კომპანიებს, რომლებმაც სახელმწიფო სტრუქტურებთან კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვალდებულება აიღეს, ლარის კურსის ვარდნის გამო შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. კონტრაქტორების ინფორმაციით, სამშენებლო მასალების ფასი 30%-ით გაიზარდა. კანონი შესყიდვების შესახებ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გარემოებების შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებლის მოთხოვნით ხელშეკრულების პირობების გადახედვას არ ითვალისწინებს. შეთანხმებული პირობების შეცვლა მითუმეტეს დაუშვებელია, თუ ის შესყიდვის ჯამურ ღირებულებას გაზრდის. არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ამ მიმართულებას იკვლევენ, აცხადებენ, რომ კანონმდებლობა შემსყიდველს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, ამიტომაც ის დახვეწას საჭიროებს.