რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 8 აგვისტოს, ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს. რუსეთის საგარეო ომის დაწყების ინიციატორად კვლავ სააკაშვილის მთავრობას მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ 2008 წელს „რუსეთი იძულებული გახდა გადაღობებოდა აგრესორს“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მოუწოდებს ყველას [ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს], განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ „პრიორიტეტული ამოცანის გადაჭრას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ მხრივ ელის პრაქტიკული ძალისხმევის სწრაფად დაწყებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებასა და ხელმოწერაზე ერთი მხრივ – თბილისსა და მეორე მხრივ – სოხუმსა და ცხინვალს შორის.
„ასეთი იურიდიული ვალდებულებების აღება 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორებისგან საიმედო გარანტიაა. სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა გახდეს ქართულ-სამხრეთ ოსური და ქართულ-აფხაზური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით.
ეს ამოცანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დასავლეთის, კიევში ნაცისტური რეჟიმისა და ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობების ფონზე, ჩაითრიონ თბილისი ახალ სისხლიან ავანტიურებში სამხრეთ კავკასიაში“ – წერს რუსეთის საგარეო.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მზადაა „მხარეებს შორის მოალაპარაკების პროცესს“ ხელი შეუწყოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე საუბრობს. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისის მხრიდან ითხოვს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებას, როგორც შერიგების რიტორიკის პრაქტიკულ განხორციელებას.ბოლო ასეთი განცხადება რუსეთის საგარეომ 2026 წლის ივლისშიც გაავრცელა.
ამავე თემაზე:
რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის საფრთხე? – ინტერვიუ






