სიახლეები

დუბაის პრინცესა გაუჩინარებულია მას შემდეგ, რაც ავტორიტარი მამისგან შტატებში გაქცევა სცადა

07.12.2018
დუბაის პრინცესა გაუჩინარებულია მას შემდეგ, რაც ავტორიტარი მამისგან შტატებში გაქცევა სცადა

დუბაის მმართველისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის ქალიშვილმა 2018 წლის მარტში სცადა გაქცეოდა მამის ავტორიტარულ მმართველობას. ის შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს – მას შემდეგ ამ პრინცესას შესახებ არაფერია ცნობილი. გუშინ კი ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომ პრინცესა საკუთარ სახლში უსაფრთხოდ არის. ამ ანცხადების მიუხედავად, ოჯახს არ გამოუქვეყნებია რაიმე ვიდეო ან სხვა მესიჯი, რაც განცხადების ნამდვილობას დაადასტურებდა.

დუბაის მმართველისა და  არაბთა გაერთიანებული საემიროს პრემიერ-მინისტრ მუჰამმად ბინ რაშიდ ალ მაკტოუმის ქალიშვილმა, ლატიფამ, ინგლისურ ენაზე ვიდეო 2018 წლის 11 მარტს გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობდა: “მე ამ ვიდეოს ვიღებ იმიტომ, რომ ეს შეიძლება იყოს ჩემი ბოლო ვიდეო“. მედია წერს, რომ ლატიფასთვის ოჯახის ყველა სიკეთე ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ ფუფუნების მიუხედავად, ის ავტორიტარი მამის ტყვედ გრძნობდა თავს.

დუბაის მმართველის ქალიშვილმა აქამდეც, 16 წლის ასაკშიც სცადა გაქცევა, მაგრამ პირველი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მაშინ ის სამი წლით მოათავსეს საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც სცემდნენ და აწამებდნენ.

ოჯახის განცხადების კვალდაკვალ ევროპული მედია ისევ გამოეხმაურა ლატიფას გაქცევის მცდელობას. BBC წერს, რომ მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია აჩვენებს არა მხოლოდ პრინცესას ხანგრძლივ მცდელობას და გეგმებს გაქცევაზე, არამედ ემირატებში მმართველობის ბნელ მხარესაც.

სხვადასხვა გამოცემის შეფასებით, დუბაი დასავლეთის საზოგადოებას აჩვენებს, რომ ის დანარჩენი სამყაროსთვის მეგობრული ქვეყანაა, მაგრამ სინამდვილეში ეს გამოხატული ავტორიტარიზმია.

„მთელი ჩემი ცხოვრება არის შეურაცხყოფა და ზეწოლა“ – მიუწერია ლატიფას უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ოფიცრისთვის, რომელიც ცდილობდა პრინცესას დახმარებოდა გაპარვაში. „მან თქვა, რომ ურჩევნია ნავშივე მოკლან, ვიდრე უკან დააბრუნონ დუბაიში“, – უთხრა BBC-ს შეწუხებულმა ფრანგმა, რომელიც გაქცევაში ეხმარებოდა პრინცესას. მანვე დაამატა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ერთხელაც არ სმენია პრინცესას ადგილსამყოფელის შესახებ.

მთავარი ფოტო: დუბაის მმართველი და მისი გაუჩინარებული ქალიშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: