სიახლეები

სკოლები მთებში, მასწავლებლის გარეშე

13.03.2015 • 3048
სკოლები მთებში, მასწავლებლის გარეშე

 

გომარდულში, წანკლაურის საჯარო სკოლაში სექტემბრიდან მოყოლებული მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასში ინგლისურის გაკვეთილი არ ტარდება. მიზეზი ინგლისურის პედაგოგის არ არსებობაა. 

 

„დაბალ საფეხურზე ინგლისურის გაკვეთილს გერმანულის მასწავლებელი ატარებს. მაღალ კლასებში კი, ინგლისურის გაკვეთილი არ ტარდება,“ _ უთხრა „ბათუმელებს“ წანკლაურის საჯარო სკოლის დირექტორმა ციალა ჭაღალიძემ.

 

შუახევში, სხეფის საჯარო სკოლაში ამჟამად ხუთი ვაკანსიაა. სკოლა საქართველოს და მსოფლიო გეოგრაფიის, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის, ქიმიის, სამოქალაქო განათლებისა და ფიზიკის მასწავლებლებს ეძებს. ზემოხევის საჯარო სკოლაში კი ქიმიისა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიის მასწავლებლები არ ჰყავთ.  

 

სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში ამჟამად გაკვეთილებს არასპეციალისტები ატარებენ. მაგალითად, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას სკოლის ადმინისტრატორი ასწავლის. ფიზიკის საათები კი, სკოლის დირექტორს აქვს აღებული. სხეფში მოსწავლეებს გაკვეთილები არ უცდებათ, თუმცა ეს მასწავლებლების ზედმეტი დატვირთვის ხარჯზე ხდება.

 

„გაკვეთილები არ ცდება, სხვა მასწავლებლებს აქვთ გადანაწილებული. გეოგრაფიას და ქიმიას ისეთი მასწავლებელი ატარებს, რომელიც საგნის სპეციალისტი კი არის, მაგრამ ბევრი საათი აქვს და ძალიან გადატვირთულია. მე მათემატიკის სპეციალისტი ვარ და ფიზიკის საათებიც მაქვს აღებული“, _  უთხრა „ბათუმელებს“ სხეფის საჯარო სკოლის დირექტორმა ოთარ დავითაძემ. 

 

ოთხი ვაკანსიაა სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში _ სკოლას რუსული ენის, ფიზიკური აღზრდის, მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არ ჰყავს. გოგაძეების საჯარო სკოლაში არ ჰყავთ რუსული ენის პედაგოგი. რუსული ენის პედაგოგი სჭირდებათ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაშიც. მახალაკიძეების საჯარო სკოლაში კი, საქართველოს და მსოფლიო ისტორიის, ინგლისურისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგი არ ჰყავთ. 

 

მახალაკიძეების სკოლის დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სკოლაში გაკვეთილები არ ცდება, თუმცა მასწავლებლებს დამატებით უწევთ მუშაობა.

 

„მე, მაგალითად, ისტორიას ვასწავლი. დირექტორს ათ საათზე მეტის ჩატარების უფლება არ აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ მოსწავლეებს გაკვეთილები არ გაუცდეს, მივმართე სამინისტროს და კიდევ ხუთი საათის ჩატარების უფლება მომცეს,“ _ ამბობს მახალაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ დარჩიძე. 

 

აჭარის განათლების სამინისტრო რამდენიმე წელია ახორციელებს პროგრამას „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრო მაღალმთიანეთის სკოლებისათვის არჩევს პედაგოგებს. შერჩეული პედაგოგები კანონით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად სამინისტროსგან დამატებით 400 ლარს იღებენ ხელფასის სახით. პროგრამა მასწავლებლებს ასევე უზრუნველყოფს საცხოვრებლით და საჭირო ლიტერატურით. მიუხედავად ამისა, მაღალმთიანეთისთვის საჭირო კადრების მობილიზება სრულად ვერ ხერხდება. პროგრამა ხუთი საგნის მასწავლებლით უზრუნველყოფს სკოლას. ეს საგნებია: ინგლისური ენა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. ამასთან, შეზღუდულია მასწავლებელთა კვოტაც. მაგალითად, მიმდინარე სასწავლო წელს 36 მასწავლებლის დასაქმებაა განსაზღვრული. ამჟამად კი, 28 არის დასაქმებული. 

 

„სამინისტრო ცდილობს შემოსული განცხადებების საფუძველზე შეარჩიოს პედაგოგები. უნივერსიტეტებში იმართება შეხვედრები, გადის რეკლამები. თუ გაიმარჯვებს კონკურსანტი კონკურსში, ვუშვებთ სკოლაში. ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტში ოცი ვაკანსია გვაქვს. ამ ოცი ვაკანსიიდან სრული არის შვიდი ვაკანსია. იგულისხმება 17 და მეტი საათი. ამ ვაკანსიებში შედის ასევე, მაგალითად, სოფელ ძელაურის საჯარო სკოლაში ხუთსაათიანი ვაკანსია, ძმაგულის  საჯარო სკოლაში სამსაათიანი ვაკანსია. როდესაც არჩევანის წინაშე დავდგებით, თუ სად გავუშვათ მასწავლებელი, ავირჩევთ ისეთ სკოლას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მასწავლებელი და სადაც სრული განაკვეთი იქნება. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სამინისტროს აქვს პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“. იმის ფარგლებშიც უგზავნის სკოლებს მასწავლებლებს. მიტოვებული ნამდვილად არ არის მაღალმთიანი აჭარის სოფლები,“ _ ამბობს ნანა შავაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის _ „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ კოორდინატორი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: