„აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს 29 აპრილს თბილისში გამართულ მიტინგზე წამსვლელთა ტრანსპორტირებას. მსურველები ჩაეწერეთ ინდირა ლაზიშვილთან,“ – ეს განცხადება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სამივე სართულზე, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დღეს, 26 აპრილს იყო გამოკრული.
სამუსიკო სასწავლებელში მისულ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განცხადება დირექციამ გამოაკრა.
„ჩვენ პედაგოგები [მიგვყავს]. თუ მშობელი ხართ და თბილისში გინდათ წასვლა „ოცნების“ ოფისში მიდით და იქიდან წაგიყვანენ,“ – უთხრეს სამუსიკო სასწავლებელში მისულ „ბათუმელებს“.
რატომ გასცა განათლების სამინისტრომ მსგავსი დავალება და რა ფინანსებით უზრუნველყოფს მასწავლებლების თბილისში ტრანსპორტირებას? – ამ კითხვებით მიმართა „ბათუმელებმა“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.
„მსგავსი დავალება, რომ სკოლაში, კონსერვატორიაში განთავსდეს, არ გამიცია არც მე და არც სამინისტროს სახელით არავის არ გაუცია. თუმცა, რატომ გაჩნდა ეს წარწერა მე ამას აუცილებლად გავარკვევ“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა სამუსიკო სკოლის დირექტორს, ნინო ჩაიძეს. მან დაადასტურა, რომ განცხადება ნამდვილად იყო გამოკრული, თუმცა თქვა, რომ უკვე გამოცვალა.
„იცით რა, შეცდომა არის დაბეჭდვაში გაპარული. ჩვენ გამოვცვალეთ. არასწორად იყო და შეცვლილია ტექსტი უკვე. არასწორად ჩავწერეთ სამინისტრო, გადმოჰყვა ტექსტს. ჩვენ არავის არსად წაყვანას არ ვაპირებთ. არაპოლიტიკური სასწავლო დაწესებულება ვართ. თუკი ექნებოდა ვინმეს სურვილი [აქციაზე წასვლის] სკოლის დირექცია რომ ყოფილიყო საქმის კურსში,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ნინო ჩაიძე.
ნინო ჩაიძეს ვკითხეთ, სხვა რომელიმე პარტიას რომ ეთხოვა მსგავსი განცხადების გამოქვეყნება სასკოლო დაწესებულებაში, თუ დასთანხმდებოდა.
ამ კითხვის პასუხად დირექტორმა გვითხრა: „ახლა თქვენ რა კითხვებს მისვამთ. ჩვენ ვართ სამუსიკო სკოლა, ნუ გავიწყდებათ, თქვენ არ ესაუბრებით რაღაცა ისეთ დაწესებულებას, სადაც ეგეთი კითხვებით მომმართავთ. თქვენი კითხვები სხვა შინაარსის უნდა იყოს. ძალიან გთხოვთ შინაარსი გააკონტროლეთ და ისე გამესაუბრეთ“.
აჭარის განათლების მინისტრს ვკითხეთ, აპირებს თუ არა სამართლებრივ რეაგირებას, სამუსიკო სკოლაში გამოკრულ განცხადებაზე.
„დიახ, დავბრუნდები და გავარკვევ საკითხს,“ – გვითხრა მაია ხაჯიშვილმა.
ნახეთ სტატია როგორ უნდა მოიქცეს საჯარო მოხელე ან მასწავლებელი, თუ მას აქციაში მონაწილეობას აიძულებენ