სიახლეები

ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი – ბსუ-ს სტუდენტი რუსულ კანონზე

26.04.2024
ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი – ბსუ-ს სტუდენტი რუსულ კანონზე

„ჩემთვის რუსეთი აღიქმება როგორც მტერი და, შესაბამისად, სწორად არ მიმაჩნია ამ კანონის შემოღება ჩვენს ქვეყანაში“ – ამბობს გივიკო ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 18 წლის სტუდენტი. გივიკო ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსზე სწავლობს.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონის შემოღებამ, არის ის, რომ ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი. რაც შეეხება მთავრობას, ჩემი აზრით, ისინი ქვეყანაზე კი არა, უფრო საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ.

სავარაუდოდ, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გამიზნულ შეფერხებას უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის დაბრუნება“, – ამბობს სტუდენტი.

სტუდენტი მიიჩნევს, რომ კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობა საქართველოში შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის სტუდენტების განვითარებასაც.

„სტუდენტები ვეღარ ვისარგებლებთ გაცვლითი პროგრამებით“, – ამბობს გივიკო.

  • რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: