მთავარი,სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენელი: ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს ეტყობოდა დაზიანებები

06.12.2018
სახალხო დამცველის წარმომადგენელი: ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს ეტყობოდა დაზიანებები

ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი ჩარკვიანმა მისცა ჩვენება. მან ბრალდებული ბესიკ ტაკიძე დაკავების დღეს ორჯერ ნახა ჯერ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში, შემდეგ – წინასწარი დაკავების იზოლატორში. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, ბრალდებულმა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა აწამეს. „მას ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები“, – უთხრა მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად [ბუტა] ანთაძე ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„ბესიკ ტაკიძემ გვითხრა, რომ ის შეურაცხყო პოლიციის უფროსმა და ამიტომ დაარტყა დანა. შემდეგ გავიქეცი და დაახლოებით 40 მეტრში ჩემით წავიქეციო. იქ მცემეს პოლიციელებმა, შემდეგ მანქანაში ჩამსვეს და ისე მცემეს, გონება დავკარგეო. გონზე როცა მოვედი, უკვე ბათუმში ვიყავი, პოლიციის დეპარტამენტის შენობაშიო…

მას აღენიშნებოდა ვიზუალურად დაზიანებები: სახეზე შეშუპება და სიწითლე, ხელებზე ხელბორკილების ნაკვალევი ჰქონდა, სიშავე და სისხლჩაქცევები. მისივე თქმით, ფეხზე დაზიანებები წაქცევის დროს მიიღო. იმავე დღეს ბესიკ ტაკიძე უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორში ვნახეთ. მან გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ერთხელ დაარტყა პოლიციელმა, რამდენჯერ უნდა გცემოთო და შემეშვნენო,“ – ამბობს გიორგი ჩარკვიანი, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

სახალხო დამცველმა ბესიკ ტაკიძის დაკავების დღესვე მიმართა პროკურატურას. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების მუხლით დაიწყო, თუმცა ძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. ომბუდსმენის აპარატისთვის უცნობია ექსპერტიზის დასკვნები, რაც ბესიკ ტაკიძეს დაკავების დროს ჩაუტარდა სხეულზე არსებული დაზიანებების კუთხით.

სახალხო დამცველის მონაცემებით, ბესიკ ტაკიძე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით არ გადაუყვანიათ.

„წინასწარი დაკავების იზოლატორს ჰყავს ექიმი. შესაძლოა, ამ მომსახურებით ისარგებლა ბრალდებულმა,“ – გვითხრა გიორგი ჩარკვიანმა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი კიდევ ერთი დეტალის შესახებ ყვება.

„დოკუმენტაციის მიხედვით, ბესიკ ტაკიძის დაკავების მომენტიდან ბათუმში ჩამოყვანამდე ორი საათი განსხვავებაა. ჩვენ იმავე დღეს გადავამოწმეთ ქობულეთში და დადასტურდა, რომ ბრალდებული პოლიციის ქობულეთის განყოფილებაში არ მიუყვანიათ“, – აღნიშნავს გიორგი ჩარკვიანი.

ქობულეთში პოლიციის უფროსის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. პროკურატურის მოწმეების ჩვენების მოსმენა უკვე დასრულდა. ამჯერად მოსამართლე დაცვის მხარეებს მოწმეების ჩვენებებს გაეცნობა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008