ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მორიგი ცვლილება შეიტანეს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია სკრინინგის პროცედურა – საჭიროებს თუ არა პროექტში ცვლილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს]. ამ პროექტში [ანაკლიაში საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია] ცვლილება ადრე ორჯერ შეიტანეს, თუმცა სააგენტომ გზშ-ს მომზადება არცერთხელ ჩათვალა საჭიროდ.
სახელმწიფო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს 2026 წლის 5 აგვისტოს მიმართა. „გთხოვთ, კანონმდებლობით დადგენილ უმოკლეს ვადაში, განიხილოთ წარმოდგენილი სკრინინგის განცხადება/ანგარიში და გვაცნობოთ თქვენი გადაწყვეტილება“ – მისწერა კომპანიამ სააგენტოს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით „დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარადგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112; eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს]
ეკონომიკის სამინისტრომ ერთი კვირის წინ გაავრცელა განცხადება, რომ „ანაკლიაში ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება და საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უკვე შემოსულია დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha, რომელიც დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხი არხის მოსაწყობად“.
- რა შეცვალეს პროექტში
სკრინინგის განცხადების მიხედვით გათვალისწინებულია გარკვეული ცვლილებების შეტანა როგორც ნავსადგურის განვითარების I ფაზის საზღვაო სამუშაოებში, ასევე სახმელეთო ტერიტორიაზე მშენებლობისთვის საჭირო დამხმარე დროებითი ინფრასტრუქტურის მობილიზაციის სამუშაოებში [სამშენებლო ბანაკი].
კერძოდ:
1. „საზღვაო ინფრასტრუქტურისა და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ოპტიმიზაცია [ჯამური მასშტაბების შემცირება]:
ამოსაღები ფსკერული მასალის ჯამური რაოდენობის კიდევ უფრო შემცირება ≈5,25 მლნ მ3-მდე და სრულად ზღვაში [წყალქვეშა კანიონში] განთავსება.
ფსკერული მასალის ჯამური რაოდენობის შემცირება თავის მხრივ გამოწვეულია საზღვაო ინფრასტრუქტურის [მისასვლელი არხი, მოსაბრუნებელი ადგილი, ტალღმტეხი] საერთო ფართობის ≈105 ჰა-მდე შემცირებით, ასევე ტალღმტეხის სიგრძის, მისასვლელი არხის პარამეტრების [სიგრძე და სიღრმე] და მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმის შემცირებით.
ამ შემცირებული ფონის გათვალისწინებით, ტალღმტეხის სიგრძის მცირედით, 6 მეტრით ზრდას საერთო მოცულობებზე არსებითი გავლენა არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ზრდა ეხება მხოლოდ წყალქვეშა საყრდენ ნაწილს, კონსტრუქციის მდგრადობის მიზნით. ზედა, ხილული ნაწილის ზომა იგივე რჩება.
2. დამხმარე სამშენებლო ინფრასტრუქტურის დამატება/მოწყობა/ოპტიმიზაცია:
პროექტის ტერიტორიაზე ნავმისადგომის ტიპის დროებითი პლატფორმის [Jetty] და სამშენებლო ტექნიკის სამრეცხაოს მოწყობა.
ბეტონის ქარხნისთვის მესამე სილოსისა და დანამატების 10-ტონიანი რეზერვუარების დამატება [შესაბამისი წვეთშემკრებებით].
სახელოსნოს, სახიფათო ნარჩენების საცავის მოწყობა, ინერტული მასალების საწყობის გადახურვა და ნავთობპროდუქტების საცავში დამატებითი 20-ტონიანი დიზელის რეზერვუარის განთავსება.“
სკრინინგის განცხადებაში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ირწმუნება, რომ „საქმიანობაში შეტანილი ცვლილება [ტალღმტეხის სიგრძის ზემოაღნიშნული უმნიშვნელო მატების მიუხედავად] არ ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოების საერთო ჯამური მასშტაბების ზრდას, ასათვისებელი ტერიტორიის შეცვლას ან ფართობულ გაზრდას, ნავსადგურის ძირითადი საპროექტო მახასიათებლების [წლიური გამტარუნარიანობის] ცვლილებას/გაზრდას, ან სხვა ისეთ საკითხებს, რომლებიც გარემოზე მომატებული ზემოქმედებებით ხასიათდება.
პირიქით, საზღვაო ნაწილში სამუშაო მოცულობების შემცირება და მშენებლობისთვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია [მაგ. ინერტული მასალების გადახურვა, დახურული სამრეცხაო და დანამატების რეზერვუარის წვეთშემკრებები] პირდაპირაა მიმართული გარემოზე ზემოქმედების რისკების პრევენციისა და მინიმიზაციისკენ“.

