მთავარი,სიახლეები

ფრანგულ პორტში დაკავებული ქართველი კაპიტნის შვილი საფრანგეთის ელჩს მიმართავს

07.12.2018
ფრანგულ პორტში დაკავებული ქართველი კაპიტნის შვილი საფრანგეთის ელჩს მიმართავს

საფრანგეთში დაკავებული ქართველი გემის კაპიტნის შვილი, გიორგი ბერიძე აცხადებს, რომ მისი მამის – ბადრი ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაკავებულს სათანადოდ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. გემი, რომლის კაპიტანიც ბადრი ბერიძე იყო, საფრანგეთში 2015 წლის 11 დეკემბერს დააკავეს. მაშინ მოლდოვურ გემ „კარიბ პალმაზე“ 2.3 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.

დაკავებულის შვილი გიორგი ბერიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესები ექვს-ექვსი თვით, უკვე რამდენჯერმე გადაიდო. მისი თქმით, ბრალდებულს ოჯახის წევრებთან არც სატელეფონო კავშირის უფლებას აძლევენ.

„მოვითხოვ, რომ საქართველოს მთავრობა ჩაერიოს და სთხოვოს საქართველოში საფრანგეთის ელჩს, კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქის უფლება.

გაარკვიონ, რა მიზეზით ხდება სასამართლო პროცესების ექვსი თვით გადადება და რატომ არ აქვს მამაჩემს ოჯახთან კონტაქტის უფლება. როცა ბოლოს ვესაუბრე, მითხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

როგორც ადვოკატი გვეუბნება, საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, წინასწარი პატიმრობა შესაძლოა წლებიც კი გაგრძელდეს. გამომდინარე იქედან, რომ მამაჩემი ჯანმრთელობის მხრივ თავს სუსტად გრძნობს, ვთხოვთ ფრანგულ მხარეს მამა დატოვონ შინაპატიმრობაში, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს“.

კაპიტანი ბადრი ბერიძე 2015 წლის 11 დეკემბერს დააკავეს. ფრანგული მედიის ცნობით, ამოღებული 2.3 ტონა კოკაინის ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევროა.

ამავე წყაროს ცნობით, გემის ქართველ კაპიტანთან ერთად დაკავებული არიან ეკიპაჟის წევრები, თურქეთის ერთი და უკრაინის 10 მოქალაქე.

გიორგი ბერიძე ამბობს, რომ აღნიშნულ გემზე ბადრი ბერიძე პირველად იმყოფებოდა და გემზე ნარკოტიკების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ათწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. გიორგი ბერიძემ ამ საკითხზე ბრიფინგი დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: