი პროკურატურას წარმოდგენილი არ აქვს.

ბავშვები და კომპიუტერული ტექნოლოგიები – თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციები ბათუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ გაგოშიძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „კომპიუტერული ტექნოლოგიები, განვითარება და შემეცნება“.

ლექციის თემა შეეხება კომპიუტერული ტექნოლოგიების გავლენას ბავშვის განვითარებაზე სხვადასხვა პერიოდში – ჩვილობაში, ადრეულ ასაკში, წინასასკოლო ასაკში, შუა ბავშვობასა და გარდატეხის ასაკში. საუბარი იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

საჯარო ლექციები გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისათვის, ასევე, საზოგადოების ფართო წრეებისათვის.

დასწრება თავისუფალია.

ლექცია ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N55 აუდიტორიაში:

  • 17 ნოემბერს 15:00 საათზე
  • 18 ნოემბერს 13:00 საათზე
  • 19 ნოემბერს 13:00 საათზე 

საჯარო ლექციების პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აფინანსებს.

 

რატომ ზოგავს მორფინს სახელმწიფო ტკივილით დატანჯული ადამიანებისთვის 

ასობით ადამიანი საქართველოში სხვადასხვა დაავადების გამო ძლიერ ტკივილს განიცდის და იტანჯება. მათთვის მორფინის მიწოდებისას სახელმწიფო თავს იკავებს, მორფინის გარეშე კი მათი ტკივილი არ ყუჩდება.

ერთი თვის წინ საქართველოში კვლევის შედეგი გამოქვეყნდა,  რომელშიც კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ „კიბოთი დაავადებული და აივ/შიდსის ბოლო სტადიით დაავადებულ პაციენტთა 80%, ხოლო გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტთა 67% სიცოცხლის დასასრულს საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის ტკივილს განიცდის“.

ამ კვლევას „შეაჩერე ტკივილი“ ერქვა. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის შედეგები ჯანდაცვის სამინისტროს ეჭვქვეშ არ დაუყენებია, აქ ვითარების გამოსწორებაზე საუბრობენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა შეიცვლება ამ მიმართულებით.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ გაჩნდეს ლეგალური გზა – თუკი პაციენტი არ კვდება და ძლიერი ტკივილი აწუხებს, რომელიც არ ემორჩილება ჩვეულებრივ ტკივილგამაყუჩებელს, მას უნდა მისცენ მორფინი, თუნდაც დროებით სჭირდებოდეს…“ – აღნიშნავს ფატი ძოწენიძე, ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი. იგი ხელმძღვანელობდა პროექტს „შეაჩერე ტკივილი“.

პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ექიმები 2016 წელს, ხოლო პაციენტები 2017 წელს გამოკითხეს. გამოჩნდა პრაქტიკა: მორფინის გამოწერამდე ექიმი მტკიცედ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ პაციენტი 6 თვეზე მეტხანს ვერ იცოცხლებს. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სწორედ ამიტომ, იმის შიშით, რომ არ შეცდნენ სიკვდილის ვადის დადგენაში, ექიმები ოპიოიდებს [მორფინს] იქამდე არ ნიშნავენ, სანამ პაციენტს სიკვდილის მოახლოების ნიშნები არ გამოეხატება.

რატომ იქცევიან ექიმები ასე? – ფატი ძოწენიძე ამბობს, რომ ექიმებს პასუხისმგებლობა აშინებთ და არსებობს ცოდნის პრობლემაც.

„ორი სახის პრობლემა გამოიკვეთა, რის გამოც გვაქვს ეს სურათი,“ – გვიყვება ფატი ძოწენიძე. – „ერთია მოსაზრება, რომ ოპიოიდურ საშუალებებს აქვთ მიჩვევის პოტენციალი და მეორე დივერსია, ანუ იმის რისკი, რომ შესაძლოა დანიშნული მედიკამენტი ვინმემ არასწორად გამოიყენოს. ექიმებს რეალურად აქვთ ცოდნის პრობლემა, რადგან თუკი სწორად უნიშნავ მედიკამენტს, შესაბამისი დროით და დოზით, იშვიათად ხდება დამოკიდებულების განვითარება. ფიზიკური დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება საგულე საშუალებებმა ან სტეროიდებმაც შეიძლება გამოიწვიონ. იგივეა ანტიდეპრესანტებზეც: ადამიანი უცებ ვერ შეწყვეტს ანტიდეპრესანტის მიღებას, ნელ-ნელა უნდა შეამციროს დოზა, რადგან ორგანიზმი უკვე შეჩვეულია. მთავარია, არ განვითარდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ფიზიკური დამოკიდებულება არ არის იგივე, რაც დამოკიდებულების სინდრომი,“ – მიიჩნევს ექსპერტი.

კვლევის ავტორების აზრით, მეორე მიზეზი, რის გამოც ადამიანებს მორფინს არ აწვდიან და ტანჯვისთვის იმეტებენ, არის შიში – სხვამ არ მოიხმაროს მორფინი.

„მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?“ – კითხულობს კვლევის – „შეაჩერე ტკივილი“ ხელმძღვანელი. ფატი ძოწენიძე მიიჩნევს, რომ რისკის დაზღვევაზე სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა იმუშაონ. ის ასევე გვისახელებს ოფიციალურ მონაცემს, რომლის მიხედვითაც დივერსიის მაჩვენებელი – 0,23 პროცენტი, ანუ როცა პაციენტისთვის დანიშნული მორფინი სხვამ გამოიყენა.

ფატი ძოწენიძე, ასევე, ამახვილებს ყურადღებას სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტზე, რომლის მიხედვითაც ადამიანი ტანჯვის ობიექტია, თუკი მას არ აქვს ხელმისაწვდომობა შესაბამის მედიკამენტთან, მორფინი კი მედიკამენტად არის მიჩნეული.

ეთანხმება თუ არა კვლევის შედეგებს ჯანდაცვის სამინისტრო და თუ ეთანხმება, რა კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად? – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ შედეგებს ეთანხმება და მუშაობა ამ კუთხით სამინისტრომ ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო.

„კარგა ხანია დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა. ჩვენ წინა თვეებშიც შევხვდით აღნიშნული კვლევის ორგანიზატორებს და შევაჯერეთ პოზიციები. კვლევის შედეგებს, გარკვეულწილად ვეთანხმებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეტაპობრივად უფრო ხელმისაწვდომი ხდება მედიკამენტები, რომლებიც ტკივილის მართვისთვის გამოიყენება. თუმცა, დადგა ის ეტაპი, რომ საჭიროა წინ წასვლა,“ – გვითხრა ნათია ნოღაიდელმა.

სამინისტროს პასუხისმგებელ პირს კონკრეტული ციფრები შევახსენეთ კვლევიდან – 80 პროცენტი პაციენტების, რომლებიც იტანჯებიან სამინისტროს პოლიტიკის გამო. ნათია ნოღაიდელმა ამ შემთხვევაში თქვა, რომ არ იცის, რამდენად სწორია ეს მონაცემები, რაც კვლევაშია მითითებული.

„რეალურად ეს სწორია თუ არაა, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით… მოგეხსენებათ, საბჭოთა ეპოქაში ეს საკითხი ბევრ ადმინისტრაციულ ბარიერთან იყო დაკავშირებული, იგივე იყო 90-იან წლებშიც. 2008 -2012 წლებში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა ნორმატიულ სივრცეში და გარკვეულწილად შერბილდა ტკივილის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკა. ეს არის საკმაოდ სენსიტიური თემა და არ ეხება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს, ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების საკითხებს… მთავარია, დაცული იყოს სწორი ბალანსი… ვეთანხმებით კვლევის ავტორებს, რომ მედიკამენტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ავად მოხმარების რისკი. მე არ ვარ სამართალდამცავი ორგანო, აუცილებელია ბერკეტების შემუშავება, რომლებიც ასეთ ფაქტებს მინიმუმამდე დაიყვანს. ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ერთბაშად ლიბერალური კანონმდებლობის მიღება ვერ მოხდება,“ – მიიჩნევს ნათია ნოღაიდელი.

თუკი განუკურნებელი დიაგნოზის მქონე ადამიანების უმრავლესობა ტკივილისგან ისევ იტანჯება, რა შედეგი დადო სახელმწიფომ?  – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ეს მას შემდეგ ვკითხეთ, რაც ექვსწლიანი საქმიანობა ნაწილობრივი აღწერა. პასუხად კი ის მივიღეთ, რომ ეს პრობლემა ამ გაზაფხულზე დადგა. ნათია ნოღაიდელმა არც ის უარყო, რომ ვერ დაინახავდნენ კონკრეტულ პრობლემას – პაციენტების ტანჯვას მედიკამენტების არქონის გამო, თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ კუთხით არ იმუშავებდა.

„პრობლემა რომ აღმოჩნდეს, ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი. ჩვენთან ასეთ კვლევებს ძირითადად არასამთავრობო სექტორი ატარებს,“ – აღნიშნა ნათია ნოღაიდელმა.

რატომ ვერ მივიდა პაციენტების ტანჯვის ამბავი სამინისტრომდე? – ნათია ნოღაიდელმა ამჯერად გვითხრა, რომ ასე არ არის საქმე. „ჩვენთან როცა ხდება მომართვა, სამინისტრო ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ ადამიანებისთვის ეს მედიკამენტი იყოს ხელმისაწვდომი… ოჯახის ექიმებს შეუძლიათ დანიშნონ, მაგრამ მაინც არ აკეთებენ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ექიმებს მივცეთ სათანადო ცოდნა,“ – გვითხრა მან.

არსებული პრაქტიკის მიხედვით, გადაწყვეტილებას პაციენტისთვის მორფინის დანიშვნის შესახებ ოჯახის ექიმი იღებს. ოჯახის ექიმს ასევე შეუძლია მორფინის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისია ჩართოს. ამ ვითარებაში პაციენტი იშვიათად მიდის სამინისტრომდე მორფინის მოთხოვნით.

„ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, სადაც  სიტყვა ტკივილი ნახსენები საერთოდ არ არის,“ – ამბობს ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი, ფატი ძოწენიძე. კვლევის -„შეაჩერე ტკივილის“ ორგანიზატორებმა ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, პარლამენტს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. ესეც ერთი თვის წინ მოხდა. კანონებში ჯერ ცვლილება არ შესულა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, როგორც ფატი ძოწენიძე გვიყვება, ინიციატივა მოიწონა და თავად გახდა კანონში ცვლილების შეტანის ინიციატორი. ამ შემთხვევაში საუბარია ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში კონკრეტული ტერმინების დაზუსტებაზე.

პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

„მოქმედი კანონის მე-3 მუხლის ტ4 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, პალიატიური მზრუნველობა არის მომსახურება მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქო-სოციალური, სულიერი პრობლემების ადრე გამოვლენის, სწორი შეფასების, პრევენციის, მკურნალობის, სულიერი თანადგომისა და ტანჯვის შემსუბუქების გზით, აუმჯობესებს იმ პაციენტებისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები.

აგრეთვე კანონის მე-3 მუხლს ემატება „ტ6“ და „ტ7“ პუნქტები, რომლის თანახმად სამართლებრივ სივრცეში შემოდის ახალი დეფინიციები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ჰოსპისის გახსნისათვის საჭიროა თანხმობა, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის შესაბამისი სამსახური. კანონპროექტი აგრეთვე მოიცავს ჰოსპისის საქმიანობისთვის საჭიროა სპეციალური თანხმობის ფორმის შემუშავების და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულებას“.

კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ ცვლილებები უნდა შევიდეს ჯანდაცვის მინისტრის, ასევე ჯანდაცვის და შსს მინისტრების ამ მიმართულებით გამოცემულ ერთობლივ ბრძანებებშიც. „შეაჩერე ტკივილის“ ავტორებმა ცვლილებების პაკეტი ჯანდაცვის სამინისტროში ამ კუთხითაც შეიტანეს. თუმცა სამინისტროში თვლიან, რომ „დოკუმენტი დასახვეწია“.

„იმ ქვეყნებში, სადაც ამას მიაღწიეს, წლები დასჭირდათ.   ჩვენ ლიბერალიზაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები რამდენიმე წლის წინ გადავდგით და ეტაპობრივად მივდივართ წინ, ამ ეტაპზეც იგეგმება გარკვეული აქტივობების განხორციელება… გადამუშავებას და დახვეწას საჭიროებს ეს დოკუმენტი, რაც შემოგვთავაზეს, ამასთან, დოკუმენტი საჭიროებს პირველ რიგში მორგებას არსებულ მარეგულირებელ სივრცესთან. პრაქტიკულად ეს არის ახალი მიდგომები, ექიმებს  სჭირდებათ სათანადო ცოდნა და შესაბამისი დრო მათ პრაქტიკაში დასანერგად,“ – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა „ბათუმელებთან“

„თუ მივანებეთ, არაფერს შეცვლიან,“ – ასეთი განწყობა აქვს ფაქტი ძოწენიძეს, ტკივილის პოლიტიკის ექსპერტს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესზე. იგი მიიჩნევს, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უნდა ეყრდნობოდეს უშუალოდ ტკივილს, მის სიძლიერეს და ინტენსივობას და არა იმას, თუ სიკვდილამდე რამდენი დღე დარჩა პაციენტს.

ფატი ძოწენიძის აზრით, თუკი მორფინს დროულად მიაწვდიან პაციენტებს, ამით სახელმწიფოს ფინანსური ხარჯი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი არ თვლის, რომ სახელმწიფო თავს მორფინის პაციენტებისთვის მიწოდებაზე ამის გამო იკავებს.

ექსპერტი კიდევ ერთ სტიგმაზე საუბრობს:

„რეალურად ძალიან გაგვიჭირდა პაციენტების ჩაწერა. ზოგს საუბარი არ სურს, აღარ შეუძლია ტკივილის გამო, ზოგიერთმა არ იცის, რომ მორფინს უკეთებენ და ახლობლებიც გთხოვენ, არ უთხრათ, ინერვიულებსო. არადა, მორფინი ჩვეულებრივი მედიკამენტია. არსებობს სტიგმა, რომ თუკი მორფინს გინიშნავენ, ეს სიცოცხლის ბოლო ეტაპია. ეს მითია. შესაძლოა მორფინის მიღება მკურნალობის ნაწილი იყოს და ამ დროს ადამიანი ექვემდებარებოდეს მკურნალობას.“

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16  ნოემბრის  21 საათიდან 17  ნოემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, სანაპირო რაიონებში – წვიმა, მთაში კი თოვა, დროგამოშვებით – ძლიერი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 15.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 15-20 დმ [4 -5 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

______________________________

თორნიკე თავაძის ფოტო

ქართველ მეზღვაურებს 13 ადამიანის გადარჩენისთვის ლონდონში დააჯილდოებენ

„ჩემს პრაქტიკაში ეს იყო ურთულესი დღე. მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია,“ – ასე იხსენებს მეზღვაური დავით ბარამიძე 2017  წლის ივნისში მომხდარ შემთხვევას. დავითი სხვა მეზღვაურებთან ერთად ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ზე მუშაობდა. გემის კაპიტანი ქართველი მეზღვაური ლევან მამალაძე იყო.

სწორედ გასული წლის ივლისში ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის გადასცემენ 14 ქართველ მეზღვაურს საერთაშორისო ჯილდოს.

„2017 წლის 26 ივნისში, არაბეთის ზღვაში უბედური შემთხვევა მოხდა ტანკერ “Rama2“-ზე. შემთხვევის ადგილთან ყველაზე ახლოს ჩვენი გემი იმყოფებოდა. შეგვატყობინეს, რომ კოლეგებს სჭირდებოდათ დახმარება და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ მათ გადასარჩენად. სამაშველო ოპერაცია ჩავატარეთ და 13 კაცი გადავარჩინეთ. სამწუხაროდ, მათი ეკიპაჟიდან ერთი მეზღვაური, უფროსი თანაშემწე დაიღუპა,“ – იხსენებს დავითი.

SEAPOWER-ის ეკიპაჟი სამაშველო ოპერაციის დროს

შემთხვევის დროს გემთფლობელი კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილ გემ  M.T. SEAPOWER-ის ბორტზე 16 მეზღვაური იყო – 14 საქართველოს, 1 უკრაინის და ერთიც რუმინეთის მოქალაქე.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია IMO ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს მეზღვაურებს. წელს ამ ნომინაციაზე M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟი მალტის მთავრობამ წარადგინა, სინგაპურის მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ კაპიტანი ლევან მამალაძე, მეზღვაურები – დავით ბარამიძე, ამირან ჩოგაძე , თენგიზ კარჩავა, ომარ ნასარიძე, ირაკლი კალანდაძე, რაულ დავლაძე, თორნიკე ზოიძე, ლევან ფუტკარაძე, ალექსანდრე ჩაჩუა, რამაზ ბეჟანიძე, ნოდარ სუკონიკოვი, მიხეილ მეფარიშვილი, ბიძინა ღოღობერიძე, იგორ ეგიზაროვი და გოგი ბაგრატიონი.

დაჯილდოების ცერემონიალი 6 დეკემბერს ლონდონში გაიმართება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათავო ოფისში. ჯილდოს მისაღებად ლონდონში კაპიტანი ლევან მამალაძე ჩავა.

SEAPOWER-ის ეკიპაჟს გადარჩენილი მეზღვაური აჰყავს გემზე

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში მხოლოდ ერთი ადამიანი დაჯარიმდა არასწორი პარკირებისთვის, კერძოდ დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო.

ფოტოები გადაღებულია 14 ნოემბერს.

სუს-ის უფროსის ბინის გაქურდვაში ბრალდებულს ფაიფურის თეფშების მოპარვისთვის 5 წელი მიუსაჯეს

„ასე ზეპირად ლაპარაკობენ ეგენი“, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა დავით ხიმშიაშვილმა და პროკურორს გახედა. მან პრეტენზია ხელთათმანების გამო გამოთქვა, რომელიც ქურდობის ადგილიდან ამოიღეს და რომლიდანაც გამომძიებლებს თითის ანაბეჭდები არ აუღიათ. საუბარია გასული წლის ზაფხულში ფაიფურის თეფშებისა და ჭურჭლის ქურდობაზე. საქმეზე განაჩენი მოსამართლემ  დღეს გამოიტანა.

მოსამართლეს ამ საქმის განხილვა გასული კვირის დასაწყისში უნდა დაესრულებინა, თუმცა გირაოთი გათავისუფლებული დავით ხიმშიაშვილი პროცესზე ვეღარ გამოცხადდა – ის ბათუმში სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინის ქურდობისთვის დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დავით ხიმშიაშვილი თანამზრახველთან ერთად შევიდა ირაკლი ერისთავის ბინაში და იქედან ძვირფასი საათები, ბიჟუტერია და ქანდაკება წამოიღო.

„სახეზეა რეციდივი… ის წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი ნარკოდანაშაულის, ასევე, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო“, – თქვა პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ.

„აგეღოთ „პელჩატკებიდან“ დნმ, ხომ გამოჩნდებოდა სიმართლე? რაც არ გაწყობთ, არ აკეთებთ,“ – მიუგო პროკურორს ბრალდებულმა სხდომათა დარბაზის გისოსებით გამოყოფილი ადგილიდან და დაამატა: „მე მერაბმა ბოდიში მომიხადა, მაგის მიზეზით მოვხვდი იქ…“

ქურდობის ეს შემთხვევა გასული წლის ივლისში მოხდა – მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველებმა ორი პირი ბინაშივე დააკავეს. პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, დავით ხიმშიაშვილი და მერაბ სულაბერიძე ფაიფურის თეფშებსა და ჭურჭელს [ჯამში 2 ათასი ლარის ღირებულების] იპარავდნენ.

„ჩვენებაში აღნიშნა კიდეც მერაბ სულაბერიძემ, თუ როგორ შეარჩია ბინა, სადაც უნდა შესულიყო. თქვა, რომ შესასვლელი კარის სახელურზე მტვერი იყო და ემჩნეოდაო, რომ შიგნით დიდი ხნით არ შესულა ვინმეო,“ – დასძინა პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ.

პროკურატურის მტკიცებით, მათთან ოპერატიული ინფორმაცია შევიდა და ადგილზევე მოახერხეს დამნაშავეების დაკავება.

ფაიფურის თეფშების მოპარვას ადასტურებს მერაბ სულაბერიძე, თუმცა დაკავების დროს და ახლაც ის ერთსა და იმავეს იმეორებს: „ჩემ გამო ნუ დასჯით დავითს. მას მე, უბრალოდ, იქ მისვლა ვთხოვე. ის მოვიდა მოპედით და ზემოთ არ ამოსულა“.

ბრალდებულების ჩვენებების მიხედვით, დავით ხიმშიაშვილს იმ საღამოს მერაბ სულაბერიძემ დაურეკა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე მისვლა სთხოვა, შენი მოპედით მომაკითხეო. დავითი ადგილზე მივიდა და მეგობარს სახლის შესასვლელთან, ტროტუარზე ელოდა.

„მერე ამიყვანეს მე ზემოთ პოლიციელებმა მეოთხე სართულზე, ვითომ მეც იქ ვიყავი და ვიქურდე,“ – უთხრა მოსამართლეს დავით ხიმშიაშვილმა.

მოწმეების ჩვენებებზე გაამახვილა ყურადღება დავით ხიმშიაშვილის ადვოკატმა, ზაზა პაპიძემ. მან მეზობლის მიერ მიცემულ ჩვენებაზე ისაუბრა: „ის ამბობს, რომ ღამის პირველის ნახევარზე გაიგონა ხმაური, გადაიხედა და დაინახა პოლიციელები, რომლებიც ესაუბრებოდნენ მამაკაცს, შემდეგ ის ზემოთ აიყვანეს… ეს ქალი ნეიტრალური მოწმეა და არ აქვს არანირი ინტერესი პოლიციელებისგან განსხვავებით“, – აღნიშნა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

მოსამართლემ მაინც პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო და საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ განაჩენიც გამოაცხადა. დავით ხიმშიაშვილს და მერაბ სულაბერიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

აჭარაში სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის სახლის გაქურდვის საქმის განხილვა ჯერ არ დაუწყია ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ამ თემაზე:

საათები, ბიჟუტერია, ქანდაკება – რა მოიპარეს სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინიდან

Exit mobile version