წყარო: სკრინინგის განცხადება
- რა ცვლილებები შეიტანეს ამ პროექტში 2024 და 2025 წელს
სკრინინგის განცხადების მიხედვით, 2024 წლის ცვლილებები შეეხებოდა:
- „სამშენებლო ბანაკის მოწყობას და მასთან დაკავშირებული ობიექტების ექსპლუატაციას;
- ტალღმტეხის მოწყობისთვის გათვალისწინებული სამშენებლო მასალით (ქვის ლოდები, ბეტონის კონსტრუქციები) ობიექტის მომარაგებას, რაც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობდა ბეტონის მზა კონსტრუქციების ადგილზე წარმოებას, ამ მასალების შემოტანის ნაცვლად;
- პორტის მობილიზაცია-მშენებლობის ფაზების თანმიმდევრობის აღწერა/დასაბუთებას, რაც ძირითადად გულისხმობდა მობილიზაციის ეტაპის ცალკე გამიჯვნას“.
2025 წლის ცვლილებები კი მოიცავდა:
- „საზღვაო და სახმელეთო სამუშაოების თანმიმდევრობის დაზუსტება-ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობდა საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის ცალკე გამოყოფას და დროში გადანაწილებას;
- ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ოპტიმიზაციას, კერძოდ ამოღებული ფსკერული მასალის რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას (ჯამურად ≈7.5 მლნ მ3-მდე) და მათი მართვის მეთოდების დაზუსტებას (წყალქვეშა კანიონში განთავსება თვითმცლელი მიწახაპიას გამოყენებით).
- საზღვაო ინფრასტრუქტურის პარამეტრების დაზუსტებას: ტალღმტეხის სიგრძისა და მოსაბრუნებელი აუზის რადიუსის მცირედით შემცირებასა და კოორდინატების დაზუსტებას.“
ამ თემაზე ვრცლად: რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება
ეს ცვლილებები, როგორც აღვნიშნეთ, სააგენტოს გადაწყვეტილებით არ დაექვემდებარა გზშ-ს პროცედურას.

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სქემა / წყარო: სკრინინგის განცხადება
სკრინინგის 2026 წლის განაცხადის მიხედვით, „პროექტის განვითარების I ფაზაზე აშენდება პორტი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 8 მლნ ტონა საკონტეინერო ტვირთს, ანუ დაახლოებით 790 000 TEU [ოცი ფუტის ექვივალენტის კონტეინერს] მოემსახურება.
პირველ ფაზაზე უზრუნველყოფილი იქნება საპორტო ინფრასტრუქტურა და შენობა-ნაგებობები, რომლებიც მოემსახურება 10 600 TEU ტვირთამწეობის საკონტეინერო გემებს. პირველი ფაზის დასრულების შემდგომ ნავსადგურის განვითარების პროექტისთვის განხორციელდება შემდგომი ფაზები, რომლებიც უზრუნველყოფს საკონტეინერო ტვირთების გაზრდილი ნაკადებისა და ასევე მშრალი ნაყარი და თხევადი ტვირთების გატარებას.
საბოლოო ეტაპზე ნავსადგურის გამტარუნარიანობა 100 მლნ ტონა/წელ ტვირთბრუნვას ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელების ადგილია ანაკლია, რომელიც მდებარეობს საქართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შავი ზღვის სანაპიროზე. ნავსადგური აშენდება საინვესტიციო ტერიტორიაზე, რაც მოიცავს დაახლოებით 339 ჰა სახმელეთო ტერიტორიას და დაახლოებით 225 ჰა სანაპირო წყლებს. I ფაზაზე გამოყენებული იქნება საინვესტიციო ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული დაახლოებით 130 ჰა მიწა და მიწის მცირე ნაკვეთი მის სამხრეთ ნაწილში“.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველი პროექტი, რომელსაც შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ [Anaklia Development Consortium – ADC] ახორციელებდა, რამდენიმეწლიანი დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში ოფიციალურად ჩაიშალა.
2026 წლის 6 ივლისს „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Land lord-ის მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.
ამ თემაზე ვრცლად:
ანაკლიაში ზღვის ფსკერის დასაღრმავებლად დამაღრმავებელი გემი შევიდა – სამინისტრო
მთავარი ფოტო: ანაკლიის პორტის მშენებლობა / ფოტო: Anaklia Sea Port






