მთავარი,სიახლეები

რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი

19.11.2018 • 2972
რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი

მმართველი გუნდის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოში ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2004 წელს აქვს შევსებული. მას მაშინდელ ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. იმ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი არ ფლობს არავითარ უძრავ ქონებას, ნაღდი ფულის სახით აქვს 3 ათასი დოლარი, ხოლო საფრანგეთში საბანკო ანგარიშზე 80 ათასი ევრო – გრძელვადიანი კრედიტი.

2005 წელს, დეკლარაციის იმ გრაფაში, რომლითაც დასტურდება რა უძრავ- მოძრავ ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი, მინისტრი წერს, რომ იყიდა როიალი, ტელევიზორი, მაცივარი, კარადა,  საწოლი, რაშიც ჯამურად დახარჯა 6 300 ლარი. სხვა ქონების შესახებ ინფორმაცია ამ წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ ჩანს.

სალომე ზურაბიშვილს 2006 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეუვსია როგორც ყოფილ მინისტრს. ამ წლის მონაცემებით, მას საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აქვს ბინა, რომელიც 300 000 ევროდ არის შეფასებული. იქვე მიუთითებს, რომ ბინა ნაყიდია 1989 წელს.

შემდეგი ქონებრივი დეკლარაცია სალომე ზურაბიშვილმა შეავსო 2017 წელს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, თუმცა  არასრულად – მან დეკლარაციაში მიუთითა არა 2016 წლის სრული შემოსავლი, არამედ მხოლოდ იმ ერთი თვის შემოსავალი – 5309 ლარი, რაც მიიღო როგორც პარლამენტის წევრმა. სალომე ზურაბიშვილის საჯარო განცხადებებით ცნობილია, რომ ის 2016 წელს მუშაობდა უცხოეთში, შესაბამისად, ის ვალდებული იყო, ამ წლის სრული შემოსავალი აესახა ქონებრივ დეკლარაციაში.

2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში სალომე ზურაბიშვილი ასევე უთითებს, რომ თბილისში ფლობს 230 კვადრატულ მეტრ სახლს, რომლის ღირებულებად 160 ათასი დოლარია დაფიქსირებული. იმავე მისამართზე პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს 170 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

წელს კი, სალომე ზურაბიშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გარკვეული ცვლილებები შესულა – ის მიუთითებს, რომ იმავე მისამართზე თბილისში ფლობს 126 კვადრატულ მეტრ ბინას და 235 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. ქონების ღირებულება კი არ იცვლება.

სამაგიეროდ, 150 ათას ევრომდე მცირდება 60 კვადრატული მეტრი ბინის ფასი პარიზში.

გარდა ამისა, დეკლარაციით ირკვევა, რომ  სალომე ზურაბიშვილი  17 ათას დოლარად ყიდულობს მსუბუქ ავტომანქანას [2016 წელი]. პრეზიდენტობის კანდიდატი 35 ცალ ფასიან ქაღალდს ფლობს საქართველოს ბანკში, ხოლო „თელიანში“ – 1212 ფასიან ქაღალდს; ანაბარზე აქვს 50 ათასი დოლარი, სახელფასო ანგარიშზე 3 ათასი ლარი, ხოლო მიმიდინარე ანგარიშზე 8 600 ევრო.

2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არსებითი ცვლილებები არ ჩანს. სალომე ზურაბიშვილს გასულ წელს ხელფასის სახით 57 645 ლარი მიუღია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: