ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის საბავშვო-საახალწლო გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. ღონისძიებებისთვის, რომლებიც ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან სულ 12 325 ლარია გამოყოფილი.
ღონისძიებები ჯამში დაახლოებით 445 ბავშვზეა გათვლილი. მათთვის უნდა მომზადდეს სასაჩუქრე პაკეტები, რომლებშიც, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული, იქნება სხვადასხვა უმაღლესი ხარისხის ტკბილეული, ასევე, საახალწლო ნაძვის ხის სათამაშო. ორგანიზატორი იზრუნებს გასართობ ცენტრში ბავშვების კვებაზეც. მენიუში უნდა იყოს ხაჭაპური, ფრი, ხორციანი ბლინი, სოსისი, ლიმონათი, ხილი.
ღონისძიებები გაიმართება შემდეგი დიასპორების წარმომადგენლებისთვის: თურქული დიასპორა [65 ბავშვი], აზერბაიჯანული დიასპორა [50 ბავშვი], რუსული დიასპორა [85 ბავშვი], ბერძნული დიასპორა [70 ბავშვი], გერმანული დიასპორა [20 ბავშვი], იეზიდური დიასპორა [45 ბავშვი] და უკრაინული დიასპორა [110 ბავშვი].
რაც შეეხება გასართობ პროგრამას, ის „უნდა მოიცავდეს – საახალწლო საზეიმო პროგრამას, საახალწლო მოსაწვევ ბარათებს, ფოტო და ვიდეოგადაღებას (დამონტაჟებული მასალის ჩაწერა დისკებზე); ღონისძიებაში გამოყენებული უნდა იქნას საპნის ბუშტები, თოვლის ფიფქები, ფერადი ქაღალდები (კონფიტი); საზეიმო პროგრამაში ჩართული უნდა იყოს თოვლის ბაბუა და ფიფქია, ასევე 2 საბავშვო ზღაპრის გმირი (მოთხოვნის შესაბამისად, შემსყიდველთან შეთანხმებით)“.
ტენდერი 17 დეკემბერს დასრულდება. ღონისძიებების ადგილი და გრაფიკი კი, გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.
მთავარი ფოტო: საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ქედის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიები, ასევე, ამ ტერიტორიების მოწყობისა და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსების წესები დაადგინა.
შესაბამისი დადგენილების მიღების მიზანი, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ინფრასტრუქტურის იერსახის დაცვა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება; სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, ასევე, საოჯახო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის ხელშეწყობაა.
ამავე დადგენილებით, „ხორცპროდუქტებით გარე ვაჭრობა უნდა გამორიცხავდეს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას ან ასეთი მოპყრობის წახალისებას. დაუშვებელია ცხოველის ნაწილების ისეთი დემონსტრირება, რომელიც შეიცავს სისასტიკის ნიშნებს, ან არ ითვალისწინებს მისთვის თვალის არიდების შესაძლებლობას“.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარე ვაჭრობა და ბაზრობების მოწყობა დასაშვებია ქედის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. თუმცა არის გამონაკლისი, სადაც ასეთი ვაჭრობა აკრძალულია.
გარე ვაჭრობა აკრძალულია:
[crosslist]
დაბა ქედაში – ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე, აკ. წერეთლის ქუჩაზე, მ. კოსტავას ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩაზე, ი. გოგებაშვილის ქუჩაზე, ყ. შერვაშიძის ქუჩაზე, მ. აბაშიძის ქუჩაზე და თ. სახოკიას ქუჩაზე;
რელიგიურ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებთან, სამედიცინო და სტაციონალურ დაწესებულებებთან, სასაფლაოებთან, სკვერებთან და ბაღებთან, სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებთან 20-მეტრიან რადიუსში.
[/crosslist]
აღნიშნული ადგილების გარდა, სხვა ადგილებში დაშვებულია ასევე სეზონური გარე ვაჭრობაც.
რაც შეეხება გარე ვაჭრობას სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, საკრებულოს დადგენილებით ის დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
საკრებულომ დაადგინა, ასევე, გარე ვაჭრობის ორგანიზების წესები და ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი ვაჭრობა:
[checklist]
„გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ ამახინჯებდეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას (კონკრეტული დასახლების ქალაქი/სოფელი ქუჩის ისტორიულ-კულტურული იერსახე, შენობათა ფასადები, შეფერილობა და სხვა) და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან.
გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს გარე ვაჭრობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის საჭირო დროებითი, მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მოწყობა.
დაუშვებელია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა სათანადო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე.
„სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა“.
[/checklist]
შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას წარმოადგენს ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილების გარდა ასეთი ვაჭრობის განხორციელება სხვა ტერიტორიაზე. ასეთი ქმედება, ანუ უნებართვო გარე ვაჭრობა კი, გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153(3) მუხლის შესაბამისად.
დადგენილება 2018 წლის 5 დეკემბრიდან ამოქმედდა და მის შესრულებაზე კონტროლი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა.
ბათუმში, რუსთაველის 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა და სახურავის სარეაბილიტაციოდ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 531 346- ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანია სამმართველოს დავების საბჭოში უჩივის. რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე რამდენიმე კორპუსის ფასადის შესაცვლელად ესკიზებისთვის გამოცხადებული კონკურსები კი, არ შედგა. საკონკურსო თანხა ჯამში 14 300 ლარი იყო.
რუსთაველის ქ. N41-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში სამმართველოს მომსახურება ყველაზე დაბალ ფასად [466 446 ლარად] შპს „ლადამ“ შესთავაზა. მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ კი კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.
მომდევნო პრეტენდენტი ტენდერში სამშენებლო კომპანია „ივერთმშენია“, რომელიც მომსახურებას მერიას „ლადასთან“ შედარებით 11 331 ლარით ძვირად, 477 777 ლარად სთავაზობს. შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით სატენდერო კომისიამ „ივერთმშენის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეისწავლოს, თუმცა „ლადამ“ სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
მომჩივან კომპანიას მიაჩნია, რომ მათ მიერ სრულყოფილად იქნა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, ხოლო კომისიამ არასწორად შეაფასა ის, რის გამოც „ლადა“ დავების საბჭოსგან მოითხოვს, დაევალოს სატენდერო კომისიას:
[checklist]
„გააუქმოს 2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ლადას“ დისკვალიფიკაციის შესახებ;
ხელახლა განახორციელოს შპს „ლადას“ ტექნიკური/დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით“.
[/checklist]
აღნიშნული ტენდერი ამ დროისთვის შერჩევა-შეფასების ეტაპზეა და მისი დასრულება, ანუ გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება დავა დავების საბჭოში. სახლის ფასადის რეაბილიტაცია კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის პირველი ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დავის გაგრძელების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს ვადაც გადაიწევს.
ბათუმის მერიას რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე რამდენიმე კორპუსის ფასადის შესაცვლელად ესკიზებისთვის ჯამში 14 300 ლარი აქვს გათვალისწინებული. საცხოვრებელი ბინების ექსტერიერის საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად კი კეთილმოწყობის სამმართველომ ხუთი კონკურსი გამოაცხადა, თუმცა, შესყიდვების ვებგვერდის მონაცემებით კონკურსები არ შედგა – მათში მონაწილეობა არავინ მიიღო.
რომელი საცხოვრებელი სახლების ფასადების შეცვლას გეგმავს მერია, შეგიძლიათ იხილოთ აქ:
დაბა ჩაქვში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ქობულეთის ქუჩა N42ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უპირობო აუქციონზე ჰყიდის. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 359 კვ.მ-ია და მისი საწყისი ღირებულება 25 ათასი ლარია.
უძრავი ქონება ერთი ბიჯის [500 ლარი] დამატებით რომ გაიყიდოს, მყიდველს 1 კვ.მ-ში 71 ლარის გადახდა მოუწევს, სამინისტროს კი 1 კვ.მ 69,6 ლარად აქვს შეფასებული.
საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველს ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ევალება. აუქციონი მიმდინარეობს და წინადადებების მიღება 2018 წლის 14 დეკემბერს დასრულდება.
აუქციონის პირობებში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, მომავალმა მესაკუთრემ პროექტი სს „საქართველოს რკინიგზასთან“ უნდა შეათანხმოს. ნაკვეთი რკინიგზის ხაზთან ახლოს მდებარეობს.
გასაყიდი ნაკვეთი ჩაქვში [წითლად] / ფოტოები ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან
საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს 6 875 000 ლარი აქვს გათვალისწინებული ფერომონების შესაძენად. სააგენტომ 250 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [აზიური ფაროსანას მოსაზიდად, დამჭერი ხაფანგის გარეშე] შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ფერომონი გაუხსნელ მდგომარეობაში ვარგისი უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, ხოლო მოქმედების ხანგრძლივობა – არანაკლებ 12 კვირა. საქონლის მიწოდება კი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2019 წლის 31 მარტისა.
სატენდერო პირობის მიხედვით, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სატენდერო კომისია განიხილავს იმ პრეტენდენტების წინადადებებს, რომელთა შემოთავაზებული ფერომონი უკვე რეგისტრირებულია საქართველოში ან/და 2018 წლის 7 დეკემბრამდე დაწყებულია სარეგისტრაციო პროცედურები.
ფერომონებით სახელმწიფო, ძირითადად, მავნებლის რიცხოვნობას აკონტროლებს. შეძენილი ფერომონები, მომავალ წელს, მავნებლის გავრცელების მონიტორინგის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, პასპორტსა და პირადობის დამასატურებელ მოწმობას უფასოდ აიღებენ.
„არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ“. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების სააგენტო ფეისბუკგვერდის საშუალებით ავრცელებს.
დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ბათუმელი მხატვრის ბექა ბოლქვაძის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენაზე, როგორც მხატვარი გვეუბნება, ძირითადად ახალი ნამუშევრებია წარმოდგენილი.
„აქედან, სხვადასხვა გამოფენაში რამდენიმე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ახლა სრული შეფასება და შეჯამებაა წარმოდგენილი“.
ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში.
გამოფენაზე 50-მდე ნახატია წარმოდგენილი. 2019 წლის ზაფხულში ბექა ბოლქვაძე პოლონეთში არტ-სიმპოზიუმზეა მიწვეული.
ბექა ბოლქვაძის ნამუშევარი.
გამოფენას მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი „ასეა სულ“ [ათინა ჯანუაშვილი და Bek Bekson]. გამოფენა 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ჯგუფი „ასეა სულ“ – ბექა ბოლქვაძის გამოფენაზე.მხატვარ ბექა ბოლქვაძის ნამუშევარი.
მხატვრის თქმით, გამოფენა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა.
ბათუმში წვიმის დროს დატბორილი ქუჩები ხომ ყველას გვინახავს? არადა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად წლიდან წლამდე მილიონები იხარჯება. მაგალითად, ორი წლის წინაც 6 მილიონზე მეტი ლარი მეტი დაიხარჯა ჟილინის 3.3 კმ-იანი სანიაღვრე არხის შესაკეთებლად. ამ არხის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ათობით ქუჩას მოიცავს, მაინც იტბორება. სკოლაში მიმავალ ბავშვებს მშრალ ამინდშიც კი ტალახის გუბეების გადავლა უწევთ. მაშინ რისთვის ან როგორ დაიხარჯა 6 მილიონი ჩვენი ჯიბიდან?
“მენეჯმენტის, სწორად დაგეგმარების პრობლემაა მანდ,” – გვეუბნება კომპანია “ბათუმის წყლის” ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. “მე პრობლემას მანდ ვხედავ, სულ თავში. პროექტი ერთიანი გეგმით კი არ შემუშავდა, არამედ ალაგ-ალაგ. ერთიან კონტექსტში, გეგმაზომიერად კი არ ხდება, რა უნდა გაკეთდეს, რატომ უნდა გაკეთდეს და საით უნდა მივდიოდეთ, არამედ ალაგ-ალაგ კეთდება, ქაოტურად.”
არხის რეკონსტრუქცია კი დასრულდა, მაგრამ მისი გამართულად მუშაობისთვის საჭირო ყოფილა ძველი საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების შეცვლაც. ბათუმის კეთილმოწყობის სამსახური სანიაღვრე სამუშაოებს საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებამდე ვერ დაიწყებს. საკანალიზაციო სამუშაოებს კი ბათუმის მერია მომდევნო წელს გეგმავს, მაგრამ თუ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან დაფინანსებას ვერ მიიღებენ, ვადები კიდევ გადაიწევს.
ჟილინის არხი
ის, რომ ყველაფერი ქაოტურად კეთდება, ამის დასტურად ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ინტერვიუც გამოდგება, რომელმაც იცის, რამდენი უნდა დახარჯოს ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორიის სანიაღვრე სისტემების მოსაწყობად, მაგრამ არ იცის, რა ფართობისაა ეს ტერიტორია. “1.5 მილიონი ლარი ჯდება მთლიანად ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა, თავის სანიაღვრეებით, პარკინგებით და ა.შ.,” – გვეუბნება სულხან ევგენიძე. თუმცა კითხვაზე, რა მოცულობის ტერიტორიაზეა საუბარი, გვპაუხობს: “მაგას რა დათვლის. ეს ტერიტორია ნამდვილად არ არის დათვლილი.”
გარდა ახალი ქსელებისა, ჟილინის არხის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა სატუმბი სადგურიც, რომელიც წყალს ზღვაში შეფერხების გარეშე გადაიტანს და ზღვის წყალს ქალაქისკენ არ გაუშვებს. სატუმბი სადგურის მშენებლობაზე საუბარი 2014 წელსაც იყო, ვიდრე თავად ჟილინის არხის რეკონსტრუქცია დაიწყებოდა. ბათუმის მერიას ამ სადგურის პროექტიც კი ჰქონდა მომზადებული, რომელშიც 494 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს. შემდეგ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება ვერ მოიპოვეს გერმანული ბანკისგან და მისი განხორციელებაც გადაიფიქრეს. სატუმბი სადგურის აშენებას მაშინ 7.3 მილიონი ლარი სჭირდებოდა. მერიამ ამ პროექტის განსახორციელებლად თანხა ვერ მოიძია, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში 2015 წელს აუთვისებელი დარჩათ 5 მილიონზე მეტი, 2016 წელს კი 16 მილიონამდე ლარი.
ჟილინის არხის შესართავი ზღვასთან
დღეს ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე ფიქრობს, რომ ამ სატუმბი სადგურის არარსებობა ჟილინის არხის გამართულად მუშაობას ხელს სულაც არ უშლის. შესაბამისად, მისი თქმით, სატუმბის მშენებლობა მერიის უახლოეს გეგმებში არ შედის. არადა, ბათუმის მერიის მიერ “აი, ფაქტისთვის” გამოგზავნილ წერილში წერია, რომ ჟილინის არხის სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩაშვების პროექტზე უკვე მუშაობენ. “პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მოსაზიდად მიმდინარეობს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან მოლაპარაკება ან, ალტერნატივის სახით, დაფინანსებული იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან,”- ვკითხულობთ წერილში.
ზურაბ წიკლაური შპს “მშენებელი 80”-ის ინჟინერია. სწორედ ამ კომპანიამ ააშენა ჟილინის არხი. წიკლაურიც ფიქრობს, რომ სატუმბი სადგური არხის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა. „წყლის მიღება უჭირს იმიტომ, რომ აქეთ აწვება ღელვის დროს ზღვა. ეს რომ მოგვარდეს, ამისთვის ჩაიფიქრეს სატუმბი სადგური, წყლის გადასაქაჩად. რომელიც იყო იდეაში ადრე და რომელიც უნდა განეხორციელებინათ, თითქოს. მერე გადაიდო რატომღაც. ახლა ისევ წამოტივტივდა ეს საკითხი, იმიტომ, რომ ახლახანს გავუგზავნე არხის ბოლო მონაკვეთის ნახაზები,“ გვეუბნება წიკლაური.
