მთავარი,სიახლეები

„პოლიციელების თვალწინ გამომასახლეს უკანონოდ“ – შშმ ქალი ბათუმიდან

06.08.2026
„პოლიციელების თვალწინ გამომასახლეს უკანონოდ“ – შშმ ქალი ბათუმიდან

„ბინიდან გამომიყარეს ჩემი ნივთები და კარს ბოქლომი დაადეს. სადაა სამართალი? პოლიცია მეუბნება, უკან თუ შეხვალ, დაგაკავებთო, ღია ცის ქვეშ დავრჩი მარტო“ – ამბობს მოქალაქე გულნაზ ფერაძე. ის შშმ ქალია, სოციალურად დაუცველი და ბოლო წელიწადნახევარია ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარაკულ ნაგებობაში ცხოვრობს.

პირი, რომელიც ამბობს, რომ ბარაკის მესაკუთრეა, შშმ ქალის ბინაში შეიჭრა და იქედან მფლობელის ნივთები გამოყარა იმ არგუმენტით, რომ გულნაზ ფერაძე ქირის თანხას აღარ იხდის. გულნაზ ფერაძე კი ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო 1 თვის თანხა – 300 ლარი არ გადაუხდია, რადგან შეთანხმების მიხედვით, მესაკუთრეს იატაკი უნდა გაეკეთებინა, რადგან ბარაკში ვირთხები და მორიელებიაო – ამბობს გულნაზი.

გამოსახლებას, კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისი სააღსრულებო პროცესი სჭირდება.

დღეს, 6 აგვისტოს შშმ ქალი ბარაკიდან ისე გამოასახლეს, რომ არც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდა და ადგილზე არც აღმასრულებელი გამოჩენილა.

მეტიც, გამოსახლება პოლიციელების თვალწინ ხდებოდა, რომლებსაც თვითნებობაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

იურისტი რამინ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობასთან გვაქვს და გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართა.

ბარაკში შშმ ქალის მძიმე ცხოვრების შესახებ „ბათუმელები“ 2026 წლის ივნისში წერდა. მაშინ ქალი ამბობდა, რომ ბინა, რომელიც მისი საკუთრება იყო, ყოფილმა ქმარმა თაღლითური გზით მიითვისა და შემდეგ გაყიდა, ამიტომაც, უსახლკაროა. თაღლითობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას შსს ამ დრომდე არ იძიებს. გულნაზ ფერაძე ამბობს, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლიც იყო. მისი ყოფილი ქმარი სასამართლოს გირაოთი ჰყავს გათავისუფლებული და საქმის განხილვა წლებია გრძელდება.

„მას შემდეგ, რაც ბინა დავკარგე, ქირით ვცხოვრობ… დღეს დილით ძაღლების გასეირნება გადავწყვიტე, გამოვკეტე ბარაკი ბოქლომით და წავედი, რომ მოვედი, კარი უკვე გატეხილი იყო და მესაკუთრე ჩემს ნივთებს გარეთ ყრიდა,“ – უყვება „ბათუმელებს“ გულნაზ ფერაძე, – „პოლიციელებმა არაფერი არ შეაჩერეს, პირიქით, მე გადამიყვანეს პოლიციის მე-4 განყოფილებაში და მითხრეს, კარებზე ახალი ბოქლომი დაგვხდება, იქ თუ მაინც შეხვალთ, დაგაკავებთო… ეს მითხრა ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილემ.

რადგან ბინაში იყო ვირთხები და მორიელები, რამდენიმე თვის წინ მესაკუთრეს შევუთანხმდი რემონტზე… რადგან რემონტი არ გააკეთა, ამიტომ არ გადავიხადე წინა თვის ფული… შემდეგ მომივარდნენ და მესაკუთრის შვილმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენა. არც ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ.

ბათუმის მერია მიხდის ქირის თანხას – 400 ლარს, მაგრამ ამ ფულით სად უნდა ვიქირაო ბინა ბათუმში, მით უმეტეს, შუა ზღვის სეზონზე, აგვისტოში?!

გარდა ამისა, გამოსახლების დროს, ჩემი ნივთები დაზიანდა… ბინაშია ჩემი მაცივარი, გაზქურა, მდივანი. კარს ბოქლომი ადევს. არავინ არსად წასასვლელს არ მთავაზობს,“ – გვითხრა გულნაზ ფერაძემ.

გულნაზ ფერაძე

„პოლიციელებმა ხელი შეუწყვეს თვითნებობას, ნაცვლად იმისა, რომ ეს ძალადობა და თვითნებური, უკანონო გამოსახლება შეეჩერებინათ,“ – ამბობს ადვოკატი რამინ მაჭარაშვილი, ის გულნაზ ფერაძის ინტერესებს იცავს.

რამინ მაჭარაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბარაკული ტიპის შენობები კანონიერად დარეგისტრირებული არავის აქვს და ის, ვინც ამბობს, რომ ბარაკის მესაკუთრეა, მესაკუთრედ დაფიქსირებული არ არის.

„კანონიერი მესაკუთრე რომც იყოს, მას არ აქვს უფლება,ამ ფორმით მფლობელი, ანუ ვინც ბინა დაიქირავა, გამოასახლოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ პოლიციას არც უცდია ამის გარკვევა – მიმართა ვიღაც მოქალაქემ, თქვა, მე ვარ მესაკუთრეო და პოლიციამ ნება დართო, თვითნებურად, უკანონოდ, ძალადობრივად ემოქმედა პოოლიციელების თვალწინ, როცა ყველამ იცის, რომ გამოსახლებას სჭირდება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება,“ – ამბობს ადვოკატი რამინ მაჭარაშვილი. იგი გულნაზ ფერაძის პოლიციაში გამოკითხვის პროცესსაც ესწრებოდა.

„პოლიციელებს ოთხჯერ დავახევინე გამოკითხვის ოქმი – არაფრით არ წერდნენ იმას, რომ ძალადობით მოხდა გამოსახლება, რომ ბოქლომდადებული კარი გატეხეს და ისე შევიდნენ ბინაში, ეს არის სისხლის სამართლის შემადგენლობა სწორედ – ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა [სსკ-ის 160-ე მუხლი].

პოლიცია სინამდვილეში ვერ დაადგენს საკუთრება ვისია, ამიტომ მას თვითნებობა და ძალადობა უნდა აღეკვეთა და შემდეგ სასამართლოს უნდა გაერკვია, ვის რა ეკუთვნის.

ბოლოს ვყვიროდი პოლიციის განყოფილებაში, ისე მესაუბრებოდნენ. კანონის ენით მელაპარაკებითო? – პოლიციელი მეუბნება ამას. მფლობელის ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ თუ გსმენიათ-მეთქი ვეკითხებოდი, მით უფრო მაშინ, როცა ქირავნობის ხელშეკრულება მოშლილი არ არის.

კანონიერი მესაკუთრე ამ მისამართზე რომ არ ჩანს, რეესტრის ამონაწერებით მივედი შემდეგ ისევ პოლიციის იმავე განყოფილებაში. წამოდით და შემასახლებინეთ ახლა უკან ის ქალი-მეთქი, პოლიციელებს ვუთხარი. მითხრეს, უფროსობა ადგილზე არ არის, რას ამბობ, მესაკუთრე ის ქალი არ იყო, ვინც ჩვენ მოგვმართაო?“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

დაიწყო თუ არა გამოძიება? – შსს-ს პრესცენტრმა „ბათუმელებს“ შშმ ქალის თვითნებურად გამოსახლებაზე არ გვიპასუხა.

რას სთავაზობს ბათუმის მერია შშმ ქალს, რომელიც თვითნებურად გამოსახლეს? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიასაც

„გულნაზ ფერაძეს ერთჯერად მატერიალურ დახმარებაზე აქვს დაწერილი განაცხადი, კომისია ხვალ შეიკრიბება და დავეხმარებით 500 ლარის ოდენობით, 400 ლარს იღებს ყოველთვიურად, როგორც ძალადობის მსხვერპლი,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: