მთავარი,სიახლეები

წყალქვეშ ნაპოვნი ძველი წელთაღრიცხვის გემის ნაწილების გამოფენა არქეოლოგიურ მუზეუმში

01.04.2019 • 2773
წყალქვეშ ნაპოვნი ძველი წელთაღრიცხვის გემის ნაწილების გამოფენა არქეოლოგიურ მუზეუმში

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი წყალქვეშ ნაპოვნი არტეფაქტების გამოფენისთვის ემზადება. ჩოლოქი-ნატანების აკვატორიაში შემთხვევით მოპოვებული ნივთები, რამდენიმე თვეში ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სპეციალურ სივრცეში გამოიფინება. ძირითადი მონაპოვარი ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული გემის ნაწილებია.

“ეს ერთი შეხედვით ხის ძელებია, მაგრამ რამდენიმე მათგანი იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვარჩიოთ გემის ნაწილები, მათ შორის არის გემის კიჩო. ეს გემის წინა ნაწილია, ტალღების დატვირთვა სწორედ მასზე მოდიოდა. ეს კიჩო შტორმისგან იცავდა გემს. ხშირად ასეთ ძველ გემებს გედის თავის ან რამე ფიგურული გამოსახულება ჰქონდა. ჩვენთან შენახულ გემის კიჩოზე ცხოველის სტილიზებული გამოსახულება შეინიშნება, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვამბობთ. მას ელინისტური ეპოქით ვათარიღებთ”, – ამბობს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოადგილე თამარ შალიკაძე. – “ეს არის ძირითადად ხის მასალა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მეთევზე ზექი ასილბიზიმ შემთხვევით იპოვა. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი წყალქვეშა არქეოლოგიურ ექსპედიციებს არ ეწევა, ეს არ არის არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები – ყველა მათგანი შემთხვევითი მონაპოვარია”.

კიდევ ერთი დეტალი წყალქვეშ ნაპოვნ არტეფაქტებში არის ანძა, იგი მთლიანად ხისგან არის გამოთლილი, ოთხკუთხა მოყვანილობისაა, ეს ანძა იდგმებოდა გემის ცენტრალურ ნაწილში.

კიდევ ერთი არტეფაქტია რუმპელი – ეს არის კავისებურად მოხრილი დეტალი. ფიქრობენ, რომ იგი  მოზრდილი სავაჭრო გემებზე საჭის მოვალეობას ასრულებდა. “ეს ერთგვარი ნიჩაბი იყო”, – ამბობს თამარ შალიკაძე. – “გარდა ამისა, გვაქვს ორკაპა, რაც გემის რკინის დეტალია, ნიჩბის ჩასადებად განკუთვნილი ნივთი”. სავარაუდოდ, ეს ყველა დეტალი, ერთი სავაჭრო გემის მასალაა, რაც არტეფაქტების ხის ფაქტურის მიხედვით დგინდება.

გარდა ამისა, მუზეუმის წყალქვეშა არტეფაქტების სივრცეში წარმოდგენილი იქნება მოზრდილი თიხის ჩაფი, ამფორა, რომელიც ძირითადად სატრანზიტო კერამიკაა. მას სწორედ  მსგავს სავაჭრო გემებში ალაგებდნენ და გადაჰქონდათ  სხვადასხვა პროდუქტი ერთი სანაპიროდან მეორეზე. ჩაფიცა და ამფორაც ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მეორე ნახევრით  უნდა იყოს დათარიღებული. მიიჩნევენ, რომ ეს გემიც ამ დროისთვის უნდა ჩაძირულიყო.

როგორც მუზეუმში განმარტავენ, ეს 2012-13 წლებში მოპოვებული ნივთებია.

წყალქვეშ ნაპოვნი არტეფაქტების საგამოფენო სივრცე გაფორმებულია კედლის ნახატით, რომელზეც ნაჩვენებია ორი ტიპის გემი, საბრძოლო და სწორედ ისეთი სავაჭრო გემი, რომლის წარმოდგენაც მუზეუმში გამოტანილი ფრაგმენტების სახით შეეძლება დამთვალიერებელს. დახატულ სავაჭრო გემში ამფორებიც არის ჩალაგებული.

გამოფენა რამდენიმე თვეში იქნება მზად. “მასალა მომზადდა ექსპოზიციისთვის, მზადაა სადგამები, საგანგებო ოთახი, კედლების მოხატულობა დასრულებულია, ახლა ანოტაციებზე, ქართულ და უცხოენოვან ტექსტებზე გრძელდება მუშაობა”, – ამბობს თამარ შალიკაძე.

 

 

გადაბეჭდვის წესი