კომპანიამ ჟილინის არხის ბოლო ნაწილში სატუმბი სადგურის ადგილი მშენებლობის დროს ღიად დატოვა. თუმცა, ამ ორი წლის მანძილზე ეს ადგილი განაშენიანდა და სამშენებლო კომპანიებმა ღია მონაკვეთი გადახურეს კიდეც. “დახურეს, მაგრამ იმ პირობით, რომ თუ ქალაქს დასჭირდება, ისევ გაიხსნება. თუმცა, ახლა რამდენად წესების დაცვითაა ის არხი დახურული, არავინ იცის,” გვეუბნება წერეთელი.
აღმაშენებლის ქუჩა ჟილინის არხის არეალში მდებარეობს და ორი კვირის წინ ასე დაიტბორა
არც იმაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თავად ჟილინის არხია წესების დაცვით აშენებული. პროექტის დასრულების შემდეგ აუდიტის სამსახურმა დასკვნა მოამზადა, სადაც ვკითხულობთ, რომ ფარული სამუშაოების (ის სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც მიწისქვეშაა და პროექტის დასრულების შემდეგ უხილავია) აქტები ნორმების დაცვით არ უწარმოებია მშენებელ კომპანიას. ასეთი კი მთლიანი პროექტის 98 პროცენტია, ვინაიდან არხი მთლიანად მიწისქვეშაა მოთავსებული. შესაბამისად, აუდიტის სამსახურს არ აქვს პასუხი კითხვაზე, სამუშაოების 98 პროცენტი ხარისხიანად შესრულდა თუ არა.
„არაფერი პრობლემა არაა. სამხარაულის ნებისმიერი დასკვნა რომ ამოიღოთ, მაგაზე აუდიტი წერს მასე. ბოლოს რომ არაფერი აქვს დასაწერი, მასეთ რაღაცეებს წერს,“ – გვითხრა ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა სულხან ევგენიძემ.
ფაქტი კი ისაა, რომ ზაფხულში, მზიან ამინდშიც კი არხის მიმდებარე ტერიტორია დატბორილია. “ბავშვები სკოლაში რომ მიდიან, გვგონია, ბოსტანსა და ყანებში დადიან. ტალახში გადავდივართ და გადმოვდივართ. წვიმაში საუბარი აღარაა, მაგრამ მშრალ ამინდშიც ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა,” გვითხრა გამვლელმა, ნარგიზ მაკარაძემ.
ბათუმის მერიაში კი მაინც ფიქრობენ, რომ არხი კარგად მუშაობს.
ზღვასთან შესართავიჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორია
ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორია
ჟილინის არხი
ინასარიძის ქუჩა მზიან ამინდში
სტატია ქვეყნდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სახალხო დამცველის აპარატი 18 დეკემბრიდან ახალი საშტატო განრიგითა და ფუნქციებით განაახლებს მუშაობას. სახალხო დამცველის პირველი მაოდგილის, თამარ გვარამაძის განმარტებით, სტრუქტურული ცვლილება განიცადა რეგიონულმა ოფისებმაც.
„აქამდე იყო ერთი რეგიონალური დეპარტამენტი და მასში შედიოდა ყველა სამმართველო. ამის გამო მთელი რიგი პრობლემები იქმნებოდა მართვის თვალსაზრისით.
რეორგანიზციის შემდეგ კი ჩამოყალიბდა ორი – აღმოსავლეთ და დასავლეთ სამმართველო. ბათუმი, ქუთაისის, ოზურგეთის და ა.შ. ოფისები გაერთიანდებიან დასავლეთ საქართველოს სამმართველოში, დანარჩენი კი აღმოსავლეთ სამმართველოში“, – გვეუბნება თამარ გვარამაძე.
მისი თქმით, რეორგანიზაცია თანამშრომლების შემცირებას არ ითვალისწინებს. „მხოლოდ ბათუმის ოფისის ერთმა თანამშრომელმა განაცხადა უარი მუშაობის გაგრძელებაზე“, – გვეუბნება თამარ გვარამაძე.
თამარ გვარამაძე ამბობს, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში არა მხოლოდ სტრუქტურული მოწყობა შეიცვალა: „ფუნქციური ცვლილებაც განიცადეს რეგიონულმა ოფისებმა და ისინი უფრო მეტად ორიენტირებული იქნებიან უფრო მეტი პროაქტიული საქმიანობის განხორციელებაზე, უფრო აქტიურად განაგრძობენ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, მეტ საგანმანათლებლო საქმიანობას გასწევენ და შეეცდებიან ადგილზე მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დაეხმარონ. აქედან გამომდინარე, თითოეული თანამშრომლის ფუნქციური აღწერაც შეიცვალა“.
გვარამაძის თქმით, რეორგანიზაცია და ახალი ფუნქციური ცვლილებები არ იწვევს ცვლილებასა ანაზღაურების ნაწილში.
ბათუმი დასავლეთ საქარველოს სამმართველოს დაექვემდებარება.
სამმართველოს ხელმძღავანელის პოზიცია ჯერ ვაკანტურია. სახალოხ დაცველის ოფისი ამ თანამდებობაზე კონკურსს 2019 წლის იანვარში ან თებერვალში გამოაცხადებს.
მზია ბუბაშვილი ისტორიის მასწავლებელია ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლაში. ის „ბათუმელებთან“ ისეთ მწვავე პრობლემაზე საუბრობს, როგორიცაა მშობლების მასობრივი მიგრაცია უცხოეთში. რა იცვლება წლების მიხედვით და როგორია სკოლა და მოზარდი, მშობელთა კრება მშობლების გარეშე.
1987 წლიდან ვმუშაობ სკოლაში. სოფლის სკოლაშიც ვმუშაობდი, საჯაროში და კერძოშიც. ბოლო 18 წელია ქუთაისის საჯარო სკოლაში ვასწავლი და ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა ისეთი რთული ვითარება სკოლისა და მშობლების ურთიერთობაში, როგორიც დღეს არსებობს.
ხომ არსებობს შეხედულება, რომ სოფელში ნაკლებია სწავლის, სკოლის მიმართ მშობლების ინტერესი, რომ იქ ნაკლებად სცალიათ მშობლებს სკოლისთვის და ა.შ. იქ ბევრად უფრო მეტი ინტერესი იყო, ვიდრე დღეს ქალაქის სკოლებშია.
ქალბატონო მზია, როგორია ტენდენცია. იზრდება მშობლების მიგრაციის მაჩვენებელი და როგორ აისახება ეს სკოლისა და ბავშვების ურთიერთობაზე?
ტენდენცია არის მზარდი. თუ წლების წინ მშობელთა კრებაზე შევდიოდი და ვხედავდი, რომ ოთხი-ხუთი მშობელი აკლდა იმის გამო, რომ უცხოეთში წავიდა, თითქმის ყოველ კრებაზე ეს მაჩვენებელი სამმაგდება. როცა ოცდაათამდე ბავშვი გიზის კლასში, ეს დიდი მაჩვენებელია.
ბოლო მშობელთა კრებაზე, ფაქტობრივად, 3-4 მშობელი იყო, დანარჩენი უცხოეთში არიან წასულები. პრობლემაა ისიც, რომ ოჯახებიდან დედები მიდიან, ძირითადად, თუ ორივე მშობელი მიდის, ეს კიდევ უარესია.
შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი გვითხრათ, რაშიც ჩანს პრობლემის სიმწვავე?
მე სხვაზე არ ვისაუბრებ. შემიძლია საკუთარ მაგალითზე ვილაპარაკო. თვითონ ვარ ემიგრანტის და, მე დამიტოვა ჩემმა დამ ორი ბავშვი, რომლებიც ახლა გარდატეხის ასაკში არიან და ვერც გოგოს და ვერც ბიჭის პირად ცხოვრებას, სწავლის პროცესს ვერანაირად ვერ ვაკონტროლებ.
მხოლოდ დედებზე რატომ საუბრობთ, მამის ფაქტორი არაფერს ნიშნავს შვილებისთვის?
მამების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს შვილებთან სათანადო ურთიერთობას. არიან ისეთი მამებიც, რომლებიც ყოჩაღად დგანან, თუმცა ასეთი ძალიან ცოტაა. მეორე პრობლემაც ჩნდება, როცა დედები მიდიან, მამები ხშირად ოჯახს ანგრევენ და ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ზოგჯერ არც ბებია-ბაბუა ჰყავთ ბავშვებს და ხან ბიცოლაზე არიან მიბარებული, ხან დეიდაზე ან მამიდაზე. ბუნებრივია, რეცეპტი არ არსებობს, რომ რადგან მშობელთან იზრდება, ამიტომ არის კარგი ბავშვი, ბებია-ბაბუებსაც კარგი შვილიშვილები აღუზრდიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვისთვის დედა შეუცვლელია, მით უმეტეს, გარდატეხის ასაკში.
ერთი მოსწავლე მყავდა, ბებიამ გაზარდა, სულ უკან დასდევდა, ჩართული იყო ყველაფერში. ბუნებრივია, გარდატეხის პერიოდში ამ ბავშვსაც ჰქონდა მასთან ურთიერთობის პრობლემები, კლასელები ეუბნებოდნენ, – „ბიჭო, ბებიაშენთან ერთად დადიხარ სკოლაში?“, „ბანკეტზეც ბებიას წამოიყვან?“, მაგრამ მათ შეძლებს კრიზისების გადალახვა და დღეს სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, სამჯერ იყო უცხოეთში სხვადასხვა პროექტით წასული. ბუნებრივია, ეს ბიჭი გაზარდა ბებიამ და ძალიან ბევრი ძალისხმევა გაიღო, მაგრამ ასეთი ერთეულებია.
ფაქტია, რომ ბავშვების დიდ ნაწილს სჭირდება მშობლის თანადგომა, ყურადღება. ბავშვი, რომელიც ვერ სწავლობს კარგად, სჭირდება ხელშეწყობა, ასეთ ბავშვებს ექმნებათ პრობლემა.
ოჯახის შემდეგ სკოლაა ის გარემო, სადაც ბავშვი, მოზარდი ვითარდება. რას აკეთებს სკოლა დღეს ემიგრანტი მშობლების ბავშვებისთვის, რისი კომპენსირება შეუძლია სკოლას?
ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის აღზრდაში, სკოლა, ოჯახი და საზოგადოება – სამივე ერთად არის ჩართული. მშობლების მასობრივი მიგრაციის გამო სკოლა დარჩა მარტო. სკოლა ცდილობს თავისი წილი საქმე აკეთოს, ბავშვის მოქალაქედ, ადამიანად ჩამოყალიბებაში, მაგრამ ოჯახური გარემო, მშობლის, დედის როლი მაინც შეუცვლელია. სკოლა ეხმარება ოჯახს, ოჯახი ზრდის ბავშვს.
დღეს კი ბავშვი, მშობელი, მასწავლებელი რაღაც თავთავისთვის არიან და ვერ ხერხდება მათი ერთ სისტემაში მოქცევა. დედის მზრუნველობა, მხარდაჭერა აკლიათ ბავშვებს.
ერთ ქალს ვიცნობდი, თავისი მაღაზია ჰქონდა. მის ბავშვს შევატყვე, რომ აღარ სწავლობდა. ვკითხე, დედაშენს როგორ გამოეპარე უსწავლელი-მეთქი და მითხრა, „დედაჩემი საბერძნეთში წავიდაო“. მაშინვე დაეტყო მშობლის წასვლა.
ძალიან ბევრს ხომ არ ვითხოვთ დედებისგან, როცა ვსაუბრობთ, რომმათ მიატოვეს შვილები. ჩვენ ვხედავთ როგორია ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა და რომ არა მშობლების, განსაკუთრებით კი დედების მიგრაცია, ბევრი ბავშვი შესაძლოა ფიზიკური გადარჩენის წინაშეც მდგარიყო. ამაზე რას ფიქრობთ?
ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ემიგრანტი ქალების, დედების, რომლებმაც რეალურად გადაარჩინეს ოჯახები და მათ მხრებზე დგას ქართული ეკონომიკა, მათით შენდება სახლები, შვილებს ისინი უზრუნველყოფენ მატერიალურად, მათ სწავლა-განათლებას და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ ვკარგავთ უმთავრესს – დედებისა და შვილების ურთიერთობას და ამის უარყოფით შედეგს მალე მოვიმკით.
ახლობლების მაგალითს გეტყვით, დედამ დაურეკა ბავშვებს. „აღარ შემიძლია, ისე მენატრებით, უნდა ჩამოვიდეო“ და იცით რა უთხრეს შვილებმა? „ჯერ გაგვიკეთე რამე, რომ მოდიხარო?“. დედა, ჩვენც გვენატრები და ჩამოდიო, არ უთქვამთ, აი, ეს არის პრობლემა. არ მიიღეს დედა უფულოდ. ეს არის ტენდენცია, სამწუხაროდ. დედაშვილობის ინსტიტუტი არის გამქრალი. დედის სითბო არ იცის ბავშვმა. კომპიუტერში დანახული დედა არ მიიღო ბავშვმა. კონტაქტია მნიშვნელოვანი. დედის ხელის შეხება, დედის ჩაცმული წინდები, დედის კოცნა სულ სხვაა, ეს აქცევს ადამიანად ბავშვს.
განათლების სისტემას რამდენად მიუძღვის წვლილი იმაში, რომ დედებს მოუხდათ ემიგრაციაში წასვლა. რეპეტიტორების ინსტიტუტი, სწავლის მაღალი გადასახადი, ეს ყველაფერი ხომ მოითხოვს დამატებით შემოსავლებს ოჯახში?
მესმის, რომ აქ არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც. აუცილებელია კლასში შემცირდეს მოსწავლეების რაოდენობა, რომ სწავლის პროცესი გახდეს უფრო ხარისხიანი. თითქმის ყველა ბავშვი ემზადება პირველი კლასიდანვე ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. არ ვიცი, რატომ არის ეს საჭირო.
გარდა ამისა, მარტო მატერიალური უზრუნველყოფა არ არის საკმარისი ბავშვისთვის. სოციალური უთანასწორობა იწვევს ბავშვებში ბულინგს, კუდაბზიკობას. ვიღაცას განსხვავებული ჩანთა, ტანსაცმელი აქვს და სხვების დამცირება იწყება.
ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფომაც მისი მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე და იზრუნოს იმაზე, რომ მშობლებს ჰქონდეთ სამუშაო ამ ქვეყნაში.
ფოტოები გადაღებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში.
ქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტოქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტოქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტოქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტოქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტოქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
საჯარო და კერძო სკოლებისთვის CENN-ი საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასი, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაცია და მსგავსი მიდგომების დანერგვისკენ მიმართული საქმიანობა.
საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებასა და მყარი ნარჩნების დახარისხებაში. შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო სკოლებს, რომლებიც მდებარეობენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში – აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთში, ასევე, ქალაქ თბილისში.
„გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ისა და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად,“ – ნათქვამია საგრანტო განცხადებაში.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 4 იანვრამდე, ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით.
დამატებითი ინფორმაცია საგრანტო მოთხოვნების შესახებ, იხილეთ აქ.
ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც რეგიონულ შრომის ბაზრებზე ვაკანსიების მონიტორინგს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ ახალი თანამშრომლის აყვანისას დამსაქმებელი ხშირად აყენებს გადაჭარბებულ მოთხოვნებს, როგორ განათლების ცენზის, ასევე ზოგადი უნარების ფლობის თვალსაზრისით. მაგალითად, ითხოვს უმაღლეს განათლებას და ლიდერობის/კრიტიკული აზროვნების უნარებს არაკვალიფიციური მუშების შემთხვევაში. ამასთან, ჩანს, რომ სპეციფიკური უნარები, რომლებიც ამოსავალია კადრის რელევანტურობის შესაფასებლად, უმრავლეს შემთხვევაში განუსაზღვრელია.
ნატა ჯავახიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები მოახერხებენ მათთან სწავლების სისტემის დანერგვას ახალი თანამშრომლებისთვის, თავისუფლად შესაძლებელია, რომ მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე კადრებზე აღარ გააკეთონ აქცენტი:
„ხშირ შემთხვევაში კომპანიები ითხოვენ გამოცდილ კადრებს, ასევე ხშირად ასაკი არ შეესაბამება მოთხოვნილ გამოცდილებას. რამდენიმეწლიანი გამოცდილების მოთხოვნისას ასაკობრივი ზღვარი არ უნდა იყოს ძალიან დაბალი, ეს არალოგიკურია. ამიტომაც მოთხოვნები ჩვენთან ეფუძნება უნარებს და არა გამოცდილებას, სწავლებას კი ჩვენ უზრუნველვყოფთ“.
მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს გარდა „მაკდონალდსისა“ წარმატებით იყენებენ უკვე „ვენდისში“, „კარფურში“ და სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციებში.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში, 172-მა ადამიანმა გაიარა სასწავლო კურსი და სერტიფიკატიც მიიღო, მათგან 91 ბენეფიციარი კურსის დასრულებისთანავე დასაქმდა.
172-მა ადამიანმა მიიღო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი
ერთი მხრივ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვისი შვილია. თუმცა ტესტში მოცემულ ამ ფოტოებზე მსახიობებისა და მუსიკოსების შვილები ძალიან გვანან მშობლებს. შეამოწმე, გაქვს თუ არა მახვილი თვალი. რაში გაინტერესებს, მაგრამ მაინც გაიგე ვინ ვისი შვილია.
„სახელმწიფოს არ უნდა ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება. როგორც კი ეს დაიწყება, მას პასუხების გაცემა მოუწევს ბევრ რამეზე, პასუხის გაცემა კი რთულია,“ – აღნიშნა ისტორიკოსმა, საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, დავით ჯიშკარიანმა. მან დღეს, 7 დეკემბერს ბათუმის დემოკრატიის სკოლაში საჯარო ლექცია გამართა.
დავით ჯიშკარიანი წლებია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ არქივში, ასევე ეროვნულ არქივში არსებულ დოკუმენტებთან. რატომ არ სურთ საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება, რომელიც ნებისმიერი ისტორიული დოკუმენტის გაცნობის და ისტორიული პროცესის განსხვავებული თვალით შეხედვის საშუალებას მოგვცემს? – დავით ჯიშკარიანს ეს კითხვაც დავუსვით დისკუსიის დროს. „ბათუმელები“ დავით ჯიშკარიანის საჯარო ლექციიდან რამდენიმე საინტერესო მონაკვეთს გთავაზობთ.
ლუსტრაციის პირველი მცდელობები საქართველოში იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ ეს მცდელობები ვერ იქნება ისე აღქმული, როგორც დიდი მოძრაობა გახსნილობისკენ. როგორც ყველაფერში, აქაც საკმაოდ ფრაგმენტულები, ზერელეები და არათანმიმდევრულები ვიყავით.
ამ არჩევნების დროსაც იყო გაუთავებელი მანიპულაცია, რომ ეს იმის აგენტია, ეს ის არის და ასე შემდეგ. არავის არ უთქვამს, რომ ერთხელ მაინც ვაჩვენოთ რაღაც დოკუმენტი და დაისვას წერტილი… საზოგადოებას და ინსტიტუციებს არ სურთ ლუსტრაცია, ანუ ის, რომ ისტორია იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. მერე ვისაც უნდა წაიკითხოს ეს დოკუმენტები, ვისაც უნდა – ნუ წაიკითხავს.
სამწუხაროდ, ჩვენთან ლუსტრაციის აღქმაც არასწორია. ლუსტრაცია ესმით, როგორც აგენტურული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. რეალურად, ლუსტრაციის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოფიციალურ საქმეებს, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებს, რამაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება თვისებრივად შეცვალა…
რა რეალობა გვაქვს ახლა: 1991 წლის დეკემბერში ჩნდება ხანძარი უშიშროების შენობაში, იწვის არქივი და ამის მერე გვესმის, რომ ყველაფერი დაიწვა, თუმცა გზადაგზა რაღაცები ჩნდება. ითქვა, რომ არქივის დაახლოებით 80 პროცენტი დაიწვა, თუმცა არ შემდგარა კომისია და არავის აღურიცხავს, რა დაიწვა, რა – გადარჩა. ორი წლის წინ ვიყავით უკრაინაში, სადაც პირველად გაიხსნა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების არქივები. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ იქ ავიღეთ, იუწყებოდა, რომ საკავშირო უშიშროების დირექტივით, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეები და პირადი საქმეები ცეცხლგამძლე კარადებში შეენახათ. აღმოჩნდა, რომ არის დოკუმენტები, რომლებიც არსებობს ოფიციალური არქივს მიღმა. ამის კლასიკური მაგალითი იყო ვალერი ხაბურძანია, რომელმაც თავის დროზე შალვა რამიშვილთან ინტერვიუს დროს თქვა: მე რომ დავინიშნე მინისტრად, ვუთხარი თანამშრომელს, ერთი, შემომიტანეთ აგენტურული საქმეები და შემომიტანესო. თუ ეს ყველაფერი განადგურდა 1991 წელს, ვალერის რა შეუტანეს? ამით გამოჩნდა სახელმწიფოს მიდგომა: ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რაღაც დოკუმენტები გვაჩვენოს, რაღაც – არა. ლუსტრაცია ამ არქივებში არ მომხდარა.
[red_box]როგორ შეიძლება ისტორიული დოკუმენტების გაცნობა შსს-ს და ეროვნულ არქივებში[/red_box]
ხელისუფლება ამბობს, რომ გადარჩა ფონდების ნაწილი და ამ საქმეებს გვაჩვენებენ. ერთხელ შსს-ს არქივის თანამშრომელს ვკითხე, რის საფუძველზეა ეს დოკუმენტები განსაიდუმლოებული, გასაჯაროებული-მეთქი. გვითხრეს, რომ არსებობს მინისტრის ბრძანება. მერე გამოვითხოვეთ მინისტრის ეს ბრძანება და გვიპასუხეს, რომ საიდუმლოა მინისტრის ბრძანება დოკუმენტების განსაიდუმლოების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, ბევრ ეჭვს აღძრავს. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი შეიცავს კიდევ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ეხება არქივებს. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზეც, რომ სახელმწიფო სენსიტიურ ინფორმაციას მალავს.
ფონდების ნაწილი ნამდვილად ღიაა და შეიძლება ნახო, ეს არაა მკაცრად რეგულირებული, თუმცა ერთი გვერდის ასლის გადაღების ფასი 3 ლარია. იგივე საფასურის გადახდა მოგიწევთ, თუკი დოკუმენტს ფოტოსურათს თავად გადაუღებთ. ვინც დოკუმენტებზე მუშაობს მან იცის, რომ მხოლოდ კალმით რაღაც ინფორმაციის გადმოწერა არაა საკმარისი. რეალურად ჩვენ გერმანიიდან უფრო იოლად ვიღებთ დოკუმენტებს, ვიდრე საქართველოში. იქ პირიქით, სტიპენდიებს აძლევენ სტუდენტებს და მკვლევარებს, რომ ვინმემ არქივებში იმუშაოს, ჩვენთან ბარიერს გიქმნიან, რომ როგორმე არქივს არ გაეკარო.
ბარიერი უფრო დიდია ეროვნულ არქივში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. ამას წინათ ზუსტად სამი კვირა ველოდი დოკუმენტს. წარმოიდგინეთ, როგორი ბიუროკრატიაა. თავდაპირველად წერ განცხადებას და ერთი კვირა უნდა ელოდო პასუხს, გაქვს თუ არა დაშვება კონკრეტულ დოკუმენტზე. უცნობია, ვინ, როგორ და რის მიხედვით იღებს ამ გადაწყვეტილებას.
ეროვნული არქივი ხშირად უარს ამბობს ინფორმაციის მოწოდებაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. საუბარია 1975 წელს აქეთ არსებულ დოკუმენტებზე. ვიცით, რომ პერსონალურია მონაცემი, რომლითაც პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ამ მიდგომას იყენებს არქივი ისტორიულ დოკუმენტებთან მიმართებით. ბუნებრივია, იქ დაცული ყველა დოკუმენტი პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. შესაბამისად, გამოდის, რომ ჩვენ ვერ ვნახავთ 1975 წელს აქეთ არსებულ დოკუმენტს, რადგან ყველა დოკუმენტი შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას.
ეროვნულ არქივს ასევე არ სურს მოგვაწოდოს საყოველთაო აღწერის მონაცემები იმისთვის, რომ გამოჩნდეს, როგორი იყოს ეთნიკური მოზაიკა: ვინ როდის ჩამოასახლეს, ან გაასახლეს, როგორ მოხდა ეს პროცესი… ეროვნული არქივის თანამშრომლები თვლიან, რომ ისინი ეროვნულ ღირებულებებს იცავენ. არც ერთი გამოფენა, რომელიც არქივმა მოაწყო, არ იძლევა განსხვავებული პერსპექტივიდან ისტორიული პროცესების დანახვის შესაძლებლობას. მთავარი იდეა არის ის, რომ არსებული ისტორიული დისკურსი სხვანაირად არ იქნას აღქმული.
საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ იგეგმება შსს-ს არქივის ეროვნულ არქივთან შეერთება. ჩუმად გადაწყვიტეს ეს პროცესი. ამით ჩანს, რომ სახელმწიფოს არ სურს ისტორიის სხვაგვარი გააზრება. მათ აქვთ ისტორია, რომელიც არის საკმაოდ არაკვალიფიციური, სუსტი, „ჩეკისტების“ დონეზე დაწერილი, მაგრამ ურჩევნიათ, რომ ეს ჰქონდეთ, ვიდრე სხა. რაღაცნაირი შიშია, ინფანტილური უფრო – როგორც შესაძლოა ბავშვს ბათუმში ეშინოდეს იმის, რომ საღაციდან ვეფხვი გამოვა და შეჭამს.
როცა ამბობენ, რომ ლუსტრაციის კანონი გამოიწვევს დაპირისპირებას და ომს, მაჩვენონ ერთი ქვეყანა, სადაც ლუსტრაციის კანონის მიღების გამო მოხდა ომი.
[red_box]ისტორია „ოკუპაციის მუზეუმში“[/red_box]
წინა ხელისუფლება მოსვლისთანავე ამბობდა, რომ ეს დოკუმენტები უნდა ყოფილიყო ღია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუკი კრიტიკულად შევხედავთ ისტორიას, ეს არაა ისე, როგორც, მაგალითად ოკუპაციის მუზეუმშია წარმოდგენილი. მუზეუმში ჩანს, რომ მსხვერპლები არიან სულ ქართველები… იყო რამდენიმე აჯანყება განსაკუთრებით 20-იან წლებში, შემდეგ ლოკალური გამოსვლები, მაგრამ კრიტიკულად თუ შევხედავთ, მძლავრ პროტესტებს ვერ ატყობ. განსაკუთრებით 1956 წლის ამბები არის გაშუქებული, როგორც ნაციონალურ-გამათვისუფლებელი მოძრაობა, როდესაც ეს იყო ცალსახად სტალინის კულტის დაცვისკენ მიმართული აქცია და ეს იყო ქართული ნაციონალიზმის თვისებრივად ახალ დონეზე გადაყვანა.
სახელმწიფოს არ უნდა ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება. როგორც კი ეს დაიწყება, მას პასუხების გაცემა მოუწევს ბევრ რამეზე, პასუხის გაცემა კი რთულია. მაგალითად, რამდენიმე ბიზნესმენია საქართველოში, რომლებმაც 90-იანი წლების მიწურულს უცებ დააგროვა რამდენიმე მილიონი. გასაგებია, რომ მოიშალა სისტემა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამდენი ქარხანა ერთი კაცის ხელში. გამოდის, რომ ეს კაცი მილიონერი იმიტომ კი არ გახდა, რომ კარგი ბიზნესსტრატეგია დადო, არამედ სხვა რაღაცის გამო გახდა მილიონერი.
როცა ამ დოკუმენტებს ვეცნობი, ვხედავ, რომ ისინი სხვა საქართველოშ ცხოვრობენ, ჩვენ – სხვაგან. ერთი და იგივე კლანები მოქმედებენ მაშინაც და ახლაც. ყოფილი კომუნისტური ელიტის შვილიშვილები ისევ დეპუტატები არიან, გამგეობებში და ასე შემდეგ. ფეოდალიზმი ტრანსფორმირდა, ოღონდ ახლა სხვანაირად.
[red_box]რას მოგვცემს ლუსტრაცია და ისტორიის გააზრება? [/red_box]
ისტორიის გააზრება გაძლევს საშუალებას, რომ შენი ქვეყნის განვლილი ცხოვრება სხვა პერსპექტივაში დაინახო. ბევრი რამე, ბევრი კონფლიქტი ძალიან ნათელი ხდება ამ არქივების გადახედვის შემდეგ.
თავის დროზე გერმანიაში იყო დღის წესრიგი, რომ გაეხსნათ შტაზის არქივები. პირველად, როცა იქ შევიდნენ, დახიეს დოკუმენტები. დისიდენტებმა კი შეაერთეს, შემდეგ შეაწებეს და აღადგინეს. გახსნილობა ხდება იმისთვის, რომ გაიგოს ხალხმა, სად ვცხოვრობთ. ხომ უნდა ვიცოდეთ ჩვენც, როგორ ვიარსებეთ, რატომ გაშენდა, მაგალითად, ჩაის პლანტაცია დაგვაში და ასე შემდეგ. არქივები თუკი არ გაიხსნა, ამას ვერ გავიგებთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ საკუთარი წარსული, რადგან წარსული შეცნობა არის გზა დემოკრატიული პროცესების დაწყების.
ეს პროცესი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ინტელექტუალურმა ელიტებმა დაიწყეს. ჩვენთან იგივე ელიტებმა ვერ შეძლეს. რუსეთშიც კი, 90-იან წლებში დისიდენტებმა თქვეს, რომ არქივები უნდა გაიხსნას. რუსეთში არ მიუღიათ ლუსტრაციის შესახებ კანონი, მაგრამ იქ უფრო მეტია გახსნილი და გამოქვეყნებული, ვიდრე ჩვენთან.
ჩვენთან არის მოსაზრება, რომ მეცნიერის შესახებ, მაგალითად, არ უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია, რომელიც თანამშრომლობდა უშიშროებასთან. მე ვფიქრობ პირიქით: ეს აჩვენებს იმ პროცესის ტრაგიკულობას, როცა ადამიანს ყველაფერზე უწევდა წასვლა, ოღონდაც, მაგალითად, საცხოვრებელი ბინა მიეღო.
ჩეხეთში ლუსტრაცია მოხდა იმ დონეზე, რომ ყველა დოკუმენტი არათუ ხელმისაწვდომი გახდა, არამედ დაასკანერეს და ვებგვერდზე დადეს. ცნობილია, რომ ამ გასაჯაროების შემდეგ მხოლოდ ერთი ცოლ-ქმარი დაშორდა ერთმანეთს. აჭარის არქივის თანამშრომელმა მითხრა, აქ რომ მასე გაიხსნას ყველაფერი, აჭარა პატარაა და დახოცავენ ერთმანეთსო.
[red_box]რას მოგვცემს უარი ლუსტრაციაზე?[/red_box]
ახლა ეს პროცესი კიდევ უფრო იხურება, რაც გააძლიერებს მითებს და ლეგენდებს, არაჯანსაღ დისკურსებს. ეს არ იქნება სამეცნიერო და არგუმენტირებული დისკურსი. ეს იქნება ეგზალტირებისკენ მიმართული პროცესი.
კლასიკური მაგალითი, თუ რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ გაქვს: ამას წინათ, ჩემმა ნაცნობმა შექმნა მითი ვინმე გენერალ ხორთუმოვზე, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა და თითქმის მოსკოვიც კი აიღო. ჩვენ, ისტორიკოსებმა ბევრი ვიცინეთ ამ გამოგინილ პერსონაჟზე. ბევრი მწერდა, ეს ამბავია მართალიაო?
ჯერჯერობით პოლიციური მიდგომაა ისევ: მე რასაც გთავაზობ, ის მიიღე, თუ არადა, წადი.
ჩვენ ვლაპარაკობთ ლუსტრაციაზე და ეს წინგადადგმული ნაბიჯი მგონია. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამ კანონს მაინც მიიღებენ, სხვაგვარად ვერ იქნება. მოვა ახლა 2020 წლის არჩევნები და ისევ ვნახავთ მანიპულაციებს, მოვისმენთ არგუმენტებს ვინ ვისი აგენტია.
დავით ჯიშკარიანის საჯარო ლექცია ბათუმის დემოკრატიის სკოლაში
ქალაქის ქუჩების, მერიის ადმინისტრაციული შენობების დასუფთავებისთვის, ნარჩენების გატანასა და ნაგავსაყრელის ოპერირებისთვის ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში, ჯამში, 9 426 042 ლარია გათვალისწინებული. მომსახურებას, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს, მუნიციპალიტეტი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.
ამისთვის ოთხი ტენდერია გამოცხადებული:
[checklist]
ქალაქის ქუჩების, პარკებისა და მოედნების დასუფთავებისთვის სატენდერო თანხა 5 406 306 ლარია. პირობების მიხედვით, ზაფხულში ქუჩების, მოედნების, ეზოებისა და სანაპირო ზოლის დაგვა-დასუფთავება უნდა განხორციელდეს პირველად დილის 5:00 სთ-დან 8:00 სთ-მდე, მეორეჯერ – 15:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ხოლო დამატებით მესამე – საღამოს 23:00 საათზე; ზამთარში კი დაგვა-დასუფთავება უნდა განხორციელდეს პირველად დილის 6:00 სთ-დან 9:00 სთ-მდე, მეორეჯერ – 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე; რაც შეეხება სანაპირო ზოლის დასუფთავებას, ის უნდა დასრულდეს დილის 8:00 სთ-მდე.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის, ასევე, თოვლის გატანისთვის 3 746 700 ლარია გათვალისწინებული. ტენდერში გამარჯვებულს მომავალი წლის განმავლობაში, ჯამში, 83 ათასი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის, ასევე, 2 ათასი კუბ/მ თოვლის გატანა მოუწევს. სხვა პირობებთან ერთად, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბოძებზე განლაგებული ურნებიდან და ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული ნაგავშემკრები კონტეინერებიდან ნაგვის გატანა დღეში 2-ჯერ; წვიმის შედეგად ბორდიურებისა და სავალ ნაწილთან დაგროვილი მასის გაწმენდა-გატანა; ნაგვის გატანისთანავე უნდა მოხდეს ნაგავშემკრები კონტეინერების ირგვლივ ტერიტორიის დასუფთავება.
უშუალოდ ნაგავსაყრელის ექსპლოატაციისა და სანიტარული მომსახურებისთვის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შეტანილი ნარჩენების ყოველდღიურად მოსწორება და დატკეპნა მექანიკური საშუალებით (ბულდოზერით); პოლიგონის მოწყობა ქვაღორღოვანი ნარევის (ბალასტის) მინიმუმ 30 სმ სისქის ფენით; ნაგავსაყრელის მისასვლელი გზისა და პოლიგონზე ასასვლელის შენარჩუნება-ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში (გზაზე არ უნდა იყოს გუბურები და ორმოები); ასევე, ობიექტზე ყოველთვიურად შეტანილი უნდა იქნეს მინიმუმ 200 კუბური მეტრი ბალასტი (ქვაღორღი). ამ სამუშაოებისთვის ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 159 642 ლარია გათვალისწინებული.
113 394 ლარია გათვალისწინებული ბათუმში, მერიის ადმინისტრაციული შენობების დალაგება-დასუფთავების მომსახურებისთვის. ამ ობიექტების მისამართებია, მერიის ადმინისტრაციული შენობები ლ. ასათიანის, ლერმონტოვისა და ს.ს. ორბელიანის ქუჩებზე, ასევე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისი 26 მაისის ქუჩაზე.
[/checklist]
ადმინისტრაციული შენობების დალაგება-დასუფთავებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 11 დეკემბერს და სრულდება 14 დეკემბერს. დანარჩენ ტენდერებში კი წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება.
როდის დაიწყება ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, ამ დრომდე გაურკვეველია. ახალი ნაგავსაყრელი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში უნდა აშენდეს. შესაბამის პროექტს კურირებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ჰიგიენა 2009“.
ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე: ვისზეა დამოკიდებული ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება
2019 წლის თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალიტეტების ვალდებულება იქნება ასევე ნარჩენების სეპარაცია, ანუ გადარჩევა [გამოცალკევება] და შეგროვება. მათ ამას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ავალდებულებს. ძირითადად, უნდა მოხდეს ქაღალდის, მინის, პლასტიკისა და ლითონის გამოცალკევება.
საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ დაახლოებით ორი თვის წინ უთხრეს, რომ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას 2019 წლისთვის მაინც პილოტური ხასიათი ექნება და ის რამდენიმე მსხვილ ქალაქში დაიწყება.
ამ თემაზე: როდის დაიწყება ნარჩენების დახარისხება და რა ვალდებულება ექნება მეწარმეს
ბათუმის ხედი ბათუმის არსებული ნაგავსაყრელიდან /2018 წ./ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
როდის გაიმართება მორიგი სხდომა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე – უცნობია. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სასამართლო განხილვა 10 თვის წინ, 2018 წლის 20 თებერვალს ერთი თვით გადადო. პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა.
მოლაპარაკება არ შედგა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები ბათუმის მერს – ლაშა კომახიძეს მარტის ბოლოს შეხვდნენ. რამდენიმე დღეში მუსლიმებმა მოსამართლეს წერილი გაუგზავნეს და აცნობეს, რომ მოლაპარაკება არ შედგა. წარუმატებელი მოლაპარაკების მიუხედავად, ამ დრომდე სასამართლო პროცესი არ განახლებულა.
„ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ ეს პროცესი. ჩვენ სამლოცველო სივრცე გვაქვს. უბრალოდ, ვცდილობთ, რომ ისტორიული მეჩეთი ავაგოთ. ჩვენ ხელახლა მივმართავთ სასამართლოს, რომ ჩაინიშნოს პროცესი,“ – ამბობს ტარიელ ნაკაიძე, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი.
რატომ ვერ შედგა მოლაპარაკება ბათუმის მერიასა და მუსლიმ თემს შორის? – განმარტებები ბათუმის მერიაში დღეს, 7 დეკემბერს ვითხოვეთ, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კონკრეტულად ქალაქის მერმა უნდა ისაუბროს, რომელიც დღეს ბათუმში არ იმყოფება.
„შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ გვითხრა, რომ ეს მიწა, სადაც მეჩეთის აშენებას ვითხოვთ, მუსლიმთა სამმართველოს უნდა გადავცეთ, შემდეგ სამმართველომ მოგვმართოს და განვიხილავთო. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადავცეთ მიწა სამმართველოს, რომელმაც 2014 წელს, ფაქტობრივად, უარი განაცხადა მეჩეთის მშენებლობაზე, ან ვინ მოგვცემდა იმის გარანტიას, რომ მეჩეთი აშენდებოდა,“ – აღნიშნავს ტარიელ ნაკაიძე.
რატომ არ ჩაინიშნა აქამდე სასამართლო სხდომა ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე? – სასამართლოში გვითხრეს, რომ ამ დრომდე მორიგი სხდომის თარიღი განსაზღვრული არ არის. განმარტებას სასამართლო პროცესის გაჭიანურების კუთხით არ აკეთებს.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღია სივრცე საზოგადოებისათვის – „ქალთა ოთახი“ გენდერულ საბჭოსთან ერთად, გასვლით შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.
კამპანია „არა ძალადობას“
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ.
გასვლითი ღონისძიებები დღეს მერისისა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდა, ხოლო 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
კამპანია „არა ძალადობას“
კამპანია 7 დეკემბერს დაიწყო და იგი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
დუბაის მმართველისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის ქალიშვილმა 2018 წლის მარტში სცადა გაქცეოდა მამის ავტორიტარულ მმართველობას. ის შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს – მას შემდეგ ამ პრინცესას შესახებ არაფერია ცნობილი. გუშინ კი ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომ პრინცესა საკუთარ სახლში უსაფრთხოდ არის. ამ განცხადების მიუხედავად, ოჯახს არ გამოუქვეყნებია რაიმე ვიდეო ან სხვა მესიჯი, რაც განცხადების ნამდვილობას დაადასტურებდა.
დუბაის მმართველისა და არაბთა გაერთიანებული საემიროს პრემიერ-მინისტრ მუჰამმად ბინ რაშიდ ალ მაკტოუმის ქალიშვილმა, ლატიფამ, ინგლისურ ენაზე ვიდეო 2018 წლის 11 მარტს გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობდა: “მე ამ ვიდეოს ვიღებ იმიტომ, რომ ეს შეიძლება იყოს ჩემი ბოლო ვიდეო“. მედია წერს, რომ ლატიფასთვის ოჯახის ყველა სიკეთე ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ ფუფუნების მიუხედავად, ის ავტორიტარი მამის ტყვედ გრძნობდა თავს.
დუბაის მმართველის ქალიშვილმა აქამდეც, 16 წლის ასაკშიც სცადა გაქცევა, მაგრამ პირველი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მაშინ ის სამი წლით მოათავსეს საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც სცემდნენ და აწამებდნენ.
ოჯახის განცხადების კვალდაკვალ ევროპული მედია ისევ გამოეხმაურა ლატიფას გაქცევის მცდელობას. BBC წერს, რომ მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია აჩვენებს არა მხოლოდ პრინცესას ხანგრძლივ მცდელობას და გეგმებს გაქცევაზე, არამედ ემირატებში მმართველობის ბნელ მხარესაც.
სხვადასხვა გამოცემის შეფასებით, დუბაი დასავლეთის საზოგადოებას აჩვენებს, რომ ის დანარჩენი სამყაროსთვის მეგობრული ქვეყანაა, მაგრამ სინამდვილეში ეს გამოხატული ავტორიტარიზმია.
„მთელი ჩემი ცხოვრება არის შეურაცხყოფა და ზეწოლა“ – მიუწერია ლატიფას უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ოფიცრისთვის, რომელიც ცდილობდა პრინცესას დახმარებოდა გაპარვაში. „მან თქვა, რომ ურჩევნია ნავშივე მოკლან, ვიდრე უკან დააბრუნონ დუბაიში“, – უთხრა BBC-ს შეწუხებულმა ფრანგმა, რომელიც გაქცევაში ეხმარებოდა პრინცესას. მანვე დაამატა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ერთხელაც არ სმენია პრინცესას ადგილსამყოფელის შესახებ.
მთავარი ფოტო: დუბაის მმართველი და მისი გაუჩინარებული ქალიშვილი
გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია გავრცელებული. გრიპის გამომწვევია ვირუსი და ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. გრიპი არის საკმაოდ საშიში დაავადება და თუ სწორად არ ვუმკურნალეთ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. მედიცინამ გრიპის თავიდან ასაცილებლად მრავალი გზა შეიმუშავა, მათ შორის კი, ყველაზე ეფექტური ვაქცინაციაა.
ვაქცინის მოქმედების პრინციპი ეფუძნება ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის სტიმულირებას. თუმცა გარკვეული დრო სჭირდება იმუნურ სისტემას იმისთვის, რომ მოახდინოს რეაგირება ვირუსზე, როგორც შემოჭრილ მტერზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინა მოქმედებას იწყებს აცრიდან დაახლოებით ორ კვირაში, ვაქცინაციის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერი-ნოემბერი. გრიპის ვაქცინაციის ეფექტი (იმუნიტეტი) გრძელდება 8 თვიდან 1 წლამდე. ხშირ შემთხვევაში, გრიპის ვაქცინას არ გააჩნია მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები. ინექციის ადგილი შესაძლოა გარკვეული დროით გაწითლდეს და შეშუპდეს, რაც მალევე ალაგდება.
აცრის შემდეგ, იმუნიტეტის განვითარებამდე, მიზანშეწონილია თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ვირუსით დაინფიცირება, რა დროსაც ვაქცინაცია უშედეგო აღმოჩნდება. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მაგალითად, აშშ-ში მოსახლეობის ნახევარზე მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იკეთებს. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით საქართველოს მოსახლეობაზე.
ვაქცინაცია, როგორც ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა, არ არის პანაცეა. მას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. გრიპის ვაქცინაციის დადებით მხარედ მიიჩნევა, პირველ რიგში, ის, რომ ვაქცინაცია პროფილაქტიკური პროცედურაა. ვირუსი ასწრებს დიდი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, ამიტომ დაავადების თავიდან ასაცილებლად ჯობია ვიბრძოლოთ მისი გამომწვევის წინააღმდეგ. თუმცა უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ეს იმუნიტეტი ვრცელდება მხოლოდ ვირუსის ერთი შტამისთვის. იმავდროულად, ვირუსები მუდმივად იცვლება და ყოველწლიურად ჩნდება მათი ახალი შტამები, რომელთა წინააღმდეგაც იმუნიტეტი უკვე უძლურია.
თანამედროვე ვაქცინები საიმედოდ იცავენ ორგანიზმს გრიპისგან. ვაქცინაცია ეფექტურია 80% შემთხვევაში. ის საკმაოდ სწრაფი და შედარებით უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოდ დაავადება.
ექიმები გრიპის ვაქცინის გაკეთებას ურჩევენ შემდეგი ჯგუფის ადამიანებს:
[checklist]
6 წლის უფროსი ასაკის ბავშვები
ხანდაზმული ადამიანები (60-ზე მეტი წლის)
კარდიოვასკულური სისტემის, ფილტვებისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პირები
დაბალი იმუნიტეტის მქონე, შიდსით დაავადებული პაციენტები
დიაბეტით დაავადებული პაციენტები, ასევე, ვისაც აქვს ბრონქული ასთმა, სისხლის დაავადებები.
[/checklist]
ამ კატეგორიის პაციენტებში გრიპი უფრო რთულად მიმდინარეობს და მას მეტი გართულება მოჰყვება. ასევე, მიზანშეწონილია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვთა ბაღებისა და სკოლაში მომსახურე პერსონალისთვის, რადგან ხშირად ადამიანების ეს კატეგორია ავადდება გრიპით.
სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ აცრის შემთხვევაში აცრილთა 80% არ ავადდება გრიპით ან დაავადება იოლი ფორმით ვლინდება.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ვაქცინაციას აქვს უკუჩვენებები ადამიანთა შემდეგ კატეგორიებში:
[checklist]
ფეხმძიმე მექალები 1 ტრიმესტრში
ბავშვები 6 თვემდე ასაკის
ვაქცინის შემცველ ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციების მქონე პირები.
[/checklist]
აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ გრიპის ვაქცინა არ არის აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ პაციენტი არ დაავადდება. ამის მიზეზი რამდენიმეა: დაავადება გამოწვეულია სხვა შტამით, რომელიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში; ინფიცირება მოხდა ვაქცინაციისა და იმუნიტეტის საბოლოო ჩამოყალიბების პერიოდში; ინფიცირება მოხდა დიდი რაოდენობით ვირუსული ნაწილაკებით და იმუნიტეტს არ შეეძლო მათი ნეიტრალიზაცია; ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი ისაა, რომ დაავადება, რომელიც შეეყარა ადამიანს, შესაძლოა სულაც არ იყოს გრიპი და გამოწვეული იყოს ადენოვირებით, ენტეროვირუსებით ან რინოვირუსებით.
ამ დაავადებების სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპის სიმპტომებს (ხველება, მაღალი ტემპერატურა და ა.შ.). ვაქცინაცია არის ყველაზე საიმედო და ეფექტური საშუალება გრიპის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა – ერთადერთი.
ინფექციის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკური ზომებია:
[checklist]
პირბადის ტარება
პირადი ჰიგიენა
ოთახის სველი გაწმენდა და ვენტილაცია, შიდა ჰაერის დატენიანება
იმუნომოდულარების მიღება
[/checklist]
აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, გაიკეთოს ვაქცინა ან გამოიყენოს სხვა პრევენციული ზომები.
საფრანგეთში დაკავებული ქართველი გემის კაპიტნის შვილი, გიორგი ბერიძე აცხადებს, რომ მისი მამის – ბადრი ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაკავებულს სათანადოდ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. გემი, რომლის კაპიტანიც ბადრი ბერიძე იყო, საფრანგეთში 2015 წლის 11 დეკემბერს დააკავეს. მაშინ მოლდოვურ გემ „კარიბ პალმაზე“ 2.3 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.
დაკავებულის შვილი გიორგი ბერიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესები ექვს-ექვსი თვით, უკვე რამდენჯერმე გადაიდო. მისი თქმით, ბრალდებულს ოჯახის წევრებთან არც სატელეფონო კავშირის უფლებას აძლევენ.
„მოვითხოვ, რომ საქართველოს მთავრობა ჩაერიოს და სთხოვოს საქართველოში საფრანგეთის ელჩს, კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქის უფლება.
გაარკვიონ, რა მიზეზით ხდება სასამართლო პროცესების ექვსი თვით გადადება და რატომ არ აქვს მამაჩემს ოჯახთან კონტაქტის უფლება. როცა ბოლოს ვესაუბრე, მითხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
როგორც ადვოკატი გვეუბნება, საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, წინასწარი პატიმრობა შესაძლოა წლებიც კი გაგრძელდეს. გამომდინარე იქედან, რომ მამაჩემი ჯანმრთელობის მხრივ თავს სუსტად გრძნობს, ვთხოვთ ფრანგულ მხარეს მამა დატოვონ შინაპატიმრობაში, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს“.
კაპიტანი ბადრი ბერიძე 2015 წლის 11 დეკემბერს დააკავეს. ფრანგული მედიის ცნობით, ამოღებული 2.3 ტონა კოკაინის ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევროა.
ამავე წყაროს ცნობით, გემის ქართველ კაპიტანთან ერთად დაკავებული არიან ეკიპაჟის წევრები, თურქეთის ერთი და უკრაინის 10 მოქალაქე.
გიორგი ბერიძე ამბობს, რომ აღნიშნულ გემზე ბადრი ბერიძე პირველად იმყოფებოდა და გემზე ნარკოტიკების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ათწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. გიორგი ბერიძემ ამ საკითხზე ბრიფინგი დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართა.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ IMO ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ქართველ მეზღვაურებს საერთაშორისო ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს, ლონდონში, IMO-ს სათავო ოფისში გაიმართა. ჯილდო კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს გადასცეს.
2017 წლის 26 ივნისში ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟმა, კაპიტან ლევან მამალაძის მეთაურობით, არაბეთის ზღვაში 13 ადამიანი იხსნა განსაცდელისგან. მათ ტანკერ “Rama2“-ის ეკიპაჟი გადაარჩინეს. ტანკერი “Rama2“ უბედური შემთხვევის შედეგად დაზიანდა და ჩაიძირა. შემთხვევის დროს ჩაძირვის პირას მყოფ ტანკერთან ყველაზე ახლოს გემი M.T. SEAPOWER-ი იმყოფებოდა [გემთფლობელი კომპანია Queensway Navigation Co. Ltd]. სწორედ ამ გემის 16-კაციანი ეკიპაჟი იყო, ძირითადად, ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული – საქართველოს 14, უკრაინის ერთი და ერთიც რუმინეთის მოქალაქე.
როგორც M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟის წევრები იხსენებენ, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ განსაცდელში მყოფ კოლეგებს დახმარებოდნენ.
სწორედ ამ შემთხვევის გამო გადასცა ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის IMO-მ ჯილდო მეზღვაურებს.
6 დეკემბერს გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სათაო ოფისში ქართველი მეზღვაურები დააჯილდოვეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ:
კაპიტანი: ლევან მამალაძე
მეზღვაურები:
დავით ბარამიძე
ამირან ჩოგაძე
თენგიზ კარჩავა
ომარ ნასარიძე
ირაკლი კალანდაძე
რაულ დავლაძე
თორნიკე ზოიძე
ლევან ფუტკარაძე
ალექსანდრე ჩაჩუა
რამაზ ბეჟანიძე
ნოდარ სუკონიკოვი
მიხეილ მეფარიშვილი
ბიძინა ღოღობერიძე
იგორ ეგიზაროვი
გოგი ბაგრატიონი
IMO ამ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს იმ მეზღვაურებს, რომლებმაც განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს ზღვაში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 დეკემბერს, მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და სადავო ნორმა ძალადაკარგულად სცნო.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის. ახალი რედაქციის მიხედვით კი, საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის ორი მოქალაქე – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი დავობდნენ. მათი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და საკუთრება მემკვიდრეობით მიიღეს. საჯარო რეესტრმა მათ საკუთრების რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
„როცა დგინდება, რომ გასაჩივრებულ ნორმებს აქვთ იგივე შინაარსი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ადრე უკვე გააუქმა, მაშინ საამართლო უკვე აღარ ატარებს არსებითი განხილვის სხდომას,“ – განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი სულხანიშვილი. სასამართლომ 2012 და 2014 წლებში გააუქმა ანალოგიური საკანონმდებლო შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
რა მოხდება ფიცის დადების შემდეგ? – საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნებულია.
„ვიწრო ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოახდინოს დისკრედიტაცია ქალაქმშენებლობის“, „უსუსური მცდელობა,“ „უბადრუკი მცდელობა“ – ამ ფრაზებით მოიხსენია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ადამიანები, რომლებიც ქალაქში უსისტემო და ქაოტურ მშენებლობას აპროტესტებენ, ასევე, იბრძვიან ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის გადასარჩენად. თორნიკე რიჟვაძეს არ უთქვამს, კონკრეტულად ვის გულისხმობს ამ ადამიანების ჯგუფში. მისი აზრით, ადამიანების ეს ჯგუფი დესტრუქციულია და მათ ამის უფლება არ უნდა მიეცეთ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გუშინ, 6 დეკემბერს, ბათუმში სასტუმროების მფლობელებს შეხვდა. შეხვედრაზე Airbnb-ის შესახებ ისაუბრეს, რომელიც მომხმარებელს 19 ტრენდულ ადგილს სთავაზობს, მათ შორის, ბათუმს. შეხვედრაზე ჟურნალისტები არ მიუწვევიათ. თორნიკე რიჟვაძის მიმართვა მისივე „ფეისბუქგვერდის“ საშუალებით გავრცელდა.
„ორჯერ არის გაზრდილი ტურისტების ინტერესი და დაახლოებით 20 პროცენტამდე გვაქვს ზრდა. ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის…. მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს ქალაქის და რეგიონის ეკონომიკური აქტივობა და არავის არ უნდა მიეცეს უფლება, რომ ამ პროცესებში ჩაერიოს და დესტრუქციები გამოიწვიოს.
ეს არის ვიწრო ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოახდინოს დისკრედიტაცია ქალაქში არსებული ქალაქმშენებლობის პროცესების მიმართ. არავის არ უხსენებია, რომ ბოლო ხუთ თვეში ჯერ ერთი, რომ ჩვენ ზონალური საბჭოს ფორმატში დავამატეთ ურბანისტი და დავამატეთ ხელოვნებათმცოდნე და ამაზე, სამწუხაროდ, ეს ხალხი არ საუბრობს. ყველა გადაწყვეტილება გადის რამდენიმე შრეს…“, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე, შეეხო 5 დეკემბერს ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებას. თორნიკე რიჟვაძემ მშენებლებს უთხრა, რომ მორატორიუმის მომხრე არ არის და გულგრილ ჩინოვნიკებს პასუხი მოეთხოვებათ.
მორატორიუმს ორგანიზაცია „ბათომი“ ითხოვს ძველი ბათუმის ისტორიული იერ-სახის გადასარჩენად, შესაბამისად, ქალაქის ისტორიულ ნაწილში. სწორედ ისტორიული ბათუმია აღწერილი Airbnb-ის ტექსტშიც, სადაც 19 პოპულარულ ადგილს შორის ბათუმია დასახელებული.
„მე მინდა აქვე შევეხო ბოლო დღეებში საკმაოდ უსუსურ და უბადრუკ მცდელობას, რომლითაც ცდილობენ გარკვეული კომპლექსი შეუქმნან ჩვენს გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს. მე გუშინ გაფრთხილება მივეცი ყველა ჩინოვნიკს, მაგრამ ეს გაფრთხილება გულისხმობს ამავდროულად მაქსიმალურ მხარდაჭერას დაბალი რგოლის სპეციალისტის მიმართაც, თუ კეთდება სწორი საქმე, თუ კეთდება ეს საქმე პატიოსნად, რა თქმა უნდა, ყველას აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა, მაგრამ ეს მხარდაჭერა ამავდროულად გულისხმობს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომელზეც მე ვთქვი, რომ ბუნებრივია, მოეთხოვებათ პასუხი…“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქმშენებლობის კუთხით თამამი გადაწყვეტილებების მიღებაც დააანონსა:
„რა თქმა უნდა, ყველა დონეზე, თვითმმართველობის დონეზე, სოფლის წარმომადგენლობის დონეზე ჩავალთ ჩვენ და ვნახავთ, რა გადაწყვეტილებები მიიღება, რამდენად სწრაფად მიიღება და ოპერატიულობა, რომელიც ბიზნესს სჭირდება, იქნება უზრუნველყოფილი… არავის არ შეექმნება კომპლექსი, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ძალიან თამამად, გაბედულად და, რა თქმა უნდა, იქნება სრული კოორდინაცია,“ – თქვა მან.
ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი ჩარკვიანმა მისცა ჩვენება. მან ბრალდებული ბესიკ ტაკიძე დაკავების დღეს ორჯერ ნახა ჯერ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში, შემდეგ – წინასწარი დაკავების იზოლატორში. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, ბრალდებულმა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა აწამეს. „მას ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები“, – უთხრა მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად [ბუტა] ანთაძე ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
„ბესიკ ტაკიძემ გვითხრა, რომ ის შეურაცხყო პოლიციის უფროსმა და ამიტომ დაარტყა დანა. შემდეგ გავიქეცი და დაახლოებით 40 მეტრში ჩემით წავიქეციო. იქ მცემეს პოლიციელებმა, შემდეგ მანქანაში ჩამსვეს და ისე მცემეს, გონება დავკარგეო. გონზე როცა მოვედი, უკვე ბათუმში ვიყავი, პოლიციის დეპარტამენტის შენობაშიო…
მას აღენიშნებოდა ვიზუალურად დაზიანებები: სახეზე შეშუპება და სიწითლე, ხელებზე ხელბორკილების ნაკვალევი ჰქონდა, სიშავე და სისხლჩაქცევები. მისივე თქმით, ფეხზე დაზიანებები წაქცევის დროს მიიღო. იმავე დღეს ბესიკ ტაკიძე უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორში ვნახეთ. მან გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ერთხელ დაარტყა პოლიციელმა, რამდენჯერ უნდა გცემოთო და შემეშვნენო,“ – ამბობს გიორგი ჩარკვიანი, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
სახალხო დამცველმა ბესიკ ტაკიძის დაკავების დღესვე მიმართა პროკურატურას. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების მუხლით დაიწყო, თუმცა ძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. ომბუდსმენის აპარატისთვის უცნობია ექსპერტიზის დასკვნები, რაც ბესიკ ტაკიძეს დაკავების დროს ჩაუტარდა სხეულზე არსებული დაზიანებების კუთხით.
სახალხო დამცველის მონაცემებით, ბესიკ ტაკიძე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით არ გადაუყვანიათ.
„წინასწარი დაკავების იზოლატორს ჰყავს ექიმი. შესაძლოა, ამ მომსახურებით ისარგებლა ბრალდებულმა,“ – გვითხრა გიორგი ჩარკვიანმა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი კიდევ ერთი დეტალის შესახებ ყვება.
„დოკუმენტაციის მიხედვით, ბესიკ ტაკიძის დაკავების მომენტიდან ბათუმში ჩამოყვანამდე ორი საათი განსხვავებაა. ჩვენ იმავე დღეს გადავამოწმეთ ქობულეთში და დადასტურდა, რომ ბრალდებული პოლიციის ქობულეთის განყოფილებაში არ მიუყვანიათ“, – აღნიშნავს გიორგი ჩარკვიანი.
ქობულეთში პოლიციის უფროსის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. პროკურატურის მოწმეების ჩვენების მოსმენა უკვე დასრულდა. ამჯერად მოსამართლე დაცვის მხარეებს მოწმეების ჩვენებებს გაეცნობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალ-გაზეთების შესასყიდად ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. 2019 წელს შს სამინისტრო ბეჭდური მედიის შესაძენად დაახლოებით 17 117 ლარს დახარჯავს – ეს არის ტენდერში მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.
ტენდერს თან ახლავს ტექნიკური დავალებაც, სადაც ჩამოთვლილი იმ ჟურნალ-გაზეთების სახელწოდებები და ეგზემპლარების სავარაუდო რაოდენობა, რომელთა შეძენასაც შსს გეგმავს.
გაზეთებს შორის არის: „კვირის პალიტრა“, „პრაიმ-თაიმი“, „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „საქართველო და მსოფლიო“ და ა.შ., სულ 14 დასახელების გაზეთი. მათგან ყოველკვირეულად ყველაზე მეტი ეგზემპლარით შსს აპირებს გამოიწეროს „კვირის პალიტრა“ [თვეში 7 ეგზემპლარი] და ასევე – Georgia today [თვეში 7 ეგზემპლარი]. რაც შეეხება სხვა გაზეთებს, შსს აპირებს გამოიწეროს თვეში 6-6 ეგზემპლარი „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „პრაიმ-თაიმი“ და „საქართველო და მსოფლიო“. რაც შეეხება სხვა გაზეთებს, შსს თითოეული გაზეთის 5 ეგზემპლარს გამოიწერს, გარდა „საერთო გაზეთისა“ [თვეში 4 ეგზემპლარი].
შს სამინისტრო გამოიწერს ჟურნალებსაც. ყველაზე პოპულარული ქართული ჟურნალი შს სამინისტროში როგორც ჩანს „არსენალია“, ძალოვანი სამინისტრო ამ ჟურნალის თვეში 43 ეგზემპლარის გამოწერას გეგმავს. შსს გამოიწერს თვეში 9 ცალ ჟურნალ „ისტორიანს“ და 8 ეგზემპლარ „National Geographic“-ს.
შს სამინისტროში არც ტაბლოიდები დავიწყებიათ. სამინისტრო გამოიწერს ჟურნალებს: „გზა“, „თბილისელები“ და „სარკე“ – თვეში 4 ეგზემპლარი.
შსს-ში კითხულობენ ჟურნალ „ინდიგოსაც“, მხოლოდ სამინისტრო ამ ჟურნალის თვეში სამი ეგზემპლარის გამოწერას აპირებს.
ტენდერში წინადადებების მიღება 14 დეკემბერს სრულდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის იმპორტისას, წარმოებისას და მიწოდებისას, თუკი დარღვეული იქნება ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და საწვავში აღმოჩნდება ტყვია (არაუმეტეს 0.005 გ/ლ), ამოქმედდება შესაბამისი ჯარიმები.
საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო საწვავის (ბენზინი ან დიზელი) იმპორტირებისას, კანონით დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, იმპორტიორი 10 000 ლარით დაჯარიმდება.
ისეთი საწვავის წარმოება, რომელიც არ შეესაბამება ხარისხის დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000 ლარის ოდენობით.
ხოლო მსგავსი ხარისხის მიწოდების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 8 000 ლარით.
„დაჯარიმების შემდეგ, იმპორტიორის ან მწარმოებლის მონაცემები და საქმის მასალები გადაიგზავნება შემოსავლების სამსახურში ან ნავთობისა და გაზის კორპორაციაში კომპეტენციიდან გამომდინარე“, – ეუბნებიან „ბათუმელებს“ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში.
„ბათუმელების“ კითხვაზე, სად წაიღებენ ქსელიდან ამოღების შემთხვევაში უხარისხო საწვავის? – უწყებაში გვეუბნებიან, რომ იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში, პროდუქცია უკან დაბრუნდება იმ ქვეყანაში, საიდანაც შემოვიდა.
„იმ შემთხვევაში, თუკი ადგილზეა წარმოებული, განადგურდება. თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, არ ვიცით, კანონში ამაზე კონკრეტული ჩანაწერი არ არსებობს“, – გვეუბნებიან ზედამხედველობის სამსახურში.
უხარისხო საწვავის გამოვლენის მიზნით სინჯების აღება 5 დეკემბერს დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სულ 240 სინჯი უნდა აიღონ.
მთავრობის ამავე დადგენილების მიხედვით, უხარისხოდ მიიჩნევა საწვავი, თუკი ტყვიის გარდა, მასში ბენზოლის მოცულობითი წილი აღემატება 1 პროცენტს, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი არაუმეტეს 35 პროცენტს, ხოლო გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ.
„ლაზების გეოგრაფიულ განსახლებას თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ სულ მთაგორიან ადგილებში სახლობენ, ზღვასთან ახლოს. სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი და საკმარისი მიწა არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ლაზებისთვის ზღვა არის ქვე-ყანა. ანუ ყანაც არის და ქვეყანაც. თუ მეგრელ კაცს მიწაზე მოჰყავს თავისი სარჩო, ლაზებს ღმერთმა ზღვა მოგვცა. ლაზი ზღვაში გადის და თევზს იჭერს,“ – ასე იწყებს მირიან ნუმანიშვილი საუბარს ლაზებზე.
მირიანი ლაზია. ცნობილი მენავე საქართველოს შავიზღვისპირეთში და შეიძლება უკანასკნელი მენავეც – ხის ნავის დამზადების იმ ცოდნას, რომელიც მირიანს აქვს, საქართველოში სხვა არავინ ფლობს.
„ნავი ვაშლის ყუთივით არ იჭედება. თავისი საიდუმლოებები აქვს, თუ როგორ უნდა გადააჭედო ფიცრები ერთმანეთს, ძელი როგორ უნდა შეაერთო… ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა ვუყურებდი როგორ ჭედავდნენ ნავს. ბაბუაჩემი მეთევზე კაცი იყო, მამაჩემიც. სულ ზღვაში იყვნენ. თევზს იჭერდნენ და მაგით ცოცხლობდნენ. მამაჩემი სულ ნატრობდა – ნეტა ადრე დაბადებულიყავი და ადრე დაგეწყო ნავების კეთება, რომ თევზი ერთად დაგვეჭირაო. 70-80-იან წლებში თბილისში ვსწავლობდი. მაშინ სარფში განთქმული მენავე ალი ხორავა ცხოვრობდა, შაბათ-კვირას როცა ჩამოვდიოდი, ვიდექი და ვუყურებდი. მერე მეც დავიწყე. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე და აი, მოვედი დღემდე…“, – ამბობს მირიანი.
მირიანს უნდოდა თავისი ცოდნა ახალი თაობისთვის გადაეცა, მაგრამ „დიდად არც აინტერესებთ. წარმოიდგინეთ, მე ვჭედავ ნავს, მოსწავლე ტელეფონს უყურებს. ასე არ ისწავლება ეს საქმე“.
მირიანის თქმით, მეთევზეობის ტრადიციაც გაქრა სარფში. ლაზები ზღვაში აღარ გადიან და თევზს აღარ იჭერენ. მისი სახლი ზღვის პირას დგას, ზღვისგან ცენტრალური მაგისტრალი ჰყოფს, თუმცა ხუთ წელზე მეტია ზღვაში ნავით არ გასულა.
„სარფში ლაზი ბავშვები გვეზრდება, ბავშვებმა კი იციან, რომ ლაზები ოდითგანვე ზღვასთან იყვნენ დაკავშირებული, მაგრამ ინტერესი უქრებათ. არანაირი პირობები, რომ გახვიდე და ნავით ითევზაო ან ისეირნო, არაა. არცერთი ნავსაყუდელი არაა მთელს შავი ზღვის სანაპიროზე, სარფიდან ბათუმამდე. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს პატარ-პატარა ნავსაყუდელები – თუ ზღვაში თევზი არ იქნება, ტურისტებისთვის გასასეირნებლად გამოიყენებ, ძალიან კარგი იქნება. ტრადიციებიც არ დაიკარგება და ახალგაზრდა თაობაც დაინტერესდება, რადგან შემოსავალს მოიტანს,“ – ამბობს მირიანი.
სეიჰან ოზქანი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
80 წლის სეიჰან ოზქანი თურქეთის შავიზღვისპირეთში უხუცესი მენავეა. თურქეთის ქალაქ ხოფაში, ვისაც არ უნდა ჰკითხო, უსტა სეიჰანის შესახებ, ყველა მიგასწავლის პორტში მის ადგილსამყოფელს.
უსტა სეიჰანი ლაზია. 45 წელია ნავებს აკეთებს. თავიდან ავეჯის ხელოსანი იყო. 35 წლის ასაკში ავეჯის კეთებას თავი დაანება და ნავების აშენება დაიწყო. ამბობენ, რომ საუკეთესოა თავის საქმეში. წლების მანძილზე დამოუკიდებლად, მხოლოდ ხელით, ათი ნავი აქვს აშენებული. ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა – ბოლო ორი ათეული წელია მხოლოდ ხესთან დაკავშირებულ ნაწილს აკეთებს ხელით. დანარჩენი უკვე სპეციალური დანადგარების და მათი გამოყენების ცოდნის საქმეაო ამბობს. უსტა სეიჰანი უკანასკნელი მენავეა ხოფაში.
„ხოფაში ჩემ გარდა სხვა აღარავინ ამზადებს ნავებს. ადრე ბევრნი ვიყავით, მაგრამ აღარ არიან, გარდაიცვალნენ. თანამედროვე ნავები შემოვიდა, ხის ნავებს აღარ იყენებენ, ამიტომ ახალგაზრდობას აღარ აინტერესებს შენება,“ – ამბობს სეიჰან ოზქანი.
უსტა სეიჰანის თქმით, უნდოდა თავისი ცოდნა ახალი თაობისთვის გადაეცა, მაგრამ არ გამოუვიდა.
„ხუთი-ექვსი მოსწავლე მყავდა, მაგრამ დიდად არ აინტერესებდათ ეს საქმე. რადგან შემოსავლიანი საქმე არაა, ამიტომაც მოთხოვნა არაა ამ სპეციალობაზე. ადრე ნავების შენებით ოჯახს არჩენდი, ახლა უფრო ჰობი გახდა. ასე თუ გაგრძელდება, გაქრება ეს კულტურა,“ – ამბობს სეიჰან ოზქანი.
ქემალ ოზემი: “ბადის ქსოვა მამამ მასწავლა. აქ ყველა მამისგან სწავლობს ხელობას. 20 წელია რაც ამას ვაკეთებ. თუმცა ახლა ახალგაზრდებს დიდად აღარ აინტერესებთ ეს საქმე.“ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მირიანი და სეიჰანი ორივე ლაზია, ორივე მენავე, ორივე საუბრობს ლაზურად. თუ მირიანს ლაზური სიტყვის დაწერა დასჭირდება, ამისთვის ქართულ ანბანს გამოიყენებს, სეიჰანი კი – ლათინურს.
ლაზური ქართველური ენაა, რომელზეც სხვადასხვა მონაცემებით დღეისათვის 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ამათგან, საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 2 ათასი ლაზი ცხოვრობს. მათი ძირითადი განსახლების არეალი აჭარაში, სარფი-კვარიათის ტერიტორიაა. რაც შეეხება თურქეთს, ლაზები ართვინის, რიზესა და ტრაბზონის პროვინციებში ცხოვრობენ. ისტორიული ლაზეთი დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ლაზური ენა იუნესკომ საფრთხის წინაშე მყოფი ენების ჯგუფში შეიყვანა.
ორივე ქვეყანაში მცხოვრებ ლაზებს საერთო პრობლემა აქვთ – ლაზური ენა ქრება. ლაზი ახალგაზრდები ვეღარ/აღარ ლაპარაკობენ ლაზურად.
„ჩვენს ახალგაზრდებს ლაზური ესმით, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ – არ აქვთ ლაზურთან ხშირი შეხება. ლაზური ისე აღარ არის აქტუალური, როგორც ადრე იყო. ახლა ხუთი პროცენტი თუ საუბრობს ლაზურად. სახლებში არავინ ლაპარაკობს. ამიტომ ლაზური კულტურაც თითქმის იკარგება. ზუსტად ენა არის ის, რაც კულტურას აცოცხლებს. განსაკუთრებული კულტურაც მგონი აღარ დაგვრჩა. ერთადერთი, ქორწილში ლაზურად მღერიან და ეგაა. თუმცა ყველა ამასაც აღარ აკეთებს,“ – ამბობს სეიჰან ოზქანი.
„გურამ კარტოზია იყო, პროფესორი კაცი. 50 წლის წინ სარფში ჩამოვიდა. მაშინ თქვა – ლაზების ამბავი წასულიაო. ბავშვი შემხვდა ქუჩაში, ლაზურად „ვაი დედა, ვაი დედას“ ტიროდაო. სარფში „ვაი დედათი“ კი არა, „ვაი ნანათი“ უნდა იტიროსო“. ასეა, ლაზური ენა იკარგება. უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა ლაპარაკობს ლაზურად,“ – ამბობს მირიან ნუმანიშვილი.
თურქეთში, შავი ზღვის პირას გაშენებულ ქალაქ არჰავის უმეტესი მოსახლეობა ლაზია. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში შემონახულია ლაზური კულტურა. ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლისას, აუცილებლად შეგხვდებათ რაიმე ნივთი, რომელიც ლაზებთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ხეზე შესრულებული ლაზი ქალის პორტრეტი, რომელიც ჩაის კრეფს, ძველი ლაზური სახლის მაკეტი თუ ლაზური საკრავი. არჰავის ცენტრში ავტოსადგურს ლაზური სახლის ფორმა აქვს. ლაზური არქიტექტურის დეტალებს შეხვდებით ადგილობრივ კაფეებსა და სახლის კედლებზეც. ლაზებს თურქეთში ეთნიკური უმცირესობის სტატუსი აქვთ.
ლაზური არქიტექტურით აგებული ავტოსადგურის შენობა არჰავში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიარჰაველი მეთევზე და მისი ცოლი მეთევზეთა საზაფხულო სახლში არჰავი, თურქეთი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ოსმან შაფაქ ბუიქლი ლაზია. არჰავში ცხოვრობს. მასთან ლაზურ ენაზე სასაუბროდ მივედით. სამი წიგნი აქვს დაწერილი ლაზურად. ამბობს, რომ მის შვილებს ესმით ლაზური, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ. ისე, როგორც ახალგაზრდა თაობის უმრავლესობა.
„ლაზური სკოლაში ბოლო დროს დაემატა, როგორც არჩევითი საგანი მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე. არსებობს, მაგრამ შესაბამისი ყურადღება მაინც არ ექცევა. ზოგი ბავშვი ირჩევს ამ საგანს, ზოგი – არა. მშობლებს არ აინტერესებთ, რომ მათმა შვილებმა ისწავლონ ლაზური. მომავალში რაში უნდა გამოიყენონო? – ასე ფიქრობენ. ამის გამო მშობლიურ ენას არ ასწავლიან ბავშვებს, ინგლისური ურჩევნიათ,“ – ამბობს ოსმან შაფაქ ბუიქლი.
ოსმანის თქმით, საქართველოსა და თურქეთში მცხოვრებ ლაზებს შორის ენობრივად მცირედი განსხვავებაა, მაგრამ ერთმანეთის ესმით. როცა ორი ლაზი შეხვდება ერთმანეთს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ლაზურად ილაპარაკონო – ამბობს.
რაც შეეხება საქართველოს, სარფელი ლაზების თქმით, იმის გამო, რომ სახელმწიფომ ან რომელიმე ჯგუფმა სეპარატიზმი არ დასწამონ, არც აქამდე გამოუთქვამთ ინიციატივა ლაზური ენის სკოლაში სწავლებაზე და არც მომავალში აპირებენ ამას. ლაზები ფიქრობენ, რომ ენის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა ოჯახში ლაზურად ლაპარაკია.
თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებს ლაზურ ენაზე სხვადასხვა ლიტერატურაზე მიუწვდებათ ხელი. მათ შორის შეუძლიათ ლაზურად წაიკითხონ ზღაპრები პინოქიო და ჩექმებიანი კატა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიარჰავი. ქალს გამოჰყავს ხეზე ლაზური ორნამენტი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ვინ არიან ლაზები
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეებში ლაზებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ქართველი მეცნიერები ლაზებს ქართველების ერთ-ერთ შტოდ მიიჩნევენ. ჭანეთ-ლაზეთიც ისტორიულად ქართული სახელმწიფოს ნაწილად არის ცნობილი.
ანტიკური ხანიდან ჭანეთი კოლხეთის სამეფოს ეკუთვნოდა. მომდევნო ხანაში, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, პირველი საუკუნისათვის, კოლხეთში შედიოდა ტერიტორია ტრაპიზონის აღმოსავლეთით, მათ შორის, რიზეს მხარე, აგრეთვე, ჭოროხის ხეობის დასავლეთი. საუკუნეების მანძილზე ეს მხარე იყო მუდმივი ბრძოლების არეალი. ისტორიული ლაზეთის ტერიტორია ხან იყო საქართველოს შემადგენლობაში და ხან არა. დღეს მოქმედი საზღვრები 1921 წელსაა დადგენილი.
1921 წლის 16 მარტს მოსკოვში, საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, ხოლო იმავე წლის 14 ოქტომბერს ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებსა და თურქეთს შორის გაფორმებულმა ყარსის ხელშეკრულებამ, საქართველოს სამხრეთი საზღვრების უკანასკნელ პუნქტად სოფელი სარფი აღიარა. 1926 წლამდე საზღვრის ზუსტი დემარკაცია არ მომხდარა. საზღვრის დამდგენმა კომისიამ 1926 წელს საზღვარი სოფელ სარფის შუაში გაავლო. სარფის ერთი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ხოლო მეორე ნაწილი – საქართველოს შემადგენლობაში დარჩა [ბსუ – ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ნაშრომი “სარფი”].
თუ საქართველოში მყოფ ლაზს ჰკითხავ თავის იდენტობას, ის აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ქართველია. ხოლო თუ იგივე კითხვას თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ლაზს დაუსვამთ, ის გეტყვის, რომ ლაზია, ხოლო მისი მშობლიური ენა ლაზურია.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სოფელ სარფში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ორად გაყოფილი სოფელი
საზღვრის დემარკაციამ სოფელი სარფი და იქ მცხოვრები ლაზები ორად გაყო. ამ გაყოფით გაიყო ოჯახებიც. ნათესავები ერთმანეთს დაშორდნენ იმის გამო, რომ საბჭოთა საქართველოს თურქეთთან საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდა. სარფის ქართულ მხარეს დღემდე იხსენებენ, როცა ჩვენთან ვინმე მოკვდებოდა, გასვენების დღეს, გაღმა გორაზე იკრიბებოდნენ თურქეთის მხარეს დარჩენილი სარფელები და ასე მიაგებდნენ პატივს მიცვალებულსო.
სოფელი სარფი, თურქეთის მხარე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნოდარ კაკაბაძე ლაზია. 14 წლამდე მას რაფეთ კაბა მემედ ოღლი ერქვა. მისი ოჯახი, ისე როგორც სარფის მოსახლეობის უმრავლესობა, თურქულ გვარს ატარებდა.
„როდესაც ოსმალები შემოვიდნენ აჭარაში, გადაწყვიტეს მოსახლეობის აღწერა. ხელი შეეშალათ იმიტომ, რომ ქართული გვარები ჰქონდათ ლაზებს. ამიტომ ყველას შეუცვალეს გვარები. ჩემი წინაპრების მაგალითზე რომ გითხრათ: სამი ძმა იყო – მემედი, ოსმანი და ალი. მათ შთამომავლებს გვქონდა გვარები – კაბა მემედ ოღლი, ანუ მსხვილი მემედის შვილები, კაბა ოსმან ოღლი, ანუ მსხვილი ოსმანის შვილები და ხირა ალი, ანუ სუსტი ალი.
1947 წელს ლავრენტი ბერიამ გამოსცა ბრძანება და აიკრძალა თურქული გვარები და სახელები. სარფის მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ მოუწიათ სახელისა და გვარის შეცვლა. ამჯერად არჩევანი გვქონდა – ვის რა სახელი და გვარიც უნდოდა ის დაირქვა.
ჩვენ, კაბა მემედ ოღლები გავხდით კაკაბაძეები. ხირა ოღლები გახდნენ ხორავები, კაბა ოსმანები, თურქულ მხარეს დარჩნენ და დღემდე კაბა ოსმანები არიან.
ცხადად მახსოვს, მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც ბრძანება მოვიდა, რომ სახელები და გვარები შეგვეცვალა. ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა, კამელია მგელაძემ დამარქვა სახელი. ჩამოგვიარა ბავშვებს – შენ ეს იქნები, შენ ეს გერქმევაო. ჩემთან რომ მოვიდა, დამარქვა ნოდარი. ასე გავხდი რაფეთ კაბა მემედ ოღლი ნოდარ კაკაბაძე,“ – იხსენებს ნოდარ კაკაბაძე.
სარფში ზღვაში შეჭრილ ყველა კლდეს თავისი სახელი ჰქონდა. მეთევზე თევზს რომ დაიჭერდა და ზღვიდან სახლისკენ გზას დაადგებოდა, გზად შემხვედრნი ეკითხებოდნენ, სად დაიჭირე თევზიო.
ისიც პასუხობდა, რომელიმე იმ ქვის სახელს, რომლის მახლობლადაც თევზი დაიჭირა. „ქვაოსპაო – დიდი ქვა იყო, ზღვამ დაანგრია. იმ ქვაზე 5 კაცი დგებოდა და ჭინოთი თევზაობდა. კიდევ იყო ქვაჭაღანა, სეიდოღლის ქვა, ქვაჭკვადეი, სუმჯუმა. დღეს მხოლოდ ქვაომხაზეს ნაწილია დარჩენილი,“- ამბობს მირიან ნუმანიშვილი.
სარფის პლაჟზე დღეს მხოლოდ ქვაომხაზეა შემორჩენილი – ზღვაში შეჭრილი საფეხურებიანი ლოდი. ზაფხულობით ამ ქვაზე ტურისტები და ადგილობრივები იყრიან თავს.
„სულ 11 საფეხური ჰქონდა. ჩვენ, ლაზები, როგორც კი ფეხს ავიდგამდით, ცურვასაც ვსწავლობდით. ქვაომხაზეს პირველ საფეხურზე რომ დავდგებოდით, უკნიდან წიხლს მოგვარტყამდნენ, ზღვაში გადაგვაგდებდნენ და მორჩა, უკვე მონათლულები ვიყავით. მეთერთმეტე საფეხური ყველაზე მაღალი და რთულად გადმოსახტომი წერტილი იყო. იქიდან ვინც გადახტებოდა თავით და თან სალტოს გააკეთებდა, ის უკვე პროფესიონალი იყო. ქვაომხაზეს ახლა ის ნაწილი, სადაც მეთერთმეტე საფეხური იყო, აღარ აქვს. ნაპირგამაგრება გააკეთეს და მაგ დროს დაინგრა,“ – ამბობს მირიან ნუმანიშვილი.
ქვაომხაზე – ცნობილი კლდე სარფში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
პორნოგრაფიის განსაზღვრების პრობლემაზე დღეს დილიდან მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. დავის საგანი მარტივია: კანონში მხოლოდ ის უნდა ეწეროს, რომ პორნოგრაფია დასჯადია, თუ უფრო დეტალურად უნდა განიმარტოს, რა არის პორნოგრაფია და რა სახის პორნოგრაფიის გავრცელებაა დასჯადი.
„კომპასი არ გვაქვს, კომპასიო, ამას ამბობს მოსარჩელე, მაგალითად, კაბა რამხელაზე უნდა იყოს აწეულიო… ზღვის პირას არის, მაგალითად, ქალი, მსუბუქად ჩაცმული, მიადგება სამართალდამცველი და ეტყვის, რომ გიჩანს ორგანოები, რომლის გამოჩენაც არის უხამსობა და შენ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დავიწყოთ,“ – ამ სიტყვებით მოსამართლე მერაბ ტურავამ პარლამენტის წარმომადგენელს მიმართა.
„და ეტყვის იმ ქალს, შენ მალე ყავასაც დალევო“, – უცებ თქვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ, ვიდრე პარლამენტის იურისტი პასუხს იტყოდა.
„ვერ იქნება ვერანაირი კომპასი,“ – მიმართა მოსამართლეებს პარლამენტის იურისტმა.
„პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების, ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელება, ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა, ან მისი შენახვა, გაყიდვის, ან გავრცელების მიზნით აკრძალულია“, – ეს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული ჩანაწერია.
ამ მუხლის შესაბამისად 2015 წელს მოქალაქე გიორგი ლოგუა დააკავეს. მან საკუთარ ინტერნეტგვერდზე უცხოური საიტებიდან გადმოტვირთული პორნომასალები განათავსა. გიორგი ლოგუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რადგან მიიჩნევს, რომ პორნოგრაფიის განმარტება „სისხლის სამართლის კოდექსში“ ბუნდოვანია.
პაუზის შემდეგ პარლამენტის იურისტმა თქვა ისიც, რომ ეს არის მაქსიმალურად ზუსტი და ყოვლისმომცველი ჩანაწერი, რის დაწერაც კანონმდებელს შეეძლო. პარლამენტში მიიჩნევენ, რომ კანონის ეს ჩანაწერი განჭვრეტადია.
„არ არის ასე,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც მოსარჩელის ინტერესებს იცავს. – „მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პორნოგრაფიასთან მიმართებით გამოიყენა ე.წ. მიულერის ტესტი. ეს გულისხმობს იმას, რომ პორნოგრაფიად კონკრეტული ნაწარმოების შეფასების დროს უნდა არსებობდეს სამი კრიტერიუმი: აშკარა სექსუალური სცენები, ამ სცენებს საშუალო მგრძნობელობის ადამიანის აღგზნება უნდა შეეძლოს და მას არ უნდა ჰქონდეს სახელოვნებო, სამეცნიერო, ან საგანმანათლებლო დანიშნულება. ჩვენს შემთხვევაში კი, კანონი იმასაც კი არ ამბობს, პორნოგრაფია სექსს უკავშირდება თუ არა,“ – უთხრა გიორგი გოცირიძემ მოსამართლეებს.
„პორნოგრაფია გასაგებია არაა, რომ სექსს უკავშირდება?… ვინ დაადგინა ეს პრეცედენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასამართლომ ხო? ჩვენთანაც არ უზღუდავს სასამართლოს ვინმე, რომ პორნოგრაფია განიმარტოს?“ – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.
„იქ არის პრეცედენტული სამართალი, როცა კონკრეტულ ნორმებს ადგენს სასამართლო. ჩვენთან კი, პორნოგრაფიის ცნების განსაზღვრა არის კანონშემოქმედებითი საქმიანობა. კანონმდებელმა მინიმალური სტანდარტი უნდა განსაზღვროს, რა უნდა მიიჩნეოდეს პორნოგრაფიად… ჩვენს პრაქტიკაში, როცა მოსამართლეებმა განიხილეს პორნოგრაფიასთან დაკავშირებული საქმეები, ისინი დაეყრდნენ მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეების პირად შეფასებებს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ასე, კონკრეტული პირის შეფასების ამარად არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დასჯა – თავისუფლების აღკვეთაზეა საუბარი. შესაბამისად, მეტი დეტალიზაციაა საჭირო,“ – განმარტა გიორგი გოცირიძემ.
მოსამართლე ევა გოცირიძემ ამჯერად საია-ს იურისტს რამდენიმე ქვეყნის კანონდებლობაში ცნება „პორნოგრაფიის“ განმარტება წაუკითხა: „მძიმე ფორმა“, „გარყვნილად გამოხატავს,“ – ეს განმარტებებიც ბუნდოვანი ფრაზებით ხდება, აქ ძნელია სიზუსტის მიღწევა,“ – თქვა მოსამართლემ, შემდეგ კი, „საზოგადოებრივ მორალზეც“ გაამახვილა ყურადღება.
„ვთქვათ, ერთ მხარეს დგას საზოგადოებრივი მორალი, მეორე მხარეს კი პორნოგრაფია, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო?“ – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.
„თუკი სრულწლოვანი ადამიანი უყურებს პორნო ვიდეოს, თუნდაც აღგზნების მიზნით, აქ არ ჩნდება საზოგადოებრივი მორალის დარღვევის საფრთხე… სექსი არ არის დანაშაული, ქალბატონო ევა,“ – მიმართა მოსამართლეს გიორგი გოცირიძემ.
დისკუსია გამწვავდა.
ევა გოცირიძე: „თუ ყოველდღე უყურებს ადამიანი პედოფილია, ნეკროფილიას, ზოოფილიას, ეს მისაღებია? უნდა ვთქვათ, რომ ეს მისი საქმეა მხოლოდ?“
გიორგი გოცირიძე: „კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანი თავისუფალია, თუ მისი ქმედება სხვას არ აყენებს ზიანს“.
დისკუსიას მოსამართლე მერაბ ტურავა დაუბრუნდა, რომელმაც კოლეგას შეახსენა, რომ პედოფილიის თუნდაც ყურება ცალკე დანაშაულია და ეს პორნოგრაფიის განმარტებასთან კავშირში არ არის.
პოზიცია გამოხატა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემაც: „ქართული პორნო რესურსი თითქმის არ არსებობს, უცხოურ პორნოს კი ვერ აკრძალავ. მაშინ ინტერნეტი უნდა გამორთო საერთოდ, ეს თავის მოტყუება ხომ არ არის? … დღეს ისეთი ტექნოლოგიებია, შემიძლია ახლა ბათუმის ბულვარში გავიდე და ისე ავტვირთო ვიდეო, თითქოს სინგაპურში ვარ, ასე გამოჩნდება“, – თქვა მან.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, პარლამენტს მოუწევს კანონში ახალი ჩანაწერის გაკეთება – რა არის პორნოგრაფია.
საჯარო სკოლებში კიდევ ერთი ახალი საგნის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შეტანა იგეგმება. საგნის საპილოტე სწავლება 2019 წლიდან რამდენიმე სკოლაში დაიწყება. როგორც „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროში უთხრეს, ახალი საგნის სკოლებში შეტანის მიზანი მოსწავლეებში პატრიოტული სულისკეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაა.
განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე გვეუბნება, რომ აღნიშნული საგნის სკოლებში სწავლების ინიციატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა.
„ეს საგანი კურიკულუმში ჩაჯდება თუ არა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან პილოტი გვაჩვენებს, როგორ წავა სწავლება.“
ახალ საგანში აგვისტოს ომის თემატიკაცაა შეტანილი. „საპილოტე ნაწილში შესულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველო საერთაშორისო მისიებში და შეიარაღება.
მოსწავლეები ინფორმაციას მიიღებენ პრაქტიკოსებისგან. გაანალიზებენ, იმსჯელებენ, უფრო ახლოს გაეცნობიან აგვისტოს ომის გმირებს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ უახლესი ისტორიის გმირები გაიცნონ მოსწავლეებმა. ამას სახელმძღვანელოები პრაქტიკულად ვერ ფარავს“.
ირინა აბულაძის თქმით, ამ საგნის სწავლების მიზანია ის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა მოვლენის ანალიზის ფონზე გაანალიზონ საფრთხეები და იმსჯელონ, გაეცნონ უსაფრთხოების სისტემებს და ა.შ.
სწავლის პერიოდში მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ რეპორტაჟები და პრეზენტაციები ომის შესახებ, უშუალოდ დაელაპარაკონ ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, შექმნან ომში მონაწილე ჯარისკაცის დღიური და მოაწყონ პრეზენტაციები მათი განვლილი ცხოვრების შესახებ. აჩვენებენ და განიხილავენ აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმს – „აგვისტოს ხუთი დღე“. იქნება როლური თამაშები და დებატები.
ახალი საგანი მეათეკლასელებისთვის არის განკუთვნილი. გაკვეთილებს სამხედრო პირები ჩაატარებენ. როგორც ირინა აბულაძე გვეუბნება, ამ დროისთვის შერჩეულია 19 სამხედრო პირი. ისინი პედაგოგიკის მიმართულებით მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ ტრენინგ-მოდულებით გადამზადდებიან.
