მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ წევრი რუსულ კანონზე – „ცალსახად ვეწინააღმდეგები გატანას და მიღებას“

26.04.2024 • 4357
„ოცნების“ წევრი რუსულ კანონზე – „ცალსახად ვეწინააღმდეგები გატანას და მიღებას“

თელავის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონს უკვე საჯაროდ ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ამ კანონს უკან არ გაიწვევს, ის პარტიასაც დატოვებს და თანამდებობასაც.

ლევან ბერძენაშვილის განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს 26 აპრილს გავრცელდა.

„მინდა პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას.

ვინაიდან, თეთრი სახლი, ევროკავშირი, მოგვიწოდებს, 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება.

ამიტომ, მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, რომ ეს კანონი გაითხოვოს უკან. და თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტიას „ქართულ ოცნებას“, დავტოვებ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ და დავტოვებ თანამდებობას, ამას გპირდებით.

უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, ნუ დაარღვევენ საქართველოს კონსტიტუციას, ნუ წახვალთ ანტიკონსტიტუციური გზით და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას. გთხოვთ, რომ ეს კანონი უკან გაიწვიოთ“, – განაცხადა ლევან ბერძენაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.

  • რა ხდება?
  • მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

    კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

    საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

    მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

     

    გადაბეჭდვის წესი


    ასევე: