ქობულეთში „ოცნების“ მთავრობა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. მშენებლობისთვის ქალაქ გორის ანალოგიური ცენტრის პროექტის კორექტირება იქნება საჭირო.
„მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს შემსყიდველის მირ მიწოდებულ ტიპიურ პროექტს და მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევების საფუძველზე მოამზადოს კორექტირებული, კონკრეტულ სამშენებლო ტერიტორიაზე მორგებული პროექტი“ – წერია ტენდერის საპროექტო დავალებაში.
ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 036 942 ლარია. საპროექტო ტერიტორიის ფართობი კი 3 ჰექტარზე მეტია და რეესტრის ამონაწერით ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.
საფეხბურთო ცენტრი, 300 ადგილიანი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონით, სოფელ ქვედა კვირიკესთან ახლოს, ავტობანიდან [ქობულეთის შემოვლითი გზიდან] 600 მეტრში უნდა ააშენონ.
ტექნიკურ დავალებაში „ტიპიურ პროექტად“ მოხსენიებული პროექტი ქალაქ გორისთვის არის მომზადებული. ტენდერში სწორედ გორის პროექტია ატვირთული.

მარცხნივ – საპროექტო ტერიტორია ქობულეთში, მარჯვნივ – ფოტო „ტიპიური პროექტიდან“, რომელიც ტენდერს ახლავს
„წინამდებარე შესყიდვა მოიცავს ქობულეთში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით [გასახდელები, სველი წერტილები, დაცვის ჯიხური და სხვა];
მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს შემსყიდველის მირ მიწოდებულ ტიპიურ პროექტს და მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევების საფუძველზე მოამზადოს კორექტირებული, კონკრეტულ სამშენებლო ტერიტორიაზე მორგებული პროექტი და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის უწყებასთან შეათანხმოს პროექტი და მოიპოვოს სამშენებლო ნებართვა. მიღებული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.
მიმწოდებელი ვალდებულია კვლევითი სამუშაოების ეტაპზე გამოვლენილი, მშენებლობისათვის შესაძლო შემაფერხებელი გარემოებები, დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს.
პროექტის კორექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილმდებარეობის კლიმატური პირობების და სეისმური ზონის შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციული და ენერგოეფექტურობის მიმართულებით; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საინჟინრო კომუნიკაციების ალტერნატიული გადაწყვეტები.“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.
ამ ყველაფრისთვის, ანუ პროექტის ქობულეთის საპროექტო ტერიტორიისთვის მოსარგებად კი ტენდერში გამარჯვებულს ვადა 1 თვე ექნება.
„მომსახურების გაწევის/სამუშაოების შესრულების საერთო ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვე, საიდანაც ტიპიური პროექტის კორექტირებისა და მოცემულ საპროექტო ტერიტორიაზე მიბმის პროექტის მომზადებისთვის განსაზღვრულია 1 თვე, სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია 8 თვე, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განსაზღვრულია 1 თვე“ – წერია ტენდერის პირობებში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 26 აგვისტოს დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.
ამავე თემაზე:
რას გეგმავს მთავრობა ბათუმის ბულვარში – 5.5 მილიონიანი ტენდერი ღარიბაშვილის განკარგულებით






