არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევით, ბრიტანული სანქციების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, როგორც „იმედის“, ისე „პოსტვის“ სარეკლამო შემოსავლები.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ორი პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზია – „იმედი“ და „პოსტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დაასანქცირა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართლ მხარეებად გამოაცხადა და ფინანსური შეზღუდვების მეშვეობით, მათი ამგვარი საქმიანობის შეჩერება განიზრახა.
რას გულისხმობს ბრიტანული სანქციები?
როგორც გამჭვირვალობა-საქართველო წერს, ბრიტანული სანქციების მოქმედების არეალი მისი იურისდიქციის საზღვრებს სცილდება და კონკრეტული შეზღუდვები და აკრძალვები მის ფარგლებს მიღმაც წესდება. „ეს იმას ნიშნავს, რომ მეორადი სანქციების რისკის წინაშე დგება ყველა ის კომპანია თუ ბიზნესმენი, რომლებიც სანქცირებულ ტელევიზიებთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას განაგრძობენ და მათ რაიმე ფორმით სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარებიან, მათ შორის, შემოვლითი გზით, მაგალითად – ე.წ. შუამავალი კომპანიების გავლით სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის განთავსებით, ან/და მათთვის სხვა რაიმე ფორმის მომსახურების მიწოდებით, თუნდაც არამატერიალური სახით. სანქციების შესრულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება“.
სანქცირებული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი
„გამჭვირვალობის“ კვლევით, კომუნიკაციების კომისიის მიერ 18 ნოემბერს მაუწყებლების მიერ 2026 წლის III კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, როგორც „იმედის“, ისე „პოსტვის“ სარეკლამო შემოსავლები.
მაგალითად, თუკი 2026 წლის I კვარტალში, „იმედმა“ 10.81 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, III კვარტალში მისი რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 2.95 მლნ ლარამდე (72.7%-ით) შემცირდა. საანგარიშო პერიოდში, 1.97 მლნ ლარიდან 967,909.76 ლარამდე (50.8%-ით) შემცირდა „პოსტვის“ სარეკლამო შემოსავალიც“.
სანქციების ეფექტი
გამჭვირვალობის შეფასებით, ბრიტანული სანქციების პირველი ეფექტი მათი დაწესებიდან მალავე გამოჩნდა. 2026 წლის II კვარტლის დასაწყისში, ამ მიზეზით პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვზე“ საკუთარი პროდუქციის რეკლამირება შეაჩერეს ისეთმა საერთაშორისო გიგანტებმა, როგორებიცაა – Nestle და Procter & Gamble.
„ხელშეკრულებების გადახედვის პროცესში არიან სხვა საერთაშორისო კომპანიებიც. კიდევ უფრო ადრე, 27 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის BBC-ის BBC Studios-მა „იმედს“ გასართობი პროგრამის, ცეკვავენ ვარსკვლავების ლიცენზია შეუწყვიტა. თუმცა, პროპაგანდისტული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები აჩვენებს, რომ „იმედსა“ და „პოსტვზე“ რეკლამის განთავსებას ჯერ კიდევ არაერთი კომპანია განაგრძობს.
ამდენად, წინამდებარე ბლოგის მიზანია საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თუ რა სქემით ხდება ტელევიზიებში რეკლამის განთავსება და რა შემოვლითი გზებით განაგრძობენ სანქცირებული ტელევიზიები სარეკლამო შემოსავლების მიღებას“-წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.
როგორ მუშაობს სარეკლამო ბაზარი და რა სქემით თანამშრომლობენ რეკლამის დამკვეთები ტელევიზიებთან?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოარკვია, რომ კომპანია, რომელსაც საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით რეკლამირება სურს, სულაც რომ იცოდეს რომელ ტელევიზიაში უნდა რეკლამის წაღება, როგორც წესი, ქირაობს ე.წ. შუამავალ სარეკლამო კომპანიას, რომელიც მას ტელევიზიაში რეკლამის განთავსებაში ეხმარება და ამისთვის მთლიანი წლის სტრატეგიას უგეგმავს.
„მას შემდეგ, რაც პროდუქციის რეკლამირებისთვის სასურველი ტელევიზია ან ტელევიზიები შეარჩევა, სარეკლამო სააგენტო მოლაპარაკებას უკვე კონკრეტული ტელევიზიების ე.წ. რეკლამის „გაყიდვების სახლებთან“ იწყებს.
„გაყიდვების სახლები“, ტელევიზიების სარეკლამო დროის გაყიდვას ემსახურებიან და რეკლამის დამკვეთსა და, ფაქტობრივად, ტელევიზიას შორის კიდევ ერთი შუამავალი რგოლის ფუნქციას ასრულებენ. რიგ შემთხვევებში, ისინი ერთი ქოლგის ქვეშ რამდენიმე ტელევიზიასაც აერთიანებენ. სწორედ ასეა პროსამთავრობო ტელევიზიების შემთხვევაში. საერთო ჯამში, ტელევიზიაში რეკლამის განთავსების სქემა ასეთია:
იდენტურია რეკლამის დამკვეთსა და საბოლოო მიმღებს შორის ფინანსური ანგარიშსწორების სქემაც. ანუ, როგორც წესი, ტელეკომპანიასა და რეკლამის უშუალო დამკვეთს შორის ოფიციალური კომუნიკაცია საერთოდ არ ხდება. პროცესის ორგანიზებასა და ფორმალური საკითხების მოგვარებას სწორედ შუამავალი კომპანიები უზრუნველყოფენ. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, რეკლამის დამკვეთი, სრულად ფლობს ან უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და რა პირობებით განთავსდება მისი რეკლამა. “
აღსანიშნავია სარეკლამო სააგენტოებსა და ე.წ. „გაყიდვების სახლებს“ შორის არსებული ურთიერთობის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც. კერძოდ, პროსამთავრობო ტელევიზიების სარეკლამო დროის გაყიდვაზე ორიენტირებული „გაყიდვების სახლი“ სარეკლამო სააგენტოებს მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეკლამის დამკვეთებს დაარწმუნებენ, სარეკლამო დრო სრულად ამ კომპანიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ტელევიზიებში შეიძინონ. მსგავსი პრაქტიკა, შესაძლოა, სარეკლამო ბაზრის მონაწილეთა ნაწილისთვის კონკურენციის უთანასწორო პირობებს ქმნიდეს და კრიტიკულ მაუწყებლებს სარეკლამო შემოსავლების მოზიდვას მნიშვნელოვნად ურთულებდეს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ზოგიერთი კომპანია „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობის გამოხატვისა და შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, კრიტიკულ ტელევიზიებში რეკლამის განთავსებისგან თავადვე იკავებს თავს.
გარდა ამისა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც რეკლამის დამკვეთი ტელევიზიასთან კონტაქტზე პირდაპირ, შუამავალი კომპანიების გარეშე გადის (მაგალითად, გადაცემაში ე.წ. „Product Placement“-ის იგივე „პროდუქტის განთავსების“ მომსახურებას შეყიდვა)“.
რით ფასდება სარეკლამო დრო?
„როგორც წესი, იმის გადასაწყვეტად თუ რომელ ტელევიზიაში განათავსოს რეკლამა რეკლამის დამკვეთებისათვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი სატელევიზიო რეიტინგების, ანუ ტელევიზიების აუდიტორიის განსაზღვრაა (სარეკლამო ბიზნესში – „საერთო ვალუტას“ უწოდებენ).
რაც უფრო რეიტინგულია არხი ან/და გადაცემა, ანუ რაც უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს მას, მით უფრო მეტია მასში რეკლამის განთავსების ინტერესიც. ამდენად, სარეკლამო დროის სარფიანად გაყიდვის მიზნით, ტელევიზიები როგორც მთლიანად არხის, ისე მათი ცალკეული გადაცემების რეიტინგის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სატელევიზიო აუდიტორიის მთვლელ კომპანიებთან თანამშრომლობენ და ამ მომსახურებაში სოლიდურ თანხებს იხდიან. ბრიტანული სანქციების გათვალისწინებით, წესით, „იმედსა“ და „პოსტვის“ ამგვარი მომსახურების მიღება უნდა შეზუდვოდათ, რადგანაც მათ საბანკო ანგარიშები დაებლოკათ და რეიტინგების მთვლელ კომპანიებს მათთან ყოველგვარი ფინანსური ურთიერთობა უნდა გაეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მეორადი სანქციების სამიზნეები აღმოჩნდებოდნენ.
ამდენად, მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, თუ ვინ ზომავს ქართულ სატელევიზიო რეიტინგებს და თანამშრომლობენ თუ არა ისინი რაიმე ფორმით სანქცირებულ ტელევიზიებთან?
ვინ ითვლის ტელევიზიების რეიტინგებს?
გამჭვირვალობა-საქართველო ამბობს, რომ საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს ორი საერთაშორისო კომპანიის Nielsen-ისა და Fifty5Blue-ის (2026 წლის თებერვლის ბოლომდე Kantar Media-ს სახელით ოპერირებდა) ოფიციალური ლიცენზირებული წარმომადგენლობები – TV MR საქართველო და Tri Media Intelligence – ზომავენ.
„როგორც წესი, ამ ორი რეიტინგების მზომავი კომპანიის მომაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა და მათდამი ტელევიზიების ნდობაც განსხვავებულია. მაგალითად, TV MR საქართველოსთან კრიტიკულ მაუწყებლები („ტელეკომპანია პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“) თანამშრომლობენ, ხოლო Tri Media Intelligence-თან პროსამთავრობო ტელევიზიები („რუსთავი 2“, „მაესტრო“, „GDS“).
სიაში არ არიან, „იმედი“ და „პოსტვ“, თუმცა Tri Media Intelligence-ის კლიენტების სიაშია „პრაიმ მედია გლობალი“, რომელიც 2026 წლის 16 ოქტომბრამდე, „იმედის“ მფლობელი კომპანიის, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იან წილს ფლობდა. „პრაიმ მედია გლობალი“ სატელევიზიო რეკლამის გამყიდველი ე.წ. შუამავალი კომპანიაა და ტელევიზიებში რეკლამის განთავსების მსურველებს სწორედ პროსამთავრობო ტელეკომპანიების – მათ შორის, „იმედისა“ და „პოსტვის“ – სარეკლამო დროს სთავაზობს.
ამდენად, სავარაუდოა, რომ, სწორედ მისი გავლით უნდა ხდებოდეს სანქცირებული ტელევიზიებისთვის სარეიტინგო მომსახურების გაწევაც და ამ გზით მათთვის სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება.
ამასთან, Tri Media Intelligence-ის 100%-იანი წილის მფლობელს, მერაბ ფაჩულიას ეკუთვნის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაცია „გორბის“ 70%-იანი წილიც (საჯარო რეესტრის აპრილის მონაცემებით, სუბიექტის წარმოება დროებით შეჩერებულია), რომლის მიერ „იმედის“ დაკვეთით“ ჩატარებული გამოკითხვები და ეგზიტპოლები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი „ოცნების“ ხელისუფლებისადმი მიკერძოების თვალსაზრისით. ამდენად, კითხვის ნიშნები ისმის Tri Media Intelligence-ის მიერ დათვლილ რეიტინგებთან მიმართებითაც, პროსახელისუფლებო ტელევიზიების სასარგებლოდ“.
„პრაიმ მედია გლობალი“ და Fifty5Blue (Kantar Media) როგორც სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი?
სანქცირებული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების შესახებ ოფიციალურ მონაცემებზე დაკვირვება აჩენს კითხვებს, თუ რა ფორმითა და გზებით ახერხებენ ისინი შემოსავლების მიღებას, იმ ფონზე, როდესაც დიდი ალბათობით, სანქციების დაწესებისთანავე, მათ ქართულ საბანკო სისტემაში ანგარიშები უნდა გაყინვოდათ და კომერციულ ბანკებს მათთვის ყველა საბანკო მომსახურება უნდა შეეწყვიტათ.
ეს რომ ასეც მოხდა, ამას მოწმობს თავად ტელეკომპანია „იმედის“ 27 თებერვლის განცხადებაც, სადაც ტელევიზია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისინი „უმოკლეს დროში“ ახალ ბანკს – „იმედის ბანკს“ დააარსებდნენ, რომელიც მათ მოემსახურებოდათ. ამ დრომდე, არც დაანონსებული ბანკი შექმნილა და არსებული ცნობებით, სანქცირებული ტელევიზიების თანამშრომლები ხელფასს დღემდე ნაღდი ფულით, ხელზე იღებენ.
ამდენად, არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ სანქცირებულმა ტელევიზიებმა ფინანსების მიღების ალტერნატიული გზები მონახეს. ამ სქემაში დიდი ალბათობით წამყვან როლს რეკლამების გაყიდვების სახლი „პრაიმ მედია გლობალი“ უნდა თამაშობდეს, რომელიც 2026 წლის 16 ოქტომბრამდე, სანქცირებული „იმედის“ 100-იანი წილის მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იან წილს ფლობდა და პარალელურად, ტელევიზიაში რეკლამის განთავსების მსურველებს პროსამთავრობო ტელეკომპანიების – „იმედის“, „GDS-ის“, „რუსთავი 2-ის“, „მაესტროს“ და „პოსტვის“ სარეკლამო დროს სთავაზობს. ამ კონტექსტში საგულისხმოა ბრიტანეთში ბაზირებული Fifty5Blue-ის (ყოფილი Kantar Media) ლიცენზიის მქონე Tri Media Intelligence-ის როლიც, რომელიც რეიტინგების ნაწილში სწორედ „პრაიმ მედია გლობალთან“ თანამშრომლობს.
სანქცირებული „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის“ მფლობელი კომპანიის – „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იანი წილი „პრაიმ მედია გლობალს“ და „იმედის“ 5 თანამშრომელს სიმბოლურ ფასად სანქცირებამდე ცოტა ხნით ადრე გადასცა. წილების მსგავსმა გადანაწილებამ მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ ამგვარი კონფიგურაცია, შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად ყოფილიყო გამოყენებული, განსაკუთრებით სწორედ რეკლამიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. 16 ოქტომბერს, საჯარო რეესტრში ასახული ცვლილებების თანახმად, „პრაიმ მედია გლობალმა“ კუთვნილი 50%-იანი წილი ასევე სიმბოლურ ფასად, ჯამში – 500 ლარად „იმედის“ თანამშრომლებს მიჰყიდა. სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად გაყიდეს „იმედის“ 10%-10%იანი წილები ნათია სონღლაშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმაც. დღეის მდგომარეობით, „იმედს“ თანაბრად ფლობს მისი ოთხი თანამშრომელი:
- ირაკლი ჩიხლაძე (25%):
- მარიამ ლომიძე (25%);
- მაია ჩიგოშვილი (25%);
- მაგდა (მაგდალინა) ანიკაშვილი (25%).
მანამდე, 15 ოქტომბერს, აგრეთვე სიმბოლურ, ფასად – 1 000 ლარად გაყიდა სანქცირებული „პოსტვის“ 52%-იანი წილი ვიქტორ ჯაფარიძემაც, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნებისგან“ ფორმალურად გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრია.
„გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნა ასეთია:
„მიუხედავად იმისა, იყო თუ არა გამოყენებული ე.წ. შუამავალი სარეკლამო კომპანია სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის მისატანად, ცხადია რომ გაყიდვების სახლი უმრავლეს შემთხვევებში ამ რგოლის განუყოფელ და ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასეთი კომპანია – Prime Media Global – ეხმარება პროპაგანდისტულ ტელევიზიებს რეკლამის მიღებასა და შესაბამისად, სანქციებისგან გვერდის ავლაში. ამ კონტექსტში აღსანიშნავია რეიტინგების მთვლელი კომპანიის – Tri Media Intelligence – ის როლიც, რომელიც Fifty5Blue-ის (ყოფილი Kantar Media) ლიცენზირებული პარტნიორია და, დიდი ალბათობით, ამ უკანანსკნელთან რეიტინგების ნაწილში თანამშრომლობს, ანუ სანქცირებული „იმედისა“ და „პოსტვის“ რეიტინგების შესახებ ინფორმაციასაც სწორედ მას აწვდის. ამდენად, ბრიტანეთის მიერ მეორადი სანქციების უპირველესი სამიზნეები სწორედ ისინი გახდებიან.
თუმცა, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სანქცირებულ ტელევიზიაში რეკლამის განთავსების სქემისა, რაც პროცესში შუამავალი კომპანიების გამოყენების გზით ბრიტანული სანქციების გვერდის ავლის და სარეკლამო შემოსავლების კვლავ მიღების კარგ შესაძლებლობას ქმნის, არ მცირდება რეკლამის დამკვეთი კომპანიის პასუხისმგებლობის წილი, რომელმაც ზუსტად უნდა გამოარკვიოს, თუ რომელ ტელევიზიაში განთავსდება მისი რეკლამა, რათა სანქცირებულ ტელევიზიებთან რაიმე ფორმით თანამშრომლობით თავად არ დადგეს მეორადი სანქციების დაწესების რისკის წინაშე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მომავალშიც დააკვირვირდება, თუ რომელი კომპანიები განაგრძობენ სანქცირებულ ტელევიზიებთან თანამშრომლობას, მათთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას და მოახდენს საზოგადოების შესაბამის ინფორმირებას“.