„სკოლაში შევლენ ისინი, ვინც წარმატებით გაივლიან გადამზადებას“, -ამბობს ირინა აბულაძე.
საპილოტე პერიოდი 2019 წლის მაისამდე გაგრძელდება, შემდეგ კი გადაწყდება საბოლოოდ დაინერგება საგანი სკოლებში თუ არა.
როგორ გაიცემა სამხედრო პირებზე ანაზღაურება, ვინც აღნიშნულ გაკვეთილებს ჩაატარებს, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. აბულაძის თქმით, ეს საკითხი პილოტის დაწყების შემდეგ გაირკვევა.
საპილოტე სკოლებს შეარჩევენ თბილისში და ასევე, რეგიონებშიც.
არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სამართლებრივი დახმარებისთვის თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის მშობელმა მიმართა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მშობლის განმარტებით, კლასის სხვა მშობლებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დამრიგებლის საჩუქრისთვის გამიზნული თანხის დადებაზე უარი განაცხადა და თანხის ნაწილი მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის გადაიხადა, რომლითაც მშობლები ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებს უნდა გამასპინძლებოდნენ.
„ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვს უთხრა, რომ მას, წესით, ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული და ტკბილეულის ჭამის ნება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შეეცოდათ“.
„აღნიშნულის შემდეგ, ბავშვი ატირებული გაიქცა ეზოში, სადაც დედა ელოდებოდა. დედამ ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა. ამ და სხვა შეუსაბამო ფაქტებთან დაკავშირებით მშობელი მუდმივად აყენებდა საქმის კურსში დამრიგებელს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია და ბავშვის დასაცავად არაფერი მოუმოქმედებია.
მომხდარის შემდეგ, ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, ამავე კლასის 15-მა მშობელმა დაწერა განცხადება მათი შვილების სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით, რის შესახებაც ინფორმაციას არა თუ ფლობდა დამრიგებელიც, ახალისებდა მშობლების დამოკიდებულებებს, რამაც უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესს შორის დასვენებებზე კლასს არ ტოვებდნენ, რაც იყო დამრიგებლის კატეგორიული მოთხოვნა“.
PHR-ის იურისტების დახმარებით, მშობელმა მიმართა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს კლასის დამრიგებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით. დისციპლინური კომიტეტის სხდომები მიმდინარეობდა დაძაბულ რეჟიმში, მშობლებისა და დამრიგებლის მწვავე განცხადებების ფონზე.
დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დამრიგებელს არ დაეკისრა დისციპლინური სახდელი, რის შემდეგაც PHR-მა აღნიშნული გადაწყვეტილება, სკოლის შინაგანაწესის დაცვის შესაბამისად, სკოლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭოს მიერ საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, საბჭომ დაადგინა მასწავლებლის მხრიდან გადაცდომის ფაქტი, რის შედეგადაც დამრიგებელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი – შენიშვნის სახით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის საკრებულოსა და მერიის 8 თანამდებობის პირს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული – ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
„გამჭვირვალობამ“ მუნიციპალიტეტის 30 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეისწავლა. „აღმოჩენილი დარღვევებიდან 6 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ ასახვას, 2 შემთხვევაში კი დადგინდა ინტერესთა შეუთავსებლობა (საწარმოს ხელმძღვანელობა). აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს წილები სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ. ეს, ასევე, წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვთ შევსებული:
სოფიო მიქელაძეს, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს, 2018 წლის 24 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მეუღლის, რევაზ ვერძაძის სამეწარმეო საქმიანობა. ვერძაძე 25%-იანი წილის მფლობელია შპს-ში „ხელმარჯვე ოსტატი”. აღნიშნული გარემოება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის დარღვევაა. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს.
ლევან მამინაიშვილს, ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსს, 2018 წლის 23 სექტემბერს წარდგენილ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის, ლალი ძნელაძის 25%-იანი წილი შპს-ში „ველზი“, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის დარღვევაა. „ველზი” სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში არ მონაწილეობს.
ირაკლი პატარიძე, ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, შპს „ბაგირა 21-ის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. საკრებულოს თანამდებობის პირს კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საწარმოს დირექტორობას უკრძალავს. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2018 წლის 15 იანვარს, ირაკლი პატარიძემ მიმართა მეწარმეთა რეესტრს დირექტორობიდან გათავისუფლების განცხადებით, თუმცა რეესტრის მონაცემებით, განცხადებაზე წარმოება შეწყვეტილია არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის გამო. შესაბამისად, პატარიძე ამ დრომდე აღნიშნული კომპანიის დირექტორად რჩება. ამასთან, ამავე კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას კომპანიის 100%-იანი წილი მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა. ირაკლი პატარიძეს 2018 წლის 22 იანვარს წარდგენილ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ შპს „ტრეიდინგ სერვისსა” და ასევე, შპს trading service-ში 50-50%-იანი წილი აქვს. საკრებულოს თანამდებობის პირს არც ეს წილები გადაუცია სხვა პირებისთვის სამართავად, რაც კანონდარღვევაა. მასთან, ირაკლი პატარიძეს ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია, მამის, ბადრი პატარიძის სამეწარმეო საქმიანობა კომპანიაში „ბადურა”, სადაც საკრებულოს თანამდებობის პირის მამა 100%-იანი მეწილე და დირექტორია.
ირაკლი პატარიძემ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 2016 წელს 2000 ლარი შესწირა. პატარიძის 50%-იან მფლობელობაში მოქმედი კომპანიები „ტრეიდინგ სერვისი” და Trading Service აქტიურად მონაწილეობენ ბათუმსა და ზოგადად, აჭარაში მოქმედ საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში. აღნიშნული კომპანიები შემსყიდველ ორგანიზაციებს ჰიგიენისა და დასუფთავების პროდუქტებს სთავაზობენ. ამ ორგანიზაციებს შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული საბავშვო ბაღები, „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი”, ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი, ბათუმის სასპორტო სკოლა, ასევე ბათუმის საზღვაო აკადემია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და ათეულობით სხვა საჯარო დაწესებულება. ორივე კომპანიას 2015-2018 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად გაფორმებული 113 ხელშეკრულებიდან 500 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული, 300 გამარტივებული შესყიდვიდან კი – 170 000-მდე ლარი. მიუხედავად ამისა, ირაკლი პატარიძეს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2017 წელს არც ერთი კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია.
ზურაბ ნაკაიძეს, ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარეს, 2018 წლის 16 მაისს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს სამეწარმეო საქმიანობა. იგი შპს „ბიოლა ჯორჯიას” დირექტორია, რითაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს არღვევს. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს. ზურაბ ნაკაიძემ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 2014 წელს 2 200 ლარი შესწირა.
ომარ მახარაძეს, ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, დეკლარაციაში მითითებული 50%-იანი წილი შპს „აისსა” და 20%-ანი წილი შპს „წყალი მახარობელში” მინდობით სხვა პირებზე არ გადაუცია, რაც კანონის მოთხოვნათა დარღვევაა. ასევე, დეკლარაციაში არ არის მითითებული ავტოფარეხი ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე და ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი და დამატებითი ფართობი. შპს „აისი” სხვადასხვა ორგანიზაციას პირდაპირი შესყიდვის გზით სასტუმრო მომსახურებას უწევს, მათ შორისაა ბათუმის კულტურის ცენტრი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის დასაქმების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ა.შ. „აისთან” დადებული ბოლო პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება 2018 წლის 2 აგვისტოთი თარიღდება, პირველი კი 2012 წლის 18 ივლისით.
ჯამში, 37 პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულების შედეგად, სასტუმრო „აისმა” 60 ათას ლარამდე შემოსავალი მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა, ომარ მახარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ „აისის” 50%-იანი წილის ფლობიდან 2017 წელს შემოსავალი არ მიუღია. რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, „აისს” სულ ორ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთის ღირებულება 1 200 ლარამდეა, მეორისა კი – 37 ათას ლარამდე („აისმა” ორ კონკურენტს დაბალი ფასის შეთავაზებით მოუგო, ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება) – შემსყიდველი ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს აკადემიაა.
ნატალია ძიძიგურმა, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარემ, 2018 წლის 23 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის, იაგო ტაკიძის საკუთრებაში არსებული 77.6 კვ.მ სხვენი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. დეკლარაციაში არც იაგო ტაკიძის 2.38%-იანი წილია აღნიშნული შპს „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში”. ორივე შემთხვევაში საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლი დაირღვა.
ნერიმან ცინცაძეს, ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილეს, 2018 წლის 7 მარტს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რომ მისი მეუღლე, როსტომ ცინცაძე, ფლობს 6.67% წილს შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამედიცინო ცენტრში”.
მირდატ ქამადაძეს, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, 2017 წლის 20 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შპს „ჯი ელ ჯის” 40%-იანი წილის ფლობიდან 2016 წელს შემოსავლის სახით 33 000 ლარი აქვს მიღებული. ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირს აღნიშნული წილი სხვა პირზე მინდობით არ აქვს გადაცემული, რაც კანონდარღვევაა. მირდატ ქამადაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2016 და 2018 წლებში 10 000 ლარი შესწირა.
დღეს ბათუმში, ანბანის კოშკთან, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე მოქალაქეებმა რუსეთის აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს ერთიანი მტრის წინაშე.
“დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა და რადგანაც ჩვენ ბევრი უკრაინელი მეგობარი გვყავს, და ზოგადად, ძალიან დადებითად ვართ უკრაინელები და ქართველები ერთმანეთის მიმართ განწყობილნი, ჩავთვალეთ საჭიროდ გამოვსულიყავით და ერთგვარი მხარდაჭერა გამოგვეხატა ჩვენი ერთად შეკრებით უკრაინელების მიმართ და დაგვეგმო ის თემები, რაც დღეს საქართველოსაც აწუხებს. იმ აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია, იზიარებს არა მარტო საქართველო და უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო,” – ამბობს აქციის ორგანიზატორი ედო მჟავანაძე .
აქციის კიდევ ერთი მონაწილე პაატა ძიძიგური ამბობს, რომ ასეთი მხარდასჭერი აქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მტრის წინაშე, როგორიც რუსეთია: “როგორც მეგობრობა არ არსებობს ცალმხრივი, ისეთი რამ ხდება სახელმწიფოებს შორისაც. როცა ერთი შემაწუხებელი სახელმწიფო გვყავს ორივე ქვეყანას, უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში.”
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დიეგო ბ.-ს და ბადრედინ მ.-ს.
საუბარია 4 დეკემბერს დილით ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, მდებარე ჰოსტელის ძარცვაზე. ეს ჰოსტელიც იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაა განთავსებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ჰოსტელში პოლიციელების სახელით შევიდნენ და თქვეს, რომ ნარკოტიკს ეძებდნენ, შემდეგ კი, რუს ტურისტს ძვირადღირებული მობილური ტელეფონი წაართვეს.
“ყურადღება მინდა მიაქციოთ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს იმასაც, რომ დანაშაული ჩადენილია უცხოელი ტურისტის მიმართ. ამ შემთხვევას უყურებდნენ სხვა ტურისტებიც,” – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
პროკურორს თავის გამოსვლაში არ უხსენებია ის, რომ ძარცვის ფაქტი იმ შენობაში მოხდა, სადაც პოლიციის განყოფილებაც მდებარეობს.
გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად ძარცვას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
ადვოკატმა ლაურა მახარაძემ ისაუბრა იმაზე, რომ დაკავების დროს ჩხრეკის პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა.
“ოქმში არ არის მითითებული, საიდან ამოიღეს ეს მობილური: ქურთუკიდან, შარვლის ჯიბიდან, თუ საიდან… მათ არანაირი საფუძველი არ ჰქონიათ ძარცვის… ისინი ტურისტებმა მიიპატიჟეს ჰოსტელში, შემდეგ კი, დიეგოს საკუთარ მობილურში აერია იმ ტურისტის მობილური, თავისი ეგონა,” – თქვა ადვოკატმა ლაურა მახარაძემ.
“წარსულში ის ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის,” – შეახსენა ადვოკატს საქმის მასალები პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
“ამ დროს დიეგო ბ. არასრულწლოვანი იყო, 14 წლის და სხვისი ველოსიპედი მოეწონა ბავშვურად, ეს იყო მხოლოდ,” – უკან არ დაიხია ადვოკატმა.
ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ერთ-ერთი მათგანი ბადრედინ მ. რუსეთის მოქალაქეა.
“ის ბიზნესმენია… მას არანაირი საჭიროება არ ჰქონია სხვისი გაძარცვის. ბრალდებულები გამოვიდნენ ერთ-ერთი ბარიდან, მიდიოდნენ სამორინეში სათამაშოდ და გზად მოხდა ეს ინციდენტი. ეს გამოსაძიებელი და დასადგენია, რა მოხდა და როგორ…” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ტარიელ ნაკაიძემ. მან ბრალდებულების გათავისუფლება 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.
კიდევ ერთმა ადვოკატმა, მინდია ალელიშვილმა, მომხდარს “ბოროტი ხუმრობა” უწოდა. მისი განმარტებით, ბრალდებულებს ძარცვის განზრახვა არ ჰქონიათ და ამას ადასტურებს ის, რომ ისინი შემთხვევის ადგილას 3-ათასდოლარიანი ავტომანქანით მივიდნენ.
“ბადრედინი მეოთხე დღეა ჩამოსულია ბათუმში, ის სერიოზული ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს… პატიმრობა სერიოზულად დააზარალებს მის იმიჯს… ესენი რეალურად იქ შევიდნენ მარიხუანის მოსაწევად. ქუჩაში დაინახეს, რომ ეწეოდა ტურისტი და ამათაც შესთავაზეს. უცხოელი ტურისტები, ვინც იმ ჰოსტელში იყვნენ, უკვე დაკითხულები არიან და ტოვებენ ქვეყანას, სხვა ვისზე უნდა მოახდინონ ზეწოლა?”- იკითხა ადვოკატმა მინდია ალელიშვილმა.
რეპლიკა ითხოვა პროკურორმა:
“საუბარი იმაზე, რომ ბიზნესმენია და განზრახვა არ ჰქონიათ… მ-ს ქვეყანაში შემიძლია განახოთ არაერთი მდიდარი კრიმინალი,” – თქვა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
“რეალობაა ისიც, რომ დიეგოს ამ ჰოსტელში საკუთარი მობილური ტელეფონი დარჩა,” – დასძინა ადვოკატმა მინდია ალელიშვილმა.
“არსებობს მიმალვის საფრთხე… რუსეთის მოქალაქეს პასპორტის გარეშეც შეუძლია დატოვოს ქვეყანა, ხოლო მეორე შემთხვევაში არსებობს მტკიცებულების განადგურების საფრთხე,
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულ დიეგო ბ-ს მეზობელმა მარიხუანას მოხმარების კუთხით კანონის გამკაცრება მოითხოვა. მას აზრის სრულად გამოხატვის საშუალება სხვა მეზობლებმა არ მისცეს.
7 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბათუმში, დემოკრატიის სკოლაში გაიმართება სემინარი თემაზე: „ლუსტრაციის კანონი, როგორც ისტორიის გააზრება“.
სემინარს წარუძღვება ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, დავით ჯიშკარიანი.
ლექცია შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქივების გახსნილობა და ლუსტრაცია ისტორიის გააზრებისათვის. ლუსტრაცია არის ისტორიული ფენომენი და ის არ არის სისხლის სამართლებირივი დევნის საშუალება.