მთავარი,სიახლეები

„მოგვიწევს ბრძოლა, სანამ არ დასრულდება რუსული მმართველობა“ – ბათუმელი აქტივისტი

26.04.2024 • 4283
„მოგვიწევს ბრძოლა, სანამ არ დასრულდება რუსული მმართველობა“ – ბათუმელი აქტივისტი

„რუსული კანონი, თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელიც დღემდე წვალებით მოვიტანეთ და ასევე დიდი წვალებით ვცდილობთ, ბოლომდე მივიტანოთ ევროპის კარამდე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მექნება ჯანსაღი დამოკიდებულება ისეთი კანონის მიმართ, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩემი ქვეყნის ევროპულ მომავალს“ – ამბობს მარიამ ჯვართავა, სამოქალაქო აქტივისტი ბათუმიდან.

მარიამმა გვითხრა, რომ შვებულება აიღო, რომ თბილისში, საპროტესტო აქციებზე ჩასულიყო. მან „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა მოსაზრება, თუ რატომ ეწინააღმდეგება რუსულ კანონს:

„ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ დაემშვიდობება დიდ ევროპულ ოჯახს და მის სიკეთეებს.

მე პირადად წლების მანძილზე ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მქონია შეხება და მათი სიკეთეები საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ვარ ძალადობის მსხვერპლი ქალი და სწორედ ამ ორგანიზაციების ტრენინგების დახმარებით მივხვდი, თუ როგორ უნდა დავიცვა თავი, თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება.

ვიღებდი ინფორმაციას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სკოლებში არ ისწავლება და ხშირ შემთხვევებში, ოჯახისგანაც ვერ იღებ ამ ინფორმაციას.

არსებობს უამრავი პროექტი, რომელიც ეხმარება შშმ პირებს, ონკოპაციენტებს, უმცირესობაში მყოფ ადამიანებს და სხვებს ცნობიერების ამაღლებაში, შესაბამისად, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, უამრავ სერვისზე იქნება ხელმიუწვდომლობა და ბოლოს გავხდებით ისეთივე სახელმწიფო, როგორც არის ჩვენი მეზობელი რუსეთი.

ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მათ ხელი შეეშლებათ საქმიანობაში და იმ პროექტების და დაფინანსებების განხორციელებაში, რასაც წლებია უკვე დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

დიდი ხანია უკვე ვიცით, რომ ახლანდელი მთავრობა და მათი ლიდერი გამოირჩევა განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობით რუსეთთან, შესაბამისად მათი ერთობლივი მიზანია, საქართველო ისევ დაბრუნდეს რუსეთის „დიდ ოჯახში“ და დავკარგოთ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს წოდება.

სანამ ჩვენს ქვეყანაში არ დასრულდება რუსული მმართველობა, მანამდე მოგვიწევს ჩვენ ბრძოლა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ არ დავიღლებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ეს კანონი, რა თქმა უნდა, გამიზნული ქმედებაა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნის შეფერხების. ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? ჯერ იყო შარშანდელი მცდელობა გაეტანათ ეს კანონი და ისევ ჩვენი, ხალხის ძალისხმევით მოხდა კანონის უკან გაწვევა. წელს ისევ შემოაბრუნეს.

ადამიანი, რომელიც სულით და ბუნებით არის მონა, ვერასოდეს შეიგრძნობს თავისუფლების გემოს და ვერასოდეს გამოვა კომფორტის ზონიდან. მისთვის მცირედიც კი საკმარისია. მთავარია ულუკმაპუროდ არ დარჩეს, თორემ საკუთარ ქვეყანას დაუფიქრებლად გაყიდის ორი კაპიკის გულისთვის.

ევროპა ყოველთვის იყო ჩვენი მიზანი.

ჯერ კიდევ როდის თქვა ზურაბ ჟვანიამ „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“. ჩვენ გვყავდა უდიდესი ილია და აკაკი, რომელთა სიტყვებით აქციების პოსტერები გადაჭრელებული იყო. ჩვენ სულით ევროპელები ვართ და არასოდეს შევეგუებით რუსობას.

თუ გაქრება კრიტიკული მედია, გაქრება სიტყვის თავისუფლება და გავხდებით ჩრდილოეთ კორეა, ან თუნდაც რუსეთი, სადაც მიზანმიმართულად ხდება ტვინის გამორეცხვა და ხალხის დაჯერება, რომ თითქოს ევროპა და ამერიკა „ხიხიაა“ და ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ქვეყანას უნარჩუნებს სტაბილურობას და სიმყარეს.

გაქრება ყველა ის დახმარება, რასაც ვიღებთ სხვადასხვა სეგმენტის ადამიანები: შშმ პირები, ონკოპაციენტები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, ლგბტ ადამიანები და სხვა. ჩვენთვის გაქრება ყველანაირი შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას ვრეალიზდეთ, როგორც ადამიანები და გარკვეული ადგილი დავიმკვიდროთ საზოგადოებაში.

სამსახურში ავიღე შვებულება და ერთი კვირით წავედი თბილისში, აქციებზე. ეს იყო მყისიერი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმშიც იმართებოდა მშვიდობიანი მსვლელობა, მე მინდოდა ჩემს ბევრ მეგობართან ერთად დამეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია იმ ადგილიდან, სადაც 35 წლის წინ იდგა დეიდაჩემი, ჩემი ბევრი ნათესავი ჩემს ასაკში და ზუსტად იგივე ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი, რომელშიც ახლა ჩვენი თაობა ვართ.

გული მწყდება, რომ ასეთი ისტორია მეორდება და ისევ იმ მტერთან გვიწევს ბრძოლა, ასევე მინდოდა, ჩემი პოსტერით მიმეწვდინა ხმა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რა ხდება და ჯერ კიდევ სვამს კითხვას – „რა არის ეს რუსული კანონი?“

მარიამ ჯვართავა

აქციაზე დგომა ახლა ნიშნავს იმას, რომ შენთვის სულერთი არ არის ქვეყნის მომავალი, რომ შენ მზად ხარ აჩვენო მთავრობას და შენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ შენი სიტყვა არის თავისუფალი, შენი ქმედებები არის თავისუფალი და შენ ხარ თავისუფალი. რომ შენთვის არ არის სულერთი 9 აპრილს საკუთარი ქვეყნისთვის დაღუპული გმირები.

ჩვენ გმირთა მოედანზე პატივი მივაგეთ დაღუპულთა სულებს და დავიფიცეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ დავნებდებით და არ შევშინდებით. ჩვენ ყველანი იქ ვიდექით საკუთარი ქვეყნისთვის და იმის დასანახად, რომ არასოდეს შევეგუებით რუსეთს და მის მმართველობას, რადგან ჩვენი თაობა დაიბადა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში. არა რუსულ კანონს !” – ამბობს მარიამ ჯვართავა.

მარიამი აქციაზე

  • რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: