სიახლეები

ბათუმში შსს-ს სააგენტოს ინსპექტორი იძულების ფაქტზე ამხილეს – საგამოძიებო

26.04.2024 • 3747
ბათუმში შსს-ს სააგენტოს ინსპექტორი იძულების ფაქტზე ამხილეს – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული.

ბრალდებულმა დაზარალებული მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა.

ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა“ – იუწყება საგამოძიებო სამსახური.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოიპოვა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. კერძოდ, გამოკითხული იქნა დაზარალებული და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდის კერძო ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები და ა.შ.

სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა. დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: