მთავარი,სიახლეები

„ტურისტერი“ ტურიზმზე, გასტრონომიაზე და არამხოლოდ – ფესტივალის ქრონიკა

01.04.2019 • 1684
„ტურისტერი“ ტურიზმზე, გასტრონომიაზე და არამხოლოდ – ფესტივალის ქრონიკა

31 მარტს ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ დაიწყო და იმავე დღეს დასრულდა კიდეც. ფესტივალი სულ ერთ დღეს გრძელდებოდა, დილის 11-დან დაახლოებით 20 საათამდე, თუმცა ქართული ტურიზმის ყველა მნიშვნელოვან პრობლემას შეეხო: კანონმდებლობას, კლიმატს, გასტრონომიას, სტარტაპებს, ტურიზმში კრეატივის მნიშვნელობას და ირიბად – კულტურულ მემკვიდრეობასაც კი.

„ტურისტერის“ ორგანიზატორები „ტურიზმის ინსტიტუტი“ და მარკეტინგული კომპანია „შინდი“ იყვნენ. მასზე დასასწრებად მსურველს ბილეთი უნდა შეეძინა, რომლის ფასიც 25 ლარი იყო. ჯამში ფესტივალს 200-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ გამომსვლელები, მოწვეული სტუმრები და ის ადამიანები, რომელთაც ბილეთი შეიძინეს.

დილის 11 საათზე კლუბი „გეითი“, სადაც ფესტივალი მიმდინარეობდა, ხალხით იყო სავსე. განათებული იყო მხოლოდ სცენა, სადაც ფესტივალის მონაწილეები საკუთარ გამოცდილებასა თუ მოსაზრებებზე საუბრობდნენ. ეს იყო კარგი საშუალება იმისათვის, რომ აუდიტორიის ყურადღება მხოლოდ სცენისკენ, მოსაუბრეებისკენ ყოფილიყო მიმართული და არა დარბაზის დათვალიერებაზე. აუდიტორია თემატურად ირჩევდა და ესწრებოდა მისთვის საინტერესო თემაზე მოხსენებასა და განხილვას.

ფესტივალის პირველი ნაწილი ფორუმს დაეთმო, სადაც დარგის სპეციალისტებმა ტურიზმის პოლიტიკა განიხილეს და ისეთ მნიშვნელოვან თემას შეეხნენ, როგორიცაა კლიმატის ცვლილების გავლენა ტურიზმის განვითარებაზე. ფორუმის მოდერატორები იყვნენ ტურიზმის ექსპერტები: მამუკა ბერძენიშვილი, ვანო ვაშაყმაძე და ტურიზმის სამართლის ექსპერტი ირინე ურუშაძე, მონაწილეები კი: პოლიტიკოსები და მსხვილი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის სფეროში მუშაობენ.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

პანელებს შორის იყო მცირე „იოგა პაუზებიც“, რომლის საშუალებითაც Zen Travel-ის დამფუძნებელი და იოგა ინსტრუქტორი თამარ გიორგაძე ცდილობდა მარტივი და სახალისო ვარჯიშებით ფესტივალის მონაწილეებისათვის დაღლილობა მოეხსნა და გონება გადაეხალისებინა.

ფორუმის ერთ-ერთი პანელისტი იყო ამერიკელი ჯონ უერდემანი, მეღვინე და გასტრონომიის მკვლევარი, რომელიც წლებია სიღნაღში ცხოვრობს. მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველოში უფრო მეტს ზრუნავენ ე.წ. საერთაშორისო გასტრონომიაზე, ვიდრე უნიკალურ, ქართულ კულინარიაზე, რაც ტურიზმის სფეროს განვითარებას აზარალებს.

ჯონ უერდმანი: „არ არსებობს ქვეყანა, სადაც არის ყურძნის ჯიშები ჰექტრობის მიხედვით… ადამიანი, რომელიც გიჟდება უნიკალურ ღვინოზე ან იშვიათი ფრინველები [ფრინველების გადაფრენა] აინტერესებს, ხუთჯერ და ათჯერ მეტ ფულს ტოვებს ქვეყანაში. უნდა გავიგოთ, რას ვცვლით, ვისთვის და რატომ.

…დღეს ბათუმის ბაზარზე რომ წახვალ, სადაც ღვინო იყიდება, 95 პროცენტი იქნება კახეთში ნაყიდი ყურძნისგან დამზადებული. დღეს ბათუმელებს ურჩევნიათ მეორეხარისხოვანი ყურძნისგან დაამზადონ ღვინო, ვიდრე მამაპაპურ ადგილებში, უნიკალური ჩხავერი დარგონ. ეს არის მენტალური შეცდომა. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ, რამდენი კონსულტანტიც არ უნდა მოვიდეს უცხოეთიდან, ეს ერმა თვითონ უნდა გააცნობიეროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

დღის მეორე ნახევარში ფესტივალზე ისეთ თემებზე ისაუბრეს მომხსენებლებმა, როგორიცაა: სტარტაპები, გასტრონომია და ტურიზმი, სოციოლოგიური კვლევების მნიშვნელობა ტურიზმში და ა.შ.

იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა თავისი გამოსვლა ასე დაიწყო:

„დილით ჩემ გვერდით იჯდა ქალბატონი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ტურიზმის ბიზნესშია ჩართული. როცა გაიგო, რომ სოციოლოგი ვარ, მკითხა – თქვენი აზრით, რატომ არიან ქართველები ასეთი ინერტულები, რატომ არ არიან აქტიურები, როგორც სოციოლოგი, როგორ ახსნით ამასო.

ფუნდამენტური მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ჩვენ დღემდე ვცხოვრობთ ავტორიტარული ცნობიერების ველში, ამ დისკურს აქვს სხვადასხვა მაჩვენებელი და ჩემთვის ამის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი მაჩვენებელი არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ არიან ჩართული ადამიანები, საზოგადოება. გადაწყვეტილებას იღებს მცირე ჯგუფი, ელიტა, რომელსაც არ აინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი.

აბსოლუტურად არ არის საჭირო ავტორიტარიზმი უკავშირდებოდეს საბჭოთა გამოცდილებას, არსებობს ძალიან საინტერესო ფენომენი, როგორიცაა ლიბერალური ავტორიტარიზმი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით და შესაძლოა ახლაც ვცხოვრობთ, როდესაც არსებობს წარმოდგენა, რომ უნდა იყოს საზღვარგარეთგანათლებამიღებულთა კასტა, რომელმაც უკეთ იცის, როგორ უნდა მოვიქცეთ. ეს არის ავტორიტარული ცნობიერება და თუ ჩვენ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ასეთ საზოგადოებას არ სჭირდება სოციოლოგია, სოციოლოგიური კვლევები.“

დალი ცატავა, საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტი საუბრობს თემაზე – გასტრონომია და ტურიზმი

ფესტივალზე ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო დარია ხოლოდილინა, თანაავტორი წიგნისა Vinologue Georgia, რომელმაც მედიის მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

დარიამ აღნიშნა, რომ უკვე 7 წელია საქართველოში ცხოვრობს, მანამდე გერმანიაში ცხოვრობდა, სადაც ქართველებს დაუმეგობრდა, 2013 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ აქ ცხოვრობს. იგი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში, ამჟამად კი კერძო ბიზნესშია. მან ისაუბრა, თუ რა მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტია უნიკალური კულტურა. მან აღნიშნა, რომ არ უყვარს ტურები, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე დღეში ადამიანებს მიზნად აქვთ, რაც შეიძლება ბევრი ადგილის მონახულება:

„როცა ათი ადგილი გაქვს სანახავი მოკლე ხანში, საბოლოოდ ჯამში ხარ დაღლილი და არ გინდა ცხოვრება… როცა მთელ კახეთს მოივლი ერთი დღის განმავლობაში, ეს არ არის ნაღდი საქართველო, ჩემი აზრით… მიდიხარ ღვინის ქარხანაში, გიდი დაღლილია: „გამარჯობა, ეს არის ბოთლი, ეს არის კასრი. მაღაზია აი, იქ არის, სხვათა შორის, დღეს ფასდაკლება გვაქვს“, – არ მინდა ეს ვაჩვენო ხალხს. ამის ნაცვლად გადავწყვიტე რაღაც განსაკუთრებული პროდუქტის შექმნა.  ჩინური მაგნიტები არ შედის ჩემს ფილოსოფიაში. მე ვთავაზობ ტურიზმს, როცა თავად არის ტურისტი ჩართული, როცა ღრმად ეცნობი ქვეყნის კულტურას. იგივე, რატომ გვაქვს ღვინის კულტურა, რატომ არის მარანი წმინდა ადგილი საქართველოში… ნელი ტურიზმი იმიტომ არის ჩემი ფილოსოფიის ერთ-ერთი ასპექტი, რომ ადამიანებმა უნდა ისიამოვნონ. ამიტომ, როცა მწერენ, რომ გვინდა კახეთი, ყაზბეგი და ბათუმი სამ-ოთხ დღეში, ვამბობ, რომ არასწორია, შემიძლია გავაკეთო, მაგრამ დიდი სიამოვნება არ გამოვა. თუ, რა თქმა უნდა, ვერტმფრენი არ გვაქვს ტურის ბიუჯეტში. ნელი ტემპი გვჭირდება კარგი გამოცდილებისთვის.

იგივე, საქართველო იყო აბრეშუმის გზის ნაწილი, მაგრამ სად არის აბრეშუმი ახლა საქართველოში? როგორ უნდა ნახოს ტურისტმა ეს? აბრეშუმის მუზეუმში დაიწყეს მასტერკლასების გაკეთება, რაც ძალიან მიხარია და ვაჩვენებთ ამას. იგივეა თიხასთან დაკავშირებით. ასევეა სიმღერა და ცეკვა. ჩვენ ვთავაზობთ მასტერკლასებს ჩვეულებრივ ხალხთან, სიმღერა და ცეკვა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ქართველი არ ვარ, არ მაქვს სისხლში ეს გენი, მაგრამ მინდა ვასწავლო ტურისტებს რამდენიმე მოძრაობა მაინც, იმიტომ, რომ ადამიანებს ეს მოსწონთ. იმედია, უფრო მეტი კომპანია აღმოჩნდება საქართველოს ბაზარზე, ვისაც მოუნდება ამის ჩვენება ტურისტებისთვის.

მასტურიზმი არ არის ჩვენთვის მისაღები, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს იმდენი ადგილი, რომ ჩამოვიდეს ხალხი ავტობუსებით სელფის გადასაღებად, ჩვენ ვიმსახურებთ სხვა კატეგორიის ტურისტებს და იმედია, წარმატებული ვიქნებით ამ სფეროში.“

ფესტივალის ფორუმზე გამოვიდა გიორგი კაპანაძე, „ბათუმი რივიერას“ დირექტორი, რომელმაც მდგრადი ტურიზმის განვითარებაში კერძო სექტორის როლზე ისაუბრა. საუბრისას იგი შეეხო ქალაქგანაშენიანების საკითხსაც და აღნიშნა, რომ ბიზნესს ბათუმში, ძირითადად, მხოლოდ მოკლევადიანი გეგმები აქვს, რისი ილუსტრაციაცაა K2 კოეფიციენტების შედეგად სიმაღლეში გაზრდილი ბათუმი. მისი აზრით, ამაში, პირველ რიგში, კანონმდებლობაა დამნაშავე, რომელიც ბიზნესმენს ამის საშუალებას აძლევს.

გიორგი კაპანაძეს დარბაზიდან რეპლიკებითა და შეკითხვებით შეახსენეს, რომ „ბათუმი რივიერას“ აშენება სწორედ ქალაქის ისტორიულ ადგილას იგეგმება. იგი შენიშვნებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ კომპანია „ბათუმი რივიერას“ შემთხვევაში არ ითხოვს K2 კოეფიციენტის გაზრდას.

ფორუმის მონაწილე იყო ბათუმში მდებარე კაფეების: „ვინილისა“ და K2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხუჯაძე, რომელმაც კრეატიულ სივრცეებზე ისაუბრა და თავისი გამოსვლა დაასრულა ამერიკელი ურბანისტის, მწერლისა და აქტივისტის ჯეინ ჯეიკობსის სიტყვებით: „ახალ იდეებს სჭირდება ძველი შენობები“.

ფესტივალის ფორუმზე ბოლო მომხსენებელი, სტარტაპერი გაგა ღვინიანიძე იყო, რომელიც პუბლიკის წინაშე ჩუსტებით გამოვიდა და საზოგადოებას ესაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გავიშინაუროთ ტურისტები ისე, რომ მათ სახლში, „ჩუსტებში“ იგრძნონ თავი. ამისათვის გოგამ პროექტი „შინაური“ შექმნა, რომელიც სხვა, ნაკლებად ტურისტულ და ნამდვილ ბათუმს აცნობს ტურისტებს.

გაგა ღვინიანიძე

ფესტივალი „ტურისტერი“ დაგეგმილზე ერთი საათით გვიან დასრულდა, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მხოლოდ ერთი წლით. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალში „ტურისტერი“ ბათუმში ისევ დაბრუნდება და ქალაქის ტრადიციული ფესტივალი გახდება.

„ტურიზმის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, „ტურისტერის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ პირველი „ტურისტერით“ კმაყოფილია:

„პოზიციები სახელმწიფო და ბიზნესსექტორის მხრიდან ასე საჯაროდ და ცხადად არ მქონდა მოსმენილი კანონმდებლობასთან, სეზონურობის პოლიტიკასთან და გარემოსა და ტურიზმის განვითარებასთან მიმართებაში. მეორე მხრივ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი ტკივილი სამზარეულოსთან მიმართებაში, რომ ყველგან ხინკალი, მწვადი და პიცა არ უნდა იყოს. აჭარას და, ზოგადად, ქართულ რეგიონებს აქვთ ქართული სამზარეულოს კარგად გამოყენების პოტენციალი – ამაზეც დავაფიქრეთ საზოგადოება. მესიჯები, რაც გვინდოდა მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის, მგონი გამოგვივიდა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: