ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში აშენებულ სოციალურ სახლს ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს.
ამისთვის მერია 2 თვით „დაცვას“ დაიქირავებს და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს 39 600 ლარს გადაუხდის უტენდეროდ.
სოფელ ერგეში 11-სართულიანი სახლის მშენებლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„დაცვა“-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას სოფელ ერგეში მდებარე სოციალური სახლის ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აგრეთვე „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, არ უნდა დაუშვას დასაცავ ობიექტებზე უცხო პირების შესვლა.
სოფელ ერგეში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა, სოციალურ სახლში განთავსებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღნიშნული ობიექტი მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვანი დანიშნულების ობიექტს…
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ბინის აბონენტად რეგისტრაცია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-სა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ში.
გადახდილია სამუშაოების ღირებულება… კომპანიებს სამუშაოების ჩასატარებლად ჯერ კიდევ აქვთ ვადები, აქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დასაცავ ობიექტებზე უცხო პირების შესვლა და თვითნებურად დაკავება, მიზანშეწონილია ობიექტის დაცვა,“ – წერს ხელვაჩაურის მერია შესყიდვების სააგენტოს.
ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, „შესყიდვის ღირებულება შეადგენს 39 600 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რომელიც განისაზღვრა დაცვის მომსახურებაზე აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსგან დასაცავ ობიექტზე წარმოდგენილი დაცვის თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების საფუძველზე.“
- ერგეში სოციალური სახლის მშენებლობაზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ 2023 წლის დეკემბერში გამოაცხადა 15 361 359 ლარით.
ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „ფორუმ კონტრაქტს ლიმიტედის საქართველოს ფილიალი“ მონაწილეობდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2024 წლის თებერვალში გაფორმდა 15 361 231 ლარზე.
ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილება.
შესყიდვების პორტალის მიხედვით ხელშეკრულების თანხამ საბოლოოდ 14 603 081 ლარი შეადგინა, კომპანიაზე კი, 2026 წლის ივლისის ჩათვლით, მთლიანობაში 14 588 559 ლარია გადახდილი.
ამ თემაზე:
სოციალური სახლის დასაცავად მდინარეში 143 მეტრი სიგრძის კედელს ააშენებენ






